Home რუბრიკები პოლიტიკა ხელისუფლებას დემოკრატია ლობიოს ჭამაში აერია

ხელისუფლებას დემოკრატია ლობიოს ჭამაში აერია

313
ხელისუფლებას დემოკრატია ლობიოს ჭამაში აერია

საქართველოში პანდემია ხელიდან გაგვექცა და უკონტროლოდ ვრცელდება. ახლა თუ ვინმეს იმისი სჯერა, რომ 3000 ადამიანის კონტაქტების ძიება მიდის, შემდეგ _ მათი თვითიზოლაცია და შემდეგ კიდევ _ მათი კონტროლი, ძალიან ცდება. ამას, საქართველოს კი არა, ვერც ერთი სახელმწიფოს რესურსი ვერ გაუძლებს, ამიტომ ადამიანების თვითშეგნებისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის იმედად უნდა ვიყოთ. მარტივ მაგალითს გეტყვით: მეგობარს კორონავირუსი დაუდასტურდა. მიმართა 112-, 4 საათის შემდეგ დაუკავშირდნენ, გაარკვიეს, რომ კატასტროფული სიტუაცია არ ჰქონდა და… 18 საათის შემდეგ მოიკითხეს კონტაქტები. როგორ გგონიათ, იმ 18 საათის განმავლობაში ამის კონტაქტებმა რამდენი ახალი კონტაქტი მონახეს? მართალია, ჩემმა მეგობარმა თვითონ დაურეკა მანამდე იმ ადამიანებს, რომლებთანაც შეხება ჰქონდა, მაგრამ ყველამ გაითვალისწინა თუ არა და გადავიდა თვითიზოლაციაში, ვერ გეტყვით.

ჰო, საქართველოში კიდევ ერთი უბედურება გვჭირს: სანამ ადამიანს მუშაობა შეუძლია, სამსახურიდან არ მიდის. არ არის ისე, როგორც ევროპაში, საპენსიო ასაკს სიხარულით რომ ხვდებიან და მთელი ცხოვრების განმავლობაში დაგროვილის ხარჯვას იწყებენ. ჩვენთან პირიქითაა _ სანამ არ წაიქცევა, სანამ სიარული შეუძლია, მანამდე ებღაუჭება სამსახურს, რადგან პენსია საკმარისი არ არის. ეს განსაკუთრებით ექიმებზე ითქმის და ახლავე აგიხსნით რატომ. ხშირად გვინახავს ამა თუ იმ კლინიკაში პენსიონერი ექიმის კართან მომლოდინეთა უზარმაზარი რიგი. ცოდნასთან ერთად, წლებს ის გამოცდილება მოაქვს, რომელსაც ახალგაზრდობაში ვერ მიიღებ, ამიტომ ნდობაა სწორედ პენსიონერი ექიმებისადმი უფრო მეტი და, საზოგადოდ, “ძველი გვარდია” სწორედ გამოცდილების ხარჯზე სვამს უტყუარ დიაგნოზსაც და ხალხსაც ეხმარება. პენსიაზე გასული ექიმი ფიზიკურად ვეღარ მიდის სამსახურში, თორემ საყვარელ პროფესიას თავს არ დაანებებდა. ჰოდა, ახლა, ხელისუფლება გვიცხადებს, რომ ქვეყანაში მედპერსონალის ისეთი დეფიციტია, პენსიაზე გასული ექიმები უნდა ჩავრთოთ საქმეშიო. არადა, მსოფლიო ამტკიცებს, რომ ვირუსი, პირველ რიგში, სწორედ ასაკიან ადამიანებს ერჩის, მათი იმუნიტეტი ვერ ერევა ვერაგ დაავადებას და, რა გამოდის _ პენსიონერი ექიმები სასაკლაოზე მიგვყავს? ამას თუ სხვა რამ ჰქვია, განგვიმარტეთ. სიმართლე გითხრათ, არც იმის გვჯერა დიდად, რომ დისტანციურად პაცინეტის ჯანმრთელობის მდგომარეობის სრულყოფილი მართვაა შესაძლებელი. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ: ერთ-ერთ რეგიონში ცუდად მყოფ პაციენტს გოგონამ დაურეკა და რჩევები მისცა და, როცა თავისი სახელი უთხრა, პაციენტი გაოცდა, შვილო, შენ ხომ ექთანი ხარ, ლაბორატორიაში ანალიზების აღებაში ეხმარები, კოლბების მიტან-მოტანაშიო და გოგონამაც გულწრფელად უპასუხა: კი, მასეა, მაგრამ აქ მითხრეს, თანაგრძნობის კარგი უნარი გაქვს და პაციენტებს, პირველ რიგში, თანაგრძნობა და ფსიქოლოგიური დახმარება სჭირდებათო. ეს ყველაფერი კარგია, ფსიქოლოგია კარგია, არც თანაგრძნობაა უკანა პლანზე გადასაგდები, მაგრამ, როცა პაციენტს სუნთქვის უკმარისობა აქვს, როცა წამალი აქვს მისაღები, მაშინ მხოლოდ ფსიქოლოგია და თანაგრძნობა დიდი ვერაფერი შეღავათია.

ჰო, საქმეში სამედიცინო სასწავლებლების დამამთავრებელი კურსის სტუდენტებიც ჩართეს. გულზე ხელი დაიდეთ და ალალად თქვით: ანდობთ სტუდენტს საკუთარი ოჯახის წევრის სიცოცხლეს? ახლა ხომ სწორედ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია და ეს არ არის მარტივი ვირუსი, რომელსაც პარაცეტამოლითა და ოფლის მოდენით უმკურნალებ. ინფიცირებულ პრემიერს სტუდენტი ურეკავს და ურჩევს თუ ყველაზე გამოცდილი ექიმები ახვევია თავს? გვესმის, რომ პრემიერი სახელმწიფოს მეთაურია, მაგრამ ეგებ ვიღაცას (და არაერთს) თავისი ოჯახის წევრის სიცოცხლე პრემიერის ჯანმრთელობაზე მეტად უღირს? და იმ სტუდენტს პაციენტი რომ მოუკვდეს, ხომ დაენგრევა ყველაფერი თავზე, რადგან სამედიცინო პრაქტიკას პაციენტის სიკვდილთ იწყებს? ახლა არ გვითხრათ, _ მსოფლიოში ასე ხდება და ჩვენც მათ გამოცდილებას ვიზიარებთო. სწორედ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის გამოცდილებამ მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართ და გამოჩნდა, რომ მათ მიერ შემუშავებული რეგულაციები ვერ და არ მოქმედებს, ყველგან ინდივიდუალური მიდგომაა საჭირო, ამისთვის კი მათ, უბრალოდ, რესურსი არ აქვთ და არც ექნებათ.

ცალკე საკითხია ოპოზიციური პარტიების ქმედება. ნათლად გამოჩნდა, რომ მათ არ აინტერესებთ არც ერთეულების, არც ასეულებისა და არც ათასეულების სიცოცხლე და ჯანმრთელობა; მთავარია, მიზანს მიაღწიონ და ხელისუფლებაში მოვიდნენ. როგორ გგონიათ, რატომ უჯერებს მათ რამდენიმე ათასი კაცი და ხბოს აღტყინებით, რეგულაციების უგულებელყოფით რატომ დაჰყვება ქალაქიდან ქალაქში?

იმიტომ, რომ სამსახურებს დაჰპირდნენ. ძირითადად, მშიერი, უმუშევარი ხალხი დარბის აქციებზე, დღიური გასამრჯელოც აქვთ და მომავლის იმედიც. და, როცა ადამიანიკუჭით იკბინება”, მას არ აინტერესებს, რა ხდება ირგვლივ, დაინფიცირდება თუ არა სხვა, ინსტინქტების დონეზე მოქმედებს და სწორედ ამ ინსტინქტებს იყენებს სათავისოდ ოპოზიცია. მოსახლეობა რომ მშიერია, ეგ სახელმწიფოს ბრალია და ასეა ყველაფერი აწყობილი ერთმანეთზე, თუმცა ისევ ვირუსს დავურბუნდეთ.

ადვილი საპროგნოზოა, რომ აქციების შემდეგ ვირუსი უფრო უკონტროლოდ გავრცელდება, უფრო დიდ მასშტაბებს მიიღებს და დღეში 4-5 ათასი ინფიცირებული ჩვეულებრივი მოვლენა იქნება. შესაბამისად, თუ გამართლდება ვარაუდი, რომ პიკი თვის ბოლომდე გასტანს, ნოემბრის ბოლოს ასი ათასზე მეტი ინფიცირებული გვეყოლება და ეს რაოდენობა ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, კატასტროფულია. ქართული ხასიათიდან გამომდინარე, ერთი პიკი საახალწლოდაც გვექნება, რადგან ძნელად სავარაუდოა, ახალი წელი, შობა და ძველით ახალი წელი მხოლოდ სახლში აღნიშნოს უმრავლესობამ და მისვლა-მოსვლაში, საახალწლო საჩუქრებთან ერთად, ვირუსსაც უშურველად დავარიგებთ.

ოპოზიციის მიერ გამართული აქციები მხოლოდ ხელისუფლების პრობლემა არ არის. იმ ადამიანებს, რომლებიც აქციებზე არ დადიან, ან, უბრალოდ, აპოლიტიკურები არიან, უსამართლობის განცდა უჩნდებათ, რადგან აქციის მონაწილეთათვის თითქოს დაუსჯელობის სინდრომი მოქმედებს, აი, რიგითი ადამიანები კი ნებისმიერი გადაცდომისთვის ისჯებიან. ხომ მარტივი მისახვედრია, რომ 9 ნოემბრიდან შემოღებული შეზღუდვებიც, რომლებიც 22:00 საათის შემდეგ ქუჩაში ყოფნას კრძალავს, სწორედ აქციის მონაწილეთა მხრიდან დაირღვევა და დაირღვევა არაერთხელ. ვიღაც კი, მართლა საქმე რომ აქვს, სახლში იქნება გამოკეტილი და, რაღა თქმა უნდა, უსამართლობის განცდა ძალიან გააბრაზებს. ხელისუფლება კი კვლავ შეეცდება, სიტუაცია უფრო არ დაძაბოს და ოპოზიციის მხარდამჭერებს ისევ თავზე ხელს გადაუსვამს. ამ ფონზე უფრო მძაფრად იგრძნობა ის, რომ პენსიონერი ექიმები წაგებულ ომში მიდიან. თუ ისინი მხოლოდ დისტანციურად იმუშავებენ, მაშინ კიდევ გასაგებია, მაგრამ საკმარისია, რომელიმე მათგანს პაციენტთან გასვლა მოუწიოს, ის სიცოცხლით რისკავს. დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით კი, ექიმების გაწირვა, უბრალოდ, აბსურდია, რადგან ადამიანები თვითონ არ უფრთხილდებიან საკუთარ თავს და შემდეგ, როცა ვირუსი შეხვდებათ, სახელმწიფოს ავალდებულებენ, პენსიონერ ექიმებს ავალდებულებენ, რომ უშველონ, მიხედონ, უმკურნალონ და, რაც მთავარია, უფასოდ. უფასო მკურნალობაც უდიდეს ტვირთად აწევს სახელმწიფოს და იმას არავინ ამბობს, რომ ეს ყველაფერი ისევ ჩვენს ხარჯზე, ჩვენი გადასახადებიდან ხდება.

ჰოდა, ვინმემ აგვიხსნას: მე და ასიათასობით ჩემნაირმა რატომ უნდა ვიხადოთ გადასახადი იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არც საკუთარ თავს უფრთხილდებიან და არც სხვის ჯანმრთელობას, ხელისუფლება კი ამ ყველაფერს მშვიდად უყურებს, დემოკრატიობანას თამაშობს, სწორედ რომ თამაშობს, რადგან, როგორცმხედრიონისლიდერი თავის დროზე ამბობდა, დემოკრატია ლობიოობა არ არისო, ახლა სწორედ ლობიოობაში აქვს არეული ხელისუფლებას დემოკრატია.

სხვა, აბა, რა გითხრათ? მაქსიმალურად შეეცადეთ, დაიცვათ რეგულაციები და ვირუსთან ბრძოლაში მედპერსონალსა და სახელმწიფოს დავეხმაროთ. ასე შენდება სახელმწიფო და ამ შენებაში მონაწილეობა სწორედ ეს არის _ რეგულაციებისა და კანონის დაცვა. სხვაგვარად ისევ ქუჩაში ვიქნებით მომდევნო 30 წლის განმავლობაში, როგორც ბოლო 30 წელი ვიყავით, და სანაცვლოდ ვერაფერს მივიღებთ.

ბესო ბარბაქაძე

P.S. იცით, კიდევ რა გვაინტერესებს? ღია სივრცეში პირბადის ტარება აუცილებელი რომ არის და პირი, რომელიც ამ მოთხოვნას არ დაიცავს 20 ლარით ჯარიმდება. რა, ოპოზიციური პარტიის ლიდერებს იმუნიტეტი იცავთ ამ ჯარიმისგან თუ სტაბილურობას ვინარჩუნებთ? სწორედ ეს არის ორმაგი სტანდარტი და სწორედ ეს არ მოსწონს მოსახლეობას, თურმე პირბადით თუ პირბადის გარეშე, კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here