Home რუბრიკები საზოგადოება რას გვიქადიან ვარსკვლავები 2015 წელს

რას გვიქადიან ვარსკვლავები 2015 წელს

692

ვერძი

2015 წელი ვერძებისთვის მნიშვნელოვანი ცვლილებების წელია. ბევრი მუშაობა მოგიწევთ, თუმცა თქვენი ძალისხმევა ნაყოფს გამოიღებს და სამსახურში დაწინაურებითა და შემოსავლების ზრდით დასრულდება.


უარი არ თქვათ საზოგადოებრივ პროგრამებში მონაწილეობაზე. რეკომენდებული არ არის ფინანსურ მაქინაციებსა და აზარტულ თამაშებში მონაწილეობა, რადგან ყველაფერი კრახით დასრულდება და ვალებში აღმოჩნდებით.

ისწავლეთ მოთმინება, იმუშავეთ საკუთარ თავზე, ისწრაფეთ ახალი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენისკენ. 2015 წელს დიპლომატიურობისა და კომპრომისის  სწავლაც მოგიწევთ. ნუ დამალავთ თქვენს ამბიციებს, მაგრამ ნურც გარშემო მყოფების დამორჩილებას მოინდომებთ, რადგან მათი მხრიდან დიდ წინააღმდეგობას წააწყდებით.

შესაძლოა, პირად ცხოვრებაში ცვლილებები მოხდეს, ამიტომ საყვარელ ადამიანს მეტი დრო დაუთმეთ. ღირსშესანიშნავი მოვლენები წლის მეორე ნახევარში მოხდება, თანაც, შესაძლოა, ერთდროულად _ პირად და საქმიან ცხოვრებაში. გრანდიოზული საჩუქარი ან დიდი და მოულოდნელი მოგება გელით.

კურო

2015 წელს კუროები თითქმის ყველა სფეროში მიაღწევენ წარმატებას, მოგვარდება მათი ფინანსური კეთილდღეობის საკითხიც. მოიპოვებთ გავლენიანი ადამიანების დახმარებასა და მფარველობას. ყველა პროექტი, რომელშიც ადრე საკმაო შრომა და ფინანსები ჩადეთ, შედეგს ამ წელიწადში გამოიღებს. შეიძლება, სურვილებისა და ვალდებულებების შეუსაბამობით წარმოქმნილი კონფლიქტის გამო  ოჯახში პრობლემები შეგექმნათ. ნუ გაჯიუტდებით და ახლობლებს ყურადღებით მოეპყარით _ თქვენდამი გამოჩენილი კეთილი დამოკიდებულება სათანადოდ დააფასეთ.

შემოდგომაზე ბევრი მაცდური წინადადება გელით. ეცადეთ, საეჭვო წამოწყებებში არ გაერიოთ, რაოდენ მიმზიდველადაც უნდა მოგეჩვენოთ, თორემ შედეგი სავალალო იქნება. წლის ბოლოს ახლობელი ადამიანების წრე საკმაოდ დავიწროვდება _ შესაძლოა, კომპანიონებისა და პარტნიორების ნაწილს  დაშორდეთ, თუმცა საიმედო საყრდენად ძველი მეგობრები დარჩებიან.

მარტოხელა კუროები პირადი ცხოვრების აწყობას შეეცდებიან და მათი ძალისხმევა ამაო რომ არ აღმოჩნდეს, პრინცი ან პრინცესა კი არ უნდა ეძებონ, ირგვლივ უნდა მიმოიხედონ, საყვარელ ადამიანს სწორედ მათ შორის იპოიან, ვისაც, დიდი ხანია, იცნობენ.

ტყუპი

ტყუპები თანდაყოლილი არტისტიზმისა და მჭევრმეტყველების გამოყენებას ეფექტიანად შეძლებენ. 2015 წელს თქვენი ურთიერთობების არეალი უცხოელთა ხარჯზე გაფართოვდება. იდეების განხორციელებაში ახლობლები დაგეხმარებიან  და შეძლებთ ახალი, მომგებიანი კონტრაქტების გაფორმებას. წელს, პრაქტიკულად, ყველანაირი საქმის კეთებას შეძლებთ _ სწავლას, ოჯახურ ბიზნესს თუ მეცნიერებაში მუშაობას. ეს ყველაფერი თქვენი თვალსაწიერის გაფართოებასა და ცხოვრებაში პოზიციის გამყარებას შეუწყობს ხელს.

მოგიწევთ, ისწავლოთ, როგორ მიუტევოთ ადამიანებს წყენა, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი უადგილო შურისძიება დიდი ხნის შრომით მოპოვებული კეთილგანწყობის დაკარგვას გამოიწვევს.

შესაძლოა, შემოდგომაზე არაკეთილმოსურნეებმა თქვენი ავტორიტეტის შელახვა სცადონ, მაგრამ ყურადღებას ნუ მიაქცევთ. თამამად იარეთ წინ და წარმატებაც არ დააყოვნებს. სწორედ ამ პერიოდში გამოჩენილ სიბრძნესა და მახვილგონიერებაზე იქნება დამოკიდებული თქვენი წარმატება მომავალი წლებში. თუ მეორე ნახევარი ჯერ კიდევ არ გიპოვიათ, შესაძლოა, საყვარელ ადამიანს ხალხმრავალ გასართობ ღონისძიებაზე შეხვდეთ.

კირჩხიბი

2015 წელს კირჩხიბებს კავშირები და ნაცნობობა დიდ სარგებელს მოგიტანთ. ამ წელს გეძლევათ “ოქროს მარაგის” შექმნის შანსი, რაც სიმშვიდეს მოგგვრით, რადგან ფინანსურად დაცულად იგრძნობთ თავს _ ყველა იდეის სარეალიზაციოდ სახსრები საკმარისი გექნებათ.  ნუ მოიქცევით ინფანტილურად, ნურავის დაუთმობთ იმას, რაც გეკუთვნით ან აუცილებელი მანიპულაციების შემდეგ შეიძლება თქვენი საკუთრება გახდეს.

ნუ მისცემთ თავს ჩრდილში დარჩენის უფლებას, მორცხვობა არაფერში გამოგადგებათ. სამსახურში გულმოდგინება და ხასიათის სიმტკიცე უნდა გამოიჩინოთ. აუცილებელია, შეეგუოთ ნებისმიერ პირობებში მუშაობას. ეცადეთ, ყველა შესაძლებლობა მომგებიანად გამოიყენოთ და ნებისმიერ საქმეს პასუხისმგებლობით მოეკიდოთ. მომავალს ნელ-ნელა, აგურ-აგურ ააგებთ. მოგიწევთ ბევრი მოგზაურობა, როგორც საქმიანი, ისე გასართობი. ოჯახში სტაბილურობის პერიოდი დაგიდგებათ, თუ თქვენი მეუღლე რომელიმე ცეცხლოვანი ნიშნის წარმომადგენელი არ არის. ხოლო თუ თავისუფალი ხართ, შესაძლოა, თქვენი პირადი ცხოვრება მოკლევადიანი რომანებით გამრავალფეროვნდეს, მაგრამ ამაზე შორს არ წავა. წლის ბოლოდან კი თქვენს ცხოვრებაში შესანიშნავი პერიოდი დაიწყება.

ლომი

ლომებმა მოთმინება უნდა მოიკრიბოთ და გულმოდგინედ იმუშაოთ. მთავარია, აირჩიოთ გზა, რომელსაც მომავალში გაუყვებით და შრომა სათანადოდ დაგიფასდებათ. ლომები 2014 წელს შექმნილი სამსახურებრივი პრობლემების მოგვარებას 2015 წლის ზაფხულამდე ვერ შეძლებენ. ხელმძღვანელობა მკაცრად გააკონტროლებს თქვენს ნაბიჯებს. ყველა ახალ პროექტს, რომელსაც ხელმძღვანელობა შეიმუშავებს, კბილებით უნდა ჩაეჭიდოთ. ბევრი მუშაობით სულიერ წონასწორობასაც შეინარჩუნებთ და აქამდე თითქოს მიუწვდომელ სიმაღლეებსაც მიაღწევთ. 2015 წლის ზაფხულიდან კი შეგიძლიათ, ისეთ საქმეს მოჰკიდოთ ხელი, რომელშიც მოქმედების მეტი თავისუფლება გექნებათ. ახალი გეგმების განხორციელებაში ახლობელი ადამიანები დაგეხმარებიან. ყურადღებით ადევნეთ თვალი ხარჯებს, განსაკუთრებით _ გადასახადებს. შემოდგომაზე პოზიტიური ცვლილებებია მოსალოდნელი როგორც კარიერაში, ისე უძრავი ქონების საკითხებში. წარმატებული იქნება შემოქმედებითი პროექტებიც.  მტკიცე ნაბიჯით იარეთ დასახული მიზნისკენ, როგორი სირთულის პრობლემაც უნდა გადაგეღობოთ. გადაწყვეტილების მიღებისას ენდეთ ინტუიციას, ის 2015  წელს არასდროს გიღალატებთ.

ქალწული

2015 წელს ქალწულები დაძაბულ შრომაში გაატარებენ. წინა პლანზე კარიერისა და უძრავი ქონების საკითხები წამოიწევს. თქვენი ფინანსური მდგომარეობა სტაბილური იქნება, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ფული წინდაუხედავად ხარჯოთ. ლურჯი თხის წელს პარტნიორებთან ურთიერთობებში ცვლილებებია მოსალოდნელი. თქვენს კარიერაზე გავლენას მოახდენენ ყოფილი პარტნიორები. საქმეები შეიძლება კარგად წაგივიდეთ ან პირიქით _ ათასგვარი გამოცდის გადატანა მოგიწიოთ. ყველაფერი თქვენს გამოცდილებაზე, ცოდნასა და ადრე შეძენილ უნარ-ჩვევებზე იქნება დამოკიდებული. თამამად შეიმუშავეთ ამბიციური გეგმები, თუმცა მათი განხორციელება არ უნდა გააჭიანუროთ. ბევრი ახალი შეხვედრა გელით, რომელთაგან ერთი, შეიძლება, საბედისწერო აღმოჩნდეს. მართალია, ერთი ნახვით შეყვარება არ გჩვევიათ, მაგრამ ერთ-ერთმა ადამიანმა შეიძლება ყველაფერი დაგავიწყოთ.

წლის მეორე ნახევარში კი შესაძლოა, სამსახურის შეცვლა მოგინდეთ. თუ ცვლილებების მიმართ შიშს გადალახავთ, სულიერ და მატერიალურ სფეროებს შორის ოქროს შუალედის პოვნას შეძლებთ, რაც, ფინანსურ კეთილდღეობასთან ერთად, სულიერ წონასწორობასა და კომფორტს მოგიტანთ.

სასწორი

ლურჯი თხის წელიწადი სასწორებისთვის ცვლილებების მომტანია, თუმცა სიტუაციას ყოველთვის ვერ გააკონტროლებთ. შეგექმნებათ ახალი ცოდნისა და უნარების ათვისების აუცილებლობა, რაც თქვენს წინსვლას შეუწყობს ხელს. გამოიყენეთ თქვენი დახვეწილი გემოვნება, მოუძებნეთ ოპონენტებს სუსტი წერტილები და აიძულეთ ისინი, თქვენთვის მისაღებ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ. ისწავლეთ პოზიციების დაცვა – 2015 წელს ეს უნარი ისე გამოგადგებათ, როგორც არასდროს. წრე ადამიანებისა, რომლებთანაც საქმიანი ურთიერთობა გქონდათ, შეიცვლება. შესაძლოა, ოჯახური ბიზნესის წამოწყება მოგინდეთ ან, უბრალოდ, ნათესავებს დაეხმაროთ.

შესაძლოა, საქმიანობა უცხო ადგილას დაიწყოთ _ შეუჩვეველ გარემოში. ეს საქმე სიამოვნებასაც მოგანიჭებთ და მოგებასაც მოგიტანთ, რაც თქვენს მატერიალურ მდგომარეობას ძალიან წაადგება. თქვენს პროექტებს წარმატებული ადამიანები მოიწონებენ და მათ განხორციელებაში დაგეხმარებიან. არ არის გამორიცხული, ჯანმრთელობის პრობლემები შეგექმნათ, აგრეთვე, _ სირთულეები პირად ცხოვრებაში, განსაკუთრებით წლის პირველ ნახევარში. წლის ბოლოს თქვენ მიერ დაწყებული პროექტები მნიშვნელოვან შემოსავალს მოგიტანთ.

მორიელი

2015 წელს მორიელები ბევრ ენერგიასა და დროს დახარჯავენ ახალი პროექტების განხორციელებაზე. შემოსავლების მატება, ძირითადად, გაზაფხულსა და შემოდგომაზეა მოსალოდნელი, თუმცა მთელი წლის განმავლობაში დაძაბული შრომა მოგიწევთ. ლურჯი თხის წელიწადში, განსაკუთრებით _ მის პირველ ნახევარში, მორიელებს საქმიან პარტნიორებთან სირთულეები შეიძლება შეექმნათ. ასეთ შემთხვევაში დახმარების ხელს ერთგული მეგობრები და მფარველები გამოგიწვდიან. თუ სიტუაციას სწორად შეაფასებთ, წარმატება გარანტირებული გექნებათ. მორიელებისთვის 2015 წელი ცხოვრების ყველა სფეროში აქტიურობის პერიოდია. თვალსაზრისს ხშირად შეიცვლით, თუმცა საკუთარი სურვილით და არა _ სხვათა გავლენით.

ხშირად გექნებათ დროის უკმარისობის განცდა, მაგრამ ეცადეთ, დრო სწორად გაანაწილოთ და მეგობრებისა თუ ნათესავების დახმარებაზე უარი არ თქვათ. თქვენი ინტუიცია მთელი წლის განმავლობაში მოწოდების სიმაღლეზე იქნება და უსიამოვნო სიტუაციების თავიდან არიდებაში დაგეხმარებათ. თუ ცხოვრებისეულ საკითხებს ფილოსოფიურად შეხედავთ, თქვენ წინაშე ახალი პერსპექტივები გადაიშლება.

მშვილდოსანი

2015 წლის დასაწყისში მნიშვნელოვანი ხარჯის გაღება მოგიწევთ, ფინანსური მოგება კი მხოლოდ გაზაფხულისთვისაა მოსალოდნელი. ზაფხულიდან თქვენი შემოსავალი სტაბილურად მოიმატებს, თუმცა აღმავლობის ეტაპს დაღმავლობის ეტაპი შეცვლის და პირიქით. არ არის გამორიცხული, ბიზნესპარტნიორებთან შეგექმნათ პრობლემები, რომელთა მოგვარებაც ახლობლებისა და მფარველების ჩარევის გარეშე გაგიჭირდებათ. სამსახურში ავისმსურველებიც შეიძლება გამოგიჩნდეთ, მაგრამ აღებულ კურსს არ გადაუხვიოთ. თუ ამბიციებს მოთოკავთ და ეგოისტობასაც ნაკლებად გამოიჩენთ, დასახულ მიზნებს აუცილებლად მიაღწევთ, თუმცა საეჭვო ავანტიურებში ნუ გაერევით. თქვენ ბევრი იდეა გაქვთ, რომელთა განხოციელებაც წარმატებას მოგიტანთ, ამიტომ ქარის წისქვილებთან ბრძოლაში დროს ნუ დახარჯავთ. ამა თუ იმ მოვლენის შეფასებისას ობიექტურობა შეინარჩუნეთ და თამამად იყურეთ მომავლისკენ. იმ მშვილდოსნებს, რომლებსაც აქამდე სიყვარული არ სწვევიათ, 2015 წლის შუა პერიოდში მეორე ნახევრის პოვნის შანსი მიეცემათ. ეძებეთ იგი თანამოაზრეებს ან კოლეგებს შორის – რაც მეტი გექნებათ საერთო, მით უფრო იოლად შეძლებთ ჰარმონიული კავშირის დამყარებას.

თხის რქა

2015 წელს თხის რქების ფინანსური მდგომარეობა არასტაბილური იქნება, თუმცა გაზაფხულიდან ვითარება გაუმჯობესდება და შემოდგომაზე თხის რქები, შეუპოვარი ხასიათისა და შრომისმოყვარეობის წყალობით, ყველაფერს მიიღებენ, რაც დაიმსახურეს. თუმცა უნდა იჩქაროთ, თუ საჭირო მონდომებასა და დაჟინებას არ გამოიჩენთ, თქვენს ადგილს სხვა დაიკავებს, ამიტომ გრძელვადიანი გეგმების შემუშავებას თავი დაანებეთ და დაუყოვნებლივ იმოქმედეთ.

2015 წელი საინტერესო და ნაყოფიერ თანამშრომლობას გპირდებათ როგორც საქმიან, ისე პირად ცხოვრებაში. კონტრაქტების ხელმოწერა, მოკავშირეების შეძენა, პარტნიორებთან ერთად ერთობლივი პროექტების განხორციელება – ამ ყველაფერს უამრავი დრო დასჭირდება და მართალია, კარგ შედეგებსაც მოგიტანთ, მაგრამ აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება ჯანმრთელობას, რადგან, საქმიან და პირად ცხოვრებაში ჩაფლულს, შეიძლება, სერიოზული დაავადება გამოგეპაროთ. როგორც უნდა გეჩქარებოდეთ დასახული მიზნების მიღწევა, დასვენების აუცილებლობის შესახებ ნუ დაივიწყებთ. მოგეცემათ საკუთარ თავთან მარტო დარჩენისა და დაფიქრების საშუალება, რომელიც ჩანაფიქრის რეალიზაციაში დაგეხმარებათ.

მერწყული

2015 წელი მერწყულებისთვის აღმავლობის პერიოდია. აქამდე მიუღწეველი მწვერვალები კარიერასა თუ პირად ცხოვრებაში იოლი დასაპყრობი იქნება, თუმცა ამისათვის ყველა დაწყებული საქმის დასრულება და კონფლიქტებისგან გათავისუფლება დაგჭირდებათ _ საბოლოოდ უნდა დაშორდეთ ადამიანებს, რომლებიც წინსვლის საშუალებას არ გაძლევენ. თუ 2015 წლის პირველ თვეებში ამ ყველაფრისგან გათავისუფლებას მოახერხებთ, თქვენი კარიერა და პირადი ცხოვრება წინ წავა.

ეს წელი თქვენთვის ფინანსურად მომგებიანი იქნება, თუმცა ხარჯის გაწევაც მოგიწევთ – მგზავრობა, ტრანსპორტი, ადრე დაგროვილი ვალები და ა. შ. ლურჯი თხის წელში გაგიჩნდებათ  შანსი, თქვენი სულიერი კომფორტისა და წონასწორობისთვის აუცილებელ სტატუსს მიაღწიოთ. ნუ იქნებით ინერტული და ნუ დაკმაყოფილდებით იმით, რაც გაქვთ. რაც უფრო ამბიციური იქნება თქვენი მიზანი, მის მიღწევას მით უფრო იოლად შეძლებთ. შემოდგომაზე შეიძლება სამსახური შეიცვალოთ, მაგრამ, რასაც უნდა მოჰკიდოთ ხელი, ყველაფერი გამოგივათ და ყველაზე მოსაწყენ საქმესაც კი სიამოვნებად აქცევთ. 2015 წელს შეიძლება ისეთი გამოცდილება და ცოდნა შეიძინოთ, რომელიც მომავალში ძალიან გამოგადგებათ.

თევზები

თევზების მატერიალური მდგომარეობა 2015  წელს სტაბილური იქნება, თუმცა ზაფხულში თქვენი შემოსავლები მოიმატებს. შეიძლება, ძვირფასი საჩუქარი მიიღოთ ან ლატარიაში მოიგოთ.  ეს წელიწადი სამსახურებრივ ცვლილებებს მოგიტანთ. შეიძლება, დაიწყოთ ოჯახური ბიზნესი ან ვაჭრობის სფეროში ჩაერთოთ, ან კიდევ _ მონაწილეობა მიიღოთ საზოგადოებრივი პროექტების განხორციელებაში. წლის დასაწყისიდან შემოდგომამდე მაღალია დაპირისპირების ალბათობა, მათ შორის, საქმიან პარტნიორებთან, რადგან შეიძლება, თქვენთვის გზის გადაჭრა მოინდომონ. თუ ვინმეს ასეთ სურვილს შეამჩნევთ, სასწრაფოდ მიუჩინეთ კუთვნილი ადგილი. ამასთანავე, მოგიწევთ, რეგულარულად აკონტროლოთ თანამშრომლები, რათა ყველა პროექტისა და პროგრამის რეალიზება დანიშნულ ვადებში მოხდეს.

ეს წელიწადი წარმატებული იქნება, თუ გარშემო მყოფებს თქვენი ღირსებების შესაბამისად დაფასების საშუალებას მისცემთ და კუთხეში არ დაიმალებით, ამიტომ მოიშორეთ ზედმეტი სიმორცხვე, მორიდებულობა და იფიქრეთ საკუთარ თავზე.

შემოდგომაზე თევზებს საინტერესო შემოთავაზება ელით: სასწორის ერთ პინაზე _ პირადი თავისუფლება, მეორე პინაზე კი თავბრუდამხვევი პერსპექტივა იქნება.

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here