ქართველ ხალხს ახსოვს, ალბათ, ოქტომბრის არჩევნების შემდეგ შეშინებული «ნაცები», მერე _ ისევ გადიდგულებული, კოაბიტირებული და დანაშაულშერჩენილი. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კოჰაბიტაცია დასრულდება და სამართალიც სრულად იზეიმებსო, გვარწმუნებდნენ, მაგრამ არჩევნებიდან ზუსტად რამდენიმე დღეში ყველამ ვიხილეთ გიორგი ბარამიძის გამოსვლა ტელევიზიით, თუ როგორი შეურაცხმყოფელი სიტყვებით საუბრობდა მის მიერ განადგურებულ აფრასიძეებზე, როგორ ამართლებდა თავის საქციელს, ოდნავი სინანულის გრძნობაც არ ჰქონდა, მით უმეტეს, რომ სააკაშვილმა რამდენიმე წლის წინ აფრასიძეების წინააღმდეგ განხორციელებული ვანდალიზმი ძალის გადაჭარბებად შეაფასა.
აფრასიძეების საქმეზე დაპატიმრებას ვინღა ჩივის, დღემდე დაკითხულიც კი არ არის არც ერთი დამნაშავე. არადა, დანაშაული ხელისუფლების მხრიდან საჯაროდ აღიარებულია, რადგან სააკაშვილის 2009 წლის გამოსვლა, ფაქტობრივად, აღიარებითი ჩვენება იყო. რატომ დადის სასტიკ დანაშაულში ეჭვმიტანილი ბარამიძე თავისუფლად და რატომ საუბრობს ასეთი გონორით, ამის გარკვევას «საქართველო და მსოფლიო» აფრასიძეების ადვოკატთან _ ირმა ჭკადუასთან შეეცადა.
_ ქალბატონო ირმა, რა ვითარებაა აფრასიძეების საქმესთან დაკავშირებით?
_ პროკურატურაში, როგორც კი ახალი ხელმძღვანელობა მოვიდა, ძალიან ინტენსიურად დაიწყო საქმის გამოძიება, ბევრი მოწმე დაიკითხა, პრაქტიკულად, დარჩენილი იყვნენ ის მაღალჩინოსნები, რომლებიც აფრასიძეების საქმეში ფიგურირებდნენ და იმუნიტეტი იცავდათ, მათ შორის იყო საქართველოს პრეზიდენტიც, რომელმაც აღიარებითი ჩვენება საჯაროდ მისცა. სააკაშვილმა «რადისონის» გახსნის დღეს აღიარა, რომ აფრასიძეების წინააღმდეგ სპეცოპერაცია ძალის გადაჭარბებით ჩაატარეს.
ის, რაც «ნაცებმა» აფრასიძეების წინააღმდეგ განახორციელეს, სპეცოპერაცია არ იყო, ეს იყო მიზანმიმართული ომი, გამოცხადებული სახელმწიფოს მიერ ერთი ოჯახის წინააღმდეგ. ამ ომში მონაწილეობდა 1200 სპეცრაზმელი 12 ვერტმფრენით. ამ დროს ოფიციალურად ცნობილია, რომ ტამიშთან ბრძოლის დროს მხოლოდ შეიარაღებული ძალების 800 წარმომადგენელი იყო.
_ ბარამიძე თავად აცხადებს, საშუალება რომ მქონოდა, მეტსაც წავიყვანდიო…
_ ბარამიძე, რასაკვირველია, ამას იტყვის, რადგან მას აღარაფერი დარჩენია, გარდა იმისა, რომ თავი იმართლოს. ყველაფერი სწორედ მისი გადაწყვეტილებით მოხდა, მისი ხელმძღვანელობით იქნა ლიკვიდირებული უკვე დაკავებული ადამიანები. სწორედ მან დაწვა დაჭრილი და დატყვევებული ევგენი აფრასიძე, ბარამიძემ მოსახლეობას არ მისცა საშუალება, გვამი გამოეტანათ ცეცხლწაკიდებული სახლიდან. იგი ხელებს ითბობდა ცეცხლზე, რომელიც სახლს ეკიდა და რომელშიც ადამიანი იწვოდა. მართალია ისიც, რომ იგი მიმართავდა მეზობლად მცხოვრებ ქალბატონებს, რომ მისთვის კუბდარი გამოეცხოთ, რაზეც უარი მიიღო, შემდეგ კი თავისი თანამებრძოლები გააგზავნა, საჭმელი მოატანინა და ჭამაც იქვე დაიწყო. ცარიელი კონსერვის ქილები იქვე დატოვეს. ამ ფაქტის მოწმე მოსახლეობაა. ბარამიძის ბრძანებით იბომბებოდა ის სახლი, რომელშიც ოთხ მცირეწლოვან ბავშვს და ორ ქალს ეძინათ, მათ შორის ერთი ღრმად მოხუცებული იყო, ხოლო მეორე, შმაგი აფრასიძის მეუღლე, ფსიქიურად დაავადდა და დღემდე ფსიქიატრიულში მკურნალობს.
აღნიშნული სპეცოპერაცია სააკაშვილის, ადეიშვილის, მერაბიშვილის დიდი დამსახურებაა, რაც სააკაშვილმა აღიარა კიდეც. ოჯახს მთლიანად გაუნადგურეს კერძო საკუთრება, ორი ადამიანი მოკლეს და ორი _ ციხეში საშინელ პირობებში გაუშვეს. ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი მოხუცთან ერთად ქუჩაში დატოვეს და წლების განმავლობაში არავის უკითხავს, თუ სად და რა პირობებში ცხოვრობდნენ ისინი. ნათესავებთან კარდაკარ სიარულში გაზარდა ბავშვები დოდო აფრასიძემ.
მოგეხსენებათ, აღნიშნული საქმე სტრასბურგშია გაგზავნილი და მას შემდეგ, რაც ხელახლა დაიწყო ძიება, ევროსასამართლომ შემოგვთავაზა მორიგება და კომპენსაციის სახით ზარალის ანაზღაურება, რადგან მკვდრებს ვერ გააცოცხლებენ, ცოცხლებს კი შველა სჭირდებათ. თანაც ამნისტიის შემდეგ აფრასიძეებმა საპყრობილე დატოვეს.
ჩემი შეხედულება ბარამიძეზე ასეთია: ის არის უთვისტომო, გულქვა ადამიანი, რომელიც თავის გადარჩენაზე ზრუნავს და ოდნავადაც არ აქვს სინანულის გრძნობა. თუმცა ძალიან ცდილობს, რომ სპეცოპერაციის კანონიერება დაამტკიცოს, მაგრამ ვერ შეძლებს, რადგან მათ მიერ შეკერილ საქმეშიც კი არსად დევს, რომ აფრასიძეების ოჯახიდან იარაღი ამოიღეს, ერთი ცალი მაინც, რომ წინააღმდეგობა გაეწიათ. ბარამიძეს არ აქვს არანაირი საფუძველი, თავდასხმა გაამართლოს. აფრასიძეებს იარაღი რომც ჰქონოდათ, არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენებდნენ, რადგან სახლში მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავდათ და თან ხედავდნენ, რომ აურაცხელი სპეცრაზმელის გარემოცვაში იყვნენ.
ევგენი აფრასიძე სახლიდან ხელებაწეული გამოვიდა, თავდამსხმელებს მიმართა, რომ აქ ვართ და გნებდებითო. ევგენი აფრასიძეს ტყვია იღლიაში აქვს მოხვედრილი, მერე დაჭრილი შეიყვანეს საკუთარ სახლში და ცოცხლად დაწვეს.
თუ ბარამიძეს ჰგონია, რომ ეს შერჩა და დიდი ალბათობაა ამისა, მე ვიტყვი, რომ უფალი სამართლიანია, მას უფლის რისხვა აუცილებლად დაატყდება თავს. ხოლო სამართლებრივ საკითხს რაც შეეხება, გამოძიება მიმდინარეობს და იმედს ვიტოვებ, კოჰაბიტაციის რეჟიმში ყოფნის შედეგი იყო ის, რომ დღემდე ბარამიძე დაკითხულიც კი არ არის ამ საქმეზე და არ აქვს ბრალი წაყენებული. მართალი გითხრათ, ნაკლებად მჯერა, რომ კოჰაბიტაცია დასრულდა ან დასრულდება, რადგან ქვეყანა სერიოზულ ზეწოლას განიცდის, ჩვენ გვავალდებულებენ და გვაიძულებენ, დავივიწყოთ მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილი ყველა დანაშაული და ვაპატიოთ მათ. ასევე, დარწმუნებული ვარ იმაშიც, რომ ამ საქმეზე არავის დაიჭერენ, რადგან, თუ აფრასიძეების საქმეზე ვინმეს დაჭერა და დასჯა უნდოდათ, საამისოდ საქმის ყველა მტკიცებულება ხელთ ჰქონდათ, ოღონდ ბარამიძისთვის იმუნიტეტის მოხსნაზე უნდა ემსჯელათ, ეს კი არ გააკეთეს.
ახლა, როდესაც სააკაშვილი უკვე აღარ არის საქართველოს პრეზიდენტი, ვერ ვხედავ ნებას, რომ მისი დანაშაულის სახალხოდ აღიარების საფუძველზე მის დაკითხვას ვინმე აპირებდეს.
პროკურატურაში ცვლილებები მიმდინარეობს, ამიტომ ამ საკითხთან დაკავშირებით ცოტა ხნით შევჩერდებით, იმ დრომდე, ვიდრე კონკრეტულ ადამიანებს არ გადაეცემათ საქმე ძიებისთვის. მერე გავერკვევით, თუ რას გეგმავენ, რადგან საქმეში სრულად არიან გამოკვეთლი ბრალწასაყენებელი პირები.
სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ უყურადღებოდ ბევრი საქმეა დარჩენილი და არამარტო აფრასიძეების. მე ვაზაგაშვილის ადვოკატიც ვარ, მათ ინტერესებს ვიცავ, მათ საქმეზეც პროკურატურასთან ინტენსიური თანამშრობლობა მქონდა, მპირდებოდნენ, რომ აწარმოებდნენ დაკითხვას, იკვლევდნენ ფაქტებს… დარწმუნებული ვარ, პირთა ბრალეულობაც დადგენილია, მაგრამ ბრალის წაყენებას კონკრეტული ადამიანები აფერხებენ.
_ ვინ არიან ის ადამიანები, რომელთაც საქმის შეფერხება შეუძლიათ?
_ ესენი გახლავან ის ადამიანები, რომლებიც ჯერ კიდევ «ნაციონალების» ზემოქმედების ქვეშ არიან და პროკურატურაში სხედან. საქმეები გამოძიებულია და დღის შუქზე არ გამოდის მხოლოდ იმიტომ, რომ კოჰაბიტაციაა და მაღალჩინოსნებს დასავლეთი იცავს, რასაც ახალი ხელისუფლება ანგარიშს უწევს.
ჩვენ ცოტა ხანს დაველოდებით და შემდეგ განცხადებებს გავაკეთებთ. დიდი იმედი მაქვს, რომ ვენდეტაზე არ გადავალთ, რაც, ალბათ, ყველაზე სამწუხარო და შემაშფოთებელი იქნება, თუმცა უკვე ჩანს, რომ სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოსული ხელისუფლება არ აპირებს პირობის შესრულებას. დღემდე ციხეში სხედან ადამიანები, რომლებიც უკანონოდ იხდიან სასჯელს, ხოლო გარეთ დადიან ისინი, ვისაც სასტიკი დანაშაული აქვთ ჩადენილი. არ მომხდარა და არც მოხდება წართმეული ქონების უკან დაბრუნება, რადგან ამბობენ, რომ ყველა გამამართლებელი განაჩენი ეკონომიკას ურტყამსო. აქედან გამომდინარე, შეურაცხყოფილი, გაუპატიურებული, განადგურებული, ქონებაჩამორთმეული ადამიანები, როდესაც საბოლოოდ დარწმუნდებიან, რომ არავინ მათ დაცვას არ აპირებს, თავად დაიწყებენ შურისძიებას. ამის რამდენიმე «მსუბუქი» მაგალითი უკვე გვაქვს. ხელისუფლება ვალდებულია, დაიცვას თავისი მოქალაქეები არამარტო ნამდვილი კრიმინალებისგან, არამედ იმ დამნაშავეებისგანაც, რომლებიც ხელისუფლებაში სხედან.
ძალიან ცუდია, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების რამდენიმე გამამართლებელი განაჩენი დადგა, რაც პირდაპირ პოლიტიკური დაკვეთა იყო. არ ვისურვებდი იმ ქვეყანაში ცხოვრებას, სადაც სამართალი შერჩევითია, არ მინდა, თუნდაც რიგითი მოქალაქე ვიყო ისეთი ქვეყნისა, რომელსაც ასეთი სასამართლო და პროკურატურა ეყოლება. ძნელია, ერთ დღეში შეცვალო პროკურატურა, მაგრამ მარტივი იყო იმ პროკურორების შეცვლა, რომელთაც დანაშაულიც აშკარა იყო და ბევრი ადამიანი უჩიოდა. პრეტენზია მაქვს პარლამენტთან, რადგან მთელი რიგი ცვლილებებია გასატარებელი, რომელთა მოგვარებასაც მხოლოდ ერთი სასესიო კვირა ეყოფოდა. მუდმივად წარსულზე აპელირება ძალიან ცუდია, განსაკუთრებით, როცა სათქმელიც აღარაფერი დარჩა და ყველამ ყველაფერი იცის. დღეს რეალურად უნდა შევხედოთ პრობლემებს და მათ გამოსწორებაზე ვიფიქროთ.
_ თქვენ მიერ დახატული სურათიდან ერთი დასკვნის გამოტანა შეიძლება: ყველას ყველაფერი შერჩება, მათ შორის, ბარამიძესაც. აფრასიძეები მშიშრები არ არიან; არ ეშინიათ, რომ ისინი სულს მოითქვამენ და თავად გაუსწორდებიან ყველას?
_ ღმერთმა დაიფაროს, რომ აფრასიძეებმა ეს გადაწყვეტილება მიიღონ. სახელმწიფოს თუ დღეს პრეტენზია აქვს იმაზე, რომ შედგა, მაშინ მას უნდა ჰქონდეს იმის პასუხისმგებლობა, რომ საკუთარი მოქალაქეები დაიცვას. სახელმწიფო ვალდებულია, დამნაშავეს დანაშაული დაუმტკიცოს და პასუხი აგებინოს, ეს მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს. დღეს სასამართლოში სასაცილო მდგომარეობაა, თუმცა ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ დანაშაულის ჩადენიდან ბევრი დროა გავიდა და მტკიცებულებებიც განადგურებულია ამა თუ იმ საქმეზე, მაგრამ მაინც ვალდებულება ვალდებულებაა. თუ ვერ ხერხდება კონკრეტული დანაშაულების დამტკიცება, მაშინ ისღა დაგვრჩენია, მთლიანად რეჟიმი გასამართლდეს.
_ ხართ თუ არა ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ბარამიძეს ოდესმე პასუხს აგებინებენ?
_ თუ პროკურატურა მოინდომებს, მაშინ ბარამიძისთვის ბრალის წაყენებას დიდი ძალისხმევა არ დასჭირდება. ბარამიძისა და მისთანების დაჭერას მხოლოდ ნება სჭირდება და მეტი არაფერი, რადგან დანაშაულის მამხილებელი დოკუმენტების წარმოდგენა პრობლემა არაა, მაგრამ ამის ნებას ჯერჯერობით ნამდვილად ვერ ვხედავ. ბარამიძე, შესაძლებელია, არც დაისაჯოს.
ესაუბრა
ეკა ნასყიდაშვილი
რატომ ჩატარდა ეს სპეცოპერაცია ამას რატომ არავინ იძახის რა იყო მიზანი? რომელ სახელმწიფოს აქვს ინტერესი თავისი მოქალაქეების განადგურების?? რატომ სხვა ოჯახს არ დაატყდა იგივე თავს? ეგ აფრასიძეები არ იყვნენ სვანეთში ბუზი ვერ გადაფრინდებოდა მაგათი თანხმობის გატრეშე აკონტროლებდნენ და ხელში ქონდათ აღებული მთელი რეგიონი ძარცვავდნენ და ავიწროვებდნენ იქ ჩასულ ხალხს,ხელისუფლებას ულტიმატუმებს უყენებდნენ,ტყულ უბრალოდ არავის ერჩიან
ნაცქაქები დაისჯებიან, ქვეყანაც რომ გადატრიალდეს მათ არავინ არ აირჩევს, ერთი კიდევ აჩვენონ კადრები არჩევნებს როგორ იგებდნენ, პატარა ბიჭებს როგორ ხმარობდნენ, მკვდრებს რომ აფუჭებდნენ დაორგანოებს აჭრიდნენ.