Home რუბრიკები პოლიტიკა რა ამოძრავებთ «ნაციონალების» უცხოელ ქომაგებს

რა ამოძრავებთ «ნაციონალების» უცხოელ ქომაგებს

574

მიმდინარე სამართლებრივი პროცესის კვალდაკვალ დღე ისე არ გავა, რომ «დემოკრატიულმა დასავლეთმა» თითოოროლა შეშფოთება არ გვბერტყოს. პროკურატურა მოწმეების დაბარებას ვერ ასწრებს _ «ლიბერალური სამგლეთილამის ერთ ხმაში აყმუვლდეს «ნაცელიტისდასაცავად.

 

წინა კვირას პროკურატურამ გიგა ბოკერია რომ დაკითხა, მელანი ქაღალდს არ შეშრობოდა, რომ მიხეილ სააკაშვილის მეგობარმა კარლ ბილტმა თავში ხელი შემოირტყა _ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოციალურ ქსელ «ტვიტერში» უმალვე დაწერა, საქართველოს ხელისუფლების რევანშის პოლიტიკა თავისუფალი არჩევნების გარემოს არ შეესაბამებაო; ამით «დემოკრატიის ხელყოფით» შეძრულმა მინისტრმა გულისწყრომა გამოხატა და «ახალგაზრდა ევროპელებს», ანუ ჩვენ სწორი გზისკენ მიგვითითა.

ანალოგიური რეაქცია ჰქონდა ბოკერიას დაკითხვაზე ამერიკელ კონგრესმენ ჯონ ბეინერსაც, რომელმაცსაკუთარ ვებგვერდზე კინაღამ ყველაფერი დაიბრდღვნა: «დღევანდელი შემთხვევა მხოლოდ უკანასკნელი ამბავია, რომელიც ეჭვებს აღძრავს საქართველოს მოქმედი ხელისუფლების სწრაფვას თავისუფლებისადმი, გახსნილობისადმი და დემოკრატიის ერთგულებისადმი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყანა ადგილობრივი არჩევნებისთვის ემზადებაო.

გავიხსენოთ სხვა უცხოელი მაღალჩინოსნების განცხადებებიც, დაახლოებით სამი კვირის წინათ, როცა ჟვანიას საქმეზე გამოძიება სააკაშვილის კვალს მიადგა, პრეზიდენტყოფილის დაკითხვა აუცილებელი შეიქნა. პროკურატურამ გაბედა და დაიბარა კიდეც «ნაცების ბელადი», მაგრამ «ბელადმა» ქართული მართლმსაჯულება არად ჩააგდო. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ სააკაშვილის ამ «სიმამაცის» უკან ისევ და ისევ «დემოკრატიული დასავლეთის» მხარდაჭერა იდგა. კერძოდ, ამერიკის სენატის, თეთრი სახლის» ადმინისტრაციისა და კონგრესის ძალუმი შეშფოთება, ურომლისოდაც «ნაცმოძრაობა», უბრალოდ, პოლიტიკური გვამია.

«აშშ შეშფოთებულია საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებით, დაკითხოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რამდენიმე საქმეზე. არავინ დგას კანონზე მაღლა, მაგრამ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის ერთდროულად დაწყება ყოფილი პრეზიდენტის მონაწილეობით ლეგიტიმურ ეჭვს აჩენს პოლიტიკური დევნის შესახებ, განსაკუთრებით მაშინ, როცა სამართლებრივი და სასამართლო ინსტიტუტები ჯერ კიდევ მყიფეა». _ ეს განცხადება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა პროკურატურაში მიშას დაბარებისთანავე გაავრცელა. ამას მოჰყვა ფილიპ დიმიტროვის, ქეთრინ ეშტონის, შტეფან ფულესა და სხვათა დამაფიქრებელი შეფასებებიც. განსაკუთრებით შოკისმომგვრელი იყო მეთიუ ბრაიზას კომენტარი: სააკაშვილის დაბარების გამო ამბობენ, რომ შესაძლოა, საქართველო მაპს არც იმსახურებდესო(!), ანუ ხელისუფლება, ფაქტობრივად, არჩევანის წინაშე დააყენეს _ ან ხელშეუხებლობა მიშას, ან უარი ევროინტერგაციას.

 ახლა ამ ყველაფერს რისთვის ვიხსენებ ასე ქრონოლოგიურად, მიუხედავად იმისა, რომ 1 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ ყველას ეგონა, გაბანკროტებული «ნაცმოძრაობა» სულს გააფრთხობდა, ფაქტია, დღეს იგი ოპოზიციის გურუა. ეს კი შემთხვევით არ ხდება, ამის მიზეზი 9 წლის განმავლობაში დათესილ პოლიტიკურ ინვესტიციებში უნდა ვეძებოთ. დიახ, სააკაშვილმა თავის დროზე მილიონები დახარჯა იმისთვის, რომ საერთაშორისო პოლიტიკურ სარბიელზე მუდმივი ელექტორატი ჰყოლოდა. ბრაიზები, ეშტონები, ფულეები და ძმანი მათნი სულ ხელისგულზე ატარა, ცივი ნიავი არ მიაკარა და ეს ყველაფერი ჩვენი _ ხალხის ჯიბეებიდან ატყავებული სახსრებით. ბრაიზა რამდენიმეჯერ ვახსენე და, სხვათა შორის, ცნობილია ისიც, როგორ გადაუხადა მას სააკაშვილმა ქორწილი სტამბულის ერთერთ ფეშენებელურ რესტორანში. ეს ქორწილი კოლოსალური თანხა დაუჯდა საქართველოს ბიუჯეტს, მაგრამ «ნაცებმა» ესეც არ გვაკმარეს, თუ წელში გაწყვეტაა, ბარემ ბოლომდე იყოსო და ბინაც გვაყიდინეს «სტრატეგიული პარტნიორისთვის». აი, ამ ყველაფრის შემდეგ რა გასაკვირია, რომ პატივცემულ ბრაიზას მზე და მთვარე მიშაზე ამოსდის. რაც შეეხება «ვარდოსნების» ორ მთავარ დასაყრდენ ორგანიზაციას _ ენდიაის და აირაის, ერთმაც და მეორემაც 2012 წლის 1 ოქტომბრის შემდეგ გამოქვეყნებული კვლევის პირველივე შედეგებით (რომლითაც «პრობიძინურ» მაამებლობას ისეთივე წარმატებით ეწეოდნენ, როგორც თავის დროზე _ «პრომიშისტურს») პირწმინდად დაამტკიცეს, რომ პოლიტიკურ პროსტიტუციაში ბადალი არ ჰყავთ. პირადად ლუის ნავარო წლების განმავლობაში ჩემპიონი იყო ამ საქმეში და, მისი შუბლის ძარღვის დიამეტრით თუ ვიმსჯელებთ, მომავალშიც, ალბათ, ტოლს არავის დაუდებს. ისე, პროსტიტუციაზე რადგან ვსაუბრობთ, ისიც უნდა ითქვას, რომ ლუის ნავარო და მისი «სამეძაო კანტორა» მარტო «ნაცელიტას» არ უწევდა მომსახურებას, როგორც სანდო წყარომ გვაცნობა, მათი «სერვისით» სხვა სუბიექტებიც არანაკლებ ხშირად სარგებლობდნენ, მაგალითად, «ქრისტიან-დემოკრატები», რესპუბლიკური პარტია და «ნაცრეჟიმთან» იდეოლოგიურად დაკავშირებული რიგი ოპოზიციური პარტიებიც. ქდმ-ს აწ უკვე ყოფილი ლიდერი გიორგი თარგამაძე, თურმე, ყოველ ქალთა დღეს ძვირფას სამკაულებს ჩუქნიდა ზემოაღნიშნულ ორგანიზაციებში მომუშავე გოგონებს. ძნელი მისახვედრი არ არის, რისთვის აკეთებდა «შადიმანა» ამ ყველაფერს; ჩვენ კი რეიტინგებში ვნახულობდით შედეგს, რომ «ჰალსტუხიანი ხვლიკი” მეორე ადგილზე იყო.

 ახლა ორიოდე სიტყვით იმ ლობისტური კომპანიების შესახებაც მოგახსენებთ, რომელთა წყალობითაც მიხეილ სააკაშვილის კრიმინალურმა ბანდამ 9 წელი იბოგინა და მომავალში კიდევ რა უბედურებას გვიქადიან, კაცმა არ იცის. მაშ ასე, 2012 წლის გაზაფხულზე «ნაციონალურმა მოძრაობამ» ერთერთ ყველაზე გავლენიან ამერიკულ ლობისტურ კომპანია Podesta Groupთან გააფორმა, უფრო ზუსტად, გააგრძელა ხელშეკრულება. ამ კომპანიას ამერიკაში სააკაშვილის მხარდამჭერი კამპანია უნდა ეწარმოებინა და ამისთვის მას ერთი წლის განმავლობაში 600 ათასი აშშ დოლარი გადაუხადეს. უშუალოდ ჯგუფს, რომელსაც «ნაციონალების» ლობირება უნდა უზრუნველეყო ამერიკის მთავრობასთან, ჯონ ანდერსონი და მოლი მაკკიუ ხელმძღვანელობდნენ, ხოლო თვით ამ კომპანიის თავმჯდომარე ტონი პოდესტა ვაშინგტონში ერთ-ერთი მძიმეწონიანი ლობისტია.

 შეგახსენებთ, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას Podesta Group 2010 წელსაც ჰყავდა დაქირავებული და მაშინაც 600 ათასი აშშ დოლარი გადაიხადა საქართველოს ბიუჯეტმა. ცნობისთვის, Podesta Group 1988 წელს ძმებმა _ ჯონ და ტონი პოდესტებმა დააფუძნეს და ამ ფირმის შემოსავალმა მარტო ერთი წლის განმავლობაში (2011 წელს) 27 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა.

 როგორც ხედავთ, ხარჯები ასტრონომიურ ციფრებს აღწევს, მაგრამ რეჟიმის ამბიციები ამით არ დაკმაყოფილებულა, იმავე 2012 წლის იანვარში საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭომ შეთანხმება გააგრძელა ძველ კონტრაქტორ Orion Strategyსთანაც, რომელიც გაგიკვირდებათ და კონგრესმენ ჯონ მაკკეინის ყოფილი მრჩევლის რენდი შუნემონის დაარსებულია. Orion Strategyსთან გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა 2012 წლის ივნისში გაუვიდა. ამ ხნის განმავლობაში მას ხელისუფლებამ 270 ათასი აშშ დოლარი გადაუხადა.

 2010 წელს სააკაშვილის მთავრობამ კიდევ ერთი კონტრაქტი დადო. კერძოდ, «ნაცრეჟიმმა» ამერიკის წარმომადგენელთა პალატის ერთერთი ლიდერის _ დიფ გეფჰარდტის ლობისტური ფირმა Gephardt Group Government Affairs დაიქირავა. ამ ფირმასთან გაფორმებულმა ერთწლიანმა კონტრაქტმა, ფაქტობრივად, რეკორდი მოხსნა _ იგი, საერთო ჯამში, 436 ათასი აშშ დოლარით განისაზღვრა.

 სულ კი, 2004-დან 2009 წლამდე, «ნაციონალურმა მოძრაობამ» საკუთარ პიარში 4 მილიონ დოლარზე მეტი დახარჯა. ამ თანხების მობილიზება მათ ძირითადად ბიზნესის დატერორებით მოახერხეს, თუმცა 9 წლის განმავლობაში ტერორის ნაკლებობას არც რიგითი მოქალაქეები უჩიოდნენ. მოკლედ, საკმარისია, გავიხსენოთ, «ნაცების» მიერ უხვად დახარჯული მილიონები, ცხადი ხდება, ვინ და რატომ მიყვებიან პოლიტიკურ გვამებს სამარეში; რატომ ძვრებიან ტყავიდან ბოკერიას დაცვაში ბილდტები და ფულეები ან რატომ აიგივებენ «ვარდოსნების» ხელშეუხებლობასთან საქართველოს «ისტორიულ არჩევანს», ანუ ევროინტეგრაციის პერსპექტივას

 მიუხედავად ყველაფრისა, როგორც ჩანს, «ნაცისტების» ჩამოწერა ჯერ კიდევ ძალიან ადრეა. «ბელადი» ქვეყნიდან გაქცეული კია, მაგრამ მას ფარ-ხმალი არ დაუყრია _ პირიქით, გამოდის და რიხიანად გვპირდება, ევრომაიდანს დაგავიწყებთო. ყოველ შემთხვევაში, ფაქტია, რომ მას ამის მოზღვავებული სურვილი აქვს. ხუმრობა იქით იყოს და, როგორც სანდო წყარომ გვაცნობა, «მთავარი ოპოზიცია» მართლა სერიოზულად ემზადება არეულობისთვის.  კულუარული ინფორმაციით, მათ უკვე ჰყავთ ათასამდე ზონდერი, რომელთაგან თითოეულს ,სულ ცოტა, ხუთი კაცის გამოყვანა ევალება. 5000 ამრევი, დამეთანხმებით, ცოტა არ არის, ასე რომ, წინ სერიოზული პროცესები გველის. ვნახოთ, ნათქვამია, აღდგომა და ხვალეო. იმედი ვიქონიოთ, «მიშბანდების» ქმედებებს საქართველო საბოლოოდ არ გადაჰყვება…

ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. ძაღლს ლუკმას რომ წაართმევ, საკბენად თუ ვერ მოგწვდა,დაგყეფავს მაინც.ვინც უხდის ყეფასაც ის უკვეთავს!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here