Home რუბრიკები პოლიტიკა როგორ შემოვიდა საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი საქართველოში, ვის აძლევდა ხელს...

როგორ შემოვიდა საქართველოს ექსპრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი საქართველოში, ვის აძლევდა ხელს და ვის არა ქვეყანაში სააკაშვილის დაბრუნება?

“საქართველო ისეთი არშემდგარი სახელმწიფოა, რომ დანაშავე პრეზიდენტი ტრაილერით შემოეპარათ. სამგზის ვაი ამ ქვეყანას, სამგზის ვაი ამ ხელისუფლებას!”

457

2021 წლის 2 ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნების წინ საქართველოში ჩამოვიდა ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი, საქართველოს მოქალაქეობაზე საკუთარი ნებით უარის განმცხადებელი მიხეილ სააკაშვილი.

მიშა მოდის, მიშა მოდის”, როგორც იქნა, დასრულდა. 1 ოქტომბერს მიშა ჩამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობის მაღალ ეშელონებშიც კი არ სჯეროდათ სააკაშვილის ჩამოსვლის ამბავი და კატეგორიულად უარყოფდნენ, მათ შორის, სამართალდამცველებიცსაღამოს პრემიერმა ღარიბაშვილმა სააკაშვილის დაკავების შესახებ გვამცნო.

როგორ შემოვიდა ოდესის ყოფილი გუბერნატორი და საქართველოს ექსპრეზიდენტი საქართველოში, დაცულია თუ არა ჩვენი ქვეყნის საზღვრები, ვის აძლევდა ხელს და ვის არა ქვეყანაში სააკაშვილის დაბრუნება _ ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებმაც თვითმმართველობის არჩევნებზე გავლენა იქონია, გვესაუბრებიან სამოქალაქო საზოგადოების აქტიური წევრები:  “ევრაზიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე, “ქართული მისიის” დამფუძნებელი რამაზ გაგნიძე და სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი ხათუნა საგინაშვილი.

“ზელენსკიმ ღარიბაშვილი ფეხებზე დაიკიდა და მიშა გამოუგზავნა”

გულბაათ რცხილაძე: “ევრაზიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი:

_ გამოვიდნენ ღარიბაშვილი, გომელაური, ლილუაშვილი და განაცხადეს, რომ თვალყურს ადევნებდნენ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლას; იცოდნენ, სად იმყოფებოდა და დააკავეს სანზონაში. თუკი ეს ისეა, რაც განაცხადა პრემიერმა, მაშინ დროა, დაასახელოს, საიდან შემოვიდა სააკაშვილი და როგორ. მათ უნდა ჰქონდეთ ვიდეომასალა, თან სანქცირებული. უნდა გვაჩვენონ.

უცნაურია, რომ ეს ფაქტები არ გვაქვს. მართალია, ხელისუფლების სხვა მაღალ ეშელონებშიც არ ჰქონდათ სააკაშვილის ქვეყანაში ყოფნის შესახებ ინფორმაცია და ამაზე ღარიბაშვილმა ბოდიშიც მოუხადა თავისი გუნდის წევრებს, რადგან გაასულელა, მაგრამ ღარიბაშვილი, ჩემი და მთელი ქართველი საზოგადოების აზრით, ვერ აკონტროლებს ვერაფერს…

სახალხო დამცველად წოდებული ლომჯარია შევიდა სააკაშვილთან და იქიდან გამოსულმა განაცხადა: _ სააკაშვილი ამბობს, რომ საქართველოს საზღვარი აბსოლუტურად კანონიერად გადმოკვეთა. სასამართლოზე მიშა ჩვენებას მისცემს, რომ საზღვარი კანონიერად გადმოკვეთა და მერე მივიდეს ვინმე და დაუმტკიცოს, რომ ეს უკანონო საზღვრის კვეთა იყო. თუკი დაიწყებენ მტკიცებას, რომ უკანონოდ გადმოვიდა საზღვარზე, მიშამ იცის, რომ უნდა თქვან სიმართლე, საიდან შემოვიდა, მაგრამ ამის მთქმელი არავინ არ არის და ეს იცის მიშამ…

კულუარებიდან ცნობილია, რომ ხელისუფლებას ხელს არ აძლევდა სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლა. მათ ერჩივნათ, ის უკრაინაში ყოფილიყო, ამაზე იყო მთელი “ქოცური” პროპაგანდა აგებული _ მიშა სასაცილოა, ის ვერასოდეს ვერ ჩამოვა…

მიშა ჩამოვიდა… ეს იყო მიშას მხრიდან გაბედული ნაბიჯი.

_ მიშა გაბედული ვერ იქნება, ჩვენ გვახსოვს მისი დაკავების კადრები უკრაინაში…

_ მიშა გაბედული არ არის, ის გაბედულად ჩანს “ოცნების” ფონზე და ვთქვათ სიმართლე.

შეთანხმება არ ყოფილა, ხელისუფლებამ არ იცოდა არაფერი, მათ არავინ არაფერი არ შეუთანხმა _ სანზონაში, ბინაში რომ ვიდეო გადაიღო სააკაშვილმა, იქიდან გაიგეს. მიშამ თავად უთხრა თუ აცნობა ამათ, სად იყო. ასე რომ არ მოქცეულიყო, ვერც გაიგებდნენ, სად იმყოფებოდა.

უსაფრთხოების სამსახური ვერ მუშაობს ქვეყანაში.

სააკაშვილი ვერაფრით ვერ წამოვიდოდა საქართველოში, რომ არა ღარიბაშვილის თავისდამცირება ზელენსკისთან. ჩვენმა პრემიერმა უკრაინაში ლანძღა რუსეთი, ქვეყნის ინტერესები ფეხებზე დაიკიდა, განაცხადა, რომ აფხაზეთი და ოსეთი იგივეა, რაც ყირიმი, რითაც საფრთხის ქვეშ დააყენა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ბედი, რომლის საფუძველზეც შეიძლება რუსეთმა საერთოდაც შეიერთოს ჩვენი ტერიტორიები… მიუხედავად ღარიბაშვილის მცდელობისა, მოეგო ზელენსკის გული, ზელენსკიმ ღარიბაშვილი ფეხებზე დაიკიდა _ მიშა გამოუგზავნა და თან აცხადებს, რომ სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა; კაცი, რომელსაც უდიდესი დანაშაულები აქვს ჩადენილი საქართველოში და მისი დანაშაულების შესახებ მთელი მსოფლიოსთვისაა ცნობილი.

სააკაშვილი საქართველოში თურქეთის გავლით ჩამოვიდა თუ უკრაინის, არ ვიცით. ამბობენ, რომ უკრაინიდან ტრაილერის სავენტილაციო ხვრელით გადმოიყვანა ვიღაცამ, რაც შემაშფოთებელია. თვითმფრინავის ბილეთის გამოფენით სააკაშვილმა ჩვენს ხელისუფლებას ყურადღება გადაატანინა და შემოვიდა სხვა გზით. ხოფაში მას ელოდებოდნენ მხარდამჭერები, მაგრამ იქაც არ გამოჩნდა და შემოვიდა ქვეყანაში ისე, რომ ვერავინ ვერაფერი ვერ გაიგო. უამრავი შეკითხვა ჩნდება.

სამწუხაროდ, ღარიბაშვილმა უკრაინასაც მადლობა გადაუხადა. ეს ლოგიკაში არ ჯდება, სულ ცოტა, ზელენსკის ადმინისტრაციის განცხადებებს ეწინააღმდეგება.

გამოაცხადოს, გამოაქვეყნოს ღარიბაშვილმა სააკაშვილის გადაადგილების დეტალები ზუსტად ისე, როგორც ეს გააკეთა საწყალი ჟურნალისტის, ლაშქარავს, გარდაცვალების დროს და მაშინ სარწმუნო იქნება მისი ოპერატიული მუშაობის სქემა. ლაშქარავას გადაადგილების კადრების გამოაშკარავება საზოგადეობის მაღალი ინტერესით გაამართლეს. დღესაც არის მაღალი ინტერესი _ სად, როგორ, რა ვითარებაში, საიდან, რით შემოვიდა სააკაშვილი. თუ ამას არ გააკეთებს პრემიერი, ახლაც ვერ დავუჯერებთ მას. ახლა დამალვას აზრი არ აქვს. მიშა დაკავებულია და თან მისი დაკავება, როგორც ღარიბაშვილმა განაცხადა, ბიძინას “ბიძინაობაზე” მიუძღვნა.

რაც ქვეყანაში ხდება, სრული იდიოტიზმია. ჩვენმა მთავრობამ არაფერი არ იცოდა, სააკაშვილმა თავი თვითონვე დააჭერინა. მიშა აქ ურჩხულის როლში იქნება და მისი შიშით აცხოვრებენ საზოგადოებას. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ მიშა ციხეში თავისი ნებით ჩაჯდა, იცის, რომ მალე გაათავისუფლებენ. მან მშიშარას იმიჯი წაშალა, მხოხავი პრეზიდენტი თავისი ფეხით წავიდა ციხეში. მის ამომრჩეველს ეს ფაქტი ახარებს.

_ აქვს თუ არა შესაბამისი ბრალი წაყენებული სააკაშვილს იმისთვის, რომ ციხეში დიდი ხნით დარჩეს? თუკი უცხოეთიდან იქნება ზეწოლა, შევძლებთ წინააღმდეგობის გაწევას?

_ გირგვლიანის მკვლელების მფარველობა და ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტი არ არის მსუბუქი ბრალი, მაგრამ სააკაშვილს არ აქვს ბრალი წაყენებული აგვისტოს ომზე. დააპატიმრეს თუ არა ექსპრეზიდენტი, მაშინვე გააკეთა ოსეთის მხარემ განცხადება და სააკაშვილის გადაცემა მოითხოვა. ვიღაცას ამაზე გაეცინება, მაგრამ ეს სასაცილო სულაც არ არის.

არ მინდა, ციხეში მყოფ ადამიანს კიდევ უფრო დავაჭირო ფეხი, ამიტომ მივმართავ სააკაშვილს: _ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საკუთარ თავს შენ თვითონვე წაუყენე ბრალი და აღიარე, რომ ცხინვალში შენ დაიწყე სამხერდო ოპერაცია, რომელიც არ უნდა დაგეწყო. თქვას თუნდაც, რომ პროვოკაციას წამოეგო, მაგრამ აღიაროს, რა ჩაიდინა, რამდენი ადამიანი დაღუპა, რამდენი მშვიდობიანი მოსახლე. ხელისუფლებას აქვს უნიკალური შანსი, ეს ბრალდება წაუყენოს მიშას და ოსების მთელი საზოგადოება საქართველოსკენ შემოაბრუნოს. უთხრან ოსებს, რომ სააკაშვილს არ გადასცემენ მათ, მაგრამ გაასამართლებენ ცხინვალში ჩადენილი დანაშაულისთვის, საქართველოს გახლეჩვისთვის, მავთულხლართებისთვის… მოძებნონ იურისტებმა სააკაშვილის მიერ ჩადენილი დანაშაულებისთვის შესაბამისი მუხლი და გაასამართლონ.

სამწუხაროდ, ამ ხელისუფლებას არ აქვს ამის თავი. მათ ეშინიათ, რომ “პუტინისტებს” დაუძახებენ და ივანიშვილის, როგორც პუტინის კაცის, პირად პატიმრად მოიხსენიებენ ექსპრეზიდენტს.

“ბევრი ადამიანი იმისთვის მივიდა საარჩევნო უბანზე, რომ დაეხია ბიულეტენი ან ეგინებინა… ამომრჩევლის დიდი ნაწილი გაბრაზებულია, სძულს ხელისუფლება”

რამაზ გაგნიძე, “ქართული მისიის” დამფუძნებელი:

_ 2 ოქტომბერს დიდი უზნეობის მომსწრენი გავხდით, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ბიძინა ივანიშვილმა და მთელმა მისმა გუნდმა. სახელისუფლო გუნდი მიზანმიმართულად ანგრევს სახელმწიფოს. ამის თქმის საშუალებას მაძლევს ის, რომ “ოცნება” გარიგებულია ნაცებთან. ყველა არჩევნების წინ იმდენი იძახეს _ მიშა ჩამოდისო და იმდენჯერ აძახებინეს მიშასაც, _ ჩამოვდივარო, რომ ევროპისა და ამერიკის გავლენითა და მხარდაჭერით მიშა მართლაც ჩამოიყვანეს. ვფიქრობ, უცხოელ “პარტნიორებს” არ ეგონათ, რომ მიშას დაპატიმრება არჩევნებამდე მოხდებოდა. თუმცა, ამას ახლა აღარ აქვს არსებითი მნიშვნელობა. ჩვენს ქვეყანაში საშინელება მოხდა და თითქმის ყველა თვითმმართველ ქალაქში მეორე ტური დაინიშნა. სააკაშვილის ჩამოსვლით მუხტი აიწია და დავდექით ასეთი სამწუხარო ფაქტის წინაშე. ეს გამოიწვია იმან, რომ ყველა კრიმინალი ქუჩაშია, რომ კოაბიტაციაში შევიდა ხელისუფლება დამნაშავეებთან, სამსახურებში დაიტოვეს ნაცები, რომლებმაც საჭირო დროს უღალატეს ხელისუფლებას, რომელიც იყო კიდეც ღალატის ღირსი, ხელისუფლებას უღალატა ამომრჩეველმაც.

_ თქვენ ფიქრობთ, რომ სააკაშვილი თავისი ინიციატივით არ შემოსულა საქართველოში და ის უცხოელი მხარდამჭერების იმედად ჩამოვიდა ასე მალულად?

_ დიახ, მიშა ევროპისა და ამერიკის სპეცსამსახურებმა შემოიყვანეს. სააკაშვილს ყველანი კარგად ვიცნობთ და ვიცით, როგორი მშიშარაა. მას გარკვეული დავალება ჰქონდა და დავალება შეასრულა, რადგან არჩევნებში დადგა ის შედეგი, რაც ჰქონდათ ჩაფიქრებული ნაცებს.

_ ამაში ვერ დაგეთანხმებით, რადგან მეორე ტურში მონაწილეობას მიიღებს ყველა ის ადამიანი, რომლებიც პირველ ტურში არ წავიდნენ არჩევნებზე. ნაცები მეორე ტურში, ალბათ, ყველგან წააგებენ…

_ ნაცები ეგრე არ ფიქრობენ. ე.წ. ოპოზიცია რომ გაერთიანებულიყო და ერთად ეყარათ კენჭი, “ოცნებას” წაგებული ჰქონდა არჩევნები.

_ რა დააშავა ქართულმაოცნებამ”? რატომ უღალატა ამომრჩეველმა?

_ “ოცნებამ” თავითონ უღალატა ამომრჩეველს. ხელისუფლებამ ქართველ ხალხს სულში ჩააფურთხა, მოატყუა. სამართლიანობის აღდგენის ნაცვლად, ანტიდისკრიმინაციული კანონი დაამტკიცა და ლგბტ პროპაგანდა დაიწყო. უფლება მისცეს ყველას, აგინონ პატრიარქს, უდიერად მოიხსენიონ წმინდანები და ამისთვის არავინ არ დაისაჯოს. მოსპეს ჯანდაცვის სისტემა, განათლება და ყველა სფერო. ის, რისი დანგრევაც ვერ დაასრულა წინა ხელისუფლებამ, ამათმა ბოლო მოუღეს. კოალიციაში არიან ნაცებთან, ერთობლივი ბიზნესები აქვთ. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ქვეყნიდან გარბის სარჩო-საბადებლის საძებნად.

მკვლელს, ყაჩაღს, კაცის გამაუპატიურებელს რომ აპატიებ, პარლამენტში შეიყვან იმისთვის, რომ მომავალში შენც პასუხი არავინ მოგთხოვოს ჩადენილი დანაშაულისთვის, ამაზე მეტი უბედურება რა უნდა ჩაიდინო?!

გაბრაზდა ქართველი, აღარ აინტერესებს არავინ და არაფერი, არც არჩევნები აინტერესებს და არ უჭერს მხარს არავის, ამას მიაღწია 2012 წელს ტრიუმფით მოსულმა “ოცნებამ”.

ბევრი ადამიანი იმისთვის მივიდა საარჩევნო უბანზე, რომ დაეხია ბიულეტენი, ან ეგინებინა… ამომრჩევლის დიდი ნაწილი გაბრაზებულია, სძულს ხელისუფლება.

მეორე ტურამდე უამრავი პროვოკაციის მომსწრენი გავხდებით ნაცების მხრიდან. ველოდები, რომ “უკრაინული მაიდანი” განმეორდება. ამ ყველაფერს უნდა დაუპირისპირდეს გამწარებული ხალხი, გამოვიყენოთ ჩვენი კონსტიტუციური უფლება. პირადად მე ვაპირებ, ჩავუდგე სათავეში საერთო-სახალხო აჯანყებას, რათა დავასრულოთ ამ ქვეყანაში “ნაც-ქოცთა” ბოგინი. თუკი ამას არ გავაკეთებთ, დავიღუპებით, მომავალი არ გვაქვს.

სააკაშვილი ციხეში არ ზის საჭირო და სათანადო მუხლით. მიშა ციხეში სულ რაღაც ექვსი წლით შეიძლება ჩაჯდეს. ეს არ არის მისთვის საკმარისი, სააკაშვილი სამშობლოს ღალატისთვის  მთელი ცხოვრება უნდა იჯდეს ციხეში, მაგრამ ჩვენ მომსწრენი ვართ, როგორ აპატიეს უგულავას, რურუას, მერაბიშვილიც არ დაისაჯა სათანადოდ. ჩვენი ქვეყანა კოლონიაა და, რასაც გვიბრძანებენ, ის უნდა გავაკეთოთ… ჩვენ კავკასიელები ვართ, არ გვაინტერესებს არავინ, ხელისუფლებას ჩვენი ხასიათი უნდა ვაჩვენოთ და ვაჩვენებთ კიდეც, გავაგებინებთ, რომელი ქვეყნის მმართველობა აქვთ ჩაბარებული.

მშიშარა, ფსიქიკურად შერყეული სააკაშვილი დღეს მამაც ადამიანად მოგვევლინა, სამწუხაროდ, ის აღმოჩნდაგმირი

ხათუნა საგინაშვილი, სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი:

_ სიმართლე გითხართ, ამ არშედგარ სახელმწიფოში უფლის იმედად ვცხოვრობ. მართალია, ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება მოსახლეობაზე მანიპულირებს რაღაც გაურკვეველი, მკვდარი ციფრებით, რომ კარგად ვცხოვრობთ, მაგრამ ფაქტია, რომ ცუდად ვცხოვრობთ.

_ რა მოლოდინი გქონდათ ამ არჩევნებზე? ფიქრობდით, რომ მიშა მართლა ჩამოვიდოდა და მისი ჩამოსვლა მეორე ტურის ჩატარებას გამოიწვევდა?

_ მეორე ტურს ამ უნიათო ხელისუფლების პირობებში ნამდვილად ველოდი. არ ველოდი მიშას ჩამოსვლას და ბოლომდე ვერ ვიჯერებდი.

როგორ ჩამოვიდა მიშა, ეს მხდალი კაცი, და როგორ წავიდა ციხეში კაცი, რომელიც ქვეყნის მთავარსარდალი იყო და გორში თვითმფრინავის ხმაზე მიწაზე ხოხავდა?! კაცი _ ცრუ აღმაშენებელი, რომელსაც თავი აღმაშენებელზე მეტიც კი ეგონა. კაცი, რომელსაც ქართული სახელმწიფოს ფუძემდებლად მიაჩნია თავი…

ქართველები სააკაშვილის საშინელი მმართველობის წლებს მოვესწარით; ერი, რომელთა წინაპრებიც სიკვდილს ვაჟკაცურად ხვდებოდნენ; ერი, რომელიც “ძლევაი საკვირველის” მომსწრეა…

მშიშარა, ფსიქიკურად შერყეული სააკაშვილი დღეს მოგვევლინა მამაც ადამიანად, სამწუხაროდ, ის აღმოჩნდა “გმირი”.

ხელისუფლება გვარწმუნებს, რომ სააკაშვილის დაპატიმრება იყო წარმატებული სპეცოპერაცია და რომ უკრაინიდან სანზონამდე მას უთვალთვალებდნენ. ჩემთვის საინტერესოა, როგორ გადმოკვეთა საზღვარი მიშამ და რატომ სეირნობდა საქართველოში ან რატომ გვარწმუნებდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომ მიშა უკრაინაში იყო?!

ამ ყველაფრის ფონზე, რაც 1 ოქტომბერს ქვეყანაში ხდებოდა, წარმოდგენა მრჩება, რომ მიშა შემოეპარათ და, თავად რომ არ გაეყიდა თავი, ვერც იპოვიდნენ, ეს სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. მრჩება შთაბეჭდილება, საქართველო იმდენად არშემდგარი სახელმწიფოა, რომ დამნაშავე პრეზიდენტი სატვირთოთი, სავენტილაციო მილით შემოეპარათ _ სამგზის ვაი ამ ქვეყანას, სამგზის ვაი ამ ხელისუფლებას!

ადამიანი, რომელიც გამუდმებით ყველა არჩევნების წინ აცხადებდა, რომ საარჩევნოდ საქართველოში ჩამოვიდოდა და არევდა ყველაფერს, ხელისუფლებამ იმავე ქვეყანაში, რომელშიც იმყოფებოდა, რატომ არ მიუჩინა ადგილი?! რატომ არ მიუჩინეს მეთვალყურე სააკაშვილს და როგორ მოხდა, რომ საზღვარზევე ვერ დააკავეს? _ ეს შეკითხვები მაქვს ხელისუფლებასთან. ხელისუფლება კი დღეს თავს იძვრენს პასუხის გაცემისგან, რაც მათ ფიასკოზე მეტყველებს. სააკაშვილს თუ გაურიგდნენ და შეგნებულად შემოუშვეს, თან გარანტიებით, მაშინ კიდევ უფრო დიდი უბედურებაა ჩვენ თავს.

მიშა კლოუნია და თან მშიშარა, მას უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი ჩვენს ქვეყანაში, ამიტომ ვფიქრობ, თუკი სააკაშვილს არ აქვს მყარი გარანტია, ის აქ ვერ ჩამოვიდოდა. არ მინდა ვიფიქრო, რომ ღარიბაშვილია სააკაშვილთან გარიგებული

სააკაშვილისთვის ბრალის დამძიმება შესაძლებელია, ამაზე იურისტები საუბრობენ, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის არ მჯერა; არ მჯერა, რომ სააკაშვილი სათანადოდ დაისჯება. ბევრი ვნახეთ დაჭერილი, მაგრამ ბრალდამძიმებული _ ვერავინ. სწორედ ამიტომ მიდიოდა ღიმილით მიშა ციხეში.

სააკაშვილმა საარჩევნო ვითარება არია. მან მართლაც მისცა მოტივაცია ნაცების სექტას და არჩევნებზეც იმოქმედა, თუმცა, საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიშას გარეშეც გაუჭირდა “ოცნებას” უნიათობისა და უსაქციელობის გამო…

მთავრობა გახარებულია, “ქართულმა ოცნებამ”, როგორც პარტიამ, შედარებით მეტი პროცენტი რომ მიიღო, ალბათ, ღამეები არ სძინავთ შიშით, რა იქნება მეორე ტურში, მაგრამ მაინც ვერ ვამჩნევ ამ ადამიანებს, აანალიზებდნენ შესაძლო საფრთხეს და იმას, რისი ბრალია, თბილისში ნიკა მელიამ ტოლი რომ არ დაუდო კალაძეს? ყეყეჩები დგანან ტელეეკრანთან… ღმერთმა ნუ ქნას, რომ ნაციონალები დარბუნდნენ. რევანშით მოსული ნაცები, მტრისას… სისხლის გუბეებს დააყენებენ. ხელისუფლებამ ხალხს მიხედოს, პირდაპირი მოვალეობა შეასრულოს, ფულის შოვნას თავი დაანებონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ფულით ტკბობას ვერ მოასწრებენ.

მოამზადა

ეკა ნასყიდაშვილმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here