ამა წლის 11 ივლისს გამოქვეყნდა ევროპის 17 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადება. ისინი საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე შეშფოთებას გამოთქვამენ, აქციების დაკავებული მანაწილეების გათავისუფლებასა და ბოლო პერიოდში მიღებული კანონების გაუქმებას მოითხოვენ.
მიუხედავად იმისა, რომ ეუთო/ოდირმა და სულ ახლახან მისმა გენერალურმა მდივანმა ლეგიტიმურად გამოაცხადეს 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნები, საქართველომ მაინც უნდა გააუქმოს მისი შედეგები და ახალი ჩაატაროს, სახელმწიფო დამნაშავედ აღიარებული სააკაშვილი უპირობოდ გაათავისუფლოს, ,,გმირები”, რომლებიც პოლიციელების ცოცხლად დაწვას შეეცადნენ, ციხეში არ უნდა ჩასვან და კიდევ ბევრი ისეთი რამ, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის მიუღებელია…
რატომ ბედავს დასავლეთი სუვერენული ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევას და რა მოგვიტანა ევროპა-ნატოს ძახილმა 34 წლის განმავლობაში? _ ამ და სხვა მნიშვნელოვან თემებზე პოლიტოლოგი ჰამლეტ ჭიპაშვილი გვესაუბრება:
_ 34 წლის წინათ პარლამენტის შენობის წინ პატრიოტული სულისკვეთებითა და ნათელი მომავლის იმედით აღვსილნი გავიძახოდით: „საქართველო, საქართველო!“ ,,გაუმარ – ჯოს, ჯოს!” _ რა მივიღეთ?!
_ ეს შეკითხვა გვაწუხებს ყველას, ვისაც აზროვნების უნარი შემორჩა, საბჭოურ განათლებაზე აღმოცენებული. გვაწუხებს ისიც, რომ ჩვენს წუხილს არ იზიარებენ ისინი, ვინც უნდა გაიზიაროს, ვინც აწმყო და მომავალი უნდა აშენოს; არ იზიარებენ, რადგან ეს ბევრ რამეზე იყო და არის დამოკიდებული, უპირველესად იმაზე, ჩვენდა უნებურად რომ შეიცვალა ცხოვრება. შეცვლილმა კი თავისთავად მოითხოვა ყველა ჩვენგანის შეცვლა, ცხადია, მენტალური და არა ფასადური, რომელიც მენტალურამდე გვქონდა შეცვლილი, რადგან იოლი იყო მისი შეცვლა, იქაურის გადმოღება და გარეგნობაზე, სხეულზე მორგება, აქაურობისთვის სრულიად შეუფერებლის.
მენტალური გადასხვაფერება გაცილებით რთული გამოდგა, მაგრამ ჩვენი „საყვარელი“ დასავლელების დაბეჯითებული მეცადინეობით მიზანს მივაღწიეთ. მქუხარე და ხანგრძლივი ტაში ყველას, ვინც 34 წლის განმავლობაში, დროის ერთობ მოკლე პერიოდში, ქართველთა ტვინი ისე გადააკეთა, რომ წარსულიც დაავიწყა, წინაპარიც, ტრადიციებიც, წეს-ჩვეულებებიც და ა.შ.
მქუხარე, ხანგრძლივი ტაში თაობას, რომელმაც 34 წლის განმავლობაში ვიღაც გადამთიელის მზაკვრულ გეგმაზე იცეკვა, ქალ-კაცმა კურტუმო აქანავა, წინაპართა სიბრძნე, ჩადებული პროზასა და პოეზიაში, მეცნიერებაში, მუსიკასა და ფერწერაში, გვერდით მოისროლა და იმ უცნობის, უვიცისა და მზაკვრის ნაამბობი გზამკვლევად აქცია.
დასავლეთის, კერძოდ, აშშ-ის ცბიერი პოლიტიკის შედეგია, საქართველოს მოსახლეობამ ნატოში შესვლის სურვილი რომ გამოხატა. საქართველოს მოსახლეობამ, არათუ იმხანად, 2008 წელს, დღესაც კი არ იცის ხეირიანად, რა არის ნატო და, მიუხედავად ამისა, მხარი დაუჭირა საარჩევნო ბიულეტენში შეტანილ საკითხს. ვინ და რატომ შეიტანა ეს საკითხი, ვგონებ, გამოცანა არ არის. ე.წ. სტრატეგიულმა პარტნიორმა, აშშ-მა, დრო იხელთა და პრეზიდენტის არჩევნებს მიაკერა საკითხი, რომლის მიმართ ამომრჩევლის მიდგომა იყო ზერელე, გაუთვითცნობიერებელი.
მას უთხრეს, _ ამას დაუჭირე მხარიო, და მანაც დაუჭირა, მთავარი საკითხისთვის პრობლემები რომ არ შეექმნა. ამომრჩევლისთვის მთავარი კი სააკაშვილის არარჩევა იყო. სააკაშვილმა მოახერხა თავის გადარჩენა, მაგრამ ამომრჩევლის მიერ მხარდაჭერილმა ნატომ უდიდესი გამარჯვება მოიპოვა მცირე პროცენტით, რომელიც სააკაშვილის ამერიკელი მრჩევლის, ბრაიზას, ბრძანებით გრანდიოზულ პროცენტად იქცა. 70%-ს, ხან 80%-ს ასახელებენ ნატოში შესვლის მსურველები, მათი დასავლელი პატრონები და ამ ორგანიზაციაში შესვლის მოწინააღმდეგეებს ცხვირწინ უფრიალებენ საყვედურით _ თქვენ არ გადაწყვიტეთო.
_ დღეს საქართველოს ხელისუფლებაც არანაკლებ გაღიზიანებულია, არც ესენი აკლებენ დასავლელ პარტნიორებს საყვედურებს…
_ მართალია, არანაკლები საყვედურები გვესმის მმართველი პარტიიდან ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მიმართ. ამერიკელმა უილსონმა, „ქართული ოცნების“ მტერმა, ისეთი ანტიოცნებური რეზოლუცია მიაღებინა ასამბლეას, რომ „ოცნება“ ნოკდაუნში ჩააგდო და გულდაწყვეტით აალაპარაკა იმაზე, რაც მოხდა.
„ოცნებამ“ ისიც აღნიშნა, უკრაინის დელეგაციის წევრები რა ენთუზიაზმით ცდილობდნენ დოკუმენტის ანტიოცნებურად შედგენას.
უკრაინის ხელისუფლების დამოკიდებულება „ოცნების“ მიმართ ნეგატიურია, თანაც ისეთი, „წითელ ხაზებს“ რომ კვეთს.
_ მიუხედავად ყველაფრისა, პრემიერმინისტრი ირაკლი კობახიძე მაინც ამბობს, რომ ჩვენი პარტნიორი დასავლეთია და საქართველოს გზა ევროპისკენ მიდის…
_ სამწუხაროდ, ასეა. კობახიძე-კალაძის დუეტი დაბეჯითებით გვიმტკიცებს, რომ ქართველი ხალხის ინტერესებს იცავენ, რომ საქართველო არასდროს ყოფილა ისეთი სუვერენული, როგორიც დღეს არის. და ამ განცხადებებს აკეთებენ ევროკავშირის მიერ მიღებულ ყველა ანტიოცნებურ გადაწყვეტილებაზე. თან იმასაც ამბობენ, რომ საქართველოს კურსი ურყევია, ანუ ევროატლანტიკურია და საქართველო 2030 წელს გაწევრდება ევროკავშირში _ ჩვენთვის სასიკეთოდ შეცვლილში.
ვეჭვობ, ევროკავშირი შეიცვალოს. დაშლა შეიძლება ვივარაუდოთ, მაგრამ შეცვლა ძნელი წარმოსადგენია. ევროკავშირის სულისკვეთება ისეთივე იქნება, როგორიც დღეს არის, ვინაიდან ღრმა ისტორიულ-კოლონიურ ფესვებს ეყრდნობა. ქედმაღლობა კოლონიზატორის დამოკიდებულებაა კოლონიად გადაქცეული ქვეყნების მოსახლეობისადმი. ზემოდან ქვემოთ ყურება მათი ცხოვრებისთვის დამახასიათებელი თვისებაა, რომლის შეცვლაც შეუძლებელია.
ევროპელთა დამოკიდებულება არაევროპელთა მიმართ მკაფიოდ გამოხატა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების ყოფილმა კომისარმა, ევროკომისიის თავმჯდომარის მოადგილე ჟოზეპ ბორელმა: „ევროპა ბაღია, რომელშიც შეღწევას აპირებენ ბაღისთვის შეუფერებელი არაევროპელები”. ამის მომსმენს, ევროკავშირში შესვლის სურვილი არ უნდა ამოძრავებდეს, მით უმეტეს _ ხელისუფლებას.
ევროკავშირში შესვლის მსურველს ინდივიდუალურად შეუძლია აისრულოს ოცნება და იქ საცხოვრებლად გადავიდეს, მაგრამ რას ერჩიან ქვეყანას, რატომ ცდილობენ შეტენონ ორგანიზაციაში, სადაც ჩვენთან შედარებით ძლიერი ქვეყნებიც კი თავს დამოუკიდებლად ვერ გრძნობენ?!
_ იქნებ ჩვენ, უბრალო მოკვდავებმა, არ ვიცით, რა ხეირი შეიძლება მოუტანოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრებამ; იქნებ მართლაც აღორძინდეს საქართველო ევროკავშირის წევრობით?
_ გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ ჩიკვილაძეს საბერძნეთში ოფიციალური ვიზიტისას ვახლდი. იმხანად საბერძნეთისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა საქართველოდან ჩასული არალეგალური მიგრანტები, განსაკუთრებით მამაკაცები, რომლებმაც ხელი მიჰყვეს ქურდობას _ ბერძნების სახლებში შესვლას, აწიოკებას, მკვლელობას. ციხეებში იმატა ქართველთა რაოდენობამ. აღნიშნულიდან გამომდინარე, პრობლემის მოსაგვარებლად შევადგინეთ საქართველო-საბერძნეთის საკონსულო ხელშეკრულების პროექტი, რომელიც საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრ პაპულიასს წარვუდგინეთ ოფიციალური მოლაპარაკებისას. მასპინძელმა მადლობა გადაგვიხადა ინიციატივისთვის, მაგრამ გვითხრა, ხელშეკრულებას ვერ გავაფორმებთ, ვინაიდან ასეთი რამ ბრიუსელის, ანუ ევროკავშირის შტაბ-ბინის პრეროგატივააო. ანუ, ვითომ დამოუკიდებელი საბერძნეთი ევროკავშირთან შეუთანხმებლად ვერანაირ ხელშეკრულებას ვერ დადებდა სხვა ქვეყანასთან. ევროკავშირი აწესებს, მასში შემავალმა ქვეყნებმა რა აწარმოონ, განავითარონ თუ არა სოფლის მეურნეობა, მრეწველობა, ეკონომიკის სხვა დარგები.
ევროკავშირში შესულ ბულგარეთს აუკრძალეს სოფლის მეურნეობის ტრადიციული დარგების განვითარება. კარგა ხანია, მსოფლიოში სახელგანთქმულმა ბულგარულმა წიწაკამ სული განუტევა, ისევე, როგორც მრეწველობამ. ანალოგიური ბედი ეწია რუმინეთს. არადა, საბჭოთა კავშირის პერიოდში სოციალისტურ ქვეყანას მრეწველობაც ჰქონდა და ავტომშენებლობაც, საზაფხულო და ზამთრის კურორტებიც.
ჩაუშესკუს რუმინეთში როცა ჩავედი, გავოცდი მიღწეული წარმატებებით. შავი ზღვის სანაპიროზე მიყოლებით იყო აშენებული იმ პერიოდისთვის ულტრათანამედროვე კურორტები _ „ვენერა”, „ნეპტუნი” და ა.შ. ხუთვარსკვლავიანი სასტუმროებით. ყველა მათგანს ღამის გასართობი პროგრამა ჰქონდა სასტუმროის წინ, ქვიშის პლაჟებზე მოწყობილ სცენებზე უცხოელი შემსრულებლების მონაწილეობით. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ბუქარესტმა, რომელსაც უცხოელებიც კი აღმოსავლეთის პარიზს უწოდებდნენ. დედაქალაქში რამდენიმე 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო იყო აუზებითა და ხელოვნური ტალღებით. სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში ხუთვარსკვლავიანი სასტუმროები იშვიათობა იყო, მაგრამ არა რუმინეთში.
ჩაუშესკუს პერიოდს დიქტატურად მოიხსენიებენ. დიქტატურამ მოუტანა რუმინეთს აღმშენებლობაც და დაღმასვლაც. ენერგეტიკულმა კრიზისმა, ელექტროენერგიის შეზღუდულმა მიწოდებამ მოსახლეობის გულისწყრომა გამოიწვია, რომელსაც მოჰყვა მასობრივი გამოსვლები და ჩაუშესკუს მკვლელობა.
ევროკავშირის წევრ რუმინეთში არ ვყოფილვარ, მაგრამ იქ მიმდინარე ანტისახელისუფლო გამოსვლებს, მეტადრე სოციალური დატვირთვით, თვალს ვადევნებ. განსაკუთრებული სიმძაფრე შეინიშნებოდა ბოლო ერთი წლის განმავლობაში, როდესაც სოციალურ უკმაყოფილებას პოლიტიკურიც დაემატა რუმინეთის პრეზიდენტის არჩევნების დროს.
ოპოზიციონერი ჯორჯესკუ, ხელისუფალთა მიერ საშიშ ძალად აღქმული, ოღონდ ხალხის მიერ მხარდაჭერილი, ბრიუსელისთვის მიუღებელი აღმოჩნდა და გამარჯვება გაუუქმეს. ჯორჯესკუ მოითხოვდა უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტას, ნატოდან გამოსვლას. არჩევნები ხელმეორედ გამართეს და… ოპოზიციონერს, რომელიც პირველ ტურში ხმათა დიდი უმრავლესობით უგებდა მოწინააღმდეგეს, მეორე ტურში წააგებინეს.
არანაკლები სიყალბე ჩაიდინა ევროკავშირმა მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში. მან მოლდოვის პრეზიდენტად, ფაქტობრივად, სანდუ დანიშნა — ურსულა ფონ დერ ლაიენის ყურმოჭრილი მონა.
ევროკავშირის ბინძურ საქმიანობაზე სალაპარაკო იმდენია, ტომები ვერ დაიტევს. აი, ასეთ ევროკავშირში შეყვანას გვპირდება ხელისუფლება, თან გვეუბნება, ეს არ შეიცვლებაო.
_ ისეთი სუვერენული ვართო, არასდროს რომ არ ვყოფილვართო, _ ამბობს კალაძე. რას გულისხმობს? იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება არ ასრულებს ევროკავშირის დავალებებს? რა გამოდის _ ევროკავშირი ისეთ დავალებებს გვაძლევს, რომელთა შესრულება მიუღებელია?
დიახ, ასეა! და თუ ასეა, ევროკავშირში რაღა გვინდა?
ევროკავშირისკენ გახედვაც არ უნდა გვსურდეს, არათუ შესვლა. შესვლა და სუვერენიტეტის დაკარგვა ისეთივე რეალობა იქნება, როგორც მზის ამოსვლა.
უმძიმესი პოლიტიკური ვითარებაა მეზობელ ახლო აღმოსავლეთში, სომხეთში, აზერბაიჯანში; მიმდინარეობს ძმათამკვლელი ომი რუსეთსა და უკრაინას შორის; აშშ-ის პრეზიდენტის ხშირი აზრთა ცვლა საგონებელში გვაგდებს და ამ დროს გვესმის ხელისუფალთა ბრიყვული განცხადებები ევროკავშირში 2030 წელს შესვლაზე… რისი ბრალია ესოდენ ქარაფშუტული განცხადება _ გამოუცდელობის, გაუნათლებლობის ხომ არა?
დიახ! ასეა და ამასთანავე, თეთრი ბატონისადმი მონობა, ისეთად გადაქცევა, თუნდაც გარეგნულად, როგორიც ის არის. დასავლეთისადმი თაყვანისცემა, მისი განდიდება ძვალ-რბილში გვაქვს გამჯდარი. ის გვეუბნება, ის გვკარნახობს და ჩვენც ისეთები უნდა ვიყოთ, როგორიც ის, ანუ ევროპელი, არაქართველი.
ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი