Home ახალი ამბები საქართველო საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დღესვეა აღსადგენი და,  ამას  სავიზო რეჟიმის...

საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დღესვეა აღსადგენი და,  ამას  სავიზო რეჟიმის გაუქმებაც თუ მოჰყვება, მთლად უკეთესი

298

მმართველი პარტიის ლიდერებმა  მეტი ინიციატივა უნდა გამოიჩინონ და პირდაპირ თქვან, რომ მზად არიან, ამ თემაზე რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს პირებს ესაუბრონ, რომ მათთვის მთავარი არა დასავლელი დიპლომატების აზრი, არამედ საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაა და გერმანიის ელჩს თუ ეკონომიკურ ბლოკადაში რუსეთის მოქცევა სურს, აგერ  გერმანიის მოსახლეობა 80 მილიონზე მეტია და მოაქციოს, ვინმე  უშლის?

გასულ კვირას ვნუკოვოს აეროპორტის ვებგვერდზე საქართველოს მიმართულებით პირდაპირი რეისის განრიგი გაჩნდა, მოგვიანებით კი წაიშალა. გავრცელებული ინფორმაციით, რეისი 18 აპრილს კომპანია Georgian Airways-ს უნდა შეესრულებინა, მაგრამ მოგვიანებით ინფორმაცია წაიშალა. ეს ყველაფერი  საკმარისი იყო იმისთვის, რომ ცალკე ოპოზიციას აეტეხა ხმაური და ცალკე დასავლელ პარტნიორებს. დასავლელ მეგობრებზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბროთ, ახლა  კი ოპოზიციაზე ვთქვათ.

იმ ოპოზიციური პარტიის ლიდერები, რომლებსაც ბიზნესინტერესებიც აქვთ რუსულ კომპანიებში და, რომლებსაც თბილისში რამდენიმე ბინა აქვთ რუსეთის მოქალაქეებისთვის მიქირავებული და შემოსავალს იღებენ,  ამბობენ, რომ რუსეთთან ავიამიმოსვლის აღდგენა ჩვენთვის დამღუპველი(?!) იქნება. რატომ? იმიტომ, რომ ეს იქნება პირველი ნაბიჯი  რუსეთთან დიალოგის დაწყებისა და  დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისკენ. მარტივი კითხვა გვაქვს: რა არის ამაში ცუდი? უკრაინა და რუსეთი  თანხმდებიან სავაჭრო ურთიერთობებზე და საქართველომ რატომ არ უნდა სცადოს ნებისმიერი მიმართულებით ურთიერთობის გაღრმავება?- იმიტომ, ხომ არა, რომ ეს, უწინარესად, დასავლეთს არ მოსწონს და, როგორც კი საქართველო ჩრდილოელ მეზობელთან ურთიერთობის გაუჯობესებას იწყებს, ის მცირედი იმედი, რომელიც ევროპა-ამერიკის გულში კიაფობს, რომ ჩვენთან მეორე ფრონტი შეიძლება გაიხსნას, საბოლოოდ დასამარდება.

„ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და სხვები ვცდილობდით უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებას. როგორ? რუსეთისთვის იმის ახსნით, რომ  ეს ძვირად დაუჯდება და ამას სანქციების საშუალებით ვაკეთებთ; სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეკონომიკური აქტივობის შეზღუდვით. ასე რომ, ჩვენი აზრით, ახლა არ არის შესაფერისი დრო რუსეთთან ახალი ეკონომიკური აქტივობის გასახსნელად, რაიმე დამატებითის გასაკეთებლად, როდესაც მთელი ძალისხმევა მის შესაზღუდავად არის მიმართული და რუსეთს ვუთხრათ:  თუ გინდა ჩვენთან კარგი ურთიერთობა,  მეზობლებს არ უნდა დაესხა თავს. არ შეიძლება საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფა, არ შეიძლება საზღვრების ძალით შეცვლა. სანამ ამას აკეთებენ, ეკონომიკური აქტივობა შეზღუდული ექნებათ და ჩვენ მათთან ახალ საკითხებს არ განვიხილავთ“,- ეს განცხადება გერმანიის ელჩმა საქართველოში, პეტერ ფიშერმა, გააკეთა. რბილად რომ ვთქვათ, ვინ ეკითხება ფიშერს, რას გადაწყვეტს საქართველოს ხელისუფლება? გერმანიის კანცლერის გადაწყვეტილება გერმანიაში საქართველოს ელჩმა რომ გააკრიტიკოს და რჩევების მიცემა დაიწყოს: ჩემი აზრით, ახლა ასე არ უნდა მოიქცეთო, – როგორი რეაქცია ექნება გერმანიას? დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ელჩს გამოგვიძევებენ და შეიძლება საზღვარზე ერთი ლაზათიანი ჭიტლაყიც მიაყოლონ. თანაც ფიშერი რომ ამბობს, „არ შეიძლება საერთაშორისო სამართლის უგულებელყოფა, არ შეიძლება საზღვრების ძალით შეცვლა“-ო, მაშინ სად იყო გერმანია და მისი ელჩი, როცა ამერიკა იუგოსლავიას ბომბავდა და საზღვრებს უცვლიდა? თუ მაშინ ასე იყო საჭირო და მერე რა, რომ ნატოს ჯარებმა ბელგრადში არაერთი სამშობიარო სახლი და საბავშვო ბაღი დაბომბეს, ასეულობით ბავშვი ცოცხლად ჩამარხეს და ჩაწვეს ნანგრევებში?!  მაშინ ეს ყველაფერი შეიძლებოდა და ახლა გაიღვიძეს? რეალურად, დასავლეთი საკუთარ ინტერესს ატარებდა ყოველთვის და ატარებს ახლაც. დასავლეთში არ აინტერესებთ, რამდენი ადამიანი იღუპება რუსეთ-უკრაინის ომში ორივე მხარეს და უფრო არ დააინტერესებთ, რამდენი დაიღუპება საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის შემთხვევაში. ეს მათთვის უბრალო სტატისტიკაა, ციფრებია, რომლებსაც შემდეგ ისტორიაში ჩაწერენ და იტყვიან, რომ გარდაიცვალა ამდენი, დასახიჩრდა იმდენი და ეს ყველაფერი, ჩვენი კი არა, რუსეთის ბრალი იყო. ისე, იუგოსლავიის დაშლის ისტორიას რატომ არ ასწავლიან ევროპის ან ამერიკის სკოლებში, არ არის პოპულარული თემა ხომ?!

საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი რეგულარული საავიაციო მიმოსვლა არ ხორციელდება და ამის თაობაზე რუსულ მხარეს არ მოუმართავს.  რაც შეეხება Georgian Airways-ს, მის ინიციატივაზე ან განსახორციელებელ გეგმებზე სააგენტო პასუხისმგებლობას არ იღებს. თავის მხრივ, Georgian Airways-ის შეფმა თამაზ გაიაშვილმა განაცხადა: „არანაირი სააღდგომო რეისი არ დანიშნულა, ინფორმაცია არასწორია, არ ვგეგმავთ 18 აპრილიდან რეისებს, მომავალში რა იქნება, ვნახოთ, ჩემთვის ფრენა არავის აუკრძალავს…“ აი, ამ განცხადების შემდეგ ოპოზიციამ გაიაშვილი ანათემას რომ გადასცეს, არ უნდა გაგვიკვირდეს, მაგრამ ანათემას რომ გადასცენ ვინმე, ღმერთის უნდა სწამდეთ… ოღონდ ისე კი არა, ტელევიზიების დასანახად რომ იწერენ ხოლმე პირჯვარს, მართლა უნდა სწამდეთ.

ცნობისთვის: თავის დროზე მმართველი პარტიის თავმჯდომარემ და გენერალურმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ და კახა კალაძემ, განაცხადეს, რომ, თუ საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება, ამაში ცუდი არაფერი იქნება; პირიქით – მიესალმებიან კიდეც.  პარტიის ლიდერებმა თავიანთი ნათქვამი მარტივად დაასაბუთეს: რუსეთში მილიონამდე ქართველი ცხოვრობს, რომლებიც სამშობლოში ჩამოსვლისას ძალიან წვალობენ და შემოვლითი გზებით მგზავრობაში ორმაგს იხდიან. არადა, ეს ორმაგი, შესაძლოა, საქართველოს ბიუჯეტში დარჩეს და ამაზე, რა თქმა უნდა, არც ოპოზიცია ფიქრობს და არც დასავლეთი.

ისე, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში 845 332 ვიზიტორი შემოვიდა. ხომ გვიმტკიცებენ ევროპა და ამერიკა, –  უთქვენოდ არ შეგვიძლია, მხოლოდ ჩვენ კი არა, მოსახლეობასაც ერთი სული აქვს, საქართველოს როდის მოინახულებსო, მაგრამ ვიზიტორთა ოდენობით პირველ ადგილზე რატომღაც მაინც რუსეთია – 256 787 ადამიანი სწორედ რუსეთიდან შემოვიდა. როგორ გგონიათ, რომელ ადგილზეა  ევროპული ქვეყანა ამ სარეიტინგო სიაში? ევროპული სახელმწიფო ათეულშიც არ არის. მე-11  ადგილი პოლონეთს უკავია 10 122 ვიზიტორით. რაც შეეხება ამერიკის შეერთებულ შტატებს, ეს ქვეყანა 6 803 ვიზიტორით საპატიო, მე-15 ადგილზეა. რა გამოდის? აქაც  გვატყუებს დასავლეთი და ის, რომ, თურმე ევროპისა თუ ამერიკის მოსახლეობას ერთი სული აქვს აქ ჩამოვიდეს და დაისვენოს, მტკნარი სიცრუეა. ირანი, ყაზახეთი და ინდოეთიც კი სჯობნიან ყველა ევროპულ ქვეყანასა და ამერიკას. პოლონეთის შემდეგ ფილიპინები მოდის, ანუ საუბარი იმაზე, რომ დასავლეთი ჩვენზე სტრატეგიულად ფიქრობს, აბსურდია. ამ ამბავში ყველაზე საინტერესო  ის არის, რომ ოპოზიციაც და დასავლელი პარტნიორებიც ამტკიცებენ, ამერიკელი ვიზიტორები უფრო მეტ ფულს ხარჯავენ საქართველოში, ვიდრე რუსებიო. ბატონებო, 6 803 ამერიკელიდან თითომ 10 ათასი დოლარი რომ დახარჯოს, 68.03 მილიონი დოლარი გამოდის და 256 787-მა რუსმა ვიზიტორმა  მხოლოდ ათასი დოლარი, ანუ ამერიკელებზე ათჯერ ნაკლები რომ დახარჯონ, 256 მილიონზე მეტი გამოდის. ახლა თვითონ იანგარიშეთ, რამდენად მართალს ამბობს ოპოზიცია.

არ არის აუცილებელი, აღდგომასა და ახალ წელს ველოდოთ,  საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დღესვეა აღსადგენი და,  ამას  სავიზო რეჟიმის გაუქმებაც თუ მოჰყვება, მთლად უკეთესი. ოპოზიცია რომ გაიძახის: ქართველები ევროპაში რატომ გარბიან და არა რუსეთშიო, – ამაზე პასუხი მარტივია: ჯერ ერთი, რუსეთში რამდენი ქართველიც არის, იმის მესამედი არ არის არც ერთ ევროპულ ქვეყანაში ცალკე აღებული; და მთავარი – სწორედ სავიზო რეჟიმის გამო ცდილობენ ქართველები ევროპაში წასვლას, თორემ,  ვიზა რომ გაუქმდეს, მერე ერთად ვნახავთ, სად უფრო ხშირად ივლიან და როგორ გაიზრდება წამსვლელ-ჩამომსვლელთა ოდენობა და,  რაც მთავარია, როგორ წაადგება ეს ყველაფერი ბიუჯეტს, ამიტომ მმართველი პარტიის ლიდერებმა  მეტი ინიციატივა უნდა გამოიჩინონ და პირდაპირ თქვან, რომ მზად არიან, ამ თემაზე რუსეთის ხელისუფლების უმაღლეს პირებს ესაუბრონ, რომ მათთვის მთავარი არა დასავლელი დიპლომატების აზრი, არამედ საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობაა და, გერმანიის ელჩს თუ ეკონომიკურ ბლოკადაში რუსეთის მოქცევა სურს,  აგერ გერმანიის მოსახლეობა 80 მილიონზე მეტია და მოაქციოს, ვინმე უშლის?

მაგრამ საქმეს ის არის, რომ დიდ ქვეყნებს პატარების ხელით სურთ საქმის კეთება და მათ მოსახლეობას არც ნერვები უნდა მოეშალოს და არც ეკონომიკური სიდუხჭირე უნდა იგრძნოს. საქართველო თუ გაისრისება, არც არაფერი. ასე არ გასრისეს ნატოს ჯარებმა სირია?! და მეტიც, როცა არც თუ დიდი ხნის წინ საშინელმა მიწისძვრამ თურქეთთან ერთად სირიაც დააზარალა, ევროპა-ამერიკის ძალისხმევა მთლოიანად თურქეთისკენ მიიმართა, სირიელი ბავშვები კი თითქოს არც არსებობდნენ და იქ თითქოს არც არავინ დაღუპულა. ასე სჯის ურჩებს დასავლეთი და ასე გვემუქრება ჩვენც: ნუ მეურჩებით, თორემ დაგსჯითო! მაგრამ ჯერჯერობით დასჯის მეთოდად მხოლოდ ხელისუფლების სათავეში მისთვის სასურველი ძალის მოყვანა აქვს ჩაფიქრებული და ეს ჩანაფიქრი, საბედნიეროდ, ვეღარ გამოსდის. ჯერჯერობით…

ლევან გაბაშვილი                                                                                                                                 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here