Home რუბრიკები პოლიტიკა თემურ ქორიძე: თუ პრემიერს ასე ძალიან ენატრება ადეიშვილი, შეუძლია «ქართუში» დაასაქმოს

თემურ ქორიძე: თუ პრემიერს ასე ძალიან ენატრება ადეიშვილი, შეუძლია «ქართუში» დაასაქმოს

1122

პრემიერი თანამდებობას ტოვებს. ის არ მალავს, რომ ხალხზე გაბრაზებულია და რატომღაც უმწიფარებს გვიწოდებს, თუმცა თავად თანამდებობას ტოვებს და ამით მეტ უმწიფრობას ამჟღავნებს. რა იყო პრემიერის მოსვლის «მიზან-მისია»… რა დაუმტკიცა მან საკუთარ თავს და მიშას? პრემიერის ზრახვებთან დაკავშირებით «საქართველო და მსოფლიო» ეროვნული მთავრობის ყოფილ წევრს _ თემურ ქორიძეს ესაუბრა.

_ დღევანდელ ვითარებას შეიძლება უძრაობის პერიოდი დავარქვათ. მდგომარეობა ყველა მიმართულებით კრიზისულია, სავალალო კი ის არის, რომ ხელისუფლება გვარწმუნებს, ყველაფერი კარგად არისო. განსაკუთრებით პრემიერის ჭირვეულობაა თვალშისაცემი, რომელიც ქართულ საზოგადოებას უნიათობაში, უმწეობაში, უმწიფრობაში, პასიურობაში გამუდმებით ბრალს დებს, მაშინ, როდესაც ჩვენი საზოგადოება, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ გვაკლია, არაფრით ჩამოუვარდება სხვა ევროპულ საზოგადოებებს.

დავაკონკრეტებ: ივანიშვილი ქართულ საზოგადოებას ბრალს სდებს პასიურობაში… უნდა ითქვას, რომ პირველი დიდი პროტესტი სააკაშვილის ხელისუფლების წინააღმდეგ ქართველმა ხალხმა 2005 წელს გამოხატა და მას შემდეგ თითქმის სულ ქუჩაშია და პროტესტის გრძნობა, მიუხედავად დარბევებისა, არ ჩამცხრალა. ჩნდება კითხვა: რატომ მარცხდებოდა ხალხი ხელისუფლებასთან ბრძოლაში? იმიტომ, რომ ფსევდოელიტა, რომელიც საკმაოდ გავლენიანია, შეკრული იყო სააკაშვილის გარშემო, მათ შორის, ფინანსურ-ოლიგარქიული წრეები, დავასახელებ ორ მათგანს: ბადრი პატარკაციშვილი და ბიძინა ივანიშვილი.

წარმოიდგინეთ, როგორი ძლიერი იქნება ქვეყნის მმართველი, რომელიც ჯავშნად იფარებს «ძლიერთა ამა ქვეყნისა»…

ქართველი საზოგადოება ბიძინა ივანიშვილისგან არ იმსახურებს დამუნათებას და ყვედრებას. ხალხი გამუდმებით ებრძოდა სააკაშვილის რეჟიმსა და მის გარშემო შეკრებილ მილიარდერთა ჯგუფს. რეალობა მოითხოვს, ბიძინა ივანიშვილი ქართველი ხალხის შეფასებაში ცოტა ფრთხილი იყოს.

ბატონი ივანიშვილი ხშირად გვაყვედრის, რომ მან რისკის ქვეშ დააყენა თავისი ოჯახი და ცხოვრება, როდესაც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო. რბილად რომ ვთქვათ, მისი ეს განცხადება მეტისმეტად თამამი და ნარცისულია. ქვეყანას ჰყავდა ადამიანები, რომლებიც ჩვენ თვალწინ დაიმსხვრნენ და დაილეწნენ სამშობლოს გამო, თითოეულ ქართველზეც წისქვილის ქვა არ დატრიალებულა, თორემ არაფერი დაგვკლებია. ივანიშვილი კი საქართველოში ყველაზე მეტად დაცული პიროვნებაა. მისი განცხადება, რისკებთან დაკავშირებით, ცინიზმია, ის თავს მშვენივრად გრძნობს.

ივანიშვილი ხშირად საუბრობს იმაზეც, რომ მისი მთავრობა დაკომპლექტებულია კარგი და ძალიან კარგი მინისტრებით, რაც მეტიმეტად გადაჭარბებული შეფასებაა. ის ოდნავ მაინც რომ აზროვნებდეს, მთავრობის წევრებზე ეს არ უნდა თქვას. პრემიერი განსაკუთრებით ხაზს უსვამს შინაგან საქმეთა მინისტრის საქმიანობას, რომ სასწაული მოხდა ამ სამინისტროში, მის ბაგეთაგან ზედმეტი სიხშირით ვისმენთ მინისტრის ქებას. ივანიშვილს ჰგონია, რომ პოლიციის სახეცვლილება მინისტრის დამსახურებაა. დღევანდელი სახეშეცვლილი პოლიციელები, ხვალ რომელიმე ჩინოვნიკს რომ დასჭირდეს, დიდი სიამოვნებით შეგვწვავენ ცეცხლზე ისე, რომ ხელიც არ აუკანკალდებათ. ბატონი ბიძინა ან შეგნებულად გვატყუებს, რაც მისი შეცდომაა მკრეხელობასთან ერთად, ან თავს თავად იტყუებს და ეს უკვე სხვა კატეგორიის პრობლემაა, რომელიც თანაგრძნობას იმსახურებს.

ივანიშვილმა თავის მთავრობას ერთადერთი შენიშვნა მისცა, რომ ისინი ზედმეტად არიან გართულნი სუფრული ურთიერთობებით. სამწუხაროდ, მან არაფერი თქვა მის მთავრობაში ფეხმოკიდებულ ნეპოტიზმზე. ეს თემა, რატომღაც არასერიოზულად მიაჩნია. ის, რომ წიგნთან მეგობრობდეს, ნეპოტიზმის არსი უთუოდ ეცოდინებოდა. მინისტრი, რომელიც ახლობლების დასაქმებითაა დაკავებული, სახელმწიფოებრივად ვერ იაზროვნებს. მთავრობაში ნეპოტიზმთან დაკავშირებით შრომატევადი სამუშაო გასწიეს ჟურნალისტებმა და ივანიშვილს დეტალურად დაუდეს მინისტრების მთელი გენეალოგია და ჩვენ კი მისგან გამაოგნებელი პასუხი მოვისმინეთ, ნათესაობა და მათდამი ყურადღების გამოჩენა, ქართველთა დამახასიათებელი თვისებააო, მაშინ რას ერჩის იმ მინისტრებს, რომლებიც ქეიფობენ? სუფრა უფრო ტრადიციული არ არის?

ივანიშვილის მმართველობას არაფერი აქვს საერთო პროგრესთან, თანამედროვეობასთან, მისი წარმოდგენა ქართულ საზოგადოებაზე არის უაღრესად მცდარი, საფუძველსმოკლებული და შეურაცხმყოფელი ჩვენი საზოგადოებისთვის. არსებობს დელიკატური საკითხი, ამიტომ ბატონ ბიძინას არ აქვს უფლება, ხელი გაიშვიროს იმ საზოგადოებისკენ, რომელიც მთელი ამ ხნის განმავლობაში იბრძოდა თავისუფლებისთვის. ქართველი ხალხი მაშინვე გაემიჯნა სააკაშვილს, მაშინ, როდესაც ივანიშვილი 2011 წლამდე მის გვერდით იდგა და სრულ თანადგომას უცხადებდა. მას აზრადაც არ მოსვლია, რომ ხალხის გვერდით დამდგარიყო.

დამაფიქრებელი გულუბრყვილობაა ივანიშვილის მხრიდან იმის თქმა, რაც ამ რამდენიმე ხნის წინ განაცხადა, რომ სააკაშვილთან ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. ისე, როდესაც ის ხელისუფლებაში მოდიოდა, ამბობდა, რომ ბევრი კითხვა დამიგროვდაო. შეკითხვები ჩვენც დაგვიგროვდა. როდის, რა ვითარებაში გაიცნო და დაუახლოვდა მიხეილ სააკაშვილს? რატომ დაუახლოვდა? მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს, ალბათ, რომ რომელიმე კერძო პირს პრეზიდენტის ცოლისთვის მილიონები ეჩუქებინოს, ეს სისხლის სამართლის დანაშაულად ჩაითვლებოდა იმ მისაბაძ, ხელიხელსაგოგმანებ ევროპაში, მაგრამ ჩვენთან ისე ჩაიარა.

ის მეგობრობდა, როგორც თავად აცხადებს, სააკაშვილთან, ბოკერიასთან, მერაბიშვილთან და ახლახან აღმოვაჩინეთ, რომ ნოსტალგია ჰქონია ადეიშვილის მიმართ. ვფიქრობ, თუ ბატონი ივანიშვილი თავის არეალს ცოტათი გააფართოებს, აღმოაჩენს, რომ გაცილებით უკეთესი ჩინოვნიკი იქნებოდა: ჰიმლერი, ჰიტლერი (ის საოცრად მშრომელი ადამიანი იყო), გებელსი, ივანიშვილს შეუძლია მსოფლიო მინისტრთა უნიკალურ მწვრთნელად მოგვევლინოს.

თუ მის ლოგიკას გავყვებით, ჩვენ მივალთ ისეთ აბსურდამდე, რომ მტკივნეული დასკვნების გაკეთებისკენ გვიბიძგებს. აგვიხსნას ივანიშვილმა, რას ნიშნავს ადეიშვილი კარგი მენეჯერი იყო, მისი შექმნილი სისტემა სრულიად მოშლილი და არაკომპეტენტური ადამიანებით არის დაკომპლექტებული, სიმახინჯეა. ხელისუფლების ყველა დაწესებულებაში სრული არაპროფესიონალიზმია გაბატონებული, რომელიც წარმატებით ვითარდება ივანიშვილის დროსაც. თუ პრემიერს ასე ძალიან ენატრება ადეიშვილი, მას შეუძლია «ქართუში» დაასაქმოს. ძალიან დიდი მკრეხელობაა მისი მხრიდან, რომ ლამის მსხვერპლად აცხადებს წინა ხელისუფლებაში მყოფ ჩინოსნებს. მას ისღა დარჩენია, სააკაშვილიც ამერიკისა და ევროატლანტური იმპერიალიზმის მსხვერპლად აღიაროს, რაც, შესაძლოა, ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, სრულიად საფუძვლიანიც კი იყოს.

_ ბატონო თემურ, რამდენად სწორია ის, რომ პრემიერი მიდის და თავის ადგილას მემკვიდრეს ტოვებს?

_ «თვითონ მეფენიც უძლეველნიც»… გახსოვთ ეს ციტატა? ბატონმა ბიძინამ თავის დროზე მისი დასრულება ვერ შეძლო, მაგრამ ეს არ არის დიდი მინუსი. თავად მეფენიც ვერ ახერხებენ სასურველი მემკვიდრის დატოვებას, მემკვიდრე უფროსი შვილი უნდა იყოს. როგორც კი ეს წესი ირღვევა, სამეფოში ანარქია იწყება. ივანიშვილი კი აცხადებს, რომ მას აქვს უფლება, დაასახელოს მემკვიდრე, როცა ამას გადაწყვეტს. ეს სრული ანაქრონიზმია. მას შეუძლია თავისი აღურაცხელი ქონების მემკვიდრე დაასახელოს. ივანიშვილმა უნდა გაითვალისწინოს, რომ საქართველოს, მის ფიქრში მყოფი შვილების გარდა, ბევრი შვილი ჰყავს. თუ ამ საკითხთან დაკავშირებით, ბატონი ბიძინა არგუმენტირებულ პასუხს მოითხოვს, მას სრული ფიასკო ელოდება, ამიტომ ჯობია, არ იკამათოს.

_ ბატონო თემურ, რისთვის მოვიდა ივანიშვილი ხელისუფლებაში, რა მიზანი, მისია და მიზეზი ჰქონდა ან ახლა რატომ მიდის თანამდებობიდან?

_ ბატონ ივანიშვილსა და მიშას შორის მომხდარი კონფლიქტის თაობაზე ხმები მაშინვე გავრცელდა. კონფლიქტის მიზეზად სახელდებოდა ძალიან დიდი თანხა. ივანიშვილმა ბევრი რამ შეუსრულა სააკაშვილს, კაპიტალისა და ხელისუფლების ჩახუტება კარგ რამეზე არ მეტყველებს. ჩვენ პასუხები არ გვაქვს ამ ურთიერთობებზე, ივანიშვილს ხალხისთვის არ უთქვამს, რა ედო საფუძვლად მათ მეგობრობას. არ მგონია, რომ ეს ყოფილიყო ჯანსაღი ურთიერთობა, «ხელი ხელს ბანს» _ ამ პრინციპით იდგნენ ისინი. ასეთ შემთხვევაში კი სახელმწიფო ინტერესები უპირველეს ადგილას არ დგას. ვფიქრობ, ბატონი ბიძინას ხელგაშლილობაში სამშობლო პრიორიტეტი არ იქნებოდა.

ლოგიკა ადასტურებს, რომ ივანიშვილი შურისმაძიებელი პიროვნებაა, მას არ უყვარს უკან დახევა, ის ელოდება შესაფერის დროს, რათა გამოამჟღავნოს თავისი წყენა. დიდხანს შეუძლია მოთმენა და ჩრდილში დგომა, შეუძლია ნებისმიერ კომპრომისზე წავიდეს, მაგრამ ხელსაყრელ ვითარებაში მოწინააღმდეგეს თავს დააცხრება. როგორც ჩანს, ეს ვითარება გვაქვს სახეზე. ზემოთაც ვახსენე მისი კონფლიქტი სააკაშვილთან, როცა ის დაემუქრა მიშას, რომ დახარჯავდა მილიონებს და მას გადააგდებდა. ივანიშვილს ფიქრადაც არ ჰქონდა, ყოფილიყო საქართველოს მთავრობის მეთაური, რადგან მისი კაპიტალისთვის ძალზე დიდი რისკია, ის ამას დღეს განსაკუთრებით გრძნობს. სწორეს ამიტომაც არის, რომ სრულ კაპიტულაციას უცხადებს ყველა ძალას, რომელიც მას რაიმეთი ემუქრება. ეს არის ამერიკა, ევროპული სტრუქტურები და რუსეთი. მას დიდი გული აქვს ქართულ საზოგადოებასთან, რადგან მისი სუსტი მხარე იცის _ ჩვენ ღრმა კრიზისში ვართ, როგორც სულიერი ასე მატერიალური თვალსაზრისით.

ივანიშვილი თუ ფიქრობს, რომ სამოქალაქო საზოგადოებაში მისი გადანაცვლებით უფრო დიდ საქმეს გააკეთებს, სიმართლე არ არის, რადგან, თუ ადამიანს თავი სამშობლოსთვის აქვს გადადებული, ბრძოლის ხაზი სწორედ მთავრობაში ყოფნაზე გადის. მილიარდელი წარმომადგენელი საზოგადოებისა ვერ იქნება ერის ხმა. აქედანვე შემიძლია ვთქვა: სამწუხაროდ, ბიძინა ივანიშვილის სამოქალაქო საზოგადოებაში ყოფნა იქნება კურიოზებით სავსე და არაჯანსაღი მოვლენა. ამაში მალე დარწმუნდება თავად საზოგადოება.

ივანიშვილისთვის ძალიან მტკივნეულ საკითხს შევეხები. ის ხშირად აცხადებს, რომ შეძლო სააკაშვილის დამარცხება. ღრმად ცდება ბატონი ბიძინა. სააკაშვილი ივანიშვილს არ დაუმარცხებია.

მონტესკიე ამბობდა: «რეჟიმი და ფორმაცია ორ შემთხვევაში იცვლება: ერთი, როდესაც ესა თუ ის რეჟიმი განვითარების კულმინაციას აღწევს და თავისთავად იცვლება, და მეორე, როდესაც რეჟიმი იხრწნება, კვდება». სააკაშვილის რეჟიმი გაიხრწნა და დაასრულა არსებობა.

სანამ ივანიშვილი პოლიტიკაში მოსვლის სურვილს გამოთქვამდა, ეს იგრძნო დასავლეთმა და ამერიკის პრეზიდენტმა პირდაპირ განაცხადა, რომ ხელისუფლების გადაცემა უნდა მოხდეს. ამ ფონზე მოვიდა ივანიშვილი. ბიძინა ივანიშვილს რომ მონაწილეობა მიეღო 2008 წელს არჩევნებში და იგივე პირობები რომ ჰქონოდა, რომლებიც ახლა ჰქონდა, რასაკვირველია, ის გაიზიარებდა ბადრი პატარკაციშვილის ბედს და გავიდოდა მე-5 ან მე-4 ადგილზე, რადგან მაშინ სააკაშვილს რესურსი ჯერ კიდევ ჰქონდა. თუ ივანიშვილი ამ საკითხთან დაკავშირებით «ჩაკითხვებს» მოინდომებს, ძალიან ადვილად დავუმტკიცებთ, რომ ჩვეულებრივი წვლილი მიუძღვის სააკაშვილის მოშორებაში.

_ ბატონო თემურ, ყველამ ვიცით, რომ ადრე თუ გვიან ამერიკა საქართველოდან ნელ-ნელა წავა, სააკაშვილის უკანასკნელი მცდელობა ხომ არ არის, რომ ამერიკა თურქეთით ჩაანაცვლოს? მან რამდენიმე ხნის წინ 1000-მდე თურქეთში მცხოვრებ წარმოშობით ქართველს მოქალაქეობა მისცა, არასახარბიელო ვითარებაა ბათუმშიც. არა მგონია, რუსეთმა ისე გამოგვიწოდოს დახმარების ხელი.

_ ეს აშკარა ექსპანსიაა, რომელიც საქართველოს «ათვისების» თვალსაზრისით ხორციელდება. დღეს მხოლოდ ბარბაროსები ცდილობენ, ტყვიის საშუალებით მოახდინონ ანექსია, დღეს უფრო კულტურული, ვაჭრობის სახე აქვს ანექსიას. ამერიკის პრეზიდენტი ტრუმენი ამბობდა: «ჩვენ სავაჭრო გემებზე ქვემეხები აუცილებლად უნდა დავაყენოთ». ექსპანსია, რომელიც თურქეთიდან მოდის, სახიფათო მოვლენაა, ჩვენ ამ პროცესს სრულიად განიარაღებულები ვხვდებით. ეს არის ქართველ ხალხზე გაჯავრებული პრემიერი, პრეზიდენტის ინსტიტუტი, რომელიც მხოლოდ მარიფათზეა დამოკიდებული.

ჩვენ არ გველოდება მშვიდი და წყნარი ცხოვრება. უნდა დაისვას ვადამდელი საპარლამენტო არჩვენების საკითხი და ეს უნდა გააკეთოს საერთო სახალხო მოძრაობამ და არა ივანიშვილმა, რომელიც ახალი საპარლამენტო არჩვენების მებაირახრტედ ვერ წარმომიდგენია.

ესაუბრა ეკა ნასყიდაშვილი

1 COMMENT

  1. სრულიად ვიზიარებ ბ–ნი თემურის შეხედულებას. მან უბადლო ანალიზი დადო. გამოფხიზლდით თანამემაულენო. ძალიან მტკივნეულია, მაგრამ ვაღიაროთ, რომ სათითაოდ ყველას მიგვიძღვბის ბრალი რაც თავს გვაქვს დატეხილი ამ 23 წლის მანძილზე. ახლა გარჩევის დრო არ არის– ახლა კიდევ ერთხელ ზურგი ვაქციოთ "მაცდურ ეშმაკს" და ერთსულოვნად , უპირობოდ,– მოვითხოვოთ საპარლამენტო არჩევნები. სხვა გამოსავალი ამ ეტაპზე არ არსებობს!

  2. ბრავო,ბისს,ბა-ნო თემურ!ყველა,ჯანსაღად მოაზროვნე ქართველის აზრები,შეხედულებები გაახმოვანეთ.უზუსტესი ანალიზია და ასევე ვეთანხმები ყველას,ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები,მაგრამ ახალი პოლიტიკური ძალები თუ არ გამოჩნდნენ,ვინ ავირჩიოთ?საშუალო ფენა არ არსებობს საქართველოში და არც ამ მთავრობის პრიორიტეტია,რომ ხელი შეუწყონ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას!"..რა გითხრათ,რით გაგახაროთ…"ი.ჭავჭავაძე.უმძიმესი რეალობაა,გამოსავალი მოვძებნოთ.

  3. უმაგრესი ხართ ბატონო თემო,უმახლესი დონის შეფასებააა,ყოველთვის სასიამოვნოა თქვენი გამოსვლა, კარგი იქნება ხშირად რომ მიიწვევდნენ ტელევიზიებში,ობიექტივში შედარებით იწვევენ ხშირად,ვეთაყვანები თქვენს ნიჭიერებას,უფალმა გაგადზლიეროთ.

  4. საერთო სახალხო მოძრაობა რომ დაიწყო ბატონო თემურ ხალხი უნდა გყავდეს, სადარის ეს ხალხი? ნაცების და ივანიშვილის ფულით მოსყიდული ხალხი ვადამდე ახალ საპარლამენტო არჩევნებს როგორ მოაწყობს? საქართველოში იმდენი ოხერი და მამაძაღლია ჩამოთესილი და ფინანსდება უცხო ქვეყნიდან, რომ ახალ ვადამდე არჩევნებზე ლაპარაკიც კი საოცნებოა. ქვეყნის განვითარებას შიგნიდან უსლიან ხელს ეს ფულზე გაყიდული მათხოვრები, თორემ გარეშე მტერი ვერაფერს დაგვაკლებდა. ბატონი რეზო ამაშუკელის არ იყოს ,,-შინაურმა თუ არ დამკლას, მე მომხდური ვერს მიზამს!".

  5. მოგესალმები თემური! ბრავო, ობიექტური და სრული ანალიზია დღევანდელი ქოცურ-ნაცური კოჰაბიტაციური რეალობისა, თან ამას ყველაფერს ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვის ეგიდით გვტენიან. სასაცილოა ასევე, როცა ბარაბა შევარდნაძის ნარჩენებითა და სოროსელებით დაკომ- პლექტებული ქოცები, სამართლიანობის აღდგენაზე კივიან და ერთ სიტყვასაც არ ძრავენ თუ როგორ ფეხქვეშ გათელა მათმა (ორივეს, ქოც-ნაცების) სულიერმა მამამ ბარაბამ, ხალხის მიერ 1991-92წ.წ. არჩეული კანონიერი ხელისუფლება ზვიად გამსახურდიას მეთაურობით. აი საიდან უნდა დაეწყოთ სამართლიანობის აღდგენაზე თეორიულად საუბარი მაინც! იური ბურკაძე, ჰოლანდია

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here