პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ალექსანდრეს პარკში შეკრებილმა საზოგადოებამ, მრევლმა, მოუწოდა უკრაინის მართლმადიდებელ მოსახლეობას, წინ აღუდგნენ ანტიეკლესიურ კანონს ნომრით 8371.
ანტიეკლესიური კანონის დამგმობი და უკრაინაში მცხოვრები მართლმადიდებლების, ასევე, სინდისის პატიმრების მხარდამჭერი ეს აქცია გაგრძელება იყო ევრაზიის ინსტიტუტის ინიციატივით გამართული მრგვალი მაგიდისა, რომელიც უკრაინის კანონიკური ეკლესიის (УПЦ) მხარდაჭერას მიეძღვნა.
აქციაზე, რომელსაც დაახლოებით ერთი ასეული ადამიანი დაესწრო, მიღებულ იქნა მიმართვის ტექსტი, რომელსაც ფოტომასალასთან ერთად გთავაზობთ:
საქართველოს მართლმადიდებელ მორწმუნეთა მიმართვა უკრაინის მართლმადიდებელი მორწმუნეებისადმი და სრულიად მართლმადიდებელი სამყაროსადმი
თბილისი, 1 სექტემბერი, 2024 წ.
ძვირფასო ძმებო და დებო,
მოგმართავთ საქართველოდან – ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ქვეყნიდან. ჩვენთვის სულერთი არ არის, რა ბედი ეწევა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას, ვინაიდან არის ერთი, უნივერსალური მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტესი, რომლის წევრები ვართ ყველანი, განურჩევლად ეროვნებისა და მოქალაქეობისა. ასევე, განურჩევლად იმისა, თუ რა ურთიერთობები აქვთ ჩვენს სახელმწიფოებს და პოლიტიკოსებს ერთმანეთთან. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია ჩვენი ეკლესიაცაა. თქვენი სიწმინდეები ჩვენი სიწმინდეებიცაა.
მთელი მართლმადიდებელი სამყარო შეაშფოთა ცნობამ იმის თაობაზე, რომ კიევში მიღებულ იქნა კანონი №8371, რომელიც ფაქტობრივად კრძალავს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას – ერთადერთ კანონიკურ მართლმადიდებელ ეკლესიას მთელი უკრაინის ტერიტორიაზე. ეს არის არა მხოლოდ უკრაინელი მორწმუნე ხალხის მტრობა, არამედ მთელი მართლმადიდებლობის მტრობა. ამ ნაბიჯს აღვიქვამთ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯად.
გლობალისტური ძალები, რომლებიც დგანან ამ პროვოკაციის უკან, არ გაჩერდებიან და ჩვენთანაც შემოიტანენ განხეთქილებას, თუკი მათ უკრაინაში გაუვიდათ. ამიტომ, ფხიზლად უნდა იყვნენ მართლმადიდებლები არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოში, საბერძნეთში, რუსეთში, ბულგარეთში, სერბეთსა თუ რუმინეთში, ასევე სხვა ქვეყნებში – ყველგან, სადაც ცხოვრობენ მართლმადიდებელი ქრისტიანები. ჩვენ არ უნდა დავუშვათ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის რღვევა, რადგან ეს მთელი მართლმადიდებელი სამყაროს რღვევას გამოიწვევს.
უკრაინაში მცხოვრებო მართლმადიდებლებო! მოგიწოდებთ, იბრძოლეთ, არ დაემორჩილოთ უკანონობას და ამორალობას. არ დათმოთ თქვენი ტაძრები, არ ჩააბაროთ მტერს საეკლესიო ქონება. ვიცით, რომ ბევრი სასულიერო და საერო პირი, ვინც იცავს ეკლესიას, დაპატიმრებულია და იდევნებიან. მაგრამ ეს ღვთის მადლია, რწმენისთვის სიცოცხლეც კი დასათმობია – ამაზე დგას ქრისტიანული მოძღვრება.
ვგმობთ უკანონო კანონს! დიდება ერთიან მსოფლიო სამოციქულო მართლმადიდებელ ეკლესიას და მის ნაწილს – უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას! სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინის მართლმადიდებლებს! მოვუწოდებთ ყველა კეთილი ნების ადამიანს, ხმა აღიმაღლოს უსამართლობის წინააღმდეგ!
წყარო: პოლიტფორუმი