Home ახალი ამბები მსოფლიო “მერკელის აღიარებას რუსეთის „მშვიდობის პარტია“ უკრაინისთვის ბრძოლიდან  გაჰყავს”

“მერკელის აღიარებას რუსეთის „მშვიდობის პარტია“ უკრაინისთვის ბრძოლიდან  გაჰყავს”

ისინი ყველანაირად ცდილობდნენ დასავლეთთან რაიმე სახის კომპრომისის, საკამათო გადაწყვეტილებებისა და შეთანხმებების შესახებ იდეების წინ წამოწევას

101

გერმანიის ყოფილმა კანცლერმა ანგელა მერკელმა გერმანულ გაზეთ Die Zeitთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მინსკის შეთანხმებებს ხელი მოეწერაუკრაინისთვის დროის მისაცემად“, რათა მას მოესწრო გაძლიერება.

გერმანელი პოლიტიკოსის ინტერვიუს მედიაში მწვავე რეზონანსი მოჰყვა. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბიშკეკში ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შემაჯამებელი სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე მერკელის ნათქვამის კომენტირებისას გაკვირვება გამოხატა შეთანხმებისადმი ასეთი დამოკიდებულების გამო.

 “აშკარად ჩანდა, რომ ევროპა უკრაინის მხარეს იყო, მაგრამ ვითარების დიპლომატიური გზით მოგვარების იმედი მაინც არსებობდა. ამასთანავე, მერკელის ინტერვიუ უფლებას აძლევს რუსეთს, აირჩიოს უფრო მკაფიო ქცევის ხაზი უკრაინის საკითხის მოგვარებისას”, _ განაცხადა ინტერნეტგამოცემა novorosinform.org-თან საუბარში რუსეთის ფედერაციის მთავრობასთან არსებული ფინანსური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა და მასობრივი კომუნიკაციების ფაკულტეტის დეკანმა ალექსანდრე შატილოვმა.

„მერკელის განცხადება არის ერთგვარი პოლიტიკური „ქამინგ-აუტი“, როდესაც დასავლელი წამყვანი პოლიტიკოსები აღიარებენ, რომ ცრუობდნენ და დაუფარავად  არღვევდნენ ყველა შეთანხმებასა და თამაშის წესს, აგრეთვე, იქცეოდნენ უკიდურესად უღირსად. ამ ვითარებაში მერკელს საამაყო არაფერი აქვს, თუნდაც იმის გათვალისწინებით, რომ ამ 8 წელმა უკრაინას შეიძლება მართლა მოუტანა სარგებელი. ეს მოწმობს დასავლური ელიტების უუნარობას შეთანხმების მიმართ, მათ ტოტალურ ცბიერებასა და აბსოლუტურ არაადეკვატურობას. საერთაშორისო პოლიტიკაში დიპლომატიურ დონეზე ადრე მიღებული გარკვეული შეთანხმებები დაცული უნდა იყოს. ისინი კი იქცევიან აფერისტებივით, რომლებიც ცრუ გარანტიების გაცემის შემდეგ მხიარულობენ, რომ მოატყუეს ის ხალხი, რომელიც შეთანხმებას იცავდა, ამიტომ ეს დასავლური ელიტის სერიოზული კომპრომეტაციაა. მეტიც, იყო ისეთი ილუზია, რომ მერკელი შედარებით ნეიტრალური ადამიანია, მაგრამ მისმა თვითმხილებამ წარმოაჩინა, რომ ეს ასე არ არის. ის ისეთივე ცხენია ამერიკულ აღკაზმულობაში, როგორც ყველა სხვა ევროპელი პოლიტიკოსი“, _ გამოთქვა აზრი პოლიტოლოგმა. ალექსანდრე შატილოვი დარწმუნებულია, რომ მსგავსი განცხადებები სერიოზულად ურტყამს რუსულ „მშვიდობის პარტიას“, რომელიც ბოლო ხანს ყველანაირად ცდილობდა დასავლეთთან რაიმე სახის კომპრომისის, საკამათო გადაწყვეტილებებისა და შეთანხმებების შესახებ იდეის წინ წამოწევას. „ახლა დასავლური პოლიტიკის სიცრუის გულწრფელი დემონსტრაცია მრავალი თვალსაზრისით ძირს უთხრის ამ პირების შიდაპოლიტიკურ პოზიციებს, მათთვის ახლა უფრო რთული იქნება პრეზიდენტის დარწმუნება, რომ დასავლეთთან რამეზე მოლაპარაკება შეიძლება. მერკელმა გარკვეულწილად შეარყია რუსეთის ლიდერის ნდობა დასავლური ელიტების მიმართ, რომლებიც განსაკუთრებით არც მანამდე იცავდნენ შეთანხმებებს, თუმცა საჯაროდ არ ტრაბახობდნენ უპრინციპობითა და ტყუილების თქმით.

“შეთანხმების მიმართ დასავლეთის ასეთი უუნარობის გათვალისწინებით, რუსეთი არ უნდა დაეყრდნოს რაღაც ეფემერულ კომპრომისებს, რომლებიც ხშირად ბოჭავს ჩვენი შეიარაღებული ძალების აქტივობას და ჩვენს საგარეო პოლიტიკას, ჩვენმა ქვეყანამ უნდა იმოქმედოს უფრო გაბედულად, დასავლეთისთვის რაღაცის დათმობის გარეშე”,_  დაასკვნა ალექსანდრე შატილოვმა.

მოამზადა ლუკა მაისურაძემ

https://novorosinform.org/priznanie-merkel-vyvodit-rossijskuyu-partiyu-mira-iz-borby-za-ukrainu—politolog-110403.html

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here