Home რუბრიკები საზოგადოება ზვიად ირემაძე: ხალხმა დიდი შეცდომა დაუშვა, როცა ჩათვალა, რომ ივანიშვილის მოსვლით გვეშველა

ზვიად ირემაძე: ხალხმა დიდი შეცდომა დაუშვა, როცა ჩათვალა, რომ ივანიშვილის მოსვლით გვეშველა

ხელისუფლების საგარეო პოლიტიკურ კურსზე, მიმდინარე ცვლილებებსა და ბოლო დროს განვითარებულ სხვა მნიშვნელოვან მოვლენებზე გვესაუბრება ანტიგლობალიზაციის ცენტრივერიელების» წარმომადგენელი ზვიად ირემაძე.

 

_ ბატონო ზვიად, წინა ხელისუფლების პერიოდში უამრავი რეფორმა გატარდა, მათ შორის ერთერთი უმნიშვნელოვანესი ზოგადი განათლების მიმართულებით განხორციელებული ცვლილებები იყო. სააკაშვილი თავის გამოსვლებში ყოველთვის ხაზს უსვამდა ხოლმე, ნახეთ, რამხელა რევოლუცია მოხდა მენტალიტეტშიო. თქვენი აზრით, რა პოლიტიკა აქვს ამ მხრივქართულ ოცნებას» და რა პროცესები მიმდინარეობს, რა შეცვალა რეალურად ახალმა გუნდმა ეროვნული ცნობიერებისა და იდეოლოგიის ჩამოყალიბების კუთხით?

_ ცვლილებებზე როდესაც ვსაუბრობთ, ხშირად მესმის ხოლმე განცხადებები, ადამიანი უმადური არ უნდა იყოს და, რაც გაკეთდა, უნდა დავაფასოთო. რა თქმა უნდა, ყველაფერი კარგი დასაფასებელია, მაგრამ ის, რომ დაჭერები აღარ მიდის, ხალხს ციხეში არ აუპატიურებენ და არ აწამებენ, ეს საკმარისია თუნდაც იმ მინიმუმისთვის, რომელიც ხელისუფლებამ უნდა გააკეთოს? ამისთვის ვუხადოთ მადლობა ხელმძღვანელობას?! მენტალობას რაც შეეხება, ამ მხრივ რამის შეცვლა თუ უნდა ხელისუფლებას, პირველ რიგში, უნდა გატარდეს სასწრაფო რეფორმები განათლების სისტემაში. ზუსტად ამას შვებოდა სააკაშვილის გუნდი და, რა შედეგიც მივიღეთ, ყველა ვხედავთ. ესენი კიდევ არაფერს აკეთებენ, არანაირი ცვლილებები არ ხორციელდება იმისთვის, რომ წინამორბედის დამანგრეველი შედეგები ნაწილობრივ მაინც გამოასწორონ. საერთოდ, ნებისმიერ სახელმწიფოს, ესა თუ ის პოლიტიკა რომ გაატაროს, სჭირდება შესაბამისი კადრები და, კადრები რომ გყავდეს, ამისთვის უნდა შექმნა ამ კადრების სამჭედლო. ეს სამჭედლო, პირველ რიგში, არის ოჯახი, სკოლა და ინსტიტუტი. თუმცა, როგორც გითხარით, არც ერთი მიმართულებით ხელისუფლება არა თუ ნაბიჯებს არ დგამს, საერთოდ ლაპარაკიც არაა, რას ვაპირებთ და რა გზას ვირჩევთ, საით მივდივართ.

_ დასაწყისში მენტალური რევოლუცია ვახსენე, რომელსაც სააკაშვილი მისი მმართველობის ერთერთ მთავარ მიღწევად თვლიდა. რა შედეგი მოგვცა 9 წლის მანძილზე ამრევოლუციამ»?

_ შედეგი არის ის, რომ დღესდღეობით ახალგაზრდებს უნერგავენ გარკვეულ კლიშეებს, შეხედულებებს, რომლებიც მათ ხდის ბევრად უფრო იოლად სამართავს. ამ კლიშეების თანახმად, სამშობლოზე, ეროვნებასა და ტრადიციებზე საუბარი სასაცილოა, ამიტომ, რომ წამოიზრდები და სრულწლოვანი გახდები, თვითონ უნდა გადაწყვიტო, რა ფასეულობებით იცხოვრებ. ანუ, თითქოს ახალგაზრდებს არაფერს ასწავლიან და აძლევენ სრულ თავისუფლებას, მაგრამ სინამდვილეში სატელევიზიო არხების მეშვეობით, თოქშოუებით იქნება ეს თუ სერიალებით, მიდის გამალებული პროპაგანდა. ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომელი უკეთ და უფრო სწრაფად გარყვნის ახალ თაობას, რომელი უფრო მალე ჩაკლავს ბავშვებში ქვეყნისა და ერის სიყვარულს. აი, ამას რომ არ ებრძვის ხელისუფლება, ესაა ჩემთვის დამაფიქრებელი, თორემ პროპაგანდისტები ყოველთვის იქნებიან; რა მმართველობაც უნდა დამყარდეს, ყოველთვის მოიძებნება გარკვეული ჯგუფი ადამიანების, რომლებიც, ნებით თუ უნებლიეთ, ანტისახელმწიფოებრივად იმოქმედებს…

_ ასეთ პროპაგანდისტებს, ალბათ, ლუსტრირება სჭირდებათ.

_ ლუსტრაციაზე წინა ხელისუფლების დროსაც მუდმივად საუბრობდნენ, მაგრამ ეს, ცოტა არ იყოს, პირობითი საკითხია. ყველაზე ლეგიტიმური ლუსტრატორი ერთადერთი შეიძლება იყოს ხალხი და ვერანაირი კომისიები ვერ წაართმევს საზოგადოებას ამ უპირატესობას. საერთოდ, ყველაფრის საფუძვლად ამ შემთხვევაში უნდა მოვიაზროთ სამართლიანობა. თუ კი სამართლიანობა არის, მაშინ ყველაფერს მოითმენს ხალხი _ სოციალურ გაჭირვებასაც და პოლიტიკურ პრობლემებსაც; უამისოდ კი, უბრალოდ, შეუძლებელია, მოსახლეობისგან მოითხოვო რაიმე სახის რაციონალიზმი. ასეთ შემთხვევაში იწყება საყოველთაო ნიჰილიზმი და ყველას უჩნდება განცდა, რომ სახელმწიფო ჩვენზე არ ფიქრობს.

_ პროპაგანდაზე რადგან ვსაუბრობთ, დღესდღეობით ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსი ერთიერთზე იმეორებს წინამორბედის რიტორიკას, _ ევროკავშირი და ნატო ისევ პრიორიტეტად ცხადდება, ხოლო რუსეთის მიმართ, მართალია, ტონი ცოტა შერბილდა, მაგრამ რეალურად ურთიერთობაში წინგადადგმული ნაბიჯები არ ჩანს. როგორ ფიქრობთ, “ქართულმა ოცნებამ» მისდაუნებურად ვერ გაარღვიანაცმოძრაობის» პოლიტიკური ჩარჩოები, თუ ეს ყველაფერი მიზანმიმართული პროცესია?

_ დასაწყისში კლიშეები ვახსენე და დღეს, სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკაც არის სწორედ ამ კლიშეებით შემოზღუდული. 20 წელია, ერთსა და იმავე წრეში ვართ, _ ერთის მხრივ ცუდი რუსეთი და მეორეს მხრივ, მხსნელი დასავლეთი. მე, უბრალოდ, მაინტერესებს, საქართველოს ინტერესები სადაა. შეიძლება, სხვის გინებაში და სხვის ქებაში  საკუთარი თავი დაგავიწყდეს?! მერწმუნეთ, არც რუსეთს და არც დასავლეთს საქართველო თავისთავად არ აინტერესებს, ყველას საკუთარი გასჭირვებია და, თუ კი ან ერთი ან მეორე გეპოტინება, მხოლოდ მისი ინტერესებიდან გამომდინარე; აქ ახლა შენი პოლიტიკის ადეკვატურობა განისაზღვრება იმის მიხედვით, რა გასაღებს მოუძებნი ამ პროცესებს. გამონახავ შუალედურ გზას და შეიძლება, რომ დიდი სახელმწიფოების ინტერესთა შეჯახების ასპარეზად არ იქცე, გექნება სტაბილურობა, რომელიც, როგორც მინიმუმ, უკუსვლას არ მოგიტანს. ვერ გამონახავ ამ გზას, შედეგი ყველამ ვიცით, რა შეიძლება იყოს, იგივე 2008 წლის აგვისტოს მოვლენების მაგალითზე.

_ რაც შეეხება ევროპასა და ევროკავშირს, ობიექტურად რამდენად არის დღეს საქართველოს სტრატეგიულ ინტერესში დასავლეთთან ინტეგრაცია? რამდენად არის ეს ჩვენი ისტორიული არჩევანი?

_ ეს ისტორიული არჩევანის თემა უკვე, ცოტა არ იყოს, სასაცილოდ გამოიყურება, მაგრამ დავანებოთ ამას თავი, ჩვენ პრობლემა ევროპელ ხალხთან კი არ გვაქვს, არამედ იმ კასტასთან, რომელმაც ხელში ჩაიგდო მთელი ევროპის ბერკეტები. მერწმუნეთ, მოსახლეობას, რიგით მოქალაქეებს არავინ არაფერს ეკითხება, იქ არის ადამიანების რაღაც მცირე ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკურსაც, ეკონომიკურსაც და საერთოდ ყველანაირ პროცესებს, რაც კი მიმდინარეობს ამ უზარმაზარ გაერთიანებაში.

ახლა სოციალურ კეთილდღეობას რაც შეეხება: ბევრს ჰგონია, რომ თუკი ჩვენ ევროპულ ოჯახში შევალთ, სამოთხეში ვიცხოვრებთ, ამ დროს ნებისმიერი მოქალაქე რომ გააჩერო დღეს დასავლეთში, გინდა ფრანგი, გინდა იტალიელი და გინდა, ინგლისელი, გეტყვის, რომ გაცილებით უკეთ ცხოვრობდა ევროკავშირში შესვლამდე…

_ თქვენი აზრით, ჩვენც უარესად ვიცხოვრებთ, თუკი ევროკავშირში შევალთ?

_ არ მინდა, ზერელე შეფასებები გავაკეთო, მაგრამ ისტორიულ არჩევანზე როდესაც ვსაუბრობთ, ელემენტარული ხომ უნდა გვესმოდეს, რას გულისხმობს ეს არჩევანი. ხანდახან მრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ არც ისტორია ვიცით და არც არჩევანის მნიშვნელობა გვესმის. ასე ზერელედ მიღებული გადაწყვეტილება კიდევ რას მოუტანს სახელმწიფოს, არ ვიცი.

საზოგადოების ყურადღების გადატანა მთავარიდან მეორეხარისხოვანზე ათასგვარი თოქშოუებით, ურთიერთბრალდებებით და რაღაც უაზრო განცხადებებით, ამ დროს პარლამენტი თავისთვის, წყნარად მუშაობს ანტისახელმწიფოებრივ კანონმდებლობებზე, რომლებიც პირდაპირ დამანგრეველია ქვეყნისთვის.

_ კონკრეტულად რომელ კანონს გულისხმობთ?

_ მაგალითად, ამ ზაფხულს დაიწყეს ისეთი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა, რომლითაც ადვოკატებს ჩამოერთვათ აბსოლუტურად ყველა უფლება. კაციშვილს არ ამოუღია ხმა ზაზა ხატიაშვილის გარდა და ახლა, იცით, რა მდგომარეობა გვაქვს? რამე რომ დაგჭირდეს სისხლის სამართლის საქმეში, ადვოკატი, ფაქტობრივად, ვერაფერს გააკეთებს, იმდენადაა შებოჭილი და შეზღუდული.

_ ისე, თავის დროზე სააკაშვილის უკანონო ქმედებებზეც სდუმდა საზოგადოება.

_ ჩვენ კარგად გვახსოვს, თითქმის სამი წელი დასჭირდა ქართველ ხალხს, რომ “ნაცმოძრაობის» აღვირახსნილობაზე ხმა ამოეღო. მე არ ვიცი, ამ ხელისუფლების მიმართ რამდენად ფხიზლები ვიქნებით, მაგრამ ერთი რამის თქმა დანამდვილებით შეგვიძლია, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, სუფთა პოლიტიკური წარსულის მქონე ხალხი ნამდვილად არ გვყავს სათავეში.

_ ეს ივანიშვილსაც ეხება? თუმცა ის უკვე არ არის პოლიტიკაში.

_ ეგ საკითხავია, არის თუ არა. მის წარსულს რაც შეეხება, ნებისმიერმა გლეხურ დონეზე მოაზროვნე ადამიანმაც კი იცის, რომ მილიარდები ჩვეულებრივი ბიზნესით არ იშოვება, თუ არ ხარ დიდი გაქანების მქონე ხელოვანი, მაგალითად, როგორიცაა მოქანდაკე წერეთელი რუსეთში. მოკლედ, მე იმის თქმა მინდა, რომ გაიდეალება არავისი შეიძლება, მით უმეტეს პოლიტიკოსის და ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა საქართველოს მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა, როცა ჩათვალა, რომ პოლიტიკაში ივანიშვილის მოსვლით გვეშველა. იმედია, ამ შეცდომის შედეგის გამოსწორება დაგვიანებული არაა.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

 

1 COMMENT

  1. ერემაძის განცხადებასი ერთი ჭეშმარიტი აზრია მხოლოდ=„ნებისმიერი ევროპელი მოქალაქე გეტყვით,რომ გაცილებით უკეთ ცხოვრობდა ევროკავშირში შესვლამდე“…
    რაც შეეხება განათლებას =ყველგან არაპროფესიონალიზმი და ეს უკვე გაცილებით დიდი ხნით ადრე თარიღდება ეს არაცივილურობა, ვიდრე ერემაძეს წარმოუდგენია.
    ივანიშვილმა მოგვაშორა სამთავიანი გველეშაპი და ამას ერემაძე კარგად ხედავს.
    ივანიშვილის ქველმოქმედება მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილისთვის,ეს უნდა განიხილოთ და შეადაროთ იმას, რაც თქვენ თვითონ და დანარჩენმა ბიზნესმენებმა გააკეთეს ქართველი მოსახლეობისთვის.
    დოყლაპია ბავშვებივით,რომ ყველაფერს ერთი კაცისაგან მოითხოვთ!

  2. ევროპუპსისტები,ორივენი ერთად აგებული ნაც-ოცნება, ქართველმა ხალხმა, ჯანდაბაში ან მოუსავლეთში ან თუნდ გაGმა,მარილზე უნდა გაგზავნოს. სამართლიანობა თუ არ აGდგებოდა, ვინ ეხვეწებოდა მილიარდერს ქართველი ხალხის დაპირებას და ასე უსირცხვილოდ მოტყუებას. 2+3=5 და 3+2=5 ხედავთ მსგავსებას ნაცებს+ოცნება=ევროპუპსისტებს და ოცნებას+ნაცები=ევროპუპსისტებს მე ვხედავ რომ შედეგი საქართველოს მოსახლეობის გაბრიყვებაა რომელთა გამოყენებით,მილიარდელები ტრილიონებს შოულობენ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here