Home რუბრიკები სამართალი ფარცხალაძემ პროკურატურა ადეიშვილის კადრებით გაავსო

ფარცხალაძემ პროკურატურა ადეიშვილის კადრებით გაავსო

1133

«ქართული ოცნების» წინასაარჩევნო დაპირება მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შექმნა იყო, რომელიც უკანონო პატიმრების საკითხს შეისწავლიდა, მაგრამ უკვე გამოცხადდა, რომ ეს კომისია აღარ შეიქმნება. მაშინ რატომ დაჰპირდა მმართველი გუნდი ამას ხალხს წინასაარჩევნოდ? რა საკადრო გადაადგილებები ხდება პროკურატურასა და შსსში? გადაიქცევა თუ არა პროკურატურა მონსტრად და რატომ დანიშნა ღარიბაშვილმა შს მინისტრად მერაბიშვილის ფავორიტი ალექსანდრე ჭიკაიძე? «საქართველო და მსოფლიოს» ამ საკითხებზე ადვოკატი ნონა ფილაური ესაუბრა.

 

_ ამ კომისიის შექმნა სამართლიანობის აღდგენის ერთადერთი ალტერნატიული გზა და მექანიზმი იყო. ევროკავშირის მრჩეველმა თომას ჰამერბერგმა მხოლოდ ერთი რამ თქვა: ეს კომისია უნდა დაკომპლექტებულიყო აპოლიტიკური ადამიანებითა და პროფესიონალებითო, რომლებსაც უნდა ეზრუნათ სიმართლის დადგენისთვის, ანუ აქ უკანონობა-კანონიერებაზე არ იყო საუბარი. თუმცა აქ იყო ასევე საქართველოში აშშ-ის სავაჭრო პალატის პრეზიდენტის _ სარა უილიამსონის შენიშვნაც, ის კონკრეტულად ეკონომიურ საკითხს აყენებდა და მას ანიჭებდა პრიორიტეტს. მან განაცხადა, რომ უნდა გათვალისწინებულიყო ორი რამ: ერთი, კომისიის შექმნა რა ხარჯებთან იყო დაკავშირებული და საიდან უნდა მოეძებნა სახელმწიფოს ეს ხარჯები; მეორე, კომპენსაციის გაცემის საკითხი და, მე რატომღაც ვფიქრობ, ეს აღმოჩნდა კატალიზატორი ახალი ხელისუფლებისთვის, თუმცაღა მაინც მინდა ვთქვა, რომ პატიმრები დღეს ისეთ პირობებში არიან, იმდენი უსამართლობა გადაიტანეს, რომ კომპენსაციაზე ამ წუთში ნამდვილად არ ფიქრობენ. სხვათა შორის, ისინი უფრო სახელმწიფოებრივად აზროვნებენ, ვიდრე სხვებიარც კი მოითხოვენ ამ კომპენსაციას, ოღონდ დატოვონ ციხეები. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ «ქართული ოცნება» ამერიკის გავლენის ქვეშ მოექცა და ამიტომ გადაავადა ამ კომისიის შექმნა ან არ აქვს უნარი, რომ ამ კომისიის შექმნა ამ ეტაპზე განახორციელოს.

_ კი მაგრამ, ქსნის კოლონიაში 40-60 კაცამდე შიმშილობს ამ კომისიის შექმნის მოთხოვნითგარდა ამისა, არაერთი პატიმარი და მათი ოჯახი უკმაყოფილოა მართლმსაჯულების სისტემის სიზანტის გამო და რა დროს აშშის გავლენის ქვეშ მოქცევაა?!

_ რომ ჰკითხოთ, პრიორიტეტს დასავლურ ღირებულებებს ანიჭებენ და ვითომ ევროპისკენ მივდივართ, რეალურად კი ამერიკულ ხედვებს ვიზიარებთ!  დიახ, ამერიკელებმა გვითხრეს, ეს არ უნდა გააკეთოთ, რადგან აქ შეგექმნებათ პრობლემაო და არ გააკეთეს; არ გაიზიარეს ის, რომ ჩვენ ევროპისკენ ,,მივდივართ» და დემოკრატიაზე ვსაუბრობთ… გამოდის, ახალი ხელისუფლებაც ზუსტად ისე უყურებს სამართლიანობის აღდგენის საკითხს, როგორც ძველი. სამართალი ურმით დადისო, დღეს არანაირი ურემი არ არსებობს. ურემი უნდა გყავდეს, რომ იარო, ხომ? ამ შემთხვევაში სამართლიანობის ურემი საერთოდ არ არის შექმნილი.

_ ხომ არ არის ამ კომისიის არშექმნის საკითხი დაკავშირებული პროკურატურასა და შსსში განვითარებულ საკადრო გადაადგილებებთან? ითქვა, რომ პროკურატურიდან მასობრივად უშვებენ კბილაშვილის კადრებს და მოჰყავთ ადეიშვილის კადრები

_ პროკურატურაში ძალიან ცუდი პროცესები მიდის, ძალიან ცუდი საკადრო ცვლილებები განხორციელდა. ჩემი ინფორმაციით, ის პროკურორები, რომლებზეც ძალიან ბევრი საჩივარია შეტანილი, ფარცხალაძის მოსვლის შემდეგ თანამდებობრივად დაწინაურდნენ. პროკურატურაში ადამიანები არ უნდა დაინიშნონ პოლიტიკური ნიშნით, მთავარი უნდა იყოს მათი პროფესიონალიზმი და გამოცდილება. და როცა გამოცდილებასა და პროფესიონალიზმს უკეთებენ იგნორირებას, პროფესიონალ კადრებს უშვებენ სამსახურიდან, თანაც ისეთებს, რომელთა მიმართ საჩივრებიც კი არ არსებობს, ხოლო ტოვებენ მათ, ვის მიმართაც ძალიან ბევრი პრეტენზია აქვს საზოგადოებას, აქ უკვე მართლა ჩნდება კითხვა: რატომ ხდება ეს?

_ თქვენ რით ხსნით ამ ფაქტს?

_ დიახ, გაუშვეს კბილაშვილის კადრები, ისინი, ვინც ახალი დანიშნულები იყვნენ, რომლებმაც ვერ აღადგინეს სამართლიანობა, მაგრამ სამწუხაროა, რომ მათ შორის იყვნენ პროფესიონალებიც. ვიმეორებ: დატოვეს ისეთი კადრები, რომლების მიმართაც ძალიან ბევრი კითხვა და პრეტენზია არსებობს. რატომ? ალბათ, ის კადრები, რომლებიც დატოვეს, ძალიან ბევრ უკანონობას სჩადიოდნენ და ხომ არ აქვს პროკურატურას დღეს იმის სურვილი, რომ იგივე მეთოდებით მუშაობა გააგრძელოს, როგორიც მის წინამორბედ რეჟიმს ჰქონდა?! 

დღეს კვლავ თანამდებობაზეა ერთი პროკურორი, რომელიც ადრე სასჯელაღსრულების დეპარტამენტს ზედამხედველობდა და წამებაზე პროკურატურაში შესულ არაერთ განცხადებას აკონტროლებდა,  სასჯელაღსრულებს დაწესებულებას ავალებდა, რომ პატიმრები ჭკუაზე მოეყვანათ _ განცხადებებში აღეწერათ არა რეალური ფაქტები, არამედ ის, რაც მათ ხელს აძლევდათ. ეს ადამიანი დღესაც თანამდებობის პირია… ახლა თავს შევიკავებ მისი სახელისა და გვარის დასახელებისგან. მას პასუხი არ მოეთხოვა იმ უკანონობებზე, რაც ჩაიდინა. სამწუხაროა, რომ ასეთი მიდგომა არსებობს და ის, რომ საზოგადოება განიცდის ამ უსამართლობას, ვფიქრობ, ხელისუფლებას  ცუდად მოუბრუნდება. დიახ, «ოცნება» ძალიან ცუდ დღეში ჩავარდება. სხვათა შორის, «ნაცებმაც» კი არ დაიწყეს თავიდან ასე, მეტად რბილები იყვნენ, შემდეგ შევიდნენ როლებში და ამათაც გადაიბარეს ეს მემკვიდრეობა. ადეიშვილის კადრები არც წასულან პროკურატურიდან. ვფიქრობ, პროკურატურა კვლავ დახურულ მონსტრად იქცევა. იმ დროს, როდესაც სისტემაში არის ძალიან ბევრი პრობლემა, სისტემა ყოველთვის იკეტება. ის კი ავიწყდებათ, რომ სამართლიანობის აღდგენა პროკურატურის ვალდებულებაა.

_ სახალხო დამცველიც სერიოზულად აპროტესტებს პროკურატურიდან ამ ადამიანების ასეთი ფორმით მოშორებასთქვენი ინფორმაციით, კიდევ ვის გაუშვებენ, ვის დააწინაურებენ, იქნებ დაგვიკონკრეტოთ

_ მას შემდეგ, რაც გახმოვანდა, რომ პროკურორების უფლებები შეიზღუდა  და დააწერინეს განცხადებები წასვლის თაობაზე, ეს პროცესი შეჩერდა. ჯერჯერობით, ცვლილებები არ იგეგმება, რაღაც პერიოდი თავს შეიკავებენ, ვნახოთ…

_ შსსშიც დაახლოებით მსგავსი პროცესები მიდის – «ოცნების» მიყვანილი კადრების ჩანაცვლება ხდება ძველი, «ნაცების» დროინდელი კადრებითორა აუცილებლობით არის განპირობებული შსს ბირთვში მაინცდამაინც ვანო მერაბიშვილის დროინდელი კადრების დანიშვნა? თავად ჭიკაიძის შესახებ ვიცით, რომ ის ესწრებოდა 26 მაისის დარბევას. ასე განაცხადა, ღარიბაშვილმა (სეირს უყურებდა, ალბათ). ამის შემდეგ, როგორც ამბობენ, მერაბიშვილისგან რამდენიმე კაცმა, მათ შორის ჭიკაიძემ, სიტყვიერი მადლობა და ფულადი ჯილდოც კი მიიღოო. არ შეიძლებოდა უფრო სუფთა ბიოგრაფიის კაცის დანიშვნა შს მინისტრის პოსტზე?

_ ჭიკაიძე, რა თქმა უნდა, მერაბიშვილის კადრია. შეიძლება ის არ იყო აქტიური იმ დარბევებში, მაგრამ მაინც თანამონაწილედ ითვლება. ასე რომ, იმის თქმა, რომ ის აქციაზე იყო, მაგრამ მონაწილეობა არ მიიღო დარბევაში, მინისტრისთვის დამამშვიდებელი არანაირად არ უნდა იყოს. მინისტრია, რიგითი პოლიციელი ხომ არა?!

_ 26 მაისის სისხლიანი სადამსჯელო ოპერაციის კულმინაცია შენობების სახურავებზე ნაპოვნი ორი მოკლული იყო. გაჟონა ინფორმაციამ, რომ დალაქიშვილის გარდა, იმ ზონდერებს, რომლებმაც 26 მაისს ხალხი დახოცეს და ამ გვამების აღმომჩენ ძალოვნებს ჭიკაიძე შსსში აბრუნებს, ამაზე რას იტყვით?

_ დიახ, ბევრს აბრუნებს, ბევრს _ არა… ერთს ვიტყვი: როცა შენ მიცვალებულებს მალავ, ეს დანაშაულია! ისეთმა ადამიანმა აღმოაჩინა ეს გვამები და გადააადგილა, რომელიც დღეს პოლიციაში არ მუშაობს, მაგრამ პოლიციის, ასე ვთქვათ, შავი საქმეების შემსრულებელია. და, თუ ეს ადამიანი არ გაჩერდება, რა თქმა უნდა, მისი მხილება აუცილებელი გახდება და ამას პირველად თქვენი გაზეთის მეშვეობით შეიტყობს საზოგადოება. დანარჩენი ორი ადამიანი (გვამების აღმომჩენი) კი ახლაც მუშაობს შსს-ში. დაბოლოს, თქვენ არ გაქვთ იმის განცდა, რომ შეიძლება მერაბიშვილზეც დადგეს გამამართლებელი განაჩენი? ხომ არ არის ეს პიარაქცია და ხომ არ ხდება კულუარული მართლმსაჯულების დამკვიდრება საქართველოში? მე კი ვფიქრობ, მართლმსაჯულებამ კულისებში გადაინაცვლა.

ესაუბრა

ქეთი ხომერიკი

 

1 COMMENT

  1. სამწუხაროა მაგრამ ფაქტია, რომ ,,ოცნება" იმავე პოლიტიკის გამგრძელებელი აღმოჩნდა, რასაც ნაცები ატარებდნენ. განსხვავება ის არის, რომ ჯერ-ჯერობით ამაზე ხმამაღლა საუბარი შეიძლება, მაგრამ ყველაფრით ეტყობა, რომ ახალი უფრო მძლავრი და შეუბრალებელი დიქტატურა მოდის. დიქტატურა მოვა ნაცებთან ბრძოლის ლოზუნგით და ვინც ამ სენს ებრძოდა უპირველესად ისინი მოვყვებით ქვეშ.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here