Home რუბრიკები პოლიტიკა მექა ხანგოშვილი: პრეზიდენტ სააკაშვილს რომ არ გაეცა ლიკვიდაციის ბრძანება, ლაფანყურში ვინ გაბედავდა...

მექა ხანგოშვილი: პრეზიდენტ სააკაშვილს რომ არ გაეცა ლიკვიდაციის ბრძანება, ლაფანყურში ვინ გაბედავდა სროლას?!

984

ლოპოტას ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის შესახებ გავრცელებულ ვერსიებსა და მიმდინარე მოვლენებზე «საქართველო და მსოფლიოს» ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მრჩეველი და ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი საქართველოში _ მექა ხანგოშვილი ესაუბრება.

_ ლოპოტას ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით თავიდანვე რამდენიმე ბუნდოვანი ვერსია გავრცელდა. თქვენ რა ინფორმაციას ფლობთ ამ დროისთვის, რა მოხდა სინამდვილეში?


_ უდანაშაულობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ დღეს ვერსიებზე საუბარი არასწორი იქნება. ალბათ, უნდა დაველოდოთ გამოძიებას, თუმცა ერთი რამ ფაქტია _ ეს ჯგუფი არ შემოსულა საქართველოში რუსეთიდან, პირიქით, ისინი გადადიოდნენ საქართველოდან. საგულისხმოა ისიც, რომ ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ჩვენ ვდუმდით.

მათი ლიკვიდაცია მოხდა მაშინ, როცა თავისუფლად შეიძლებოდა მათი ცოცხლად აყვანა და დაპატიმრება, მაგრამ მაშინდელმა ხელისუფლებამ ეს არ მოინდომა, ბოდიში და, ფეხებზე დაიკიდა ეს ახალგაზრდები. მაშინ, როცა, ჩვენთვის, ჩეჩნებისთვის, ასეთი მცირერიცხოვანი ერისთვის, თითოეული ადამიანის სიცოცხლეც კი ძალიან ღირებულია.

 ძალიან შემაძრწუნებელი იყო ქვეყნის პირველი პირის, მიხეილ სააკაშვილის, საქციელი, როდესაც ის გაბადრული ჩაბრძანდა ლაფანყურში და განაცხადა, რომ თურმე საქართველოში პანკისობის დრო დასრულდა და წარმატებული სპეცოპერაცია ჩატარდა. პრეზიდენტმა საკუთარი ქვეყნის ისტორია კარგად უნდა იცოდეს. პანკისი ცხელ წერტილად თავის დროზე თავად ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა აქციეს, თორემ მოსახლეობას ხეობაში არეულობა ყველაზე მეტად არ აძლევდა ხელს. ერთი მაგალითი დაასახელოს ვინმემ, როცა პანკისის ხეობის მოსახლოება არასახელმწიფოებრივად მოიქცა და შემდეგ ისაუბრონ პანკისობასა და ლეკიანობაზე.

ზოგიერთ ქართველ ჩინოვნიკს ნებისმიერი ქისტი შეეჯიბრება საქართველოს სიყვარულში. 2008 წლის ომის დროს, როცა ეს ჩინოვნიკები წითელ ხიდზე დოლარებით გარბოდნენ, რათა როგორმე საკუთარი ქონება გადაერჩინათ, ქისტი ბიჭები ბოლომდე იბრძოდნენ. ამის მიუხედავად, სააკაშვილმა დაჭრილი დედისერთა ქისტი ბიჭები არც კი მოინახულა. პრეზიდენტის ეს საქციელი რას ნიშნავდა?!

_ დღემდე აქტუალურია კითხვა: ვინ იყვნენ ეს ახალგაზრდები, ვინ მისცა მათ იარაღი და როგორ აღმოჩნდნენ ისინი საქართველოს ტერიტორიაზე? ერთერთი ვერსიით, მათ საქართველოს ხელისუფლება ამზადებდა

_ დიახ, ვერსია, რომ მათ თავად საქართველოს ხელისუფლება ამზადებდა, არსებობს, სწორედ ამიტომ უნდა დაველოდოთ გამოძიების დასრულებას.

_ რა კომენტარს გააკეთებთ სახალხო დამცველის ანგარიშზე, რომელშიც ნათქვამია, რომ სპეცოპერაციის უკან საქართველოს ყოფილი ხელისუფლება იდგა. დასახელებულია კონკრეტული მაღალჩინოსნების გვარებიც

_ სახალხო დამცველს სრულიად ვეთანხმები. ეს არის სხვადასხვა ვერსიაზე დაყრდნობით, მაღალ დონეზე მომზადებული ანგარიში. სწორედაც რომ ყოფილი ხელისუფლებაა ყველაფერში დამნაშავე, სხვა არავინ. ამ ცოტა ხნის წინ გამოვიდა შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და განაცხადა, რომ მალე ისეთ ფაქტებს გავიგებთ, რომლებიც ნათელს მოჰფენს ამ საქმესო. ველოდებით…

_ გადარჩენილი ახალგაზრდები ამ დროისთვის სად იმყოფებიან და თუ აპირებენ გამოძიებასთან თანამშრომლობას?

_ როგორც ჩემთვის ცნობილია, ისინი ჯერ თურქეთში გადავიდნენ და ახლა ევროპის რამდენიმე ქვეყანაში იმყოფებიან. დღეს, არა მგონია, ითანამშრომლონ გამოძიებასთან, ალბათ, როცა ნდობის ხარისხი იქნება მაღალი, ისინიც ითანამშრომლებენ…

_ თუ გაქვთ ინფორმაცია, სად არის ახმედ ჩატაევი?

_ მე მისი პირადი ცხოვრება არ ვიცი. ის საჭიროებს პროთეზს, რადგან, იცით, მას ხელი ამპუტირებული ჰქონდა და ახლა ფეხიც მოჰკვეთეს. ვიცი, რომ, სამედიცინო დახმარების მიღების მიზნით, არის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასული და მას ამის უფლება მისცა ხელისუფლებამ. ისიც ვიცი, რომ ჩატაევი გამოძიებასთან აუცილებლად ითანამშრომლებს.

_ დათა ახალაია სკანდალურ წერილში ლაფანყურის სპეცოპერაციაზეც საუბრობს და ყველაფერში შს ყოფილ მინისტრს, ვანო მერაბიშვილს, ადანაშაულებს

_ ჩამობრძანდეს და თქვას თავისი სათქმელი. თუმცა, ახლა რომ ამბობს, თითქოს ქისტ ძმებთან პრობლემა შეექმნათ, მაშინ რატომ არ ფიქრობდა ამაზე, როდესაც ხოცავდა მათ?! მინისტრ ბაჩო ახალაიასა და პრეზიდენტ სააკაშვილს რომ არ გაეცათ ლიკვიდაციის ბრძანება, ვინ გაბედავდა სროლას? თუმცა, ისიც ცხადია, რომ ბაჩო ახალაია არ არის ისეთი გაბედული, რომ პრეზიდენტის გარეშე მიეღო ეს გადაწყვეტილება.

ჩვენ, ქართველებსა და ჩეჩნებს, მრავალსაუკონოვანი მეგობრობა გვაკავშირებს, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ 90-იანი წლებში დადგა კითხვის ნიშნის ქვეშ და ეს მტრის ხატი ჩეჩნებისა დღესაც ბოლომდე არ არის დანგრეული ქართულ საზოგადოებაში. ბაჩო ახალაიას ურჩევდნენ, ვითარება კიდევ უფრო არ გაგვემძაფრებინა, თუმცა არ შეისმინა, მაგრამ, რამდენადაც ვიცი, ბაჩო ახალაია ლაფანყურის სპეცოპერაციის შემდეგ ძალიან ნანობდა თავის საქციელს.

რაც შეეხება მერაბიშვილს, როდესაც ასეთი რამ ხდება, მასაც აქვს თავისი წილი დანაშაული. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი გამოძიების დასკვნა, _  გაირკვეს, ვინ იყო მთავარი დამნაშავე და რატომ მოხდა ეს ყველაფერი. მთელი პანკისის ხეობა ამ გამოძიების შედეგებს ელოდება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი ბიჭები დაზარალებულებად სცნონ, რადგან მათთვის ტერორისტების იარლიყის მიწებებას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ.

_ თქვენ რამდენიმე ხნის წინ განაცხადეთ, რომ ჩეჩნები თავის სისხლს არავის პატიობენ. რას ნიშნავდა ეს განცხადება, ანუ ჩეჩნების შურისძიების შესახებ გავრცელებული ხმები რეალურია? და კონკრეტულად ვის შეეხება ეს შურისძიება: ბაჩო ახალაიას, ვანო მერაბიშვილს თუ მიხეილ სააკაშვილს?

_ როგორც ცნობილია, პარალელურად ზაქაევის გამოძიებაც მიმდინარეობს და გაირკვევა ყველაფერი. მინდა ხაზი გავუსვა, რომ ჩეჩენ ხალხს ქართველებთან გასაყოფი არაფერი აქვს და არც არასდროს ექნება. ამ შემთხვევაში ერებს შორის ურთიერთობა კითხვის ნიშნის ქვეშ არასდროს დადგება. საქმე გვაქვს მხოლოდ ვიღაცების მხრიდან ღალატთან, რომელსაც ბიჭები იმდენად არ ელოდნენ, რომ რამდენიმე მათგანს ეძინა, როცა მოკლეს…

_ გარდაცვლილი ქართველი სპეცრაზმელის, არჩილ ჩოხელის, ოჯახი შვილის სიკვდილში საქართველოს ყოფილ ხელისუფლებას ადანაშაულებს. ვიცი, რომ თქვენ ესაუბრეთ გარდაცვლილი ჩეჩნების ოჯახებს, რას ამბობენ ისინი?

_ ოჯახები ადანაშაულებენ ბაჩო ახალაიას, მიხეილ სააკაშვილს, ქვეყნის პირველ პირებს, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ სპეცოპერაციაში.

_ გამოძიება მიმდინარეობს. მიუხედავად ამისა, გავრცელად ინფორმაცია, რომ ჩეჩნები საკუთარ გამოძიებას აწარმოებენ, კახეთის საინფორმაციაო ცენტრმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩეჩენი მებრძოლების საკითხს შარიათის სასამართლო განიხილავს, თქვენც ახსენეთ, რომ ზაქაევი დამოუკიდებელ გამოძიებას აწარმოებს. საქართველოში ხელისუფლება ხომ შეიცვალა, რატომ გახდა საჭირო დამოუკიდებელი გამოძიების წარმოება, ჩეჩნური მხარე არ ენდობა ქართულ  გამოძიებას?

_ მართალია, ხელისუფლება შეიცვალა, მაგრამ ბევრი ძველი კადრი ისევ დარჩა და არც საგამოძიებლო ორგანოები და არც სასამართლო მთლიანად არ გათავისუფლებულა ძველი კადრებისგან. რაც შეეხება შარიათის სასამართლოს, შარიათის კანონები, მოგეხსენებათ, საქართველოში არ მოქმედებს, უცხოეთში რა ხდება, არ ვიცი, ვერ დაგიდასტურებთ ამ ინფორმაციას.

_ ქალბატონო მექა, რა ინფორმაცია გაქვთ ბოსტონში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით, სადაც, გავრცელებული ინფორმაციით, ჩეჩნური კვალი იკვეთება? რუსულმა გამოცემა «იზვესტიამ» გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს ტამერლან ცარნაევი საქართველოში ამერიკელებთან ერთად ჩატარებულ სემინარებზე გადიოდა წვრთნას. დასახელდა საქართველოში მოქმედი ფონდი «კავკასიური» და ამერიკული «ჯეიმსთაუნი». თქვენ რა ინფორმაცია გაქვთ ფონდ «კავკასიურის» საქმიანობის შესახებ?

_ ჩემთვის ძალიან მტკივნეული თემაა და აღნიშნულ მოვლენებს გამუდმებით თვალს ვადევნებ. სხვათა შორის, სანამ ინფორმაცია გავცელდებოდა, ეჭვი გამიჩნდა, რომ ისევ ჩეჩნებს დააბრალებდნენ ყველაფერს. ერთ-ერთმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჯერ მომხდარი არ იყო ეს აფეთქება, როცა ორი საათით ადრე, სოციალურ ქსელ «ფეისბუქში» გავრცელდა ინფორმაცია აფეთქების შესახებ, რაც იმას ადასტურებს, რომ ეს იყო წინასწარ გამიზნული პროვოკაცია და ეს ბიჭები არაფერში დამნაშავეები არ არიან.

«კავკასიურ ფონდთან» წლების განმავლობაში ვთანამშრომლობდი და ფონდის მიზანი კავკასიელ ხალხებს შორის კულტურული ურთიერთობების აღდგენა-განმტკიცების საქმე გახლდათ. გამოსცემდნენ წიგნებს, აწყობდნენ კონფერენციებს, ჩამოჰყავდათ სტუმრები ჩრდილოეთ კავკასიიდან. თუმცა უნდა ვთქვა, რომ ის კონფერენციები, რომელთაც «იზვესტია» ასახელებს, 2012 წელს მსგავსი არაფერი თბილისში არ ჩატარებულა, ყოველ შემთხვევაში, მე არ დავსწრებივარ. «ჯეიმსთაუნის» ფონდმა და «კავკასიის ფონდმა», რომლის პრეზიდენტიც პროფესიით არქეოლოგი ბატონი გივი ღამბაშიძე გახლავთ, ჩაატარეს ერთობლივი კონფერენციები, რომლებსაც მეც ვესწრებოდი და 2010-2011 წლებში ჩატარდა (და არა 2012 წელს) და იქ ცარნაევი არავინ მონაწილეობდა, თორემ მე აუცილებლად მეცოდინებოდა, ვინაიდან მთელი ამ წლების განმავლობაში, თუ ვინმე ჩეჩენი ჩამოდიოდა საქართველოში, ყველა ჩემი სტუმარი იყო.

ესაუბრა შორენა ცივქარაშვილი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here