Home რუბრიკები პოლიტიკა «სააკაშვილმა ევროპაში 4 ლობისტური კომპანია დაიქირავა და რევანშისთვის ემზადება?!»

«სააკაშვილმა ევროპაში 4 ლობისტური კომპანია დაიქირავა და რევანშისთვის ემზადება?!»

810

რახანია, ევროპულ ღირებულებებზე ორიენტირებული ქვეყანა ვართ, თან ევროპა გვინდა, თან _ ამერიკა და თანაც გვგონია, რომ რუსეთი, როგორც კი შევაგინებთ, მაშინვე გულში ჩაგვიკრავს, მთელი დანარჩენი მსოფლიო კი ჩაგვიხუტებს; გვავიწყდება, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს რუსეთი ევროპას მხსნელად მოევლინა, ამასთან, თავად ევროპელები არც კი ფიქრობენ რუსეთთან კონფრონტაციას. რა შედეგები მოჰყვება საქართველოსთვის უკრაინაში განვითარებულ პროცესებს, კარგია ეს თუ ცუდი ჩვენთვის, აქაც ისევე განვითარდება მოვლენები, როგორც უკრაინაში, ვინ იქნებიან მოქმედი პირები _ ამ და სხვა საკითხებზე «საქართველო და მსოფლიოს» საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე ესაუბრა.

 

_ არაერთი წინააღმდეგობრივი მოსაზრება გაჩნდა უკრაინის თემასთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, უკრაინაში მიმდინარე პროცესები შიდა დაპირისპირებაა თუ დაპირისპირება ცივილიზაციათა შორის?

_ საქართველოში შექმნილია წარმოდგენა რუსეთზე, თითქოს ბუაა, ევროპა კი ცოტა სხვანაირად უყურებს რუსეთსა და რუსეთში მიმდინარე მოვლენებს; თვლის, რომ, მიუხედავად ყველაფრისა, რუსეთი მაინც ევროპის სტრატეგიული პარტნიორია. დიახ, ჩვენგან განსხვავებულად განიხილავს ევროპა ამ ყველაფერს. შესაძლოა, საქართველოს თვალთახედვით ეს იყოს შიდა დაპირისპირება. ვიმეორებ, ევროპაში ეს არ იგრძნობა, მეტიც, რუსეთს განიხილავენ, როგორც ერთ-ერთ პარტნიორს უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხში. აქ სულ სხვა რამესთან გვაქვს საქმე – ეს იყო იანუკოვიჩის თამაში, რომელმაც აბსოლუტურად არასწორად გათვალა ის, რაც უნდა გაეთვალა. აქვე მინდა ვთქვა: მოდი გულზე ხელი დავიდოთ და ვაღიაროთ, რომ უკრაინა საქართველოზე გაცილებით წინ არის ევროპასთან ურთიერთობის მხრივ. სხვათა შორის, იანუკოვიჩიც არ იყო ანტიევროპულად განწყობილი, უბრალოდ, როგორც გითხარით, ვერ გათვალა ის ბიუროკრატიული მექანიზმები, რომლებიც ევროპაშია. ევროპაც შეცდა იმ მომენტში, უკრაინას რომ არ დაუთმო ჯეროვანი ყურადღება.

_ მიუხედავად დიდი საინფორმაციო რეზონანსისა, ევროპა არ ცდილობს პირდაპირ დაუდგეს გვერდით უკრაინაში მისთვის მისაღებ მხარეს. ამასობაში კი ქვეყანა დაანგრიეს, ხომ არ ნიშნავს ეს, რომ მშვიდი და დაწყნარებული უკრაინა ევროპისთვის არც ისე მისაღებია?

_ ევროპა ყოველთვის სტაბილურობის მომხრეა. ევროპელები გამოდიან ერთი მოსაზრებიდან: მაგ., საქართველოში არასტაბილურობამ ჩემთან არასტაბილურობა არ გამოიწვიოსო. აი, ამიტომ არიან იქ სტაბილურობის გარანტები, დიახ, იმიტომ აკეთებენ ამას, რომ თვითონ არ შეწუხდნენ. იქნებ განვიხილოთ, რა შეცდომა დაუშვა ევროპამ და თავად იანუკოვიჩმა.

იანუკოვიჩი, როდესაც ჩამოდიოდა, ყოველთვის აცხადებდა, რომ უკრაინა, აუცილებლად უნდა გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, ასოცირებაზე ლაპარაკი არ იყო. რატომ? იანუკოვიჩი ამბობდა, რომ მათ ეს პროცესი, ასოცირების ხელშეკრულება, უკვე გაიარეს, ანუ მსგავს დოკუმენტზე ხელი მოწერილი გვაქვსო. ის გულისხმობდა ურთიერთთანამშრომლობის ჩარჩო ხელშეკრულებას, რომელსაც უკრაინამ და ევროკავშირმა 1995 წელს მოაწერეს ხელი. ჩვენ კი ეს ეტაპი ჯერ გასავლელი გვაქვს, ჩვენ ასოცირებას ახლა ვაწერთ ხელს. უკრაინამ ეს ყველაფერი 1995 წელს გაიარა, უბრალოდ, მაშინ ასოცირების ხელშეკრულების სხვა ფორმატი არსებობდა. აი, ამიტომ არ თანხმდებოდა იანუკოვიჩი ასოცირების ხელშეკრულებას, ის ამბობდა, წინ წავიდეთ, ანუ კოპენჰაგენის ხელშეკრულებით დავიწყოთ საუბარიო, რაც, ფაქტობრივად, ნიშნავდა ევროკავშირში გაწევრიანებას. და მე მახსოვს, ბაროზოსა და სოლანას პასუხები: ეს გრძელი პროცესია, უკრაინამ ჯერ დემოკრატიული პროცესები უნდა განავითაროსო. ერთადერთი შემაფერხებელი ფაქტორი უკრაინასა და ევროკავშირს შორის იყო დემოკრატიული ფაქტორი.

ჩვენგან განსხვავებით, უკრაინას საღად აფასებდა ევროკავშირი, ისე, როგორც უნდა უყურებდეს ქვეყნებს, რომლებიც ევროკავშირისკენ ისწრაფვიან. ეს ჩვენთან იყო, რომ სააკაშვილი აპრიორი ითვლებოდა დემოკრატიის გარანტად, რადგან ჩვენს სახელმწიფოში არავინ იყო, ვინც ეტყოდა ევროკავშირს, რომ საქართველოში ისე არაფერი ხდება, როგორც თქვენ გგონიათო. დიახ, უკრაინა საქართველოსთან შედარებით მედიის თავისუფლებითაც წინ იყო, სახელმწიფო სტრუქტურების თავისუფლებითაც და მრავალპარტიულობითაც. მოკლედ, იმიტომ ამბობდა იანუკოვიჩი უარს ასოცირების ხელშეკრულებაზე, რომ ასოცირების ხელშეკრულება იყო მისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი, მას კი წინ წასვლა სურდა.

_ საუბრები, რომ რუსეთის ფაქტორის გამო შეიკავა თავი იანუკოვიჩმა ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერისგან, არ შეესაბამება სიმართლეს? ისე, უკრაინა ვერ წავიდა წინ და საქართველოს რისი იმედი აქვს?

_ არა, სისულელეა, ისევე, როგორც ის საუბრები, თითქოს რუსეთი ჩაერთო ამ პროცესში. გახსოვთ, ალბათ, მერკელისა და იანუკოვიჩის საუბარი, რომელიც სოციალურ ქსელშიც გავრცელდა. ის პირდაპირ ეუბნება მერკელს, თქვენ დამტოვეთ მე რუსეთთან პირისპირ მარტოო. ისინი ჩვენსავით ბრმად არ აწერდნენ ხელს, ჩვენ კიდევ მივედით და ბრმად მოვაწერეთ ხელი დოკუმენტს; ახლა კი ვკითხულობთ: რას მოვაწერეთ? ახლა ითარგმნა ის ტექსტი და არა მანამდე. უკრაინაში საჯარო, სახალხო განხილვა იყო ამ ტექსტის. ჰოდა, აი, ეს პირობები იყო, რაც ზემოთ გითხარით, აქედან გამომდინარე დაიწყო უკრაინაში ის, რაც დაიწყო. ხალხი ქუჩაში სპონტანურად გამოვიდა, მათ იანუკოვიჩის ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის არმოწერა უკრაინისთვის დამანგრეველ ფაქტად შეაფასეს, რადგან ევროპაში შესვლა უნდოდათ. ერთი სიტყვით, ის, რაც მოხდა უკრაინაში, იყო იანუკოვიჩის არაადეკვატური პოლიტიკისა და ევროკავშირის მესვეურების აბსოლუტურად არაადეკვატური პოლიტიკის შედეგი.

_ გავრცელდა მოსაზრება, რომ უკრაინის შემდეგ რუსეთი საქართველოსთვის მოიცლის

_ არ გამოვრიცხავ, რადგან ვხედავ ჩვენი მთავრობის პოლიტიკას, რომელიც ევროპას აბსოლუტურად აიგნორებს. და ამ დროს რა ხდება, იცით? სააკაშვილი და «ნაციონალური მოძრაობა» დღემდე ოთხ ლობისტურ კომპანიასთან მუშაობს ევროპაში, ანუ ოთხი ლობისტური კანტორა ჰყავს დაქირავებული, რომლებიც დილიდან საღამომდე მუშაობენ და ის ინფორმაციები მიაქვთ ევროპელებთან, რომლებიც სააკაშვილს სურს. დავიღალე საქართველოს მთავრობასთან ამაზე ლაპარაკით, აღარ შემიძლია, ვეუბნები, _ ეს გააკეთეთ, ის გააკეთეთ, ამათ კი ძინავთ. დიახ, არაფერი შედის ამათ ტვინში. დამიჯერეთ, სააკაშვილი და «ნაციონალური მოძრაობა» ემზადება რევანშისთვის და ზუსტად იმის გაკეთებას გეგმავენ, რაც მოხდა უკრაინაში, მაგრამ უკრაინაში ეს მოხდა ბუნებრივად, ესენი კი ამის გაკეთებას ხელოვნურად აპირებენ, მეტიც, ამათ უკვე ევროკავშირის მესვეურები შეგუებული ჰყავთ იმ აზრს, რომ, ხვალ მიშა სააკაშვილი მომხრეებთან ერთად შტურმით რომ შევარდეს მთავრობის კანცელარიაში და აიღოს საქართველოს მთავრობა, ევროკავშირში არ მოიძებნება ერთი კაციც კი, რომელიც იტყვის, სააკაშვილი არასწორად მოიქცაო.

_ ასე წარმატებით მუშაობენ «ნაცების» ლობისტები?

_ აბსოლუტურად წარმატებულად მუშაობენ, ხელისუფლება კი არაფერს აკეთებს. ამ წელიწად-ნახევრის განმავლობაში მხოლოდ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი იყო მნიშვნელოვანი, ანუ კაცი დაჯდა და ნორმალურად აუხსნა ევროპელებს სიტუაცია, მაგრამ ადამიანის ფსიქოლოგია როგორაა მოწყობილი, ხომ იცით? _ ყოველდღიურად თუ არ უმეორე, არაფერი გამოვა. და ამ დროს რა ხდება? ყოველდღე ის იღებს სააკაშვილის მომხრეებისგან ინფორმაციას, რომ საქართველოში ყველაფერი ცუდადაა, შენ კი წელიწადში ერთხელ ჩამოდიხარ და ეუბნები, რომ ისე კი არა, ასეაო. კი, ბატონო, წამიერად შეიცვლის აზრს, მაგრამ მაინც ისევ ძველ აზრზე დარჩება. არადა, ვეუბნები ხელისუფლების წარმომადგენლებს: თქვე მამაცხონებულებო, გამოგვიყენეთ ჩვენც, სხვებიც. რატომ არ აკეთებენ ამას? ხუხაშვილს არ მოვწონდით მე და ირმა ინაშვილი, დაგვბლოკა, ახლაც მიდის ინერციულად ასე. ახლა, ნახეთ, რა ცუდ მდგომარეობაში ვართ, როდესაც მივდივარ და ვეუბნები ევროკავშირის წარმომადგენელს რამესნაცების» დროს მე და ირმას ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტების სტატუსი გვქონდა და ამიტომ გვისმენდნენ, ახლა ეს ფაქტორი მოგვეხსნა), მობრუნდებიან და მეკითხებიან _ შენ ვინ ხარ, ის არ მელაპარაკება, ვინც უნდა მელაპარაკებოდესო! დიახ, ძალიან ბევრი შემთხვევა მქონდა ასეთი. მაგ., როდესაც ბაჩო ახალაიასა და ვანო მერაბიშვილზე მქონდა საუბრები, იგივე ანა გომესი ავიღოთ, როცა ველაპარაკე და ვუთხარი, აი, ფაქტები, ეს ასე არ არის, ასეა-მეთქი, შემომიტრიალდა და მითხრა: თეა წულუკიანი რომ იყო აქ, იმან რატომ არ მითხრა ეს, შენ ვინა ხარო?! თქვენს სახელმწიფოს ხომ ჰყავს ლობისტები, ისინი სად არიან, სად მუშაობენო, შენგან მე ვერ დავიჯერებ, შენ ჟურნალისტი ხარო. აი, ასეთი ცუდი მდგომარეობაა, აქედან გამომდინარე, მე არ გამოვრიცხავ, რომ «ნაციონალური მოძრაობა» შეეცადოს, უკრაინის სცენარი გაითამაშოს, მაგრამ მე ერთი რამ მაიმედებს _ უკრაინაში ოპოზიციას ძალიან დიდი მხარდაჭერა ჰქონდა, საქართველოში კი «ნაცმოძრაობას» 2% არ უჭერს მხარს.

_ დიახ, გეთანხმებით, «ნაცები», მათ შორის, ექსპრეზიდენტი, ყველანაირად ცდილობენ უკრაინის თემა სათავისოდ გაიხადონალბათ, შეეცდებიან, მობრუნდნენ ხელისუფლებაში, როგორც დასავლური ფასეულობების გამტარებელი ერთადერთი ძალა (ასე უნდათ, თავი წარმოაჩინონ)…

_ კი, ბატონო, იყენებენ ამას. ჩვენ ევროპაში თავადვე შევქმენით ისეთი ვაკუუმი, რომ, ევროკავშირის ნებისმიერი ჩინოვნიკი რომ გააღვიძო და ჰკითხო, ვინ არის საქართველოში პროევროპული ძალა, არ დაფიქრდება, ისე გეტყვის _ მიხეილ სააკაშვილი და მისი გუნდიო. აი, ესაა რეალობა და ჩვენს მთავრობას ამის არც დანახვა უნდა და არც გაგონება. მერე მირეკავენ ხოლმე და პირად საუბრებში მეუბნებიან, იცი, გიორგი, ძალიან ბევრი კითხვა ჰქონდათ ჩვენ მიმართო. რა თქმა უნდა, უფრო მეტი ექნებათ, სანამ ასე ისხდებიან და არაფერს გააკეთებენ. აი, ეს არის უბედურება. ერთი ირაკლი ღარიბაშვილი ვერაფერს შეცვლის, რამდენჯერ უნდა ჩამოვიდეს ევროპაში _ ჰა, ჰა 2 წელიწადში ერთხელ ხომ?!

_ იმის თქმა გინდათ, რომ ახალი მთავრობა სუსტი და უუნარო გამოდგა?

_ დიახ, აბსოლუტურად უუნარო გამოდგა და, თუ არ შეცვალა ღარიბაშვილმა ეს მთავრობა, ძალიან მძიმედ მოუბრუნდება ეს ყველაფერი, ვიმეორებ, ძალიან მძიმედ. მან მთავრობა და ევროპული კურსი უნდა გახადოს ქმედითუნარიანი. და როდესაც თვითონ სახელმწიფოს საგარეო კურსი არ აქვს მთლიანად ჩამოყალიბებული, საგარეო საქმეთა მინისტრად მადლენ ოლბრაიტიც რომ ჰყავდეს, მაინც ვერაფერს გააკეთებს. როცა შენ ბუნდოვანი გაქვს საგარეო კურსი, ვერაფერს გააკეთებ, წინსვლა არ გექნება. თუნდაც რუსეთი ავიღოთ, ზეწოლა ყველა შემთხვევაში წამოვა რუსეთისგან, თუ ჩვენ არ განვსაზღვრეთ, რა გვინდა მისგან, თუ არ დავიწყეთ იმაზე ფიქრი, როგორ და რანაირად ვითანამშრომლოთ მასთან.

ესაუბრა

ქეთი ხომერიკი

 

1 COMMENT

  1. ინაშვილის მეგობრის აზრი ნეტა რა მოსასმენია.
    ასეთი ხალხი, რო ლაპარაკობს ევროპასტან და ევროპის შესახებ იმიტომ მივდივართ წინ.
    ოცნების მთავარი ამოცანა სწორედაც ამ ხალხისგან დისტანცირება უნდა იყოს, ასევე ბედუკაძე-ინაშვილის შორს გაგზავნა.
    საშიში ისიცაა რომ ვაჩნაძე-დავითაია-კაკაბაძე- დასხვათაგან ახალი მხედრიონის მსგავსი ძალა ჩამოყალიბდეს
    ეს არსება უკვე ამავე ინტერვიუში პრორუსულობას ამტკიცებს
    ჩემი თხოვნა სწორედაც მაისაიას, ბედუკაძე, ინაშვილის და ფოფხაძის მსგავსი ხალხის ჩამოცილებაა პირველი რიგის ამოცანა წინ რომ წავიწიოთ

  2. ეს მართლაც საინტერესოა… ისე ახალი ხელისუფლება მართლა რაღაცას ისე ვერ აკეთებს… ნაც.ქოლერის ასე "გაბლატავება" ტყუილად არ ხდება, ეს ცუდ ბოლომდე მიგვიყვანს…

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here