– მკლავენ! – იყვირა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა და სატელევიზიო სივრცეში საკუთარი ნეკნები გამოფინა.
– კლავენ! – იყვირა უკრაინის მოქმედმა პრეზიდენტმა ზელენსკიმ და საქართველოს ხელისუფლებას პროტესტი განუცხადა: „სწორედ ახლა რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხაილო სააკაშვილს. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ოფიციალურ თბილისს, შეწყვიტოს ეს შეურაცხყოფა და შეთანხმდნენ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროს დავავალე, გამოიძახოს საქართველოს ელჩი უკრაინაში, გადაეცეს მას ჩვენი მკაცრი პროტესტი და შევთავაზოთ უკრაინის დატოვება 48 საათის განმავლობაში, რათა კონსულტაციები გამართოს დედაქალაქთან. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უკრაინის მოქალაქე მიხაილო სააკაშვილი გადასცეს უკრაინას აუცილებელი მკურნალობისთვის. მოვუწოდებ ჩვენს პარტნიორებს, არ მოახდინონ ამ საკითხის იგნორირება და გადაარჩინონ ეს ადამიანი. ევროპაში არც ერთ მთავრობას არ აქვს უფლება სიკვდილით დასჯის, სიცოცხლე არის ძირითადი ევროპული ღირებულება“.
უკრაინის პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, არ უნახავს სააკაშვილის ბანდიტების მიერ ცემით სიკვდილის პირზე მიყვანილი ვალერი გელაშვილის ნეკნები, არ უნახავს სააკაშვილის ფაშისტური რეჟიმის მიერ ქუჩაში დახოცილი ახალგაზრდებისა და საპყრობილეში ნაწამები და პირუტყვებივით ჩახოცილი პატიმრების ნეკნები. მეტსაც გეტყვით, პრეზიდენტ ზელენსკის, ეტყობა, არც მისი წინამორბედი ფაშისტების მიერ ევროპაში გახსნილ საკონცენტრაციო ბანაკებში გამოკეტილ ტყვეთა ნეკნები უნახავს და არც მისი თანამემამულე იმ მილიონობით ებრაელისა, მის მიერ გმირად აღიარებული სტეპან ბანდერა და სხვა მსგავი პირუტყვები ჰოლოკოსტს რომ უწყობდნენ და კონვეიერის პრინციპით ხოცავდნენ და ხოცავდნენ. ზელენსკი მხოლოდ მასავით ფაშისტი სააკაშვილის ნეკნების ხილვამ შეაძრწუნა (მისი ეს შეძრწუნება გასაკვირი სულაც არ არის, ვინაიდან სააკაშვილის ნეკნებისა და ფერდების ხილვა, სავარაუდოდ, ერთნაირად შემაძრწუნებელია მისი სიგამხდრისა თუ სიმსუქნის მიუხედავად). სააკაშვილმა სწორედ ამ “ნეკნების ეფექტისთვის” იშიმშილა და არა მხოლოდ ზელენსკის თანაგრძნობა დაიმსახურა, არამედ ხელი გამოჰკრა დასავლური პრესის შეშფოთებასაც .
The Washington Post-ი: ”ზელენსკი ამტკიცებს, რომ მოსკოვი საქართველოს მთავრობის მეშვეობით ყოფილ პრეზიდენტს შეგნებულად კლავს. საქართველო, ყოფილი საბჭოთა სახელმწიფო, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ორმაგ პოლიტიკას ატარებს. მის მმართველ პარტიას, “ქართულ ოცნებას”, მჭიდრო კავშირები აქვს მოსკოვთან, რომლის გამოც კრემლისთვის ეკონომიკური სანქციების დაწესებაზე უარს ამბობს, საქართველოს მოსახლეობა კი ამას აპროტესტებს და უკრაინას სოლიდარობას უცხადებს. გარდა ამისა, ბევრის აზრით, საქართველოში მზარდი ავტორიტარიზმი შეშფოთებას იწვევს”.
Politico: “4 ივლისს გამოქვეყნებულ განცხადებაში ზელენსკიმ თქვა, რომ სააკაშვილს, რომელიც საქართველოში 6-წლიან სასჯელს იხდის, ახლა რუსეთის მიერ საქართველოს ხელისუფლების ხელით მოკვლის საფრთხე ემუქრება. საქართველოს მმართველმა პარტიამ მოსკოვთან მჭიდრო ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები დაამყარა უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ. საგარეო ურთიერთობათა ევროპული საბჭო აცხადებს, რომ ოლიგარქი და ყოფილი პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ამ პარტიის დამფუძნებელია, “შეიძლება ცდილობდეს საქართველოს შეტყუებას რუსეთის გავლენის სფეროში”.
The Guardian-ი: “საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ბოლო თვეების განმავლობაში პირველად გამოჩნდა ტელევიზიით, დაუძლურებული და გამოფიტული, რამაც შეშფოთება გამოიწვია დაკავებული პოლიტიკოსისადმი მოპყრობის გამო. 55 წლის ადამიანი ძნელად საცნობი იყო და საკუთარი თავის აჩრდილს ჰგავდა”.
უკრაინის პრეზიდენტის, დასავლელი პოლიტიკოსებისა და ბურჟუაზიული პრესის ეს ხმაშეწყობილი (ახლა ორკესტრირებულს რომ უწოდებენ) შეტევა საქართველოს ხელისუფლებაზე მათ მიერ სააკაშვილისთვის გამოცხადებული სოლიდარობა გგონიათ? როგორ გეკადრებათ, სააკაშვილი მათ ფეხებზე ჰკიდიათ. ეს საქართველოს ხელისუფლებასა და ქართველ ხალხზე შურისძიებაა იმის გამო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ დასავლეთს პირდაპირ განუცხადა: “ჩვენი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა“ (ირაკლი ღარიბაშვილი); “ჩვენ, ბუნებრივია, ყველა ქვეყნის სუვერენიტეტს პატივს ვცემთ, მაგრამ ჩვენი მთავარი ვალდებულება არის ჯერ ჩვენი საკუთარი სუვერენიტეტის დაცვა” (ირაკლი ღარიბაშვილი).
ირაკლი ღარიბაშვილისგან მრავალი ასეთი განცხადება მოგვისმენია, რომლებშიც საქართველოს ინტერესები ღიად, ერთმნიშვნელოვნად და უპირობოდ არის წინა პლანზე წამოწეული. აი, აქედან მოდის საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ გააფთრებული ბრძოლა. ეს ბრძოლა ზელენსკის არ დაუწყია, იმ კოლექტიურმა დასავლეთმა დაიწყო, რომელიც (ისევე, როგორც მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებში) ფაშიზმის ჭაობში იძირება და პლანეტას ახალი გლობალური დაპირისპირების მიმართულებით მიათრევს. რამდენიც უნდა ათეთრონ და ალამაზონ დასავლეთი, ბოლოს მაინც მივალთ იქამდე, რომ მსოფლიო წესრიგის რღვევისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების ფეხქვეშ გათელვის პროცესი დასავლეთის ნახელავია, რომლის სავალალო შედეგებსაც ახლა მთელი მსოფლიო (დასავლეთის ჩათვლით) იმკის. სამწუხაროდ, დასავლეთში ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებენ იმ გლობალური კრიზისის მასშტაბებს, რომელშიც ყველა ერთად აღმოვჩნდით. ამერიკელთა წრეგადასული მცდელობა მსოფლიო ჰეგემონი სახელმწიფოს სტატუსის შესანარჩუნებლად მარცხისთვის არის განწირული ორი მთავარი მიზეზის გამო:
1. აშშ–ს მსოფლიო დომინირებისთვის აუცილებელი არც ერთი რესურსი (არც ეკონომიკური, არც სამხედრო, არც იდეოლოგიური) არ ჰყოფნის;
2. ძლიერ სახელმწიფოებს აღარ სურთ ერთპოლუსიან მსოფლიოში ცხოვრება.
ეს დაახლოებით იმ ვითარებას ჰგავს, რუსეთში რომ შეიქმნა მეოცე საუკუნის დასაწყისში და ლენინის ზუსტი დახასიათებით ასე გამოიყურებოდა: “ზემოდან აღარ შეუძლიათ ძველებურად მართვა, ქვემოთ კი აღარ სურთ ძველებურად ცხოვრება”.
ზელენსკი ამერიკულ ძაფებზე გამობმული პატარა, უტვინო და უზნეო თოჯინაა, რომელსაც არავინ არაფერს ეკითხება, ხან ერთ ძაფს მოქაჩავენ, ხან – მეორეს, ხან – მესამეს, ის კი ხელ–ფეხს უთავბოლოდ აქნევს და გაუთავებლად რაღაცას ყრანტალებს. უბედურება მხოლოდ ამ უკრაინულ თოჯინაში როდია, უბედურება მასავით უტვინო და უზნეო ევროპულ თოჯინებშია, რომლებიც, ვლადიმერ პუტინის თქმისა არ იყოს, “ბატონის (აშშ) ნებისმიერ სურვილზე თავებს ჩინური თოჯინებივით (китайские болванчики) აკანტურებენ. მეტსაც გეტყვით, უბედურება არც ამ ევროპელი ბრიყვების (მაკრონი, სუნაკი, შოლცი, მელონი, დუდა და სხვები) სიბრიყვეში არ არის და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც ბაიდენის სიბერე-უძლურებაში, უბედურების სათავე დასავლეთის გარყვნა–გადაგვარებაშია. დასავლეთში დაწყებულია მძლავრი, შეუჩერებელი პროცესი, თუ შეიძლება ასე ითქვას, ადამიანის განადამიანურებისა. დასავლეთში მიმდინარეობს დაგეგმილი და მიზანმიმართული დაცლა ადამიანისა ღვთაებრივისგანაც და ადამიანურისგანაც. ამ პროცესის შენიღბვას ცდილობენ დემოკრატიის, თავისუფლების, ლიბერალიზმისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი იდეალებით, მაგრამ, როგორც შემოფლეთილი სამოსელი ვერ ფარავს სხეულის სიშიშვლეს, შინაარსთან შეუსაბამო ლოზუნგებიც ვეღარ ფარავს სრულიად საწინააღმდეგო არსსა და რეალობას. რამ რა უნდა დაფაროს ცნებათა იმ დაუნდობელი აღრევის ვითარებაში, რომლებიც ერთმანეთს გამორიცხავენ, მაგრამ რეალობაში შესისხლხორცებული არიან ერთმანეთთან:
* ადამიანის დემოკრატიული დევნა;
* თავისუფლების ტყვეობა;
* ადამიანის უფლებების დაცვა, რომლებიც არ გვაქვს;
* თანასწორობა მილიარდერებისა და უპოვარი მასის კონსტიტუციურად ნებადართული თანაარსებობის პირობებში;
* სიტყვის თავისუფლება, როდესაც სიტყვას ჩალის ფასი აქვს, თან არავინ ისმენს;
* კანონის უზენაესობა, როდესაც თვითონ კანონებია უსამართლო და, აქედან გამომდინარე, უკანონო;
* გენდერული ფაშიზმი;
* ლიბერალური ძალმომრეობა;
* უმცირესობის ბატონობა უმრავლესობაზე;
* დეზინფორმაცია ინფორმაციის ნაცვლად.
მსგავსი ჩამონათვალის გაგრძელება უსასრულოდ შეიძლება. ამ ვითარებაში ჩაყენებულ ადამიანებს (საზოგადოებას), რაც მოესურვებათ, იმას უზამენ, რადგან მათთვის ნამდვილი და მყარი პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური, მორალური, კულტურული სივრცე არ არის დატოვებული, ხელის მოსაკიდებელი ძაფი (ხავსი) არსად ჩანს. ადამიანებს ფილოსოფია დაუმახინჯეს, რელიგია შეურაცხყვეს, ისტორია გადაუწერეს, ტრადიცია დაავიწყეს, ზნეობა ჩაუკლეს, ლიტერატურა დაუმდაბლეს, თეატრი გაურყვნეს, კინო წაართვეს, სპორტი გაუყიდეს, ერთი სიტყვით, სული ამოაცალეს, მაგრამ ამასაც არ დასჯერდნენ და, ასე სჯობიაო, უთხრეს, ანუ შექმნეს და მიაწოდეს იდეოლოგია, რომელიც ადამიანსაც და საზოგადოებასაც საკუთარ თავთან, საკუთარ რაობასთან აპირისპირებს. ავადმყოფს წამლის ნაცვლად საწამლავი მიაწოდეს. მიეძალა ხალხი იდეოლოგიურ საწამლავს და, თქვენ წარმოიდგინეთ, ერთი ნაწილი დააჯერეს კიდეც იმაში, რომ ასე ცხოვრება სჯობს. საზოგადოების ამ გამოთაყვანებული ნაწილის ერთი ნაწილი დღეს უკრაინელი ფაშისტების მხარდამხარ იბრძვის, მეორე ნაწილი საქართველოში დააფრიალებს უკრაინულ დროშას, მესამე ნაწილი რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნის იდეით გამოდის, მეოთხე ნაწილი გეიპარადის ჩასატარებლად ემზადება, მეხუთე ნაწილი ფაშისტ სააკაშვილის მხარდამჭერად გვევლინება, მეექვსე ნაწილი ევროკავშირისა და ნატოს წევრობაზე ლოცულობს და ა.შ. თავგზააბნეულობა და უგზო–უკვლოდ სიარული ჰქვია ამას, მხარნაცვალობა და უმიზნო ბორიალი დროსა და სივრცეში…
ზელენსკიმ საქართველოს ელჩი გამოაძევა უკრაინიდან, ჩვენთან დიპლომატიური ურთიერთობის სურვილიც აღარ აქვს, – ფაშისტ მიხაილოს ცუდად ექცევითო. მერე რა, რომ ყველგან და ყველაფერში მხარს გვიჭერდითო, ჩვენ არც თქვენი სიტყვიერი მხარდაჭერა გინდა, არც თქვენ მიერ გამოგზავნილი ჰუმანიტარული ტვირთები, ჩვენი მიზანია, თქვენ რუსეთისთვის მეორე ფრონტი გაგახსნევინოთო. საქართველოს მთავრობა არ მიდის ქვეყნის დანგრევის გზით, იგი საქართველოს გადარჩენის გზას ადგას. “ჩვენ არ ვართ ომისთვის განწყობილი მთავრობა”, – აცხადებს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი. იგი პირდაპირ გვეუბნება: “მათი სურვილი იყო, სააკაშვილი ყოფილიყო ხელისუფლებაში, რომელიც ომს დაიწყებდა რუსეთის წინააღმდეგ”.
იმხანად ბევრმა გადაჭარბებად ჩათვალა პრემიერმინისტრის ეს ნათქვამი, მაგრამ ახლა, როდესაც ზელენსკიმ მთელი საქართველო და ქართველი ხალხის მხარდაჭერა ფაშისტ სააკაშვილში ასე თავხედურად გაცვალა, განა ყველაფერი ნათელი არ არის?! ნათელია ისიც, ვის სჭირდება სააკაშვილი და ისიც – რისთვის სჭირდებათ სააკაშვილი. ქართველებს განა ჩვენი ყურით არ გვაქვს მოსმენილი უკრაინის ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივან დანილოვის ეს სიტყვები: “არა მხოლოდ უკრაინელი ქალები და ბავშვები უნდა იღუპებოდნენ, არამედ ამ ომის შედეგები უნდა იგრძნონ სხვა ქვეყნებმაც“. გესმით, რას გვეუბნებიან: უკრაინა ხომ შეეწირა დასავლეთის მიერ რუსეთისთვის მოწყობილ პროვოკაციებს, თქვენ რატომ არ ეწირებით, თქვენც უნდა შეეწიროთ! – აი, ამას გვეუბნებიან.
რა პასუხი აქვს ამაზე საქართველოს მთავრობას? დაუჯერებელი, წარმოუდგენელი პასუხი მოვისმინეთ, რომელსაც საგულდაგულო ანალიზი სჭირდება. უკრაინის ხელისუფლება არამეგობრულად, მეტიც – უმადურად მოგვექცა, მაგრამ ჩვენ უკრაინასთან ცალმხრივ მეგობრობას განვაგრძობთო. როგორ?! უკრაინის პრეზიდენტმა სახეში შემოგვაფურთხა და სულშიც ჩაგვაფურთხა, უკრაინის მთელი მთავრობა საქართველოს უკიდეგანო სიძულვილს ავლენს, ჩვენ კი ცალმხრივ მეგობრობას განვაგრძობთ? რა არის ეს: შიში? უპრინციპობა? უთავმოყვარეობა? ნუ ვიჩქარებთ დასკვნის გაკეთებას. პოლიტიკა რთულია. საქართველო სარკისებურად თუ უპასუხებდა ზელენსკის ამ თავხედობას და ამის შემდეგ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებდა, ყველაფერი საქართველოს დაბრალდებოდა. საქართველოს მხრიდან ამ დიპლომატიური თმენის გამოვლინების შემდეგ საქართველოს ვერავინ ვერაფერს დააბრალებს, ანუ კანდიდატის სტატუსზე უარის თქმა დასავლეთის მიერ ჩვენთვის ღია პანღურის ამორტყმა იქნება და სხვა არაფერი. ქართველ ხალხს ამ საკითხზე არანაირი კითხვის ნიშანი არ დარჩება. ყველას ეცოდინება, რომ დასავლეთმა ოცდაათი წელიწადი გვაპამპულავა ნატოთი და ევროკავშირით, შემდეგ კი წიხლი გვკრა. საქართველოს მთავრობამ ამ უცნაური გადაწყვეტილებით (“ცალმხრივი მეგობრობა“), ერთი მხრივ, დასავლეთს უთხრა: თქვენი სურვილია, რომ ჯოხი ამ იდიოტ ზელენსკიზე გადავტეხოთ, მაგრამ ამას არ ვიზამთ, რადგან კარგად ვიცით, სად არის გადაწყვეტილების მიმღები ცენტრი; მეორე მხრივ კი, ევროპას არ მისცა საბაბი, მისი ვერაგობა ჩვენთვის გადმოებრალებინა. ჩამთავრდება ეს წელიწადიც და ვნახავთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ეს ჩვენი სანუკვარი ევროპელები, მაგრამ როგორიც უნდა იყოს მათი ვერდიქტი, საქართველო ორივე შემთხვევაში მართალი იქნება; მართალი არა მხოლოდ დასავლეთსა და ევროპელებთან, არამედ, პირველ რიგში, საკუთარ თავთან, საკუთარ ხალხთან და საკუთარ მომავალთან. ბორის პასტერნაკს აქვს ნათქვამი: “შენ ცდილობ, მათ სიკეთე გაუკეთო, ისინი კი ნეკნებს შორის ხანჯალს გაგიყრიან“. ზელენსკი შეეცადა, რომ სააკაშვილის ნეკნები საქართველოს ხანჯალივით გაუყაროს ნეკნებს შორის, მაგრამ არ გამოუვიდა, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასე ჩანს…
ვალერი კვარაცხელია