ახალი ამბების ამერიკულმა სააგენტო BazzFed–მა გამოაქვეყნა ინტერნეტგიგანტ “ფეისბუკის” ყოფილი თანამშრომლის, სოფი ჩანგის, მოხსენებითი ბარათი, რომელშიც ის ყვება, რომ აღნიშნული კორპორაციის ხელმძღვანელობა უყურადღებოდ ტოვებს ამომრჩეველთა ხმებით მანიპულაციის ფაქტებს და მხარს უჭერს პოლიტიკური ვითარების დესტაბილიზაციას ბევრ ქვეყანაში. სოციალური ქსელი “ფეისბუკი” 2,5 მლრდ მომხმარებელს ითვლის, მათი 40%-ისთვის ეს სოცქსელი ინფორმაციის ძირითადი წყაროა.
ბოლივიაში, ბრაზილიაში, ინდოეთში, ეკვადორსა და ჰონდურასში ადგილობრივი მომხმარებლები არჩევნების წინ იღებდნენ მილიონობით შეტყობინებას ყალბი აკაუნტებიდან. ამ შეტყობინებების გამომგზავნები იყენებდნენ ცნობებს ქვეყნებზე, მათში მცხოვრები ადამიანების ჩვევებსა და მიდრეკილებებზე და არჩევნების ბედს ამა თუ იმ მხარის სასარგებლოდ წყვეტდნენ.
“ჩემი ხელები სისხლშია, _ განაცხადა სოფი ჩანგმა “ფეისბუკის” ქსელის ყალბი აკაუნტების ჯგუფში 3-წლიანი მუშაობის შემდეგ, _ მე პირადად ვიღებდი გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეხებოდა ზოგიერთი ქვეყნის პრეზიდენტს”.
სოფი ჩანგმა პროპაგანდისტული კამპანიის მაგალითებად დაასახელა საარჩევნო კამპანია აზერბაიჯანსა და ჰონდურასში, მოიყვანა “ფეისბუკის” ყალბი აკაუნტებიდან ყალბი მონაცემების გავრცელების ფაქტები ბოლივიაში, ბრაზილიაში, ინდოეთსა და და ეკვადორში გამართული არჩევნების დროს; ისაუბრა არჩევნების შედეგების მანიპულაციებზე უკრაინასა და ესპანეთში.
კეტი პირსმა კი, ვაშინგტონის უნივერსიტეტის თანამშრომელმა, რომელიც სწავლობს სოციალურ ქსელებსა და საკომუნიკაციო ტექნოლოგიებს აზერბაიჯანში, Buzz Fees News-ს განუცხადა, რომ “ფეისბუკი”, დიდი ხანია, სარგებლობს ყალბი ანგარიშებით კავკასიის ამ რესპუბლიკაში (აზერბაიჯანში) ოპოზიციისა და დამოუკიდებელი მასმედიისთვის ძირის გამოსათხრელად. ჩანგი თავის ანგარიშში, აგრეთვე, ლაპარაკობს ყალბი ანგარიშების ფართომასშტაბიან ქსელზე, რომელსაც კოვიდ-19-ის შესახებ ინფორმაციის მანიპულაციისთვის იყენებენ.
როდესაც სოფი ჩანგი “ფეისბუკის” ხელმძღვანელობისთვის განკუთვნილ მოხსენებაში წერდა მანიპულაციის ფაქტებზე, მის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებს, უბრალოდ, თავიდან იცილებდნენ და ამბობდნენ, რომ ასეთ რაღაცებთან ბრძოლა პრიორიტეტული არ არის კომპანიისთვის. ბოლოს და ბოლოს, კომპანიის ხელმძღვანელობამ სოფი ჩანგს განუცხადა, რომ წასულიყო. და ბოლო სამუშაო დღეს მან თავისი ჩანაწერი გამოაქვეყნა Workpleace-ს შიდა განცხადებების დაფაზე, რომელიც განკუთვნილია მხოლოდ თანამშრომლებისთვის. სოფი ჩანგი “ფეისბუკის” ერთადერთი თანამშრომელი არ არის, რომელმაც გიგანტური სოციალური ქსელის ჩონჩხებით სავსე კარადის კარი გამოაღო. ამერიკულმა სამეცნიერო-ტექნიკურმა პორტალმა GIZMODO-მ 2016 წლის ოქტომბერში გამოაქვეყნა “ფეისბუკის” რამდენიმე ყოფილი თანამშრომლის აღიარება. მათ განაცხადეს, რომ “ფეისბუკი” “რეგულარულად მალავდა სიახლეებს, რომლებითაც დაინტერესდებოდნენ კონსერვატიულად განწყობილი მკითხველები”. მაგალითად, ამ სოცალური ქსელის თანამშრომლები არ ავრცელებდნენ ინფორმაციას მიტ რომანის, რენდ პოლისა და სხვა პოლიტიკოსების შესახებ.
“ფეისბუკის” ახალი ამბების განყოფილება ისე მუშაობს, როგორც ახალი ამბების ტრადიციული რედაქცია და ასახავს კორპორაციის ინსტიტუციურ იმპერატივებს, _ აღნიშნავს GIZMODO-ში გამოქვეყნებული სტატიის ავტორი მაიკლ ნუნიესი, _ ეს მკვეთრ კონტრასტშია კომპანიის მტკიცებასთან იმის შესახებ, რომ მოდული “ტრენდები” მხოლოდ ჩამოთვლის იმ “ფესბუკში” პოპულარულ თემებს”. შემდეგ ნუნიესი წერს, რომ “ფეისბუკის” ახალი ამბების განყოფილების კურატორებს ხელი მიუწვდებათ იმ აქტუალური თემების რანგირებაზე, რომლებიც “ფეისბუკის” ალგორითმმა აღმოაჩინა. აი სწორედ ეს ალგორითმი განსაზღვრავს თემატურ პრიორიტეტებს, რა უნდა აჩვენოს “ფეისბუკის” მომხმარებლებს განყოფილება “ტრენდში”.
მაგალითად, მოძრაობა Black Lives Matter-ი სპეციალურად ჩანერგეს “ფეისბუკის” პოპულარული ახალი ამბების მოდულში მას შემდეგ, რაც მარკ ცუკერბერგმა მხარი დაუჭირა ამ მოძრაობას კომპანიის შიდა ქსელში თანამშრომლებისთვის გავრცელებულ წერილში. აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში “ფეისბუკის” მანიპულაციებზე წერდა გამოცემა თჰე Hill-ი. Busines Insedor-მა კი მკითხველებს შეახსენა, რომ “2012 წელს მონაცემების სპეციალისტებმა ექსპერიმენტის ფარგლებში ერთი კვირის განმავლობაში “ფეისბუკში” წაშალეს 600 ათასი ადამიანის ყველა დადებითი და უარყოფითი კომენტარი, რათა დაენახათ, როგორ იმოქმედა მან მათ განწყობაზე”.
“ფეისბუკის” პოლიტიკურ მიკერძოებულობას გმობენ ამერიკის სხვადასხვა პოლიტიკური ბანაკის წარმომადგენლები, _ იუწყება The New York Times–ი. ცნობილმა ჟურნალისტმა გლენ გრინვალდმა აზრი გამოთქვა ამ საკითხზე: “ეს შეხსენებაა სილიკონის ველის კონტროლის საფრთხეზე”.
ცუკერბერგმა “ფეისბუკის” მომხმარებლებს საკუთარი ცენზურა დაუწესა ალგორითმებისა თუ ტროლების საშუალებით, რომლებიც გამოარჩევდნენ კომენტარებს, _ წერს The Woll Street Journal-ი.
ამა წლის მარტში “ფეისბუკმა” გააუქმა რამდენიმე ათასი ხელმოწერა, რომლებიც დატოვეს პოლონელებმა ლეხ ვალენსას მოწოდების შემდეგ, შეეგროვებინათ ხელმოწერები პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდას მეორე ვადით არჩევის წინააღმდეგ. “ეს ცენზურაა”, _ დაწერა ვალენსამ და თავის გვერდზე განათავსა სკრინშოტი (მონიტორის ეკრანის გამოსახულება), რომელზეც ჩანს, როგორ აუწყებენ ადმინისტრატორები მომხმარებელს, რომ მისი პოსტი არ შეესაბამება თანამეგობრობის სტანდარტებს. “ფეისბუკი” მხილებულია არა მხოლოდ ცენზურასა და მიკერძოებაში, არამედ თავისი რესურსებისა და გავლენის გამოყენებაში პოტენციური კონკურენტების გასანადგურებლად. კერძოდ, “ფეისბუკმა”, კონკურენტული ბრძოლის ნაცვლად, მანამდე იყიდა და შეიერთა სტარტაპები (Instagram–ი, WhatsApp–ი), სანამ მათ მოასწრეს ძალის მოკრება. ამაზე იყო მსჯელობა 29 ივლისს აშშ–ის კონგრესში ანტიმონოპოლიურ საქმეზე გამართულ მოსმენაზე, რომელშიც მონაწილეობდნენ Facebook–ი, Apple, Google და Amazon–ი.
ამ მოსმენაზე 6 საათის განმავლობაში უსვამდნენ კითხვებს IT-კორპორაციების გენერალურ დირექტორებს _ მარკ ცუკერბერგს, ტიმ კუკს, სუნდერ პიჩაისა და ჯეფ ბეზოსს. ისინი არაკეთილსინდისიერ კონკურენციაში დაადანაშაულეს. აშშ-ის ანტიმონოპოლიური სამსახურები მთელი წლის განმავლობაში აგროვებდნენ მასალებს ამ ოთხი კორპორაციის საქმიანობაზე, კონგრესის განკარგულებაში იყო 1,3 მლნ დოკუმენტი. ცუკერბერგს აჩვენეს მისი 2012 წლის წერილი თანამშრომლებისადმი, რომელიც Instagram–ის შეძენის შემდეგ დაწერა: “ჩვენ ყოველთვის შევძლებთ, ვიყიდოთ ნებისმიერი კონკურენტი სტარტაპი, მაგრამ ბევრი დრო გავა, სანამ Google–ს შეძენას შევძლებთ”. “ფეისბუკის” ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ არ ახსოვს ეს წერილი.
Fondsk.ru–ზე გამოქვაეყნებული მასალის მიხედვით მოამზადა გიორგი გაჩეჩილაძემ