მრგვალ მაგიდაზე, რომელიც ისტორიული გეორგიევსკის ტრაქტატის მორიგ წლისთავს მიეძღვნა, ევრაზიის ინსტიტუტის დირექტორი გულბაათ რცხილაძე წარსდგა მოხსენებით. მკითხველებს ვთავაზობთ ამ მოხსენების ტექსტს:
პოლიტიკურ დებატებსა თუ მასმედიის პუბლიკაციებში იშვიათად განიხილება ისეთი შორეული ეპოქის ხელშეკრულებები, როგორიც მე-18 საუკუნეა. მაგრამ 1783 წლის 4 აგვისტოს (ძვ. სტილით 24 ივლისს), გეორგიევსკის ციხე-სიმაგრეში, რუსეთის იმპერიასა და ქართლ-კახეთის სამეფოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება კლასიკურ გამონაკლისს წარმოადგენს. გეორგიევსკის ტრაქტატი პარადოქსულად ინარჩუნებს თავის აქტუალობას თვით ჩვენს დრომდე – მასმედიაში იგი აშკარად უფრო ხშირად ფიგურირებს, ვიდრე სხვა მნიშვნელოვანი სახელმწიფოთაშორისო დოკუმენტები, რომლებიც რუსეთის ურთიერთობებს თავის სამეზობლოსთან, ეხება. მას უძღვნიან საიუბილეო ღონისძიებებს, მას აქებენ ან აძაგებენ… ყოველივე ეს მოწმობს ობიექტური მიზეზების არსებობას, რომელთა გამოც გეორგიევსკის ტრაქტატი არა მხოლოდ ისტორიის, ანუ წარსულის, ნაწილია, არამედ აწმყოსაც და, შესაძლოა, მომავალსაც განეკუთვნება.
ამაში მდგომარეობს ერთგვარი პარადოქსი, ვინაიდან, მიუხედავად დოკუმენტის მნიშვნელობისა, მან თავის დროზე, მყისიერად არ გამოავლინა თავისი დადებითი ზემოქმედება. საწყის ეტაპზე არც საქართველოს, არც რუსეთს არ მიუღიათ მისგან სარგებელი, პირიქით – ადგილი ჰქონდა დანაკლისსა და სირთულეებს. მაგრამ გეორგიევსკის ტრაქტატის სტრატეგიული ხასიათი ეჭვს გარეშეა, ხოლო მისი შედეგები ვისთვის დადებითია, ვისთვის – უარყოფითი.
მაინც, რა გადაკვეთა აქვს შორეული წარსულის ამ დოკუმენტს თანამედროვეობასთან? რაში მდგომარეობს მისი პოპულარობის საიდუმლო?
დავიწყოთ იმით, რომ საბჭოთა ეპოქაში გეორგიევსკის ტრაქტატის აღქმა მთლიანად პოზიტიური იყო, მისი ხელმოწერის იუბილესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიებები გაიმართა, გამოიცა სპეციალური შრომები, გადაღებულ იქნა მხატვრული და დოკუმენტური ფილმები და მრავალი სხვა რამ. თუმცა ეს პოზიტივი მთლიანად ნეგატივმა შეცვალა. ტრაქტატი იქცა ნაციონალისტების, „ურა-პატრიოტების“ კრიტიკის ობიექტად. რადიკალი ქართველი, მაგრამ ასევე რუსი კრიტიკოსებისგან, გაისმის ბრალდებები რუსეთის მხრიდან საქართველოს „ღალატში“ და, შესაბამისად, პირიქით, საქართველოს მხრიდან რუსეთის „ღალატში“, ტრაქტატის ხელმოწერის შემდეგ. სანამ მოვახდენ შემაჯამებელ მსჯელობას გეორგიევსკის ტრაქტატზე, თანამედროვე საქართველოსა და რუსეთის კონტექსტში, ისტორიული ფაქტების საფუძველზე გავუკეთებ შეფასებას ხსენებულ ბრალდებებს.
ა. არავითარ ღალატს ქართველების მხრიდან ადგილი არ ჰქონია
მახსენდება რუსი კოლეგის, ა. ეპიფანცევის ვრცელი სტატია, პროვოკაციული სათაურით – „მოღალატენი არიან ქართველები?“ («Предатели ли грузины?»). სტატიაში განიხილებოდა ქართველი მეფის, ერეკლე მეორის მხრიდან რუსეთის ვითომ-და ღალატი, როდესაც ერეკლემ, ტრაქტატის ხელმოწერიდან გარკვეული ხნის შემდეგ, 1786-1787 წლებში, ზავი დადო რუსეთის გეოპოლიტიკურ მოწინააღმდეგესთან – ოსმალეთის თურქეთთან. ანდრეიმ თავად გამომიგზავნა ეს სტატია, რომელიც მანამდე უკვე გამოაქვეყნა, შორეულ 2009 წელს და, შემომთავაზა მისი კომენტირება ან სულაც პოლემიკის გამართვა. ასე გავიცანი ანდრეი ეპიფანცევი, რომელსაც ვერანაირად ვერ მივაკუთვნებ „ურა-პატრიოტებისა“ და ქართველთმოძულეების რიცხვს. თუმცა იგი რაღაც ექსპერიმენტს ახორციელებდა, შესაძლოა, ეს იყო უფრო რადიკალურად განწყობილი რუსი კოლეგების სოციალური დაკვეთა. მაგრამ ჯამში, ჩვენს შორის გამართული პოლემიკა საკმაოდ სასარგებლო აღმოჩნდა. მე დავალაგე ისტორიული ფაქტები, რომელთა უგულებელყოფა შეუძლებელია.
ხოლო ფაქტები ასეთია.
გეორგიევსკის ხელშეკრულების გაფორმებამ გაბოროტება და მრისხანება გამოიწვია არა მხოლოდ და არა იმდენად არეულობებში ჩაფლულ სპარსეთში (ირანში), არამედ, პირველ ყოვლისა, ოსმალეთის თურქეთში. ტრაქტატის ხელმოწერის შემდეგ, ოსმალო თურქებმა, რომელთაც თავიანთ თავზე აიღეს „ირანის მცველების“ ფუნქცია, უზარმაზარი ზეწოლის განხორციელება დაიწყეს ერეკლეს სამეფოზე.
ოსმალოები მთელი კავკასიის მასშტაბით ეწეოდნენ ანტიქართულ და ანტირუსულ პროპაგანდას და აქეზებდნენ მუსლიმ ხანებს ქრისტიანების წინააღმდეგ გამოსდასვლელად. ოსმალეთის იმპერიის მიერ შეგულიანებულმა ომარ (უმმა) ხანმა ავარელმა იერიში მიიტანა ქართლ-კახეთის სამეფოზე, მოტყუებითი მანევრით მოულოდნელად დალაშქრა სამეფოს ეკონომიკისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი მადნები და ქარხანა ახტალაში. გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერიდან საკმაო დრო გავიდა, მაგრამ რუსეთმა ვერ მოახერხა საქართველოში საკმაო რაოდენობის ჯარების გაგზავნა, რუსეთის სარდლობა არ აღმოჩნდა იმ მდგომარეობაში, რომ ომარ-ხანის მტაცებლური შემოსევა შეეჩერებინა. მაქსიმუმი, რაც რუსეთმა მაშინ შეძლო, ეს იყო ერეკლესა და ომარ-ხანს შორის შუამავლობა. ჯამში, ერეკლე იძულებული გახდა, ომარ-ხანისთვის ყოველწლიური ჯამარგირი, 5 ათასი მანათის ოდენობით, დაენიშნა.
ერეკლე ფრიად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა, 1785 წლის 14 ოქტომბერს იგი წერდა პავლე პოტიომკინს (ციტატა О. П. Маркова, «Россия, Закавказье и международные отношения в XVIII веке», издательство «Наука», Москва 1966 г. -ის მიხედვით):
„პირდაპირ გეტყვით, თუკი ჯარითა და ფულით ვერ დაგვეხმარებით, ჩვენ უკიდურეს გასაჭირში ჩავვარდებით. დაუყოვნებლივ ვითხოვთ და გთხოვთ დახმარების გამოგზავნას ოქტომბერში, რომელიც უნდა შეასრულოთ, სხვაგვარად ჩვენი მამული გაპარტახდება“. ხოლო 1786 წლის პირველ ნახევარში, თურქული წყაროების თანახმად, სტამბულში მონად გაიყიდა 3200 ქართველი, საქართველოს მარბიელი ლეკების ტყვეები (მარკოვა, გვ. 211). ასევე ფაქტია, რომ „იმ 24 ქვემეხიდან, რომლებიც გეორგიევსკის ხელშეკრულებით, საქართველოს უნდა მიეღო, მხოლოდ 14 ერთეული იქნა საქართველოს საზღვრებთან მოტანილი ოსების დახმარებით და ისიც, ხელშეკრულების დადებიდან მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ“ (მარკოვა, გვ. 213). ხმები იმის შესახებ, რომ კავკასიას, ჯარების დასათვალიერებლად, თვით თავადი გრიგორი პოტიომკინი-ტავრიჩესკი ეწვევა, მხოლოდ ხმებად დარჩა.
მხოლოდ მოვლენათა ასეთი განვითარების შემდეგ წავიდა ერეკლე მეზობელ ფაშებთან – თურქეთის სულთნის ქვეშევრდომებთან, მოლაპარაკებებზე. მაგრამ ერეკლეს არც ერთ ნაბიჯი არ გადაუდგამს ჩრდილო კავკასიაში განლაგებული რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ სარდლობასთან შეთანხმების გარეშე, პავლე პოტიომკინის ხელმძღვანელობით (პ. პოტიომკინი ემორჩილებოდა გენერალ-ფელდმარშალ გრ. პოტიომკინ-ტავრიჩესკის). ისევ და ისევ პირველწყაროებიდან გამომდინარე: „ამიერკავკასიაში დაძაბულობის შესამსუბუქებლად, რუსული დიპლომატიის ხელმძღვანელებმა მიმართეს ერეკლეს მიერ ახალციხის ფაშა სულეიმანთან მოლაპარაკებების დაწყებას. გრ. პოტიომკინი წერდა იმპერატრიცას, რომ მისი ნებართვით, ერეკლე მეფე, დროის მოგების მიზნით, შეურიგდა ახალციხის ფაშას /…/. თურქეთი ერეკლესთან მოლაპარაკებებში ჩაერთო მშვიდობასა და მეგობრობაზე. ეს თურქული „მეგობრობა“ მიზნად ისახავდა რუსეთთან ქართლ-კახეთის კავშირების გაწყვეტას, ამიერკავკასიიდან რუსების განდევნასა და შემდგომ, თურქეთისადმი აღმოსავლეთ საქართველოს სრულ დამორჩილებას. გამომდინარე იქედან, რომ რუსული მთავრობა დარწმუნებული იყო ამ გეგმების წარუმატებლობაში, მას არა თუ ეშინოდა თურქეთთან ერეკლეს მოლაპარაკებებისა, არამედ, როგორც ვხედავთ, თავად უწყობდა ხელს ამ პროცესს. პოტიომკინის არქივში შემონახული დოკუმენტები იძლევა ამ მოლაპარაკებებზე ერეკლეს პოზიციის შესახებ წარმოდგენას. ერეკლეს ამოცანა მდგომარეობდა მხოლოდ იმაში, რომ თურქებისგან მომდინარე საფრთხე გაეუვნებელეყო, რუსული დახმარების მოსვლამდე“ (მარკოვა, გვ. 228). ერეკლემ სულეიმან-ფაშასთან გააფორმა ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც ვალდებულებას იღებდა, თავის ტერიტორიაზე ჰყოლოდა არაუმეტეს 3 ათასი რუსი ჯარისკაცისა – მშვიდობიან დროს, ხოლო სამხედრო დროს უფლებას იტოვებდა, თავი დაეცვა საკუთარი და რუსული ჯარებით (შეუზღუდავად). ერეკლეს მიერ ხელშეკრულებაში რუსული ჯარის რაოდენობის განსაზღვრა ერთგვარ უკმაყოფილებას იწვევდა გრ. პოტიომკინში, მაგრამ 1786 წლის 10 დეკემბერს პოტიომკინმა ეკატერინა დიდს შემდეგი კომენტარი მისწერა: „თუმცა მეფე ერეკლემ ჯარების რაოდენობასთან დაკავშირებით თვითნებურად იმოქმედა, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, შეიძლება, ეს წინდაუხედაობა მივუტევოთ კიდეც მას, რომელიც სიჩქარით მოუვიდა“ (მარკოვა, გვ. 230).
მოვლენები შემდეგნაირად განვითარდა: ოსმალეთი განაგრძობდა ინტრიგების ხლართვას და ერეკლეზე ზეწოლას. „ხელშეკრულების რატიფიკაციის საბოლოო პირობები ჩამოთვლილ იქნა სულეიმან-ფაშას 1787 წლის მაისის წერილში: ერეკლეს ევალებოდა უცხო ჯარების (ანუ რუსების) გაძევება, რუსეთისკენ მიმავალი ახალი გზის განადგურება, სხვა სახელმწიფოებთან კავშირებზე უარის თქმა და სულთნისადმი საკუთარი ერთგულების განცხადების გამოგზავნა“ (მარკოვა, გვ. 231). მიუხედავად იმისა, რომ ერეკლეს თავისი გარემოცვიდან არაერთი მოუწოდებდა სულთნის ამ პირობებზე დათანხმებას, მეფემ უარი განაცხადა და თავდაუსხმელობის შესახებ ხელშეკრულებით შემოიფარგლა. ბოლოს და ბოლოს, რუსეთმა, რომელსაც თავად არ სურდა კავკასიაში მეორე ფრონტის გახსნა 1787-1791 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს, სწრაფი ტემპით გაიყვანა თავისი ჯარები და ვლადიკავკაზის სიმაგრეც დაანგრია (ციხე-სიმაგრე აღადგინეს მხოლოდ 1795 წელს). ჯარების გაწვევა მოტივირებულ იყო ქართლ-კახეთის უსაფრთხოებაზე ზრუნვით, რათა არ მომხდარიყო თურქეთის თავდასხმა მასზე (თავადი პოტიომკინი, 1787 წ. 22 აგვისტოს, ეკატერინას წერდა: „ერეკლესთვის უფრო ხელსაყრელი იქნება, თავი დაიცვას ახალციხის ფაშასთან ურთიერთობით“).
ამრიგად, იფანტება ყალბი ისტორია იმის თაობაზე, რომ თურქებსა და ქართველებს შორის თავდაუსხმელობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ერეკლე რუსეთის თვალში „მოღალატე“ და „უნდო“ გახდა. ერეკლე თავისი სიცოცხლის ბოლომდე მართავდა ქვეყანას და რუსებს ურთიერთობა ჰქონდათ მხოლოდ მასთან – იმპერატორ პავლეს 1797 წლის 5 იანვრის რესკრიპტში, გენერალ გუდოვიჩისადმი, ნათქვამია: „[მეფე ერეკლესთან] იქონიეთ წესიერი ურთიერთობა“ (მარკოვა, გვ. 294).
ბ. არანაირ ღალატს ადგილი რუსების მხრიდან არ ჰქონია
რუსეთის იმპერიას არ გააჩნდა ქართლ-კახეთის სამეფოს პოზიციების დასუსტების და ტრაქტატით აღებული ვალდებულებების ხელოვნური არშესრულების ინტერესი. როგორც ზემოთ მოტანილი მაგალითებიდან ჩანს, რუსეთი, როდესაც იგი არ აღმოჩნდა იმ მდგომარეობაში, რომ ოსმალეთთან მიმდინარე ომის პირობებში საქართველოსთვის აღმოეჩინა დახმარება და (ან) თურქებისთვის საქართველოს ტერიტორიიდან დაერტყა, ყოველმხრივ იფარავდა საქართველოს დიპლომატიის მეშვეობით და ერეკლეს საშუალება მისცა, თავად მოეხდინა ქვეყანის უსაფრთხოების დაცვა აგრესიულად განწყობილი ოსმალო ფაშებისაგან.
1791 წელს თურქებთან ომის გამარჯვებით დასრულების შემდეგ, როდესაც რუსეთის იმპერია საბოლოოდ დამკვიდრდა ყირიმში და თავისი სამხრეთ-დასავლეთის საზღვრები მდინარე დნესტრამდე გადასწია, რუსულმა დიპლომატიამ პირდაპირ გარღვევა მოახდინა საქართველოს სასარგებლოდ. ოსმალეთის იმპერიასთან იასის სამშვიდობო ხელშეკრულების გაფორმებისას (იასის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 1792 წლის 9 იანვარს – ახალი სტილით), რუსეთის იმპერიამ იგი აიძულა, უარი ეთქვა აღმოსავლეთ საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევის პრეტენზიებზე. ოსმალებს უმძიმდათ ამის გაკეთება და იასის ხელშეკრულების ყველაზე მძიმე საკითხი აღმ. საქართველოს საკითხი აღმოჩნდა. ეს იმიტომ, რომ ოსმალეთი, 1776 წლის შემდეგ, როდესაც ერეკლემ თავისი ელჩები გააგზავნა კონსტანტინოპოლში და იქ ფარული მოლაპარაკებები გამართა (ფაქტობრივად, ერეკლე არასტაბილურ სპარსეთს ჩამოშორდა და ოსმალეთის ვასალიტეტში შევიდა, თუმცა ამის შესახებ ოფიციალური დოკუმენტი არ გამოქვეყნებულა), აღმოსავლეთ საქართველოსაც ისეთსავე გავლენის სფეროდ მიიჩნევდნენ, როგორც დასავლეთ საქართველოს, რომელიც ოფიციალურად ოსმალეთის პროტექტორატს განეკუთვნებოდა. ამიტომ ოსმალეთი არ აღიარებდა 1783 წლის რუსულ-ქართულ ტრაქტატს. დასავლეთ საქართველოსთვის დადასტურდა 1774 წლის ქუჩუკ-კაინარჯის ზავი, რომელიც ქართველებისთვის ძალიან სასარგებლო ზავი იყო (ოსმალეთს ეკრძალებოდა იმერეთის სამეფოდან ხარკის მოკრება და განსაკუთრებით, ტყვეების მოთხოვნა, ქრისტიანობის წინააღმდეგ მოქმედებები, ეკლესია-მონასტრების შევიწროება და ა. შ.).
ოსმალეთის მხრიდან აღმოსავლეთ საქართველოზე უფლებების ქონაზე უარის თქმა, რომელიც რუსეთის მეშვეობით მოხდა, საქართველოს ისტორიაში არაჯეროვნად შეფასებული მოვლენაა. იმპერატორი ეკატერინა პირადად მოითხოვდა თავისი დიპლომატებისგან, რომ ისინი პორტასთან არანაირ კომპრომისებს ქართლ-კახეთის ხარჯზე არ დასთანხმებოდნენ. ამრიგად, ეკატერინამ შეასრულა 1783 წლის ტრაქტატით აღებული ვალდებულებები. იასის სამშვიდობო ხელშეკრულების მე-5 მუხლში (ნაწყვეტი) აღნიშნულია: „ბრწყინვალე პორტა პირობას იძლევა, დაადასტუროს ახალი ფირმანით თავისი ძველი ვალდებულება, რომ ახალციხის გუბერნატორი, მოსაზღვრე მეთაურები და სხვები, ამიერიდან არც ფარულად, არც ღიად, არც რაიმე სხვა სახით, არ შეურაცხყოფენ და არ შეაწუხებენ ქართლ-კახეთის მეფის მფლობელობაში არსებულ მიწებსა და მცხოვრებთ, გააგზავნიან აქ ნახსენებ ახალციხის გუბერნატორთან, მოსაზღვრე მეთაურებთან და სხვებთან უმკაცრეს აკრძალვას და ბრძანების დადასტურებას“ («Из истории российско-грузинских отношений, сборник документов», к 230-летию заключения Георгиевского трактата, Москва 2014, стр. 578).
ქართველი ნაციონალისტები რუსეთს სდებენ ბრალს 1795 წლის კატასტროფაში, როდესაც სპარსეთის შაჰმა აღა-მაჰმად ყაჯარმა აიღო, დაარბია თბილისი და ქალაქი ქვების გროვად გადააქცია. თუმცა იმავე ნაციონალისტებმა კარგად უწყიან, რომ აღა-მაჰმად-ხანმა ერეკლეს დამარცხება მხოლოდ მას შემდეგ შეძლო, რაც ქართველ მეფეს თავისმა ფეოდალებმა უგანეს და დაპირებული დახმარება მოლაშქრეებით არ აღმოუჩინეს; კრწანისის ველზე, სადაც გაიმართა გენერალური ბრძოლა, ერეკლეს 5 ათასზე მეტი მეომარი არ ჰყავდა, თუმცა მან ყაჯარის 35-ათასიან არმიას მედგარი წინააღმდეგობა გაუწია და მანაც ნელ-ნელა უკან დაიხია. რომ არა მოღალატე შიკრიკები, რომელთაც შაჰს ქართული ჯარის სისუსტეზე მიუტანეს ინფორმაცია, მას, შესაძლოა, აღარც გაერისკა ახალი იერიში… მხედველობაში მისაღებია ასევე რუსეთის არმიის დამსჯელი ლაშქრობა აზერბაიჯანში, რომელიც 1796 წელს წარმატებით წარიმართა, როგორც რეაქცია სპარსეთის შაჰის აგრესიაზე. ამ სამხედრო ოპერაციას არ შეეძლო ქართლ-კახეთის დანაკარგების კომპენსირება, თუმცა მაინც გააძლიერა მისი პოზიციები.
არ არსებობს არანაირი დოკუმენტები და, საერთოდ, ლოგიკა იმასთან დაკავშირებით, რომ რუსეთის იმპერია თითქოს განგებ ასუსტებდა ერეკლე მეფეს, რათა შემდეგ იოლად მოეხდინა საქართველოს „ანექსია“. არა, ეს იყო შიდაქართული შუღლი და არეულობა, ერეკლეს მრავალრიცხოვანი შვილების ძალაუფლების წყურვილი, დარეჯან დედოფლის ამბიციები და შიდა ომის წარმოშობისა და მის შედეგად ქართლ-კახეთის დაშლის საფრთხე, რამაც დაასუსტა ერეკლე და მთელი ქვეყანა. სწორედ ამ გარემოებებმა უბიძგა ერეკლეს მემკვიდრეს, გიორგი XII-ს, უარი ეთქვა სუვერენული სამეფოს სტატუსზე, რუსეთთან შეერთების სასარგებლოდ. გიორგი XII-ის უაღრესად პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებას უნდა ვუმადლოდეთ, რომ აღმოსავლეთი საქართველო რუსეთის შემადგენლობაში შევიდა, რამაც ქართველები იხსნა როგორც ქრისტიანი, მართლმადიდებელი ხალხი – სხვანაირად რა აზრი აქვს, იწოდებოდე ქართველად?
* * *
ყალბი „ღალატის“ თემის შეჯამებისას, ვახდენთ შემდეგის კონსტატაციას: ისტორიული ფაქტები ცალსახად მეტყველებს იმაზე, რომ არც ქართული, არც რუსული მხრიდან ადგილი არ ჰქონია არა თუ ღალატს, არამედ საერთოდ, გეორგიევსკში ხელმოწერილი ხელშეკრულების პუნქტების წინასწარგანზრახულ და არსებითი ხასიათის დარღვევას. სხვა საქმეა, რომ ხელშეკრულების არაერთი პუნქტი იმ დროს განუხორციელებელი აღმოჩნდა, სამაგიეროდ, გეორგიევსკის ტრაქტატის სულისკვეთება არასოდეს დამდგარა ეჭვქვეშ, რუსი და ქართველი სახელმწიფო მოღვაწეების ყველა მოქმედება განისაზღვრებოდა ამ სულისკვეთებით, რომელიც შედგებოდა ერთმანეთისადმი ნდობისაგან და საერთო საქმისადმი ერთგულებისაგან!
იმ ეპოქის მართლმადიდებლურ სოლიდარობას და ერთმორწმუნეობას მნიშვნელობა არ დაუკარგავს, პირიქით, თავიდან გახდა აქტუალური, ვინაიდან ჩვენი ხალხები იზიარებენ ერთ და იმავე, ტრადიციულ ფასეულობებს და ამ ფასეულობებს ბრძოლა გამოუცხადეს გლობალისტებმა.
რუსეთ-საქართველოს მოკავშრეობის მოდელი, როგორც უსაფრთხოებისა და სტაბილურობის საფუძველი ყველასათვის კავკასიაში, ახალ გეოპოლიტიკურ პირობებში თავისით ჩნდება, თითქოს უკან გვაბრუნებს მე-18 საუკუნის ბოლო მეოთხედში.
აი ეს აქცევს გეორგიევსკის ტრაქტატს ჭეშმარიტად აქტუალურად თანამედროვე საქართველოსა და რუსეთისთვის, რომელთა ურთიერთობებში ჯერ უნდა დაბრუნდეს ურთიერთნდობა და საერთო ამოცანებისა და მიზნების შეგნება, რის შედეგადაც ხორცი შეესხმება „ახალ გეორგიევსკის ტრაქტატს“! ტრაქტატის განახლება პირველ ეტაპზე ააფორიაქებს საერთო მოწინააღმდეგეებს და ჩვენ, საქართველოში, შესაძლოა, გაგვიჭრდეს ისევე, როგორც გეორგიევსკის ტრაქტატის ეპოქაში, მაგრამ სტრატეგიული მოთმინება აუცილებლად მოგვიტანს გამარჯვებას, თუკი ქართველები თავად არ მიიყვანენ ქვეყანას ისეთ უბედურ მდგომარეობამდე, როგორამდეც უფლისწულებმა და ფეოდალებმა მიიყვანეს ერეკლე მეფის გარდაცვალების შემდეგ. —




