Home რუბრიკები საზოგადოება ძილ-ღვიძილი და ჩვენი საზოგადოების დღევანდელი პრობლემები

ძილ-ღვიძილი და ჩვენი საზოგადოების დღევანდელი პრობლემები

420

ავტომოტოველო,

შენ მიჰქრიხარ, ქალო,

დარჩა სადღაც ლელო,

ქორი, მთვარე, კალო.

უზრუნველია

ყვავილები მდელოსი.

აქაც მწვანე ველია

ავტომოტოველოსი.

რა ბევრი რამ ითქვა,

სიტყვა, ფიქრო ძველო,

სიმბოლოა თითქო

ავტომოტოველო.

სისწრაფის და სივრცის

არის სამფლობელო.

ავტომოტოველო!

ავტომოტოველო!

გალაკტიონი

ისე ვატყობ, ახალგაზრდა გალაკტიონები დასხდნენ ავტო-მოტოების საჭეებთან.

ველო არ ითვლება.

ავტომობილი და მოტოციკლეტი იპყრობს ახალ სივრცეებს _ სისწრაფისა და სივრცის ახალი სიმბოლოც, ლოგოც და, კიდევ რა უბედურებაც გნებავთ, ის დაარქვით, მაგალითად, ოკუპაცია თბილისის ცენტრალურ ქუჩებისა და პროსპექტების, რომლებიც ავტო და მოტოდრომებად აქციეს პიჟონებმა.

განსაკუთრებით _ ღამის საათებში, როცა ნორმალურ ადამიანებს უნდა ეძინოთ, ძალა მოიკრიბონ სახვალიოდ, სამუშაოდ. თუმცა სადღა არიან ნორმალური მოქალაქეები! თუ ვინმე ასეთი იყო დარჩენილი, ისინიც ამოაგდეს კალაპოტიდან ავტომოტო მოყვარულებმა, რომლებიც თავიანთ სატრანსპორტო საკუთრებას მაინცდამაინც ისე აქუხებენ, როგორც ბერლინზე შეტევის საარტილერიო მომზადების დროს ქუხდა და ზანზარებდა დედამიწა მეორე მსოფლიო ომის გადამწყვეტ ეტაპზე _ 1945 წლის 16 აპრილს.

არტილერია _ ომის ღმერთი!”

გამარჯვებამდე დღეები რჩებოდა _ დიდი სამამულო ომის დამთავრებამდე.

დღეს ვის ეომებიან, ვისი დამარცხება სურთ, რომელი ომის დამთავრებისკენ ისწრაფვიან ამ მშვიდობიანობის ჟამს?!

მაშინაც კი, როცა დღე ღამესთან იყო გასწორებული, ღამე კი _ დღესთან, ომით ნაკარნახევი და იძულებით დადგენილი გრაფიკის გამო, მაშინაც კი ფრონტის ხაზზე მტერთან დაპირისპირებული ვაჟკაცები სამშობლოს სიმშვიდეზე ფიქრობდნენ, ოჯახების სიმშვიდეზე, რაც იმ პირობებში ძნელად წარმოსადგენი იყო.

მარკ ბერნესი მღეროდა მაშინ ხავერდოვანი და თბილი ხმით, რომ მშობლიურ ქალაქს შეუძლია იძინოს მშვიდად:

Любимый город

Может спать спокойно…

ბერნესი კი არა, თანამოქალაქეთა მიმართ პატივისცემის გრძნობა სრულად აქვთ ატროფირებული ღამღამობით საკუთარი ხმაურით აღგზნებულ და ატაცებულ “უთავო მხედრებს”, რომელთაც პლასტმასის ისეთი დამცავი ჩაფხუტები აქვთ ჩამოფხატული, რომ ძნელად წარმოიდგენს კაცი, ამ დეკორაციული ელემენტის მიღმა ადამიანის მოაზროვნე ცენტრი იყოს განლაგებული.

დააგრიალებენ “ჰონდას”, “სუძუკის”, “იამაჰის”, “კავასაკის”, “ბეემვეს” და სხვა მარკის მოტოციკლებს (“ჰარლეი დევიდსონის” მოდელზე ვერაფერს გეტყვით, რადგან ვეჭვობ, დღეს თბილისში ვინმეს ეყენოს საკუთარ ავტოფარეხში საბჭოთა “კალიასკიანის” გვერდით) და ერთმანეთს ეჯიბრებიან, რომლის გამონაბოლქვი უფრო ხმაურიანი და უმეტეს დეციბელიანი იქნება: (დეციბელი დაარქვეს ხმაურის გასაზომ ერთეულს ამერიკელი მეცნიერის, ალექსანდრე ბელის, პატივისცემის ნიშნად).

თამაშობენ, ერთობიან…

ჩვენ, ეტყობა, ძილის პრობლემა მისჯილი გვაქვს _ სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა ვარიანტითა და ინტერპრეტაციით:

, ღმერთო ჩემო, სულ ძილი, ძილი,

როსღა გვეღირსოს ჩვენ გაღვიძება?”

ილიას დროს საყვედურად ჟღერდა და თაქთარიძეობიდან ერის გამოსაღვიძებელ მოწოდებად.

დადგა დრო და ახლა, დამოუკიდებლობის ჟამს, ისე გავიღვიძეთ, ისე თავისუფლები ვართ ოთხივ მხარეს და ოთხივ კუთხით, რომსულ ძილი, ძილიკი არა, ღამღამობით თვალის დახუჭვის საშუალებაც არ გვაქვს.

არ გვაძლევენ _ ტექნოლოგიური რევოლუციის ადეპტები მოტოციკლების დონეზე.

რატომ ავიჩემე ეს ძილი და დედაქალაქში ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის ეს, ადგილობრივი ხელისუფლების მიერ ნავთის ლამპასავით უყურადღებოდ მიგდებული, მნიშვნელოვანი პრობლემა?

უწინარეს ყოვლისა, საკითხის აქტუალობის გამო. სამედიცინო კუთხით.

უძილობის კოშმარი

ჯანსაღი ძილი გვეხმარება, ვიყოთ უკეთ კონცენტრირებული, მაქსიმალურად ყურადღებიანი და პროდუქტიული დღის განმავლობაში; ხელს გვიწყობს წარმატებულ საქმიანობაში, შემოქმედებით მუშაობაში ან, თუნდაც, გატაცებაში, “ჰობისრომ ვუწოდებთ. ცნობილია, რომ სწორედ ძილის დროს ჩვენი ტვინი ფხიზლობს და აქტიურად მუშაობს, იხსომებს ხანგრძლივი დროით ყველა იმ სიახლეს, რომლებსაც ადამიანი დღის განმავლობაში ეცნობა.

ადამიანის ჯანმრთელობაზე ძილის ზემოქმედების რამდენიმე მთავარ ფაქტორს გამოყოფენ:

1. საყოველთაოდ ცნობილია “ძილის რვა საათი”. გამოკვლევებით დამტკიცდა, რომ ძილის ნაკლებობა, ისევე, როგორც ჭარბი ძილიანობა, იწვევს მრავალ დაავადებას, უარყოფითად მოქმედებს სიცოცხლის ხანგრძლივობაზე. “მოკლე ძილში”, როგორც წესი, გულისხმობენ 6 საათზე ნაკლებს, “ჭარბ ძილიანობაში _ ცხრა-ათ საათზე მეტს. ბავშვებმა 11 საათი უნდა იძინონ, ჩვილებმა _ 18 საათი დღე-ღამეში, თინეიჯერებმა _ 10 საათი მაინც;

2. 153-მა გამოკვლევამ, რომლებშიც ხუთ მილიონზე მეტი ადამიანი მონაწილეობდა, დაადასტურა, დიაბეტის, ჰიპერტონიის, გულ-სისხლძარღვოვანი სისტემის, იშემიური დაავადებისა და სიმსუქნის კავშირი ძილის რეჟიმის დარღვევასთან;

 3. ჩვენი ძილი ციკლებისგან შედგება. თითოეული 60-დან 100 წუთამდე გრძელდება. ყოველი სტადია თავის როლს თამაშობს მრავალრიცხოვან პროცესებში, რომლებიც ჩვენს სხეულში ძილის დროს გრძელდება;

4. ცვლებში მუშაობა შეიძლება ჩვენი ჯანმრთელობის მრავალი პრობლემის მიზეზი გახდეს. დადგინდა, რომ მათ, ვინც დღე-ღამურ ცვლებში მუშაობენ და ცოტა ძინავთ, თანაც, უდროო დროს, შეიძლება გაუძლიერდეს დიაბეტისა და გასუქების რისკი;

5. მასმედიას თუ ვერწმუნებით, ხელი დაგვრია უძილობის ეპიდემიამ. ძალიან ბევრი ადამიანი უჩივის დაღლილობას. ყველაზე მეტად _ მოზარდები;

6. ტელეფონები ხელს უშლის ბავშვებს, ნორმალურად დაიძინონ;

7. ლურჯი სინათლე, რომლითაც ნათდება ელექტრომოწყობილობების ეკრანები, გვაფხიზლებს, დაძინების სურვილს გვიკარგავს. სპეციალისტები გვირჩევენ, გამოვიყენოთ “ციფრული დეტოქსი” _ ელექტრონული მოწყობილობები დაძინებამდე 90 წუთით ადრე გამოვრთოთ.

არის სხვა ფაქტორებიც.

მეორე მიზეზი, რომელიც ამ პუბლიკაციის საფუძველი გახდა, საზოგადოებრივი სფეროდანაა _ ოქტომბერში ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების არჩევნებია.

ვირჩევთ დედაქალაქის მერსაც.

ბატონო კახა, როცა არჩევნების სამზადისით თავბრუდახვეულს ღამის ძილი გაგიკრთებათ, გაიხსენეთ, გეთაყვა, იმ პრობლემის მოგვარების აუცილებლობაც, რომელიც ამ რეპლიკაში დილეტანტის დონეზე, მაგრამ გულისტკივილით განვიხილე.

ხოლო დედაქალაქის მერი კვლავაც თქვენ რომ იქნებით, ამაში ეჭვი არავის ეპარება.

არმაზ სანებლიძე

P.S.

წუხელ ღამე სროლა იყო

ხოჯევანქის უბანში _

საქულას დუქანში,

საქულას დუქანში

მღეროდნენ ავლაბარში ამ კრიმინალურ კუპლეტებს, ხარფუხის სახელითაც რომ არის ცნობილი იმ უბანშიც.

წუხელ სიმშვიდე იყო იქაც და დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებშიც. იმიტომ კი არა, რომ არავინ ისროდა, არამედ იმიტომ, რომ წვიმდა. ხოლო წვიმის დროს ბაიკერებს მოტოციკლები შინიდან არ გამოჰყავთმეოცე საუკუნის ქარიშხლებივით ასაგრუხუნებლად” (რეზო გაბრიაძე).

..

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here