Home რუბრიკები საზოგადოება თუ ჩვენს კუთხეებს გადარჩენა უწერია, განგება ინებებს ამ პროგრამის შესრულებას

თუ ჩვენს კუთხეებს გადარჩენა უწერია, განგება ინებებს ამ პროგრამის შესრულებას

795

სრულიად საქართველოს კათოლიკოსპატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს

საქართველოს სახელმწიფოს პრემიერმინისტრს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს

თქვენო უწმინდესობავ, ძვირფასო პატრიარქო!

პატივცემულო ბატონო პრემიერო!

ამ წერილით მოგმართავთ ჩვენი ქვეყნისთვის მეტად რთულ ვითარებაში, სრული გლობალიზაციის პერიოდში, მაშინ, როდესაც თითქმის მთლიანად დარღვეულია ერის ისტორიული საარსებო სივრცე, განსაკუთრებით კი ქართული სოფლის ტრადიციული სტრუქტურა, მისი სამეურნეო და საყოფაცხოვრებო წესრიგი… მოსახლეობის 90 პროცენტი აყრილია ძირძველი საცხოვრისიდან და ეს პროცესი კვლავაც გრძელდება.…

ეს ისტორიული კუთხეები ქმნიდნენ ერის სულიერ და მატერიალურ საგანძურს, აქ გროვდებოდა ის სასიცოცხლო ენერგია, რომელიც საუკუნეთა განმავლობაში ასაზრდოებდა ქვეყანას.…ქრისტეს უადრესი ტაძრებიც ამ მწვერვალებზე აღმართულა (გერგეტზე, ლომისზე, სანეზე, ცროლზე, ლაშარზე…), აქედან მოემართებოდა «უხორცო» მეომართა ლაშქარი მამულის დასაცავად…

წინა საუკუნის ვერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ გადაჭრა მთიანეთის პრობლემა; სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით ნათელი პოზიცია არც დღეს ჩანს გამოკვეთილი.

ჩვენ გთავაზობთ ამ ისტორიულ კუთხეთა «კულტურულ-ეკონომიკური ხსნის სათემო-სამონასტრო პროექტს», როგორც იდეას დიდი კრიზისის დასაძლევად.

სრული შეგნებით ვაცხადებთ: თუ ჩვენ ისტორიულ კუთხეებს (მონაპირე სასაზღვრო თემებს) ვერ აღვადგენთ და ვერ შევაბრუნებთ იქ მატერიალურ და სულიერ რესურსებს შესაბამისი კულტურულ-ეკონომიკური პროგრამების მეოხებით, ერთობლივი გადაწყვეტილებებით სახელმწიფოსა და ეკლესიის მიერ  ყოველი ცდა ქვეყნის აღორძინებისა ამაო იქნება!

«კულტურულ-ეკონომიკური ხსნის სათემო-სამონასტრო პროექტის» განხორციელება, ჩვენი წარმოდგენით, ხევსურეთიდან უნდა დავიწყოთ, ვინაიდან აქ უკიდურესად საგანგაშო ვითარებაა _ სრული დემოგრაფიული და სოციალური კოლაფსი….

ისევე, როგორც ხალხური დასტაქრები აკეთებდნენ «თავის ტრეპანაციას» სწრაფად და ეფექტურად და შველოდნენ განწირულ ავადმყოფს, ასეთივე სწრაფი და ეფექტური უნდა იყოს «შოკური თერაპია» სახელმწიფოს მხრიდან ხევსურეთისთვის (და საბედისწერო ზღვარზე მდგარი საქართველოს ყოველი კუთხისთვის).

პროგრამა თავისი არსით (ერთობლივი სათემო-სამონასტრო-სამეურნეო სისტემებით, «ტრადიციათა ცოდნის სახლებით», ლიცეუმით, საზაფხულო სამრევლო სკოლებით, ტურისტული ბლოკითა და კუთხეთა რეაბილიტაციის ფონდით..) მოიცავს როგორც სახელმწიფოს, ასევე ყოველი თემის ინტერესს…

მოდელის «სათემო-სამონასტრო» არსი გულისხმობს ქრისტიანული ენერგეტიკის «გადანაწილებას» პერიფერიებში და ისტორიული სივრცის ზნეობრივ გაჯანსაღებას, რაც, ჩვენი აზრით, პროექტის არსებითი ღირსებაა.

გლობალური «ექსპანსიების» მოგერიება «აპოკალიფსურ დროში» მხოლოდ ტაძართა, ტრადიციათა და ისტორიულ თემთა ერთობლივი სინერგიით შეიძლება. ეს არის ჩვენი პროექტის ამოცანაც.

ყოველი საქმე მაინც ფინანსური «ჩარევით» იწყება; ამიტომაც ჩვენი მოდელის მთავარი ღერძი «სათემო აღორძინების ფონდის» დაფუძნებაა…

ჩვენ მიერ ნავარაუდევი თანხა არ აღემატება «ერთი ხიდის საფასურს», მაგრამ ამ ფინანსური მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ იმ უნიკალურ კუთხეთა აღდგენას, რომლებშიც დიდებულ ტაძართა, ნამოსახლართა, ციხე-კოშკთა პანთეონი და ერის საკრალურ ცოდნათა საგანძურია დაფარული.

დასასრულ, კიდევ ერთხელ ვიტყვით, რომ ამ პროექტს ვქმნით საგანგებო ვითარებისთვის _ მხოლოდ უწმიდესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორეს კურთხევისა და პრემიერ-მინისტრის, ბატონ ბიძინა ივანიშვილს მხარდაჭერის იმედით.

ძვირფასო პატრიარქო!

დიდად პატივცემულო პრემიერ-მინისტრო!

ამ პროექტის აღსრულება მხოლოდ თქვენს მტკიცე ნებას და ერთობლივ გადაწყვეტილებებს შეუძლია! თუ ჩვენს კუთხეებს გადარჩენა უწერია, განგება ინებებს ამ პროგრამის შესრულებას.

უღრმესი პატივისცემითა და იმედით,

არაგვის ხეობის მთიანეთის თემთა კავშირის, საგვარეულო კავშირის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის მთიანეთის კომისიის სახელით:

კობა არაბული,

ლევან ფრუიძე,

ვალერიან ითონიშვილი,

გიორგი წიკლაური,

ნოდარ არდოტელი.

 

1 COMMENT

  1. საქართველო არაქართველებს ჩააბარეთ და გადავრჩებით აბა რა,გაქრობა მთლიან საქართველოს ელოდება ვერ ხვდებით?,იურიდიულად ქართველი აღარ არსებობს,საქართველო ინტერნაციონალურ ქვეყნად აქციეს და არა ეროვნულ ქვეყნად ასე იწყება საქართველოს გაქრობა,დროზე გამოფხიზლდით ქართველებო!.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here