Home რუბრიკები პოლიტიკა «მოქკავშირიდან» «მოქალაქემდე»

«მოქკავშირიდან» «მოქალაქემდე»

563

1993 წელს საქართველოში ახალი პარტია «საქართველოს მოქალაქეთა კავშირი» დაფუძნდა და მის ლიდერად ედუარდ შევარდნაძე მოგვევლინა. იმხანად ამ პარტიის რიგებში გაერთიანება ერთგვარი ვალდებულებაც კი იყო და, ვისაც აინტერესებდა თუ არ აინტერესებდა, «მოქკავშირის» მანდატს ყველა იღებდა. საბოლოოდ კი ისე გამოვიდა, რომ ნახევარი საქართველო ედუარდ შევარდნაძისა და მისი პარტიის მხარდამჭერი გახდა. მაშინ ისე ჩანდა, რომ «მოქალაქეთა კავშირს» ვერავინ და ვერაფერი დაშლიდა, სტრუქტურა აეწყო, წელში გაიმართა და… «მოქალაქეთა კავშირი» მალე იქცა მოქალაქეთა საწინააღმდეგო იარაღად.

 

სულ რაღაც 3-4 წლის შემდეგ პარტიამ რღვევა დაიწყო, მას ჯერ იმ დროისთვის საკმაოდ ცნობილი ადამიანები, ლევან გაჩეჩილაძე და დავით გამყრელიძე, გამოეყვნენ (მათ მოგვიანებით «ახალი მემარჯვენეები» დააარსეს), მერე კი, ზურაბ ჟვანიას მეთაურობით, იმ ახალგაზრდა რეფორმატორთა გუნდი წავიდა, რომელზეც რეალურად იდგა პარტია და «მოქკავშირი» საძირკვლის გამოცლისთანავე ხუხულასავით დაიშალა. ძველებმა ვერ შეძლეს პარტიის შენარჩუნება, რადგან მზად არ იყვნენ. მათ ეგონათ, რომ «მოქკავშირს» არაფერი დაემუქრებოდა, მაგრამ… 

ერთი თვეც არ არის, რაც არასამთავრობო ორგანიზაცია «მოქალაქე» დაფუძნდა და ისტორიის კარუსელი თითქოს ხელახლა დატრიალდა. მოსახლეობის უმრავლესობას სწორედ ამ არასამთავრობო ორგანიზაციაში სურს შესვლა და, თუ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში ეს სურვილი მომავალზე იყო გათვლილი, ახლა გათვლა აწმყოზე კეთდება _ ყველა ფიქრობსბიძინა ივანიშვილის ფრთებქვეშ ყოფნა სარგებელს დღესვე მოუტანს და ეს იმის მიუხედავად, რომ თავად დამფუძნებელი ჯიუტად ამბობს, ადამიანთა ძალიან მცირერიცხოვან  ჯგუფს დავასაქმებ, დიდიდიდი ოც კაცსო.

ორგანიზაციის პრეზენტაციაზე ივანიშვილი ისევ საინტერესოდ ორიგინალური იყო. მან არ დამალა, რომ მედიას (მათ შორის, ბეჭდურს) დააფინანსებს და გააკონტროლებს კიდეც. არ გვახსენდება ასე თამამად, ასე პირდაპირ ვინმეს გაებედოს და ეთქვას, მედიის კონტროლის სურვილი მაქვსო. ივანიშვილმა კი გაბედა და გაბედა იმიტომ, რომ ხელისუფლებიდან სიტყვას არავინ შეუბრუნებს. ხელისუფალნი დღეს მისდამი დამოკიდებულებას მარტივად ხსნიან _ «თუ ბიძინა ამბობს, რომ ნიანგი დაფრინავს, . . დაფრინავს». ვის რაში სჭირდება კონტროლსდაქვემდებარებული მედია დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობის (ასე ამბობენ) დროს, ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტია, რომ ამისთვის უკვე ემზადებიან. ახლა იმას ვფიქრობ, მომავალში, როცა კონტროლის მექანიზმი ჩაირთვება, სტატიის შინაარსი რედაქტორთან უნდა შევათანხმო თუ «მოქალაქესთან»? თათბირს რედაქტორი ჩაგვიტარებს თუ «მოქალაქე»? ხელფასს რედაქტორი გამოგვიწერს თუ «მოქალაქე»? და, საერთოდ, დავრჩებით ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქედ თუ არა, ესეც «მოქალაქემ» უნდა გადაწყვიტოს?!

სხვათა შორის, ივანიშვილმა ისიც თქვა, შეუმცდარი არავინ არის და ხანდახან პატრიარქიც ცდებაო. გვერწმუნეთ, ეს რომ «ნაციონალური მოძრაობის» წევრებს ეთქვათ (და არც თუ იშვიათად ამბობდნენ კიდეც), ერი და ბერი არ აპატიებდა, ივანიშვილს კი არაფერი უთხრეს. რა თქმა უნდა, შეუმცდარი არავინ არის ამქვეყნად და შეცდომები ყველას მოგვდის, მაგრამ ნუთუ ერთი შეცდომა არ დაუშვია ივანიშვილს, ერთხელ მაინც არ შემცდარა თუ ამ თემაზე ხმამაღლა არ საუბრობს?! ნუთუ მართლა სჯერა, რომ ყველა დაპირება შესრულებულია?! ნუთუ მართლა სჯერა, რომ სამართლიანობის აღდგენა სრული სვლით მიდის? თუ სამართლიანობის აღდგენას იმას ეძახის, რომ სახელმწიფოს მიერ უკანონოდ წართმეული 80 მილიონი დაიბრუნა, მაშინ _ ჰო, მაგრამ დანარჩენმა მოქალაქეებმა რა ქნან, რომლებსაც სახლ-კარი წაართვეს, გალოკილი თითივით დატოვეს და დღემდე სამართალს ვერ პოულობენ?! აუცილებლად 80 მილიონი უნდა ყოფილიყო თანხა, თუ აუცილებლად მოქალაქეობის არმქონე მთავარი მოქალაქე უნდა ყოფილიყავი?!

ამ ეტაპზე შორს ვართ იმ აზრისგან, რომ #1 მოქალაქის «მოქალაქეს» იგივე ბედი ეწევა, რაც «მოქალაქეთა კავშირს», მაგრამ თავდაპირველად ისიც ასეთი უძლეველი და შეურყეველი ჩანდა. სწორედ ამან დაღუპა იმჟამინდელი  ხელისუფლება და მისი შემცვლელიც. ქართველი ერი ნამდვილად არის «ყოვლის მთმენი, ვით ჯორცხენი», მაგრამ ყველაფერს აქვს ბოლო. როდის იქნება «მოქალაქის» ბოლო, ვერ გეტყვით, მაგრამ სტარტი აშკარად არ არის ისეთი, უსასრულობას რომ გვპირდებოდეს. «მოქალაქეთა კავშირიდან» რიგით «მოქალაქემდე» თითქოს ვერაფერი ვისწავლეთ.

დავით მინდიაშვილი

P.S. როდესაც ლიბიაში ნატოს ჯარებმა სისხლის გუბეები დააყენეს, მსოფლიო სახელმწიფოთა მეთაურები მუამარ კადაფის გადადგომისკენ მოუწოდებდნენ. კადაფი გაოცებული კითხულობდა, საიდან გადავდგე, არანაირი თანამდებობა არ მიკავიაო. იგი ფორმალურად მხოლოდ «ჯამახირიის» ლიდერი იყო, რეალურად კი მთელ ლიბიას მართავდა.

მოქალაქე

მოქალაქემ

მოქალაქეს

მოქალაქის

მოქალაქით

მოქალაქედ

მოქალაქევ!

ჩვენ რა ვქნათ, ჩვენ?

 

1 COMMENT

  1. გავხდეთ მოქალაქეები, ვძარცოთ ხალხი, ფულია ყველაფერი. ვაი ჩვენს პატრონს. რატომ დავიბადე საქართველოში. ნეტავ ყველგან ასეა? ფული წყვეტს ყველაფერს?

  2. საქართველოს მოქალაქეთა კავშირი+ნაციონალური მოძრაობა+ქართული ოცნება+მოქალაქე=მსოფლიო მასონთა დემონები ანუ თოჯინები!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here