Home რუბრიკები საზოგადოება ზუგდიდელებმა საქართველოს პარლამენტს ლგბტ-ს პროპაგანდის აკრძალვის მოთხოვნის წერილი გაუგზავნეს

ზუგდიდელებმა საქართველოს პარლამენტს ლგბტ-ს პროპაგანდის აკრძალვის მოთხოვნის წერილი გაუგზავნეს

588

17 მაისს თბილისში განვითარებულ მოვლენათა გამო საზოგადოება «ზუგდიდელის» ინიციატივითა და ძალისხმევით შეიკრიბნენ ზუგდიდის საზოგადოებრიობის თითქმის ყველა სფეროსა და სტრუქტურის წარმომადგენლები, რათა გამოეხატათ თავიანთი დამოკიდებულება გეიაღლუმებისა და ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდასთან დაკავშირებით. საზოგადოება «ზუგდიდელის» თავმჯდომარის მოადგილის _ მურმან ნაჭყებიას პათოსს, რომ ზუგდიდი ემიჯნება ლგბტ, ამასთან, მიუღებელია მათი უზნეო ქმედებები, მაგრამ ყოველგვარი სისაძაგლე ძალადობის გარეშე რომ უნდა იქნას თავიდან აცილებული, შეკრების ყველა მონაწილე დაეთანხმა.

მურმან ნაჭყებია: _ ჭორის დონეზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის შემდეგ ზუგდიდშიც იგეგმებოდა გეიაღლუმის ჩატარება. ეს არ უნდა დავუშვათ არანაირად. ჰქონდეთ მათ თავიანთი ადგილი, არ ჩავერევით მათ პირად ცხოვრებაში, მაგრამ არ უნდა ჩაატარონ გეიაღლუმები ცენტრალურ ქუჩებსა და პროსპექტებზე. გონიერებამ უნდა გაიმარჯვოს დეფორმირებულ აზროვნებაზე.

რევაზ ცაავა, საზოგადოება «ზუგდიდელის» წარმომადგენელი:

_ ვთხოვთ მთავრობას, გამოიკვლიოს, თუ ვინ დაგეგმა ყოველივე და, თუ ეს ამერიკამ დაგეგმა და ასე უნდა ამერიკას, არც ამერიკა მინდა, არც ნატო და არც ევროკავშირი. ღმერთმა ნუ ქნას, ის, რაც თბილისში მოხდა, მოხდეს ზუგდიდში. ის საჯარო მოხელეები, რომლებიც ქადაგებენ ასეთ აღვირახსნილობას, უნდა მოიკვეთონ სამსახურებიდან.

კოტე ჭილაია, ზუგდიდის მე-11 საჯარო სკოლის დირექტორი:

_ ჩვენ ტრადიციების ერი ვართ და ვალდებულნი ვართ, მოვუაროთ ამ ტრადიციებს. მთავარია, სწორად აღვზარდოთ ჩვენი ახალგაზრდობა, ოჯახებმა უნდა გააკონტროლონ  თავიანთი შვილების ქმედებები. და ამის შემდეგ ლგბტ-ს საქართველოში დასაყრდენი არ ექნება.

ზამირა ღადუა, «სახალხო კრების» ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარე:

_ მე, როგორც დედა და როგორც პედაგოგი, ვემიჯნები ამ პროცესს. ძალადობის მომხრე არა ვარ, მაგრამ, რომ არ ყოფილიყო ძალადობა, ხომ გაიმართებოდა გეიაღლუმი? ვთვლი, რომ უნდა გადაიხედოს ყველა იმ არასამთავრობო ორგანიზაციის ფუნქციები, რომლებმაც ასეთი საქმიანობა შემოსავლის წყარო გაიხადეს. მოვთხოვოთ მთავრობას, პარლამენტს, აკრძალოს ლგბტ-ს ლეგალიზება.

როლანდ მაქაცარია, ზუგდიდის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი:

_ ეს როგორ გაიფიქრეს, რომ ზუგდიდში ჰომოსექსუალებმა აღლუმი გამართონ. ვაფრთხილებ მათ, _ თუ ასეთი რამის მცდელობა იქნება, მარტო ჩვენ, სპორტსმენებს და სპორტის ვეტერანებს, ისინი ცოცხლები ვერ გადაგვირჩებიან, ამიტომაც აუცილებელია, ჩვენმა ხელისუფლებამ აღკვეთოს ამ სისაძაგლის პროპაგანდა.

ბონდო ჯიქია, ყოფილი გუბერნატორი:

_ ეს ავადმყოფობა მოდის შორიდან და ჩვენთანაც გაიდგა ფესვები, ამიტომაც შევადგინოთ დოკუმენტი და მივმართოთ პარლამენტს ლგბტ-ს  აკრძალვის შესახებ, თუმცა ეს კანონი ადვილი მისაღები არ არის».

ვახტანგ კუკავა, ექიმი:

_ ვინც დასნეულებულია ამ სენით, ჩვენ მათ ვერ შევაცვლევინებთ ორიენტაციას. ჩვენ ამ ცოდვილებს, ავადმყოფებს კი არა, მოვლენას უნდა ვებრძოლოთ. ყოველივე, რაც თბილისში მოხდა, იყო დაგეგმილი პროვოკაცია და ხალხიც ამ პროვოკაციას წამოეგო.

მამა მალხაზ ჭანტურია, ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ეკლესიის წინამძღვარი:

_ ჰომოსექსუალიზმი უმძიმესი ცოდვაა. მანამდე ეს იყო ავადმყოფობა. დღეს რატომღაც მათ ეუბნებიან, თქვენ ავადმყოფები კი არ ხართ, არამედ საზოგადოების სრულყოფილი წევრებიო. არადა, ეს ტრაგედიაა, როცა ჰომოსექსუალიზმს ავადმყოფობად არ მიიჩნევენ. ეკლესიაშიც მოდიან ასეთი ადამიანები და იკურნებიან კიდეც. ეკლესიას აქვს ამის ძალა. რატომღაც აბორტები ნაკლებად აწუხებთ, ვიდრე ამათი უფლებების შელახვა. შევაწუხოთ ჩვენი მთავრობა და მოვთხოვოთ მათი ლეგალიზების აკრძალვა კანონისძალით.

შეხვედრის მონაწილეებმა მიიღეს ერთობლივი რეზოლუცია, რომელიც გაეგზავნა საქართველოს პარლამენტს. მასში აღნიშნულია, რომ, ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს პარლამენტმა აუცილებლად უნდა მიიღოს კანონი, რომელიც აკრძალავს  ლგბტ-ს  პროპაგანდას. «სექსუალური უმცირესობის წარმომადგენლებს აქვთ უფლება, ჰქონდეთ თავიანთი შეკრების ადგილი, აკეთონ იქ, რაც უნდათ. არ ჩავერევით მათ პირად ცხოვრებაში, მაგრამ მანიფესტაციებს და აღლუმებს ჩვენი ქვეყნის ქალაქების ქუჩებსა და უბნებში ნუ მოაწყობენ, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყნის სახელმწიფო რელიგიის უგულებელყოფა, ამასთანავე, ნორმალურად  მოაზროვნე ადამიანის გრძნობებზე დამამცირებელი თამაში, რაც არც ერთ შემთხვევაში არ მოიტანს დადებით შედეგს ქვეყნის ცხოვრებაში», _ ნათქვამის რეზოლუციაში.

ლადო ქირია, ზუგდიდი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here