Home რუბრიკები საზოგადოება რატომ არ იძვრის ადგილიდან საზოგადოებრივი მოძრაობა «სამეგრელოს» ოფისში აღმოჩენილი მოსასმენი აპარატურის საქმის...

რატომ არ იძვრის ადგილიდან საზოგადოებრივი მოძრაობა «სამეგრელოს» ოფისში აღმოჩენილი მოსასმენი აპარატურის საქმის გამოძიება

546

უკვე რამდენიმე კვირაა, ყველა საინფორმაციო საშუალება ტელეკომპანია «რუსთავი 2»-ში აღმოჩენილ მოსასმენ აპარატურაზე საუბრობს. მთავრობის წარმომადგენლებიცა და პარლამენტარებიც თითქმის განუწყვეტლივ იმეორებენ, რომ სასტიკად უნდა დაისაჯოს ყველა დამნაშავე, რომლებმაც ეს ჩაიდინეს და გაბედეს «რუსთავი 2»-ის ხელმძღვანელების მოსმენა. სკეპტიკურად განწყობილი ადამიანების აზრით კი, «რუსთავი 2»-ის შეფმა ნიკა გვარამიამ მოსასმენი აპარატურა თვითონ დაამონტაჟა, სკანდალი რომ აეგორებინა და «ღია საზოგადოება _ საქართველოს» აქცია «ეს შენ გეხება»-სთვის ერთგვარი მხარდაჭერა გამოეხატა. უკვე რამდენიმე თვეა, აქცია მიმდინარეობს და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია მოსმენების აკრძალვასა და მოსასმენი აპარატურის განადგურებას მოითხოვს.


ამ საკითხზე პრემიერმინისტრმა ასეთი კომენტარი გააკეთა: «მე ვიცი, რომ ტელეკომპანია «რუსთავი 2»-ში ბევრი პროფესიონალი და ნიჭიერი ჟურნალისტი მუშაობს. უბრალოდ, მათ უნარსა და პროფესიონალიზმს ცუდი მიმართულებით იყენებს ხელმძღვანელობა…» ამ კომენტარიდან ძალიან მალე საქართველოს მთავარმა პროკურატურამ დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მესამე ნაწილით, კერძო კომუნიკაციის ჩანაწერის უკანონოდ მოპოვებისა და გავრცელების ფაქტზე.

რამდენიმე თვის წინათ, როცა საზოგადოებრივი მოძრაობა «სამეგრელოს» ოფისში მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინეს, რომელიც, სავარაუდოდ, ახალი ხელისუფლების პირობებში იყო ჩამონტაჟებული, მაშინვე ხმაური ატეხა ამ ორგანიზაციის თავმჯდომარემ ზურაბ კვარაცხელიამ. მან პროკურატურაშიც შეიტანა სარჩელი და პრესასაც მიაწოდა ინფორმაცია. ამის შესახებ საქმის კურსში ჩავაყენეთ ყველა შესაბამისი უწყება, მათ შორის, ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა, რომელიც დაგვპირდა, რომ პირადად გამოიძიებდა აღნიშნულ საქმეს.

რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ, უფრო ზუსტად კი, მას შემდეგ, რაც შევიტყვეთ, რომ «რუსთავი 2»-ის საქმეზე სასწრაფოდ დაიწყო გამოძიება და სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, «საქართველო და მსოფლიო» ზუგდიდში მომხდარი ფაქტით დაინტერესდა _ თუ რა პროცესშია ძიება და ახალი გარემოებები ხომ არ გამოიკვეთა.

გვესაუბრება სახალხო მოძრაობა „სამეგრელო“-ს ზუგდიდის ოფისის ხელმძღვანელი ზურაბ კვარაცხელია.

_ ბატონო ზურაბ, რამდენიმე თვე გავიდა მას შემდეგ, რაც თქვენს ოფისში მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინეთ, ვიცი, რომ საქმე პროკურატურაშია. როგორ მიმდინარეობს გამოძიება?

_ პროკურატურაში განცხადება თებერვალში შევიტანე, მაგრამ დღემდე პასუხი არ არის.

_ არანაირი რეაქცია არ მოჰყვა ამ საქმეს?

_ საქმე დაეწერა გამომძიებელ პაატა დარასელიას, მაშინვე დაიკითხა ჩვენი რამდენიმე თანამშრომელი, ნივთმტკიცებაზე თქვეს, რომ ნამდვილად მოსასმენი აპარატურა იყო, მაგრამ ექსპერტიზაზე მაინც წაიღეს; გვითხრეს, რომ ეს აუცილებელი პროცედურაა და ახლა სწორედ ამ ექსპერტიზის პასუხის მოლოდინში ვართ.

ორი დღის წინათ პირდაპირ განვუცხადე გამომძიებელს, ამ საქმეს არავინ გამოიძიებს-მეთქი. მიპასუხა, მთლად ეგრეც არ არის, პასუხი აუცილებლად მოვა, როგორც კი რამეს შევიტყობ, გაგაგებინებთო.

პაატა დარასელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი:

_ ბატონო პაატა, საზოგადოებრივი მოძრაობა «სამეგრელოს» ოფისში აღმოჩენილი მოსასმენი აპარატურის საქმეში ახალი გარემოებები ხომ არ არის?

_ შინაგან საქმეთა სამინისტროს ჰყავს პრესსამსახური და შეგიძლიათ მას მიმართოთ.

_ ვიცით, რომ პრესსამსახური არსებობს, მაგრამ საქმე უშუალოდ თქვენს ხელშია. გაგაფრთხილეს, რომ პასუხი არავის გასცეთ?

_ მიმართეთ პრესსამსახურს…

დავუკავშირდით ზუგდიდის პოლიციის სამმართველოს უფროს ლევან ქარდავას, რომელმაც გვითხრა, რომ ასეთი ფაქტი არ ახსოვს და თანაც, ეს მისი პრეროგატივა არ არის. შევეცადეთ, გაგვეხსენებინა მისთვის საზოგადოებრივი მოძრაობა «სამეგრელოს» ოფისში მოსასმენი აპარატურის აღმოჩენის ფაქტი, რომლითაც, დაპირებისამებრ, პირადად უნდა დაინტერესებულიყო, მაგრამ ამაოდ…

ირმა ჭკადუა, უფლებადამცველი:

_ ქალბატონო ირმა, მოსმენების წინააღმდეგ აქტიურად იბრძვით, მაგრამ ვერაფერს გახდით. ეს პროცესი კვლავ გრძელდება და თანაც ზოგი საქმე სააშკარაოზე გამოდის, ზოგიც უყურადღებოდ რჩება.

_ მოსმენები დღეს ისევ გრძელდება, ორი აზრი არ არსებობს. ახლა ერთი საქმე მაქვს აღებული და ზუსტად ვიცი, რომ მისმენენ. ეს არის ლატარიის გახმაურებული საქმე, როგორც კი ჩემი კლიენტი დამირეკავს, ზუსტად ერთ წუთში რეკავს გამომძიებელიც. ისეთი უნიჭოები არიან, რომ იმასაც ვერ ხვდებიან, როდის დამირეკონ, საკუთარ თავს ყიდიან.

უნდა ითქვას, რომ ძალიან ბევრ, უმნიშვნელო ორგანიზაციასაც კი უსმენენ.

_ დიახ, ერთ-ერთ ასეთ ორგანიზაციაში რამდენიმე თვის წინათ მოსასმენი აპარატურა აღმოაჩინეს და ეს საქმე დღემდე გამოძიებული არ არის, «რუსთავი 2»-ის საქმე კი მაშინვე დაიძრა…

_ ისინი, ვინც ბოლო ცხრა წლის განმავლობაში მოსმენებზე მუშაობდნენ, კვლავ თანამდებობეზე რჩებიან, უფრო მეტიც, დაწინაურდნენ კიდეც. ამიტომ არ გამოვრიცხავ, რომ საბოტაჟიც კი იყოს.

ასეთი ფაქტების არსებობა ახალი ხელისუფლების ინტერესებში ნამდვილად არ შედის. ვიცი, რომ დღეს ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოცადეს მოსმენების სიმწარე.

ვთვლი, რომ უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც მსგავს ქმედებას ჩაიდენს. უკანონო მოსმენა დიდი დანაშაულია, ყველა ასეთი ფაქტი გამოძიებული უნდა იქნას.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here