Home რუბრიკები პოლიტიკა კაპიტანი გოდერძი ორმოცაძე: იარაღით უკანონო ვაჭრობაში ეჭვმიტანილ ზურაბ ფოჩხუას კვლავ საჰაერო ძალების...

კაპიტანი გოდერძი ორმოცაძე: იარაღით უკანონო ვაჭრობაში ეჭვმიტანილ ზურაბ ფოჩხუას კვლავ საჰაერო ძალების სარდლად ნიშნავენ!

1137

«საქართველო და მსოფლიოსთვის» ცნობილი გახდა, რომ იარაღით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი ყოფილი სამხედროსაჰაერო ძალების სარდალი, შემდეგ უკვე ატაშე უკრაინაში ზურაბ ფორჩხიძე კვლავ საჰაერო ძალების სარდლად ინიშნება. ამ ინფორმაციის შემოწმება საჰაერო ძალების თადარიგის კაპიტან გოდერძი ორმოცაძესთან ვცადეთ. მან თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე პროცესებზე ბევრი საინტერესო რამ გვითხრა.

 

_ ბატონო გოდერძი, ჩვენ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ზურაბ ფოჩხუა, საჰაერო ძალების ყოფილი სარდალი, რომელიც კეზერაშვილთან ერთად თქვენ იარაღით ვაჭრობაში ამხილეთ, კვლავ თავის თანამდებობას უბრუნდება.

_ დიახ, ეს ინფორმაცია ნამდვილია. ჩვენ, ყოფილ სამხედროებს, გვინდოდა, ამ საკითხზე ბრიფინგი გაგვემართა.

თავდაცვის სამინისტროში არაფერი შეცვლილა, ისევ «ნაცების» დროინდელი დამნაშავეები მუშაობენ და წინაურდებიან კიდეც. ზურაბ ფოჩხუას რაც შეეხება, ახლახან შევიტყვეთ, რომ მას უკრაინაში რომელიღაც სასწავლებელი დაუმთავრებია. ამით იმის თქმა მინდა, რომ ფოჩხუას სამხედრო განათლება არ აქვს.

კაცი, რომელსაც სამხედრო განათლება არ აქვს, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გიორგი ბრწყინვალის ორდენით დაჯილდოვდა… გამარჯებისთვის. იცოდით ეს ამბავი? ომში დამარცხებისთვის სად, რომელ ქვეყანაში აჯილდოებენ გამარჯვების ორდენით? ამას გარდა, შეიარაღება, რომელიც ვიცოდით, რომ საჰაერო თავდაცვას აუცილებლად უნდა ჰყოლოდა, ომის დროს აღმოჩნდა, რომ არ ჰყავდა, ზურაბ ფოჩხუასთვის ბრალის დამტკიცება ძალიან მარტივია, მის დასასჯელად მხოლოდ ნებაა საჭირო.

ყველას კარგად გვახსოვს ყოფილი პრეზიდენტის ბოლო გამოხდომა, როდესაც ყვარელში «უკრსპეცექსპორტის» ხელმძღვანელი სერგეი ბონდარჩუკი დააჯილდოვა. ბონდარჩუკმა თავის სამადლობელ სიტყვაში განაცხადა, ქართულმა მხარემ რუსების «ტუ-200» ჩვენგან ნაყიდი «C-200»-ით ჩამოაგდოო. ეს უკვე, ფაქტობრივად, სამხილი იყო, რადგან, ბონდარჩუკის სიტყვების თანახმად, საქართველოს უკრაინისგან «C-200» ნამდვილად ნაყიდი ჰქონდა, მაგრამ ომში ეს ტექნიკა არ გამოუყენებიათ, რადგან სხვაგან _ მესამე ქვეყანაში გაყიდეს.

აგვისტოს ომის დროს სენაკის ბაზაზე 17 რეზერვისტი დაბომბეს, მაშინ სენაკის ბაზაზე 5 ერთეული სარაკეტო კომპლექსი «ბუკი» იყო, ეს ტექნიკა მერაბ ურიდიასა და ზურაბ ფოჩხუას განკარგულებაში იყო. რატომ არ გასცა ფოჩხუამ ბრძანება, რომ მზადყოფნაში ჰქონოდათ «ბუკები» და მათი საშუალებით ვერტმფრენებისთვის მხარი დაეჭირათ?

ეს კითხვა დღემდე პასუხგაუცემელია, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საბრძოლო ტექნიკა, რომელსაც უკრაინაში ყიდულობდნენ, საქართველოში არ ჩამოდიოდა. დავით კეზერაშვილისა და მიშა სააკაშვილის ბინძური საქმეების ერთერთი ხელისშემწყობი გახლდათ ზურაბ ფოჩხუა, რომელსაც დღეს ამბიცია აქვს, საჰაერო ძალების სარდალი გახდეს და, დიდი ალბათობით, შესაძლებელია, ეს ამბიცია დაუკმაყოფილონ კიდეც. თავდაცვის სამინისტროს ახალ ხელმძღვანელებს კიდევ ერთხელ შევახსენებ, რომ ფოჩხუა არის ის ადამიანი, რომელმაც სააკაშვილს ხელი შეუწყო ფულის გათეთრებაში, დამალა, რომ ტექნიკა უვარგისი იყო და საბრძოლო იარაღი რუს სამხედროებს ჩააბარა, მერე ფოჩხუა თვალს მოაფარეს, დააჯილდოვეს და უკრაინაში ატაშედ გაუშვეს. უკრაინაში ატაშედ გაშვებული პირი მხოლოდ უკრაინაში არ მსახურობს, ის ბულგარეთთანაც თანამშრომლობს.

 როდესაც იარაღის საქმის გამოძიება დავიწყეთ და ოფშორულ ზონებს მივადექით, აღმოჩნდა, რომ გადამზიდი ფირმები არსებობდა ბულგარეთშიც, სომხეთშიც, ერთ-ერთი ასეთი ფირმის ხელმძღვანელი კი ფოჩხუას ბიძაშვილი _ მერაბ ფოჩხუა აღმოჩნდა. ამ საქმეში გარეულია ვანო მერაბიშვილის ბიძაშვილიც. ისინი დღესაც ამ ფირმების ხელმძღვანელებად რჩებიან.

_ ახლა სად არის ზურაბ ფოჩხუა?

_ საქართველოშია.

_ წელიწადზე მეტია, პროკურატურას იარაღის საქმის გარშემო ყველა მტკიცებულება ხელთ აქვს, მაგრამ აქამდე არავინ დასჯილა; უფრო მეტიც, თურმე დანაშაულში ეჭვმიტანილებს აწინაურებენ კიდეც

_ მართალი ხართ. პროკურატურას ნამდვილად ყველა სამხილი აქვს, ვერ გეტყვით, რომ გაჩერებულები არიან, რადგან სულ გვარწმუნებენ, _ ვიძიებთ, ვიკვლევთ და შედეგიც მალე იქნებაო. რაც შეეხება თავდაცვის სამინისტროს, იქ ახლა ძირეული ცვლილებები იგეგმება და იმედი გვაქვს, რომ ადამიანებს, რომლებსაც სისხლის სამართლის დანაშაული აქვთ ჩადენილი, სამინისტროში აღარ გააჩერებენ, რადგან ამას, შესაძლებელია, ცუდი ამბები მოჰყვეს. თავდაცვის სამინისტროში მიშას ზონდერები არიან, ის ზონდერები, ადამიანებს ქუჩაში რომ დასდევდნენ, ციხეებში რომ ამწყვდევდნენ და .. მათ შორის არიან მერაბ ურიდია და ახლა საჰაერო ძალების სარდლად დასანიშნად გამზადებული ზურაბ ფოჩხუაც. ზონდერთა ჯგუფს მიეკუთვნება კობა ღურწკაიაც, რომელიც ახლა საზღვაო ჯარების სარდლად დანიშნეს.

_ საზღვაო ჯარი რომ არ გვყავს?

_ კი, გვყავს. ეს კობა ღურწკაია სააკაშვილის ერთერთი მსხვერპლის, ადმირალ ზურაბ ირემაძის მოადგილე იყო. მან ადმირალის მკვლელობის ყველა დეტალი იცისკობა ღურწკაიას 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ზუგდიდში 500-კაციანი ზონდერჯგუფი ჰყავდა, ამის დამამტკიცებელი საბუთებიც არსებობს.

_ თუ ეს ამბავი იცით, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, რომელიც ზუგდიდის მაჟორიტარი იყო, რატომ არ იცის, ყურიც არ მოუკრავს?

_ მე ალასანიას პირადად ვუთხარი, კაცი, რომელიც დააწინაურეთ, ესა და ეს არის-თქო. ძალიან გაუკვირდა, _ ასეთი კაცი ჩვენთან მუშაობსო? მერე გვითხრა, დაგიძახებთ და ვისაუბროთო, მაგრამ დღემდე არ შეგვხმიანებია.

_ კეზერაშვილი დაპატიმრებული იყო საფრანგეთში და გაუშვეს, მიუხედავად იმისა, რომ მისი ბრალი იარაღით ვაჭრობის საქმეში ხელისგულზე დევს

_ ამ საკითხზე სასაუბროდ შევხვდით თავდაცვისა და უსაფრთხოების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილს. ის იარაღით ვაჭრობის საქმის ძიებაში აქტიურად არის ჩართული. რაც შეეხება კეზერაშვილის გამოშვებას, ხელს ლაშა ნაცვლიშვილს ახოცავენ _ იმ პერიოდში, როდესაც საქმის მასალები პროკურატურაში შეგვქონდა, იქ ნაცვლიშვილი მუშაობდა და მასალებს მალავდა და მხოლოდ რიყისა და სპირტის საქმე გამოაჩინა, ამის გამო დღეს ნაცვლიშვილის წინააღმდეგაც აღძრულია საქმეო, _ ასე გვეუბნებიან.

_ ეს ამბავი უკვე გამოაშკარავდა, მაგრამ კეზერაშვილის საქმე მაინც მიჩუმათებულია.

_ გვეუბნებიან, რომ ძიება მიმდინარეობს და სწორედ ამ დღეებში დაკითხვაზე დამიბარებენ, ვნახოთ, რა იქნება.

ესაუბრა

ეკა ნასყიდაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here