კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები აშშ–ის სამხედრო–საზღვაო ძალების ერთდროულად რამდენიმე ხომალდის პირად შემადგენლობაში გამოვლინდა. ავიამზიდ “თეოდორ რუზველტის” ეკიპაჟიდან თითქმის 300 კაცი ინფიცირებულია, მათ გარდა სახიფათო სენით დასნებოვნდნენ ამერიკის ფლოტის ორი ავიამზიდი კრეისერის მეზღვაურები. ეს ხომალდებია: “რონალდ რეიგანი” (შესაკეთებლად დგას იაპონიაში) და “ნიმიცი”, _ იუწყება “სი–ენ–ენი”.
“რონალდ რეიგანზე” 15 სამხედრო მოსამსახურეს დაუდასტურდა “კოვიდ-19”, “ნიმიცზე” ინფიცირებულთა რაოდენობა ჯერჯერობით უცნობია.
აშშ-ის სამხედრო ძალების შტაბების უფროსების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის _ ჯონ ჰაიტენის თქმით, ავიამზიდ USS Nimitz-ზე კორონავირუსის “მცირე აფეთქება” მოხდა.
წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში კუნძულ გუამთან გაჩერებული “თეოდორ რუზველტის” 286 მეზღვაურს აღმოაჩნდა კორონავირუსი. ნაპირზე გადავიდა 2329 მზღვაური. მათგან 1700 ადგილობრივ სასტუმროებში კარანტინშია. “თეოდორ რუზველტის” ეკიპაჟი 5000 კაცისგან შედგება.