რატომ არ აისახება მოსახლეობაზე  ქვეყნის ეკონომიკის ზრდა

    ორიოდე კვირაც არ  გასულა მას შემდეგ, რაც გვითხრეს, რომ საქართველოს ეკონომიკა მეორე კვარტალში კიდევ უფრო გაიზარდა და, თუ ასე გაგრძელდება (და დაგვპირდნენ, რომ გაგრძელდება), წლის ბოლოს არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ევროპაში ერთ-ერთი მოწინავე ეკონომიკა გვექნებაო. ეს, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია;  შეუძლებელია,  არ გაგიხარდეს, როცა შენი ქვეყნის ეკონომიკა წინ მიდის და იზრდება, რაც, წესითა და რიგით, იმას უნდა ნიშავდეს, რომ ეს ყველაფერი მოსახლეობაზეც აისახება, მაგრამ…

     არაერთხელ დაგვიწერია, რომ მუდმივად გვესმის ეკონომიკური ზრდის შესახებ; კვარტლებისა თუ წლის ბოლოს ფურცლებს აფრიალებენ და თან გვარწმუნებენ, რომ საოცარი შედეგი გვაქვს. ასე იყო სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში და ასეა ახლაც, როცა ხელისუფლებაში „ქართული ოცნებაა“, თუმცა ვერც მაშინ და ვერც ახლა მოსახლეობამ  ვერ იგრძნო ამ ზრდის სიკეთე და რატომღაც გვგონია, რომ ახლაც ანალოგიურ  შემთხვევასთან გვაქვს საქმე. თუ აქამდე ყველაფერი მხოლოდ ფურცლებზე იყო და მიზეზებს ნაკლებად ვიცნობდით, ახლა მიზეზიც გავიგეთ (ყოველ შემთხვევაში, ერთ-ერთი მიზეზი მაინც) იმისა, რატომ ვერ მიდის მოქალაქეებამდე ეკონომიკური ზრდის სიკეთე.

    ახლა ხელისუფლება კვლევას ატარებს – სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის თანამშრომლები „ველად არიან გაჭრილნი“ და ცდილობენ, ხელისუფლებას მიაწოდონ ზუსტი ციფრები, რა ხდება და როგორი მდგომარეობაა განსაკუთრებით რეგიონებში. ჰოდა, დარწმუნებით შეგვიძლია გითხრათ, რომ ეს ადამიანები დაკისრებულ მოვალეობას კეთილსინდისიერად ასრულებენ, ანუ, რაც ავალიათ, აკეთებენ, მაგრამ  ხვდებიან, რომ ციფრები რეალობასთან   აცდენილი იქნება; ციფრები რეალურ სურათს არ დახატავს და ახლავე გეტყვით, რატომ:  ერთ-ერთი სპეციალისტი გვესაუბრა იმ კითხვარზე,  რომლის შევსებაც უწევს მოსახლეობას. მან არ დამალა, რომ ჩვენ, უბრალოდ, თავს ვიტყუებთ. უფრო ზუსტად, ხელისუფლება არ იტყუებს თავს, ის ამ ციფრებით  ჩვენს მოტყუებას ცდილობს, მაგრამ  ვერავინ შეედავება, რადგან ციფრები რეალურია.

    მარტივ მაგალითს მოგიყვანთ: სოფლად გლეხი თუ ყიდის, მაგალითად, ყველს იმაზე მეტს, ვიდრე თვითონ მოიხმარს, ის დასაქმებულად ითვლება. ანუ, თუ 4-სულიანი ოჯახი თვეში მიირთმევს 5 კილოგრამ ყველას და ყიდის, სულ ცოტა, 6 კილოგრამს, დასაქმებულია. თუ ოჯახი ყიდის თვეში 100 ლარის რძეს, მაშინ დასაქმებულია, იმიტომ, რომ თვეში 100 ლარის შემოსავალი აქვს. მერე რა, რომ ეს 100 ლარი სინამდვილეში 2-3 დღის სახარჯი ფულიც არ არის, შემოსავალი არსებობს, ე.ი., დასაქმებულია და ამ ციფრებში ეჭვს ვერავინ შეიტანს. არც იმას აქცევენ ყურადღებას, რომ სკოლის დაწყების მოახლოებასთან ერთად  ბევრი ოჯახი საკვებს იკლებს,  რძის პროდუქტებს უფრთხილდება და ყიდის, რადგან   ბავშვები ახალი ტანსაცმლითა და ფეხსაცმლით გაუშვას სკოლაში. ჰოდა, ეს ეკონომია დასაქმებაში ეთვლება და ვერც ვერავინ მიედავება – შემოსავალი აღირიცხება  და… ჩვენმა ნაცნობმა სპეციალიტმა ისიც თქვა, ერთი 18 წლის გოგო ვნახე, რომელიც დედასთან ერთად ცხოვრობს, ძალიან უჭირთ.  დედა ერთ ძროხას უვლის, ყველს ყიდის,  ამ გოგომ კი რაღაც ქვებისგან მძივები ააწყო, რაღაცები ამოქარგა, ეს ყველაფერი (2 თვის ნამუშევარი) თბილისში 120 ლარად ჩააბარა და… სპეციალისტი იძულებული შეიქნა დაეწერა, რომ დედა-შვილი დასაქმებულები არიან; სინამდვილეში კი, გოგოს შემოსავალი 2 თვეში 120 ლარი იყო ( თვეში 60 ლარი)  დაახლოებით ამ თანხის ყველს ყიდის დედა ყოველთვიურად, ანუ  ოჯახს მხოლოდ 180 ლარი აქვს შემოსავალი და… ორივე წევრი დასაქმებულად ითვლება.

    ჰოდა, ახლა ხელისუფლების წარმომადგენლებს ვეკითხებით: არის თუ არა ეს ტყუილი და დასავლელი პარტნიორებისთვის თვალში ნაცრის შეყრა? სწორედ დასავლელი პარტნიორებისთვის, რადგან ფურცელზე დაწერილი ციფრები ყველაზე მეტად მათ აინტერესებთ, თორემ ადგილობრივმა მოსახლეობამ თავისი მაცივრის შიგთავსის მიხედვით იცის, რა სჭირს. ახლა შეგვიძლია ყველაფერი დავაბრალოთ იმას, რომ ეს საერთაშორისო სტანდარტებია, რომ თურმე ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ ერთიან ევროპულ ოჯახში ჩავერთოთ, მაგრამ… იმავე ევროპულ ოჯახში, მაგალითად, შვეიცარიაში, ფერმერი დასაქმებულად ითვლება, თუ… 14 სული მსხვილფეხა რქოსანი პოირუტყვი ჰყავს და მათგან 10 თუ იწველება.  სხვაობას ხვდებით? 10 შვეიცარიული ძროხა დღეში, სულ ცოტა,  200 ლიტრ რძეს იძლევა, ქართული საზომებითაც კი ეს დაახლოებით 400 ლარია და ამას დასაქმება ჰქვია, მაგრამ, თვეში რომ 120 ლარის რძეს თუ ყველას აბარებს ოჯახი და იმას დასაქმებულს და შემოსავლის მქონეს ეძახი, უკვე სასაცილოც აღარ არის, ეს  შეურაცხმყოფელია, ბატონებო!         იმ ევროპელებმაც  კარგად იციან რეალური სურათი, მაგრამ თავს იმიტომ იტყუებენ, ტაშსაც დაგვიკრავენ იმიტომ, რომ ხელს აძლევთ და ეს ყველაფერი ერთი დიდი აფერა იქნება იმ იმედის გასაღვივებლად, რომელსაც ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა ჰქვია. მერე შეგვიძახებენ: აი, ასე თუ განაგრძობთ, აუცილებლად მიგიღებთო და… და არც არაფერი, როცა დასჭირდებათ, რეალურ კვლევას უკვე თავად ჩაატარებენ და იმ 120 ლარის შემოსავლის მქონე ოჯახის წევრებს, დასაქმებულებად კი არა, სოციალურად დაუცველად გამოგვიცხადებენ და ვიქნებით მხიარულად. ეჭვი გვაქვს, რომ ესეც იცის ხელისუფლებამ, მაგრამ, ვინაიდან მოსახლეობის არცთუ მცირე ნაწილს ევროკავშირის წევრობა ესიზმრება,  მზად არის, საკუთარი თავიც მოატყუოს, ხალხიც და დასავლელი პარტნიორებიც ზედ მიაყოლოს.

    სხვა რიგითი მოკვდავების მსგავსად, ზაფხულში დასასვენებლად სოფელს მივაშურე,   სანუგეშოს ვერაფერს ვხედავ. ადგილობრივები ძირითადად  ხანდაზმული ხალხია, ახალგაზრდები კი თბილისის ხვატს არიან გამოქცეულები და ნაკლებად აინტერესებთ, რატომ არ არის დახნული მიწები, რატომ იკლებს ყოველწლიურად მოსავალი, რატომ გარბიან სოფლიდან ახალგაზრდები და რატომ არ აქვს გლეხის შრომას ფასი, რომ სოფლის ნატურალურ კვერცხში გადამყიდველები 20 თეთრზე მეტს არ იხდიან, რომ იძულებულნი არიან, გაყიდონ, რადგან სხვა გზა არ აქვთ, რომ ნატურალურ ყველში 8 ლარზე მეტს არ აძლევენ და ისევ იძულებული არიან, გაყიდონ, რათა არსებობა შეძლონ და თან „სახელმწიფო საქმესაც“ აკეთებენ, დასაქმებულებად ითვლებიან და დასავლეთისთვის თვალებზე ასაფარებელ ფურცლებში  „მოკრძალებული“ წვლილიც შეაქვთ. ერთი მხრივ, ამ ყველაფრის გამოსწორება რთულია, მაგრამ, მეორე მხრივ, ძალიან მარტივი. ქართველ გლეხებს ვერ ვასწავლით შრომის ფასს და ვერც ნატურალური პროდუქტების გემოს. უბრალოდ მათ რეალური ბაზარი სჭირდებათ, რეალური მყიდველი,  დავანებოთ  თავი დასავლელების  გულის მოგებას, რეალური სურათი დავდოთ ერთხელ მაინც და პრობლემის მოგვარების გზებზეც ერთად ვიფიქროთ.  მერე ეგებ ის ახალგაზრდაც დაინტერესდეს, რომელიც ქალაქიდან ჩავიდა სოფელში და დღეში 8-ლარიან სიგარეტს ეწევა, სოფელში კი ახლა ეს სიგარეტი რომ იყიდოს, 40 კვერცხის გაყიდვა მოუწევს. უბრალოდ, ერთმანეთის გვერდით დადეთ ერთი კოლოფი სიგარეტი და 40 ცალი სოფლის კვერცხი და მიხვდებით, რასთან გვაქვს საქმე;  მიხვდებით, რომ ეს ყველაფერი არანორმალურია, ალოგიკურია, არასწორია.

    დასასრულ, ისევ იმ სპეციალისტებს დავუბრუნდეთ, რომლებიც კარდაკარ დადიან და დასაქმებულებს აღრიცხავენ. როგორც გვეუბნებიან, მოსახლეობის უმრავლესობა კვლევაში  სიხარულით მონაწილეობს, რადგან სტუმარი ენატრება, უცხო ადამიანი ენატრება, პოლიტიკაზე იწყებს საუბარს და, როგორც  უნდა ეწყინოს ოპოზიციას, ვიტყვით, რომ, შეჭირვებული ცხოვრების მიუხედავად, მხარს ხელისუფლებას უჭერს; არ უნდა ომი, არ უნდა სროლა, მშვიდობა ურჩევნია და ძველი, მამაპაპისეული ტრადიციებით ცხოვრება სურს. აი, ეკონომიკური მდგომარეობა რომ გაუუმჯობესდეთ, მერე ეს მოხუცებიც კი კბილებით დაიცავენ იმას, რაც დღეს არის, და ოპოზიციას არანაირი  შანსი არ ექნება, მაგრამ ეს გაუმჯობესებული ეკონომიკური მდგომარეობა ჯერ არსად ჩანს.  კვლევის სახეს და ხასიათს თუ დავუკვირდებით, კარგა ხანს კიდევ არ გამოჩნდება. არ ცდილობს ხელისუფლება რეალური სურათის ჩვენებას და ჩვენ ეს ყველაზე დიდი შეცდომა გვგონია. თუ თავად არ ვაღიარეთ პრობლემა, სხვა არ გვიღიარებს და არც მოგვიგვარებს.

    ბესო ბარბაქაძე

                                                                                                                             

    LEAVE A REPLY

    Please enter your comment!
    Please enter your name here