„ტურიზმის ინდუსტრია აღარ არის ის სექტორი, რომელიც ითვლებოდა შემოსავლიან და პრესტიჟულ საქმედ – უმრავლესობა წავიდა სფეროდან“, – ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ კომპანია „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელმა, ცოტნე ჯაფარიძემ განუცხადა და სექტორში არსებული გამოწვევებზე ისაუბრა.
როგორც მანვე აღნიშნა, ქვეყანაში საგრძნობლად შეინიშნება მაღალმხარჯველი ტურისტების რაოდენობის სიმცირე, ამის პარალელურად გაზრდილია იმ ვიზიტორების წილი, რომლებიც ქვეყანაში დაბალი ხარჯვით გამოირჩევიან.
„სეზონის დასაწყისშივე ვამბობდი, რომ ტურიზმის სექტორისთვის იქნებოდა რთული წელი. ტურიზმის ინდუსტრია აღარ არის ის სექტორი, რომელიც ითვლებოდა შემოსავლიან და პრესტიჟულ საქმედ. უმრავლესობა წავიდა სფეროდან ან შეიცვალა პროფესია. ზაფხულის სეზონს თუ შევაჯამებთ, დარჩენილია ივლისი და აგვისტო. ახალი ჯავშნები აღარ შემოვა, იმიტომ რომ ზაფხულის ჯავშნები აქამდე უნდა შემოსულიყო. არ მგონია, რომ შემოდგომაზე რაიმე სახით გამოსწორდება მდგომარეობა. გავიხედოთ გარეთ – რაც ხდება გარეთ, ის ხდება ტურიზმშიც… სასტუმროებიც, რესტორატორებიც, გესთჰაუსებიც – ზუსტად იგივე გეტყვით. გასულ პარასკევს კონფერენციას ვესწრებოდი და ზუსტად იგივე გზავნილები გაჟღერდა ყველას მხრიდან“, – აღნიშნავს „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელი.
მისი თქმით, ტურიზმის ინდუსტრიაში მიმდინარე გამოწვევები არის იმ პოლიტიკის გამოძახილი, რასაც სახელმწიფო ბოლო წლებში ახორციელებდა.
„ნებისმიერ ტურისტულ ადგილას რომ აბრძანდეთ, ყველგან საგრძნობლად შეინიშნება მაღალმხარჯევლი ტურისტების რაოდენობის სიმცირე. ამ დროს ეს სეგმენტი ჩვენთვის ყოველთვის იყო სტრატეგიული. რომ არ ჩამოდის სტუმარი და შეიმჩნევა მხოლოდ დაბალმხარჯველი ტურისტები, ეს არის ყველაფერ იმის შედეგი, რა პოლიტიკასაც აწარმოებს სახელმწიფო ბოლო წლების განმავლობაში“, – განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ცოტნე ჯაფარიძემ.