საპარლამენტო უმრავლესობამ მეორედ აღძრა იმპიჩმენტის პროცედურა სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ. ამის მიზეზი საქართველოს ხელისუფლებას აქვს, რადგან ე.წ. პრეზიდენტი განაგრძობს კონსტიტუციის უხეშ დარღვევას _ მთავრობის ნებართვის გარეშე მართავს ვიზიტებს ევროპაში და საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებს. დასავლეთის მიერ ზურგგამაგრებული ზურაბიშვილი ამბობს, რომ ჰყავს პრემიერმინისტრობის კანდიდატი და დასძენს, რომ ტექნიკური მთავრობის დაკომპლექტებას აპირებს…
„რა პრემიერი უნდა წარადგინოს, ამის უფლებამოსილება არ აქვს! რა ტექნიკური მთავრობა?! მოსახლეობამ თუ გადაწყვიტა, რომ ამ უსამშობლოებს უნდა დაუჭიროს მხარი, მაშინ რატომ ტექნიკური მთავრობა, შემდეგ მადამ მავნებელი მთავრობას თვითონ დააკომპლექტებს უცხოეთის დაკვეთით? ეს ყველაფერი სიგიჟეა. ერთმანეთშიც კი ვერ თანხმდებიან და ვერ გაურკვევიათ, ვის რა ღირებულება აქვს. მათი კოალიციური მთავრობა ვნახეთ, რას წარმოადგენს. სიებიც ვნახეთ… ვაჭრობა დაიწყეს, ვინ რომელ პოზიციაზე იყოს. მათი მმართველობა ჩვენს მტერს. 26 ოქტომბერს ყველა ერთად პოლიტიკურ სანაგვეზე წავა”, – განაცხადა პარლამენტარმა ირაკლი ზარქუამ.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საპარლამენტო უმრავლესობა ხელახალ კონსტიტუციურ წარდგინებას მოამზადებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის მოთხოვნით. „ახალი მოწვევის პარლამენტი პირველივე სხდომებზე სალომე ზურაბიშვილს არანაკლებ ასი ხმით, იმპიჩმენტის წესით, თანამდებობიდან გადააყენებს. ზურაბიშვილმა კონსტიტუციის უხეში დარღვევა განაგრძო. ის გასულ კვირას მთავრობის თანხმობის გარეშე იმყოფებოდა საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთსა და ბელგიაში”, _ თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ და დასძინა, რომ ზურაბიშვილის გადაყენებას სიმბოლური ხასიათი ექნება.
„სალომე ზურაბიშვილს მიმდინარე წელს ისედაც ეწურება უფლებამოსილების ვადა. შესაბამისად, იმპიჩმენტის წესით მისი გადაყენებით სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა დიდი-დიდი ერთი თვით შეიკვეცოს. აქედან გამომდინარე, იმპიჩმენტის წესით მის გადაყენებას, უფლებამოსილების ვადის მხრივ, მეტწილად სიმბოლური დატვირთვა აქვს, მაგრამ ძალიან პრინციპულია ამ გადაწყვეტილების სამართლებრივი და პოლიტიკური დატვირთვა. არ შეიძლება, ქართველი ხალხის მთავარი კანონის განზრახ, უხეში და სისტემატური დარღვევა დაუსჯელი დავტოვოთ. კონსტიტუციის დამრღვევ სალომე ზურაბიშვილს უნდა დარჩეს არა ყოფილი პრეზიდენტის, არამედ გადაყენებული პრეზიდენტის სტატუსი, რაც, როგორც პრეცედენტი, შეასრულებს უმნიშვნელოვანეს როლს მომავალში თვითნებობის თავიდან ასაცილებლად და ქართული დემოკრატიის განსამტკიცებლად”, _ თქვა შალვა პაპუაშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის მოღალატეობრივ საქმიანობას სოციალურ ქსელში ეხმიანება ადამიანის უფლებათა დამცველი ნანა კაკაბაძე. მის თვალსაზრისს უცვლელად გთავაზობთ:
“ჯერ კიდევ საქართველოს პრეზიდენტად წოდებულმა ქალბატონმა ხელი არ მოაწერა პარლამენტის მიერ მიღებულ კანონს ლგბტ პროპაგანდის აკრძალვის შესახებ.
მძიმე მდგომარეობაში ჩავარდნილმა (პ)რეზიდენტმა თითქმის 2 კვირის ფიქრის შემდეგ ვერც ხელის მოწერა გაბედა და ვერც ვეტოს დადება ამ კანონზე. კანონზე ხელმოწერა დასავლეთში მყოფ სალომეს შეფებს არ მოეწონებოდათ, ხოლო ვეტოს დადება საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობისთვის იქნებოდა მიუღებელი და თავისი მოკლე ჭკუით სალომემ იფიქრა, დასავლეთის კეთილგანწყობასაც შევინარჩუნებ და ქართველების უმრავლესობასაც არ გავაღიზიანებო, მაგრამ ორი კურდღლის მადევარმა (პ)რეზიდენტმა ამ შემთხვევაში ორივე მხარე გააღიზიანა.
კანონი თუ მიუღებელი და უფლებების შემლახავად მიაჩნდა, შესაძლებლობა ჰქონდა, მისი ძალაში შესვლა დაებლოკა ვეტოს დადებით, მით უმეტეს, რომ ამ ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა საკანონმდებლო ორგანოს აღარ ექნებოდა, რადგან ამ მოწვევის პარლამენტს არჩევნებამდე სხდომის ჩატარების, ანუ ვეტოს დაძლევის შესაძლებლობა აღარ ჰქონდა, ამიტომ ლიბერალ-ფაშისტების რიგებში ბუნებრივად იბადება კითხვა: ჩვენო იმედო, ქალბატონო, თუ თქვენ ნამდვილად ჩვენიანი ხართ და ნამდვილად არ გინდათ, ეს სექსუალური უმცირესობების უფლებების შემზღუდავი, „საშინელი და მომაკვდინებელი” კანონი მუშაობდეს საქართველოში, რატომ არ დაადე ვეტო და რატომ არ აღმოფხვერი მისი კანონად ქცევის შესაძლებლობა?
მეორე მხრივ, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობაც „უმადური” დარჩა იმით, რომ სალომემ ვეტო არ დაადო კანონს, რადგან ტრადიციული ღირებულებების დამცველებისთვის მთავარი ის იყო, რომ მან კანონს ხელი არ მოაწერა, რითაც პირდაპირ თქვა, რომ ის ამ საკითხში ლიბერალ-ფაშისტების მხარესაა, ანუ მიაჩნია, რომ ამ კანონით აკრძალული ერთნაირსქესიანებს შორის სექსუალური ურთიერთობის ან სქესის შეცვლის პროპაგანდა დასაშვები უნდა იყოს.
სამაგიეროდ, ჩვენი სახეგაბადრული (პ)რეზიდენტი ბედნიერია იმით, რომ ევროპაში სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები და ევროსტრუქტურის ხელმძღვანელები ღიმილით ხვდებიან, ხელს ართმევენ და გამამხნევებელ სიტყვებსაც ეუბნებიან. ამას კი იმიტომ აკეთებენ, რომ სწორედ ამ ქალბატონის იმედი აქვთ, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის ნების იგნორირებით საქართველოს ხელისუფლებაში მათთვის მისაღები და მორჩილი პოლიტიკური ძალების მოყვანის დაგეგმილი ოპერაციის წარმატებით განხორციელების საქმეში.
თუმცა არ იციან, რომ მათაც და მათ ფავორიტ მადამ რეზიდენტსაც დიდი იმედგაცრუება ელოდებათ 26 ოქტომბერის შემდეგ დაგეგმილი სპეცოპერაციის ჩაშლით”.
მოამზადა ეკა ნასყიდაშვილმა