მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ათასზე მეტმა მეცნიერმა ხელი მოაწერა “მსოფლიო კლიმატურ დეკლარაციას”, რომელშიც ნათქვამია, რომ კლიმატის ცვლილებების გამო დედამიწაზე კატასტროფული არაფერი ხდება _ ყველა პროცესი მიდის ისე, როგორც საჭიროა, ხოლო გლობალურ დათბობაზე ანთროპოგენური ფაქტორის გავლენა გადაჭარბებულია.
მეცნიერები პანიკის შეწყვეტისკენ მოუწოდებენ, რადგან ჩვენი პლანეტის ისტორიაში დათბობის პერიოდს ცვლის აცივება და პირიქით. მაგალითად, ამჟამად მიმდინარეობს დათბობის პერიოდი ცოტა ხნის წინათ (რა თქმა უნდა, გეოლოგიური საზომით) დასრულებული გამყინვარების მცირე პერიოდის შემდეგ.
“ბოლო გამყინვარების მცირე პერიოდი ცოტა ხნის წინათ დასრულდა _ 1850 წელს, ამიტომ გასაკვირი არაფერია იმაში, რომ ჩვენ ახლა დათბობის პერიოდში ვართ”, _ ნათქვამია, დოკუმენტში.
მეცნიერები ეთანხმებიან მოსაზრებას, რომ ადამიანის მოღვაწეობა გარკვეულწილად გავლენას ახდენს კლიმატზე, მაგრამ არა ისეთ გავლენას, როგორც ამაზე ლაპარაკობენ პოლიტიკოსები, რომლებიც ქულებს აგროვებენ “კაცობრიობის გადარჩენაზე”.
ექსპერტები ამტკიცებენ, რომ კლიმატის ცვლილებების შესახებ ყველა პროგნოზი ეყრდნობა კომპიუტერულ მოდელებს, მაგრამ ეს მოდელები ძალიან შორსაა რეალობისგან. მაგალითად, 1850 წელს კლიმატი იმაზე გაცილებით ნაკლებად გათბა, ვიდრე ეს ნაწინასწარმეტყველები იყო გათვლებით.
* “რეალურ და მოდელირებულ მსოფლიოს შორის სხვაობა გვეუბნება, რომ ჩვენ ძალიან შორს ვართ კლიმატის ცვლილებების მექანიზმების შეცნობისგან”, _ მიაჩნიათ მეცნიერებს.
ამასთანავე, მეცნიერები განმარტავენ, რომ CO2-თან მსოფლიო ბრძოლა, უბრალოდ, სისულელეა.
* CO2 არ არის დამაბინძურებელი. ჰაერში დამატებითი ნახშირორჟანგი ხელს უწყობს გლობალური მცენარეული ბიომასის მატებას. ის ზრდის სასოფლო–სამეურნეო კულტურების მოსავლიანობას.
აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს სამეცნიერო ჟურნალებმა უყურადღებოდ დატოვეს ასეთი კომპეტენტური დოკუმენტი. როგორც ჩანს, ეს ვიღაცისთვის ხელსაყრელი არ არის.
გიორგი გაჩეჩილაძე