Home რუბრიკები პოლიტიკა ლალი მოროშკინა: ძალიან მეცოდება ირაკლი ღარიბაშვილი

ლალი მოროშკინა: ძალიან მეცოდება ირაკლი ღარიბაშვილი

971

წინასაარჩევნოდ კვლავ აქტუალურია სასჯელაღსრულების სისტემის თემები: 2.5 მლნ ლარამდე გაცემული პრემიები; «გისოსებს მიღმა საქართველოას» ავტორ ლალი მოროშკინას სამსახურიდან გათავისუფლება; დიმიტრი დარბაისელის მიერ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტის დატოვება…


რატომ გაეხვია სასჯელაღსრულების დეპარტამენტი ამ სკანდალში, ვინ დგას რეალურად ამ ყველაფრის უკან? გავრცელებული ინფორმაციითპრემიების გამოწერა მხოლოდ დიმიტრი დარბაისელის ნებასურვილით არ მომხდარა. ვინ იყო მასთან ერთად ჩართული პრემიების გაცემის საქმეში? დარბაისელი ხელს . . კახური კლანისკენ იშვერს და აშანტაჟებს _ დამნიშნეთ სუსიის უფროსად, თორემ თქვენს ვინაობას დავასახელებო. კულუარული ინფორმაციით, კახური კლანი ჩიხშია, ამიტომაც აღნიშნულ პოსტზე დარბაისელის კანდიდატურა უკვე განიხილება, მეტიც, დაინიშნება კიდეც, თუ კახა კალაძემ, რომელიც ამ დანიშვნის კატეგორიული წინააღმდეგია, ვერაფერი გააწყო. იმედია, პრემიერმინისტრი არ დაუშვებს, როგორც ამბობენ, «ნაციონალი», ნარკომანი, მოსმენების «მასტერის», ზონდერების მფარველი და ბიუჯეტის გამფლანგველი დარბაისელის ამ პოსტზე დანიშვნას. კონკრეტულად ვის გულისხმობენ კახურ კლანში? _ ამბობენ, რომ ესენი არიან პრემიერის ნათესავი ზვიად ჯანყარაშვილი და შს მინისტრ ჭიკაიძის მოადგილე გიორგი ზედელაშვილიგვესაუბრება ამ საკითხზე განგაშის ამტეხი ლალი მოროშკინა, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ გაათავისუფლეს.

_ ხომ შეიძლება, ერთხელ მაინც ჩატარდეს საჩვენებელი პროცესი და დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებიც «ოცნების» დისკრედიტაციას ეწევიან?! სამი მილიონის მოპარვა ოცნების დისკრედიტაციაა. ზონდერების მაღალ თანამდებობებზე მუშაობაც «ოცნების» დისკრედიტაციაა. სხვათა შორის, მე ვიყავი ერთ-ერთი პირველი, ვინც ამბობდა, რომ მზადდებოდა დარტყმა ღარიბაშვილზე, ვამბობდი, საბოტაჟს უწყობენ პრემიერს-მეთქი, ახლა მაინც ხომ გამოჩნდა, რომ ასეა?! ძალიან მეცოდება ღარიბაშვილი, რადგან ფსიქოლოგიურად ძნელი ასატანია, როდესაც შენიანები გღალატობენ. ვადებ თუ არა ჯანყარაშვილსა და ზედელაშვილს ხელს? მოდი, ასე ვიტყვი: აგერ _ სასამართლო, აგერ _ მინისტრი სოზარ სუბარი და გაარკვიონ სიმართლე. დარბაისელი რომ აშანტაჟებს ხელისუფლების მაღალი ეშელონის წარმომადგენლებს, ზუსტად ვიცი, მაგრამ ვინ იგულისხმება ამ მაღალ ეშელონში, გამოძიებამ დაადგინოს. დაიკითხოს სუბარი, რომელიც ამბობს, რომ დარბაისელი მისი კადრი არ არის. ის ეწინააღმდეგებოდა ამ კადრების დანიშვნას და იოლად გაირკვევა, ვინ მფარველობდა დარბაისელს და რა მოხდა სინამდვილეში. მესმის პრემიერის, რომელიც ჩიხურ სიტუაციაში აღმოჩნდა, რადგან მისი კლანის წევრებზეა საუბარი, ამიტომ უნდა დაადგინოს სიმართლე და დასაჯოს დამნაშავეები, ხვალ ანალოგიურ  მდგომარეობაში რომ არ აღმოჩნდეს. ეს არის ამ მთავრობის ერთერთი მძიმე და ჭუჭყიანი საქმე. მჯერა, რომ ღარიბაშვილმა არაფერი იცოდა, მაგრამ მისმა უახლოესმა გარემოცვამ, რა თქმა უნდა, იცოდა ყველაფერი.

_ ვის გულისხმობთ? ამბობენ, რომ შს მინისტრის მოადგილე ზედელაშვილის მითითებით გაიცა პრემიები და ეს თუ მართლა ასეა, რომელ გამოძიებაზეა საუბარი?! სიმართლის გარკვევის იმედი გაქვთ?

_ იმისთვის, რომ შევიტყოთ, რეალურად ვინ დაუკვეთა ეს ოპერაცია, პროკურატურამ უნდა დაჰკითხოს სოზარ სუბარი და მისი უწყების თანამშრომლები. პროკურატურას ამ საქმის გამოსაძიებლად ორი დღე დასჭირდება, თუ, რა თქმა უნდა, ვინმე დაინტერესებულია ამ საქმის ბოლომდე მიყვანით.

_ ამბობთ, რომ სოზარ სუბარიც არ იყო საქმის კურსში. ოპერაციის დამკვეთის ვინაობა თუ იცის?

_ რა თქმა უნდა, არ იყო საქმის კურსში, ამიტომაც არის გამწარებული და განაცხადა, დარბაისელი ჩემი დანიშნულიარ არისო. ეს კაცი ზევიდან იყო დანიშნული _ ხელისუფლების გაცილებით მაღალი საფეხურიდან. სოზარი უძლური იყო, მას ვერაფერს უხერხებდა… როდესაც ამ თემაზე ვესაუბრე ჩვენს ზემდგომს უშიშროებაში, სუსის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ მალხაზ ჩიკვილაძეს, აღმოჩნდა, რომ ზუსტად ეს მალხაზ ჩიკვილაძეა ის ადამიანი, რომელიც «ნაციონალებმა» ჩანერგეს «ოცნებაში». ჩვენი საუბრიდან რამდენიმე დღეში «ნაცებმა» ყველაფერი იცოდნენ და როგორ სათავისოდ გამოიყენეს ეს ინფორმაცია, გახსოვთ. იმ მომენტში უკვე გასაგები იყო ჩემთვის, რაც მოხდა და ვინ ვინ იყო. ახლახან მქონდა საუბარი «ოცნების» საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირებთან, რომლებიც ამბობენ, არ ვიცოდით, დარბაისელი გათქვეფილი თუ იყო «ნაცებთანო», თუმცა ეს მათ არ ამართლებთ.

_ «ოცნებაში» არავინ არაფერი იცის?! თქვენ გჯერათ ამის? იქნებ გვითხრათ, ვის ესაუბრეთ?

_ ამ ეტაპზე ვერ გავამხელ ამ ადამიანების ვინაობას, ერთს ვიტყვი _ ზუსტად ამის შემდეგ დატოვა საქართველო დარბაისელმა. როგორც ჩანს, წინასაარჩევნოდ ხელს არ აძლევდათ ხმაურის ატეხვა და გაუშვეს.

_ უნდა გადამდგარიყო თუ არა თანამდებობიდან საქმეში ჩაუხედავი მინისტრი სოზარ სუბარი, რომელიც თანამშრომლებსაც კი ვერ ეწინააღმდეგება და დუმს? რატომ არ ამოგიდგათ მხარში და რატომ არ გააპროტესტა თქვენი გათავისუფლება?

_ ჩემი აზრით, არჩევნების წინ მინისტრს ჰქონდა თმენის ვალდებულება. მიუხედავად იმისა, რომ მინისტრის მრჩევლად ვითვლებოდი, დეპარტამენტის თანამშრომელი ვიყავი, შესაბამისად, არ ჩაერია, თუმცა ჩემი აღდგენა სუბარის უფლებამოსილებაში შედის. მე მხოლოდ სამსახურში აღდგენა არ მსურს, ჩემი მიზანი დამნაშავეების დასჯაა. პასუხი უნდა აგოს ჩიკვილაძემაც, ის გაშიფრულია, სწორედ მისგან გაჟონა ინფორმაციამ «ნაცებთან».

_ გაუგებარია, რატომ ინარჩუნებს სუსის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობას «ნაცების» მიერ ჩანერგილი კაცი

_ რა გითხრათ, აბა? მე, ლალი მოროშკინა, რომელმაც შევაჩერე ციხის ბუნტი, გამათავისუფლეს სასჯელაღსრულების სისტემიდან, თანაც ვისი პატაკით გამათავისუფლეს? _ ჯაბა მაღლაფერიძის, რომელმაც 2009 წლის 6 მაისს ქალაქის სამმართველოს წინ გამართულ აქციაზე დამარტყა! სამსახურებში «ნაცების» მიერ ჩანერგილი ზონდერების დატოვებას გამართლება არ აქვს. რით უნდა გამართლდეს ზონდერი ჯაბა მაღლაფერიძის იქ მუშაობა, რომელიც დარბევების უშუალო მონაწილეა?! თუმცა ეს ყველაფრი სასამართლოთი გამოსწორდება. მზადდება სარჩელი, გარდა ამისა, სტრასბურგში უნდა შევხვდე წამების საწინააღმდეგო კომიტეტის წევრებს, ვისაუბრებ იმ დარღვევებზე, რომლებიც იყო ციხეებში, რომლებზეც ვახდენდი რეაგირებას, მაგრამ გამომიშვეს სამსახურიდან. ვფიქრობ, ცუდ მდგომარეობაში ჩაიგდეს თავი. სხვათა შორის, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლებს გამოწერილი პრემიები არ აუღიათ, მათ, უბრალოდ, ხელი მოაწერეს იმ დოკუმენტს, რომელიც ყალბი აღმოჩნდა. 3 მილიონი დარბაისელმა გაიტანა. როგორც ვიცი, გახარია და მაჩაიძე არ დარჩებიან თანამდებობებზე. გახარია ერთადერთია, ვისზეც არ მაქვს ინფორმაცია, ჰქონდა თუ არა კავშირი ზონდერებთან. აი, მაჩაიძე კი ზონდერია _ 26 მაისის აქციის დამრბევი და ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის თანამონაწილე. ერთი მხრივ, გული მტკივა, რომ მიწევს სტრასბურში ჩასვლა და იმის მოყოლა, რაც ხდება საქართველოში, ეს კიდევ უფრო დაგავაშორებს მაპს, აგრეთვე, სხვა რაღაცებს და, სამწუხაროდ, მე ვიქნები ამის ერთ-ერთი ავტორი, მაგრამ ისე დიდია საქართველოში ნაცდამნაშავე კლანის მთავრობასთან კოაბიტაციის დონე, რომ მივეცი თავს უფლება, გამეტანა ეს ინფორმაცია საქართველოდან. ვიმეორებ, მორალურად ჩემთვის მძიმეა, რომ მიწევს საქართველოდან ამ ამბის გატანა, მაგრამ ჩემი ოჯახის დაცვის სხვა ბერკეტი არ მაქვს. თქვენ იცით, რომ ერთ-ერთმა ძალოვანმა განმიცხადა, თუ არ გაჩერდები, შენს ქმარს იარაღს ჩავუდებთო… სხვათა შორის, სწორედ ამ შეხვედრების შემდეგ გაირკვევა, დავტოვებ თუ არა საქართველოს მოქალაქეობას.

_ ეს მაპს კიდევ უფრო დაგვაშორებსოახლოს ვართ, რომ დაგვაშოროს?

_ პირდაპირ ვიტყვი: ვხედავ, რომ ეს არის დროის გაჭიანურება და საზოგადოების ყოფნა მოლოდინის რეჟიმში, რომელსაც დასასრული არ უჩანს.

_ სტრასბურიდან რომ დაბრუნდებით, იმედია, სუსის უფროსად დარბაისელი არ დაგხვდებათ

_ მაგ ნარკომანს სასჯელაღსრულებაშიც არ უნდა ემუშავა. მოინდომა  ახლა სუსის უფროსობა! მაგან «გააშავა» ციხე, მაგის პერიოდში მოიმატა აზარტულმა თამაშებმა ციხეში. აქვე განვმარტავ _ აზარტული თამაშები მაღალ ზღურბლზე ადის მხოლოდ მაშინ, როცა ადმინისტრაცია საქმის კურსშია. ცნობილია დარბაისელის კონტაქტები «კანონიერ» ქურდებთან, პარიზშიც კი იყო წასული, კრიმინალურ ავტორიტეტებთან შესახვედრად. ადმინისტრაცია და ქურდები იყოფდნენ თამაშებიდან შემოსულ ფულს. გარდა ამისა, ციხეში დიდი რაოდენობით შეიტანეს ფსიქოტროპული საშუალებები პატიმრების გასაბრუებლად. ეს გაკეთდა იმისთვის, რომ პრობლემა არ შექმნოდათ პატიმრების მხრიდან. რაც შეეხება სუს-ის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ მალხაზ ჩიკვილაძეს, ეს კაცი თავის ხელქვეითებს არეკვინებდა ყველა იმ უმაღლეს სასწავლებელში, სადაც მე ვასწავლი, _ გაათავისუფლეთო. გარდა ამისა, უშუალოდ ეს ადამიანი იყო დაკავებული ჟურნალისტების  გადაბირებით. მან არ იცის, მაგრამ მისი საუბარი ჩაწერილი აქვს ერთ ჟურნალისტს და, თუ საჭირო იქნება და გამოძიება დაინტერესდება, ამასაც წინ დავუდებ. ამ ჟურნალისტს შესთავაზეს დიდძალი თანხა, თუ ჩემ წინააღმდეგ დაიწყებდა აქტიურ პროპაგანდას, ააგორებდა ჭორებს. როდესაც ამ დეტალებს ვამბობ თქვენთან და დაიბეჭდება, მიხვდება, ვისზეც არის საუბარი, ამიტომ ახლავე ვაფრთხილებ: ამ ქალბატონს თმის ღერი არ ჩამოუვარდეს თავიდან, თორემ ძალიან მძიმედ დაამთავრებს ცხოვრებას! მხოლოდ ორი დაბალტირაჟიანი გაზეთის რედაქტორის მოსყიდვა შეძლეს, დანარჩენები მოვიდნენ და პირდაპირ მითხრეს, რაც ხდებოდა. ვერ გაითვალისწინა ამ არაკაცმა, რომ ჟურნალისტებთან თამაში არ შეიძლება!

ესაუბრა

ქეთი ხომერიკი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here