Home რუბრიკები პოლიტიკა ირინა სარიშვილი: ბიძინა ივანიშვილმა დიდი წვლილი შეიტანა ბაქრაძის მეორე ადგილზე გასვლაში

ირინა სარიშვილი: ბიძინა ივანიშვილმა დიდი წვლილი შეიტანა ბაქრაძის მეორე ადგილზე გასვლაში

1093

ბოლო დროს განვითარებულ მნიშვნელოვან მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ესაუბრება პარტია «იმედის» თავმჯდომარე ირინა სარიშვილი.

_ ქალბატონო ირინა, 27 ოქტომბრის არჩევნების შედეგი, კერძოდ «ნაცმოძრაობის» მეორე ადგილი, საზოგადოების დიდი ნაწილისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. თქვენ რამდენად ელოდით ამ შედეგს და როგორ ფიქრობთ, რა პოლიტიკური კონფიგურაცია შეიძლება მივიღოთ მომავალში?

_ შედეგს, სამწუხაროდ, ველოდი, იმიტომ, რომ ამისთვის ყველაფერი გააკეთა არა მხოლოდ «ნაციონალურმა მოძრაობამ», არამედ ხელისუფლებამაც. პირადად ბიძინა ივანიშვილმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ბაქრაძის მეორე ადგილზე გასვლაში. ის, ჯერ ერთი, უაპელაციოდ აღიარებდა ყველა საეჭვო სოციოლოგიური კვლევის შედეგს, ენდიაის მიერ მომზადებული იქნებოდა ეს თუ მისი, კონკრეტულად ზურაბ ბიგვავას მიერ ჩატარებული და ამასთან არჩევნებამდე, მან ულტიმატუმის შემცველი რამდენიმე განცხადება გააკეთა მეორე ტურის მიუღებლობასთან დაკავშირებით, რამაც გამოიწვია ფაქტობრივად «ნაციონალების» ამომრჩევლის კიდევ უფრო მეტად მოტივირება და მობილიზება. მოკლედ, ასე მოხდა თუ ისე, გაყალბებებთან ერთად და წინასაარჩევნო ყველა მანიპულაციის გათვალისწინებით მეორე ადგილზე გავიდა ბაქრაძე. საერთოდ, ბიძინა ივანიშვილის ნაბიჯები ძალიან მაგონებს მაღალი კლასის მოთამაშის მოქმედებას და ზოგჯერ მგონია, რომ კაზინოში ვცხოვრობთ. მოდის ეს კაცი და მუდმივად გვიგებს ყველას, შედეგად მივიღეთ _ ის სიხარული, რომ «ნაციონალები» აღარ არიან ხელისუფლებაში, რეალურად ჩაიშალა.

_ გარდა ამისა, «ნაცმოძრაობამ» საკუთარი 40 პროცენტის ლეგიტიმაციაც მოახდინა. აწი ისინი უფრო თამამად იტყვიან ხოლმე, მთავარი ოპოზიციური ძალა ვართო.

_ ამაზე კიდევ ცალკე შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ ახლა ხელისუფლების პოზიციაა უფრო მნიშვნელოვანი. ბიძინა ივანიშვილი ხაზგასმით აცხადებდა და დღესაც აცხადებს, რომ მას რუსეთი ვერ შეაჩერებს, რომ ის გააგრძელებს პროდასავლური გზით სვლას და აღებულ კურსს არ გადაუხვევს. ეს ყველაფერი უკვე გასაგებს ხდის, რომ საკითხების ერთი ნაწილი პრაქტიკულად გადაწყვეტილია. მხედველობაში მაქვს საგარეო პოლიტიკა, და საერთოდ, რის საფუძველზე უპირისპირდებიან ხოლმე ერთმანეთს პარტიები? თუკი მათ შორის ფუნდამენტური სტრატეგიული თანხვედრა არსებობს, გაუგებარია, რანაირად ითვლება ერთი მეორის ოპოზიციად. რაც შეეხება საშინაო პოლიტიკას, ის, რომ არჩევნების მერე გუბერნატორები  მარშით გადადგნენ და იგივე გიგა ბოკერიაც წავიდა, არ ნიშნავს «ოცნების» გამარჯვებას. ეს ხალხი რომც არ წასულიყო, რაღაც პერიოდის შემდეგ ისინი ავტომატურად ითვლებიან გადამდგარად და ახალმა პრემიერმა თავიდან უნდა დანიშნოს ადამიანები ამ თანამდებობებზე.

_ რისთვის ემზადებიან «ნაციონალები», როგორ ფიქრობთ?

_ ჩემი აზრით, ისინი ელოდებიან ხელსაყრელ დროს, რათა განახორციელონ სერიოზული შტურმი. სავარაუდოდ, ეს იქნება გაისად, ალბათ, სადღაც თებერვლიდან გაზაფხულის ჩათვლით. ამ შემთხვევაში უზარმაზარი მნიშვნელობა ენიჭება იმას, თუ რა დასაყრდენს იპოვიან ისინი პარლამენტის შიგნით.

_ თქვენ თქვით, რომ «ოცნებას» და «ნაცმოძრაობას», იდეის დონეზე, გასაყოფი და ერთმანეთის საწინააღმდეგო არაფერი აქვთ. თუ ეს ასეა, მაშინ რა შტურმზე ვლაპარაკობთ, რის საფუძველზე შეიძლება მათ შორის რეალური დაპირისპირება მოხდეს?

 _ აქ დამკვიდრებულია ორი პოლიტიკური სუბიექტი და ორივეს უკან დგას ერთი ძალა. აქედან გამომდინარე, უკვე შიდაკონკურენციას ხელს არავინ შეუშლის, ვინაიდან არც ერთ შემთხვევაში შეერთებული შტატები არ რისკავს. იქაც და იქაც მას საკუთარი დასაყრდენი აქვს და მშვიდადაა.

_ და თუკი მათ მიერ გაუკონტროლებელი ძალა მოვა ხელისუფლებაში?

_ მაშინ, ცხადია, იქნება სერიოზული ჩარევა. მეტსაც გეტყვით, ბოლო 15 წლის განმავლობაში საქართველოში არც ერთი თანამდებობის პირი არ მოხვედრილა თავის სკამზე ამერიკის სადაზვერვო სამსახურის «დავერბოვკების» გარეშე. ამას გეუბნებით არა ვარაუდით, არამედ ზუსტად და ძალიან კარგად ვიცი, როგორ ცდილობდა შეერთებული შტატების უშიშროება აბსოლუტურად ყველა ჩვენგანზე გამოსვლას.

_ თავის დროზე, როცა ივანიშვილმა პოლიტიკაში მოსვლაზე განცხადება გააკეთა, მისი ოპონენტების მხრიდან გაისმა ბრალდებები «ქართული ოცნების»  პრორუსულობასთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, ეს ბრალდებები საზოგადოების თვალის ასახვევად იყო?

_ რა თქმა უნდა, ეს იყო აბსოლუტურად გამიზნულად გაშვებული ხმა, რომ ხალხი, რომელიც ცოტა სხვანაირად ფიქრობდა, მიეზიდათ ივანიშვილისკენ; ანუ საზოგადოების რუსეთთან ურთიერთობის აღდგენის მომხრე ნაწილის კონცენტრაცია უნდა მოეხდინათ ისევ პროამერიკულ ძალაზე და ეს ყველაფერი ისე უნდა მომხდარიყო, რომ საზოგადოება კარგა ხანს ვერაფერს მიმხვდარიყო. საბოლოო ჯამში ჩვენ მხოლოდ ვიზუალში მივიღეთ სხვაობა, თორემ შინაარსობრივად არაფერი შეცვლილა. უბრალოდ, შეურაცხყოფები, რომელთაც სააკაშვილი თავისი ჭიხვინით აყენებდა მოსახლეობას, ახლა ცოტა სხვანაირი ქმედებით შეიცვალა.

_ მოკლედ, 1-ლი და 27 ოქტომბრის არჩევნებში საზოგადოებამ საკუთარი ნება ვერ გამოხატა, ხალხი სულ სხვა რამეს ელოდა და შედეგად სულ სხვა რამ მივიღეთ. როგორ ფიქრობთ, რა გზა რჩება მოსახლეობას იმისთვის, რომ მიმდინარე პროცესების მართვაში რეალურად ჩაერთოს?

_ არ მიყვარს პესიმისტური პროგნოზების გაკეთება, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს და არც ეს იქნება გამოუვალი, მაგრამ რაც მეტი დრო გადის, სულ უფრო ვიწროვდება ის სინათლის სხივი, საიდანაც შეიძლება, საქართველომ თავი დააღწიოს ამ ვითარებას. ერთის მხრივ, საგარეო პოლიტიკის არშეცვლა უზარმაზარი ფიზიკური საფრთხეების წინაშე აყენებს ქვეყანას და მეორე მხრივ _ საშინაო პოლიტიკის «ნაციონალებთან» შეთანხმებით გატარება უკვე იმას ნიშნავს, რომ დამოკიდებულება ხალხის მიმართ რჩება აბსოლუტურად იგივე. კიდევ ვიმეორებ: არ მინდა, რაღაც შავი მომავალი დავხატო, მაგრამ ხომ ძალიან ძველი ერი ვართ, ბოლოსდაბოლოს გადაშენებულან ეს ძველი ერები და ჩვენც გადავშენდებით.

_ ესეც მიზანმიმართული გეგმაა?

_ მიზანმიმართულია თუ არა, ეს პოლიტიკა აქეთკენ მიდის. ისევე, როგორც დღევანდელი რომაელები იმ ძველი რომაელების შთამომავლები არ არიან და არც ბერძნები არიან ის ძველი ელინები, ჩვენც გადავშენდებით. მერე, ალბათ, დარჩება ერის ძალიან მცირე ნაწილი, რომელიც გამრავლდება, თუ გამრავლების მეთოდებსაც არ შეცვლიან და მას დაერქმევა ქართველი.

_ ივანიშვილის შემცვლელად ირაკლი ღარიბაშვილი დასახელდა. ეს მოულოდნელი არავისთვის ყოფილა, მაგრამ, თქვენი აზრით, რა გავლენას მოახდენს ის მიმდინარე პროცესებზე? რამდენად არის ღარიბაშვილი ის ფიგურა, რომელმაც, შესაძლოა, რაიმე კორექტივები შეიტანოს ხელისუფლების მიერ არჩეულ თუნდაც საშინაო პოლიტიკურ კურსზე?

_ შეზღუდული უფლებების პრემიერმინისტრს, მით უმეტეს ივანიშვილზე დავალებულს, ისევე არა აქვს მნიშვნელობა, როგორც მარგველაშვილის შემთხვევაში არ ჰქონდა, მაგრამ სიმბოლური დატვირთვა, ცხადია, გააჩნია. ღარიბაშვილი არის ფიგურა, რომელიც ძალიან დიდი დარტყმის ქვეშ დგება ნებისმიერ შემთხვევაში, იმიტომ, რომ მისი დამარცხებით და გადაყენებით «ნაციონალები» მნიშვნელოვან ქულებს იწერენ. გარდა ამისა, ღარიბაშვილი ის ფიგურაა, რომელიც რესპუბლიკელებს არ უნდათ, ამიტომ მისი დაყენება ასეთი დარტყმის ქვეშ ჩემთვის ცოტა გაუგებარია.

_ მაინც რითაა ღარიბაშვილი რესპუბლიკელებისთვის მიუღებელი?

_ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ის არაა იმ ფსევდოლიბერალური ღირებულებების მატარებელი, რომლებიც რესპუბლიკელებს გააჩნიათ. თან ფაქტობრივად ერთადერთი ადამიანია ხელისუფლებაში, რომელიც კოაბიტაციის დასრულებაზე ისე ლაპარაკობს, როგორც ეს ხალხს მოუნდა, რომ გაეგო…

_ საპრეზიდენტო კანდიდატზეც გკითხავთ: წინასაარჩევნო პერიოდში 23-ვე კანდიდატი ამბობდა, რომ დაალაგებდა ურთიერთობას რუსეთთან, თუმცა არც ერთ მათგანს არ წარმოუდგენია კონკრეტული გეგმა. ყველაზე გამოკვეთილად ნინო ბურჯანაძე აცხადებდა, თუ როგორ შეძლებდა ამას. დღევანდელ ქართულ პოლიტიკურ სპექტრში თუ არსებობს რეალური ძალა, რომელსაც კრემლში მოლაპარაკებათა მაგიდას მიუჯდება?

_ არც ერთი წუთით არ მჯერა, რომ ბურჯანაძე, რომელიც ამდენი ხნის განმავლობაში იყო პარლამენტის თავმჯდომარე, არ არის დაკავშირებული ამერიკის შეერთებული შტატების უშიშროების სამსახურთან. ამიტომ მისი განცხადებებიც, რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებასთან დაკავშირებით, ისეთივე ტყუილი მგონია, როგორც ეს მოხდა «ოცნების» შემთხვევაში. მეტსაც გეტყვით, მრჩება შთაბეჭდილება, რომ მისი გასვლით მესამე ადგილზე ჩამკეტი გააკეთეს. ესაა ზღვარი, რომლის მიღმაც ვერასოდეს გადავა ძალა, რომელიც არ იქნება პროამერიკული.

_ ამ ლოგიკით თუ ვიმსჯელებთ, ცხადია, რომ იმ სამეულში განსხვავებული პოლიტიკური ორიენტაციის მქონე სუბიექტები ვერასოდეს მოხვდებიან. რა მექანიზმებით შეიძლება გაჯანსაღდეს ეს სივრცე?

_ ადრეც მითქვამს და კიდევ ვიმეორებ: ახლა მხოლოდ ქირურგიული ჩარევა იხსნის საქართველოს. ვინც რა უნდა, ის იგულისხმოს ამაში. ქირურგია თერაპიისგან განსხვავდება იმით, რომ ბევრად უფრო სწრაფია და საერთოდ, როცა დაავადება უმძიმესია, იქ თერაპიას არავინ მიმართავს. დღევანდელ მდგომარეობაში ქირურგია იქნება ის, რომ მოვიდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც მუშტების ქნევას კი არ დაიწყებს, არამედ რეალობას გაითვალისწინებს. აი, ამის შემდეგ შეიძლება ვილაპარაკოთ გამოსავალზეც, მომავალზეც და პერსპექტივებზეც.

ესაუბრა ჯაბა ჟვანია

1 COMMENT

  1. ქ-ნო ირინა, ქირურგიულ ჩარევაზე ილაპარაკეთ მაშინ, როცა თქვენი შვილები იქნებიან პოლიტიკაში ჩართული, 10 წლის შემდეგ. 21-ე საუკუნეში ძალისმიერი მეთოდით, აღარ გვინდა მთავრობის შეცვლა და სისხლის დაღვრა! აღარ უნდა შევძლოთ ცივილური მეთოდების ათვისება? ველურები ხომ არ ვართ? რა მოგვიტანა ამდენმა რევოლუციებმა და ზარბაზნების გრუხუნმა? გეყოფათ ხალხის დაზომბირება.

  2. არ მინდა სხვისთვის გავიმეტო გენიოსობა(ქართველებს მარტო საკუთარი თავები გვემეტება გენიოსობისათვის), მაგრამ იძულებული ვარ ვაღიარო, რომ ქ-ნი ირინა გენიალური ექსპერტი და პოლიტოლოგია. ყველაფერში ვეთანხმები, განსაკუთრებით იმ აზრში, რომ ბურჯანაძის „გასვლით მესამე ადგილზე ჩამკეტი გააკეთეს“. და რომ „ახლა მხოლოდ ქირურგიული ჩარევა იხსნის საქართველოს“. მაგრამ სად არის ქირურგი?

  3. iseti shtabechtileba mrcheba titkos es politikosebi,es jurnalistebi,es partiebi,vigac sxva kvekanaze laparakobs,ras aketeben es uvargisebi ,tavs iconeben da fuls agroveben,rat gindat amdeni fuli gorebo,mainc mokvdebit.kirurgi? ikneb gmertma moggvaros axalgazrda namdvilad samshoblos mokvaru da xalxi ubralo xalxi gavkvebit mas ,da es gaumadzgari mgelebis xrova,tavisi codviani budeebit ,fulebit gakaro kveknidan da ar mice mis shtamomavals ufleba saertod axsenos SAKARTVELO,qalbatono Irina am gadasaxedida minda gitxrat romnamdvili patriotebi da ideistvis mebrdzoli kveni meugle da misi megobrebi ikvnen.nutu guli ar gtkivat aseti sakartvelostvis ibrdzodid? aseti sakartvelistvis gaimcaret cxovreba da dakarget sakvareli adamiani.ikneb gigirt raimes gaketeba samshoblostvis

  4. ირინა სარიშვილს ყველაფერში ვეთანხმები. მე უფრო პესიმისტურად ვარ განწყობილი: აშშ-მ სამუდამოდ გვაქცია პლაცდარმად რუსეთის წინააღმდეგ, რაც დამღუპველია საქართველოსთვის.

  5. ვეთანხმები ირინას … იმიტომ არა, რომ ზოიასი არ იყოს მომზრე ვარ არეულობის, არა ბატონო, როგორც ვხედავთ ეს ვითOმ ცივილიზებული ცვლილებები სულ ტყუილია და მეტი არაფერი … არ გამოგონია კოჰაბიტაცია, დამნაშავეებთან, მკვლელებთან და სექსუალურ მანიაკებთან (((

  6. ასეთი ჭკვიანი და უანგარო პოლიტიკოსი მეორე არ მახსენდება ჩვენს რეალობაში

  7. ირინა ძალიან საინტერერესო პოლიტიკოსია, რომელსაც სხვებისგან განსხვავებით საკუთარი აზრი და ხედვა აქვს. მისი შეფასებანი ცოცხალი, ზედმიწევნით ზუსტი და გამიზნულია. სირცხვილია რომ ასეთ უინტერესო კაც პოლიტიკოსებს, ირინას მსგავსი ოპონენტი არ ყავდეს. გარდა ანალიტიკურისა მას კარგი ინტუიციური შეფასების უნარი აქვს. მიდი ირინა, დასცხე ამ გულუბრიყვო ადამიანებს, უშენოთ, პოლიტიკური სპექტრი მწირია და შენი სახლში ჯდომა დანაშაულია. სამწუხაროთ ირინა "დელფოს ორაკულის" როლს თამაშობს ქართულ პოლიტიკაში. გამოჩნდი!

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here