Home რუბრიკები პოლიტიკა გმირობა თუ ვირობა?

გმირობა თუ ვირობა?

953

ჩილე, ჩეხეთი, ხორვატია, საფრანგეთი, ჰოლანდია, პარაგვაი, სლოვაკეთი, სლოვენია, სერბეთი _ ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ ქვეყნებისა, რომელთა დროშის ფერებიც რუსეთის დროშის ფერებს ემთხვევა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ამ ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენელი საქართველოში ვიზიტისას თუ სადმე გვირგვინს მიიტანს და საკუთარი დროშის ფერებით შემოსავს, იქ მაშინვე გაჩნდება ბესო გაზდელიანი და დაწვავს. უფრო სწორად, ჯერ ტელევიზიებთან გამოიჭიმება, ეს ვინ გაბედაო, იტყვის, მერე დროშისფერ ლენტებს მიწაზე დაყრის და ფეხით შედგება, შემდეგ კი დაწვავს.


ბესო გაზდელიანი თანამდებობის პირი რომ არ იყოს, ამ ამბავს, შესაძლოა, უხმაუროდ ჩაევლო და ვინმეს ეთქვა, კაცი ჰერალდიკაში ვერ ერკვევა და რა ქნასო, მაგრამ არა _ გაზდელიანი სამგორის რაიონის გამგებლის მოადგილეა (15 ივნისამდე მაინც) და გარდა იმისა, რომ სიტუაციაში უნდა გარკვეულიყო და ვალდებულიც იყო, სცოდნოდა, რომ რუსეთის დროშის ფერები სხვა ქვეყნებსაც აქვთ, თავისი საქციელის გამო ბოდიში უნდა მოეხადა. მაგრამ ნურას უკავრავად, გაზდელიანი ბოდიშის მოხდას არ აპირებს და სლოვაკეთის დელეგაციას, რომელმაც 9 აპრილის მემორიალზე მიიტანა გვირგვინი, აქეთ სთხოვს ბოდიშს, როგორ გაბედეთ და რუსეთის დროშის ფერებიანი დროშა რატომ გაქვთო.

«ნაციონალური მოძრაობა» თავის ერთ-ერთ გამორჩეულ აქტივისტსა და ზონდერს (თუ ვინმეს კითხვები აქვს გაზდელიანის ზონდერობასთან დაკავშირებით, ვუპასუხებთ და დავუსაბუთებთ) საქციელს უწონებს, რადგან სხვაგვარად ეტყოდნენ, ბოდიში მოიხადეო და ისიც დაუჯერებდა, რადგან იერარქიული საფეხურები «ნაცმოში» ისეა დაცულ-დალაგებული, თქვენი მოწონებული. ქვემდგომები ზემდგომების მონები არიან, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, და «ნაცებმა» ერი რომ ვერ დაიმონეს, იმიტომ დაიწყეს შეცდომების დაშვება, რამაც საბოლოოდ მიჯირყვნამდე მიიყვანა.

რა გამოდის? «ნაციონალები» აღიარებენ, რომ სამგორის გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე, რბილად რომ ვთქვათ, უვიცი ჰყავთ და, უფრო რბილად რომ ვთქვათ, საკუთარი თავით კმაყოფილი იდიოტი. ეს ერთი, ჩემო ბესარიონ. ახლა მეორე:

ვთქვათ და, 9 აპრილის მემორიალზე გვირგვინი მართლაც რუსეთის დელეგაციას მიეტანა, ხაზი გაესვა, რომ 1989 წლის 9 აპრილს საბჭოთა მანქანის ქმედება არასწორი იყო, რა უნდა გვექნა _ დროშა დაგვეწვა? ამ ლოგიკით, ანგელა მერკელმა სამამულო ომში დაღუპული გმირების მემორიალზე გვირგივნი რომ მიიტანოს, გერმანიის დროშას თუ დაწვავ, ბესო?! არ დაწვავ და იცი, რატომ? მერკელია და იმიტომ, გერმანიაა და იმიტომ; და მერე რა, რომ იმ ომში გერმანელებმა 300 ათასი ქართველი განადგურეს _ ეს აღარ გახსოვს, ეს არ გჭირდება და კუდის ქიცინით ემთხვევი მერკელს (თუ მიგიშვეს სამთხვევად) იქ, სადაც 9 წლის განმავლობაში «ნაცმოს» ლიდერებს ემთხვეოდი… და ისინი გიშვებდნენ სამთხვევად იმიტომ, რომ ზოგს საიმოვნებდა, ზოგს _ უხიცინებდა, ზოგს კი ფეხებზე ეკიდა, მაგრამ მაინც გამთხვევინებდა იმიტომ, რომ შენი ადგილი გცოდნოდა მუდამ. ახლაც ძველი გემო გაქვს გამოყოლილი და ისევ ძველ მუსიკაზე მღერი, ამიტომ იყო, გონება რომ დაგებინდა და დიდ გულზე რომ იყავი, _ სლოვაკეთმა აქეთ მოიხადოს ბოდიში, მე საბოდიშო არაფერი მაქვსო.

ვისაც არ ახსოვს, შევახსენებ: გაზდელიანი ის კაცია, 2012 წლის არჩევნების წინ მამისტოლა კაცს ტელეკამერების წინ რომ სცემა, აქაოდა, «ნაციონალური მოძრაობის» მხარდამჭერი არ ხარო. კიდევ ის კაცია, მისი დის ხათრით, «რუსთავი 2» ყოველთვის რომ ცდილობს, კარგ კონტექსტში წარმოაჩინოს, მაგრამ არაფერი გამოსდის. სწორედ მის დას მიჰყავდა დილის «კურიერი», როცა სლოვაკეთის დროშის დაწვის კადრები აჩვენეს და აშკარად ამაყი იყო, რომ მისმა ძმამ გმირობა ჩაიდინა და რუსეთს არ შეუშინდა, თუმცა შემდეგ გაირკვა, რომ გმირობიდან ვირობამდე ერთი ნაბიჯია (ვირებს ბოდიში, გაზდელიანს რომ შეგადარეთ, მაგრამ ძაღლს ხომ არ შევადარებდი, ძაღლებმა ერთგულება იციან).

სხვათა შორის, სლოვაკეთის დელეგაციისთვის მაია ფანჯიკიძეს მოუბოდიშებია, სვანია და აპატიეთო. სლოვაკები ვერ მიხვდნენ და ფანჯიკიძემ აუხსნა, _ სვანი, ანუ წულუკიანიო. გაოცდა სლოვაკეთის პრემიერი, _ ქალიაო? აქეთ ფანჯიკიძე დაიბნა, _ წულუკიანი კი არა, სუბარიო. ისევ გაოცდა სლოვაკი სტუმარი, _ ლოთი ყოფილაო და კიდევ ერთი გვარი შეაშველა ჩვენი საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, _ ჯაჭვლიანიო და…

«ნუ ბლატაობ, შე ჩმო-რო!» _ ღიმილით დამარცვლა სლოვაკეთის პრემიერმა და მიხვდა, _ ვინ არის გაზდელიანი.

დავით მინდიაშვილი

P.S. ბესო, საკუთარ თავს ჰკითხე და მიხვდები _ რუსეთის დროშას რომ დაწვავ, რეალურად ის კაცი არ ხარ შენ; სლოვაკეთის დროშას რომ დაწვავ ტელევიზორში გამოჩენის ხათრით, ის კაცი ხარ შენ და იცი, რატომ? მაგის გაკეთებას ერთი ადგილი უნდა, ის ადგილი, რომელზეც «ნაცმოს» ლიდერებს დღემდე ემთხვევი…

 

 

1 COMMENT

  1. ჩემი აზრით გაზვიადებულია და არასწორი მიდგომები აქვს ამ სტატიის დამწერს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here