2009 წლის 5 მაისის ე.წ. მუხროვანის ამბოხის ირგვლივ არსებული უამრავი კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია. მაშინ ხელისუფლება ამტკიცებდა, რომ სახელმწიფო გადატრიალებისგან იხსნეს ქვეყანა, ხოლო ოპოზიცია მომხდარს “ნაციონალური მოძრაობის” მიერ მოწყობილ შოუს უწოდებდა. ფაქტი ერთია, ე. წ. მუხროვანის ამბოხისთვის არაერთი ადამიანი დღემდე იხდის სასჯელს. 5 მაისს გია ღვალაძის ფარული ჩანაწერი გავრცელდა, იგი ჩანაწერში ხელისუფლების იარაღით დამხობასა და რუსეთთან კავშირზე საუბრობდა. ღვალაძე კონკრეტულ გვარებს ასახელებდა. ამ მასალას მუხროვანში ჯარისკაცთა ამბოხის კადრები მოჰყვა, რომელიც ძალოვანებმა ჩაახშვეს. იმავე დღეს კობა ოთანაძეზე, გია კრიალაშვილსა და ლევან ამირიძეზე ძებნა გამოცხადდა. მართალია, მანამდე ტელევიზიები გვამცნობდნენ, რომ ზემოთ ნახსენები პირები მუხროვანში იმყოფებოდნენ და ტერიტორიაც ვერტმფრენებით კონტროლდებოდა, მაგრამ “როგორღაც” ამბოხის ორგანიზატორებმა ტერიტორიიდან მიმალვა შეძლეს. მეორე დღესვე საქართველოს ქალაქები და ქუჩები აჭრელებული იყო ძებნილთა ფოტოებით, დაწესდა პრემიებიც… 16-დღიანი ძებნა სისხლისღვრით დასრულდა. გია კრიალაშვილი მოკლეს, ხოლო ოთანაძე და ამირიძე უმძიმეს მდგომარეობაში ღუდუშაურის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამბოხების ორგანიზატორები თბილისის სხვადასხვა უბანს აფარებდნენ თავს. ბოლო რამდენიმე დღე სოფელ ცხვარიჭამიაში არსებული აგარაკების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. სოდის და კუდის თანამშრომლების ინფორმაციის საფუძველზე დადგინდა, რომ ჯგუფი რუსეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე აპირებდა გადასვლას და სწორედ თბილისის ტერიტორიის დატოვების მცდელობის დროს შსს–მ სპეცოპერაცია ჩაატარა ძებნილთა დასაკავებლად. სროლა 10 საათზე გაისმა და კარგა ხანს გრძელდებოდა… ითქვა, რომ კრიალაშვილი, ოთანაძე და ამირიძე დაპატიმრებული ჰყავდათ და არავითარი ორმხრივი სროლა არ ყოფილა. ოფიციალურ ვერსიას უნდობლობას უცხადებენ როგორც კრიალაშვილის, ისე ოთანაძის ოჯახის წევრები, მეტიც, კრიალაშვილის და _ ქალბატონი ლია კრიალაშვილი “საქართველო და მსოფლიოსთან” საუბარში აცხადებს, რომ ის აუცილებლად მოითხოვს ხელახალი გამოძიების ჩატარებას.
_ ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა და გაჩნდა მოლოდინი, რომ ხელისუფლების მიერ ჩადენილ ბევრ დანაშაულს აეხდება ფარდა, თქვენ რას აპირებთ?
_ რა თქმა უნდა, ვაპირებ სიმართლის დასადგენად ბრძოლას! იმედი მაქვს, სამართალდამცავები დაინტერესდებიან და გამოიძიებენ ამ საქმეს. მივმართავ ახალ ხელისუფლებას და ვთხოვ, გამოიძიონ ჩემი ძმის მკვლელობის საქმე, უმორჩილესად ვთხოვ, ნათელი მოჰფინონ, რა გახდა ჩემი ძმის მკვლელობის მიზეზი. ბოლოს და ბოლოს ხომ უნდა ვიცოდე, რატომ მომიკლეს ძმა? პირადად პრეზიდენტს მივმართავ, აღიაროს, რატომ მომიკლა ძმა! მეოთხე წელიწადი დაიწყო გიას მკვლელობიდან და დღედაღამ იმას ვფიქრობ, რა გახდა ჩემი ძმის მკვლელობის მიზეზი. ერთადერთი ახსნა ამ ყველაფერს ის აქვს, რომ ჩემი ძმა შეუპოვარი იყო… არ დათანხმდა ამათ არც თანამდებობაზე და არც სხვა შემოთავაზებაზე…
_ რას სთავაზობდნენ?
_ თავიდან სთავაზობდნენ უკრაინაში პრეზიდენტის წარმომადგენლის თანამდებობას, მერე თავდაცვაში საკმაოდ მაღალ თანამდებობას, არც ერთხელ არ დასთანხმდა, ნაძირლებთან არ ვიმუშავებო. ალბათ, ეს იყო მიზეზი, არ ვიცი… საერთოდ, მიზეზი იყო ის, რომ ჩემი ძმა იყო ნამდვილი ვაჟკაცი და უზომო პატრიოტი, ეს ჯალათები კი ვაჟკაცებსა და პატრიოტებს ვერ იტანენ. მე ვმუშაობდი ჯარში და ვხედავდი, როგორ ვერ იტანდნენ ესენი მებრძოლებს. ყოველთვის ცდილობდნენ, ჯარისკაცები დაეთრგუნათ, მორალური ზეწოლის ქვეშ ჰყოლოდათ მუდამ.
_ თქვენი ძმა სააკაშვილთან მეგობრობდა?
_ როგორც ვიცი, მათ არანაირი ურთიერთობა არ ჰქონიათ. კარგად იცნობდა გიორგი ბარამიძეს, გივი თარგამაძეს, მაგრამ სააკაშვილთან რამე ურთიერთობა თუ ჰქონდა, არ ვიცი. გიას ძალიან ბევრი იცნობდა და შეიძლება სააკაშვილიც იცნობდა.
_ გიას უკრაინაში ბიზნესი ჰქონდა?
_ დიახ, სამშენებლო ბიზნესი ჰქონდა.
_ როდის და რატომ დაიწყო გიამ უკრაინაში ბიზნესი?
_ ამათ გაათავისუფლეს თანამდებობიდან, გია იყო უკრაინა-მოლდოვაში სამხედრო ატაშე, 2004 წელს გაათავისუფლეს თანამდებობიდან და დარჩა უკრაინაში. ჩამოდიოდა საქართველოში და ჩამოსვლაზე მას პრობლემები არასდროს შექმნია. ბოლოს უთქვამს, დამდევენო და ისიც უთქვამს ერთ-ერთი ყოფილი ჩინოვნიკისთვის, აეროპორტში ჩემი გვარი გაწითლდაო…
_ რა მდგომარეობაშია უკრაინაში თქვენი ძმის ბიზნესი, ვინ პატრონობს?
_ არ ვიცი.
_ იქნებ ამ ბიზნესის ხელში ჩაგდება უნდოდა ვინმეს?
_ არა მგონია, ისედაც დიდი ცოდვა ადევთ და ტყუილს ვერ ვიტყვი. ჩემი ძმა მოკლეს იმიტომ, რომ იყო უზომო პატრიოტი. თუ ვინმე იყო პატრიოტი, ან ჯურღმულებში ჰყავთ გამოკეტილი, ან მიწაში ჩააწვინეს. უამრავი ვერსია არსებობს, ჩემთვის მთავარია, სიმართლე დადგინდეს, რატომ მოკლეს ჩემი ძმა და ყველაფერს ნათელი მოეფინოს.
_ ის დღეები გაიხსენეთ, როდესაც ჯარის ამბოხი დაიწყო…
_ არავითარი ამბოხი არ მომხდარა. 4 მაისს გია სახლში რომ მოვიდა, თითქოს გრძნობდა რაღაცას. მოწყენილი იყო, ვკითხე, რამე ხომ არ გტკივა-მეთქი, მიპასუხა, _ არაო. ნარდს თამაშობდნენ ის და ჩემი მეუღლე, ცუდი წინათგრძნობა მქონდა, გიას სახეზე სიკვდილი დავინახე და გავიქეცი. ღამის ხუთი საათი იყო დაწყებული, ჩემი მეუღლე რომ დაწვა, გია და ჩემი გოგონა დარჩნენ, დილის ცხრის ნახევარზე ავდექი და გია სახლში აღარ იყო. პატარა ჩემოდნით იყო ჩამოსული, მალე უნდა წავიდეო, ის ჩემოდანი გახსნილი იყო. უამრავი სანთელი იყო და ლოცვების წიგნი, იმდენი სანთელი იყო, რომ ორმოცამდე სულ გიას სანთელს ვანთებდი, საბუთები აღარ იყო და ვიფიქრე, ალბათ, მცხეთაში, მის მოძღვართან წავიდა-მეთქი. 12 საათზე უკვე ღვალაძის ჩანაწერები გამოჩნდა, როგორ აწყობდა თითქოს გენერალთა კავშირი შეთქმულებას სახელმწიფოს წინააღმდეგ. თითქოს შეცდომით დაასახელა გიას გვარი, წკრიალაშვილი, მაშინვე ვიფიქრე, რომ გიას მოკლავდენ.
_ რატომ?
_ არ ვიცი, ძალიან ცუდი წინათგრძნობა მქონდა, წინა დღეებში მესიზმრა, როგორ ექაჩებოდა ჩემი გარდაცვლილი დეიდაშვილი ვიღაც თეთრპერანგიანს თავისკენ და ვიფიქრე, რომ ეს გია იყო, მერე მის სახეზე სიკვდილი დავინახე. საკუთარ თავს ვერ ვპატიობ, რომ მას შემდეგ, რაც ეგრეთ წოდებული ამბოხი გამოცხდდა, გიასთვის აღარ დამირეკია, არ ვიცი, რატომ ვერ მოვიფიქრე, იმის შემდეგ ჩემი ძმის ხმა აღარ გამიგონია… სულ უკან დაგვდევდა პოლიცია, სახლთან იდგა შეირაღებული ხალხით სავსე “მერსედესის” მარკის მანქანა, ჩვენს ყველა ნაბიჯს აკონტროლებდნენ, ჩემს შვილიშვილსაც კი დაჰყვებოდნენ სკოლაში.
_ იქნებ მართლა რაღაც ხდებოდა?
_ არაფერი არ ხდებოდა, მე თვითონ ვმუშაობდი ჯარში და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არაფერი იქ არ ხდებოდა.
_ როდესაც ჯარის ამბოხი გამოცხადდა, იმ დღეს სამსახურში იყავით?
_ არანაირი ამბოხი არ მზადდებოდა, აგვისტოს ომის შემდეგ ჩემი ბრიგადა და მუხროვანის ბრიგადა გააერთიანეს თელავში და იქ ვმსახურობდით. მერწმუნეთ, მუხროვანში არც ტანკი დაქოქილა და არც გია უნახავს იქ ვინმეს. ერთადერთი, რაც მუხროვანში მოხდა, იყო ის, რომ წაგებული ომის შემდეგ ბიჭებმა პროტესტი გამოთქვეს და არ სურდათ აღლუმში მონაწილეობის მიღება. აი, ეს იყო ამბოხის მთელი ისტორია. როგორც უკვე გითხარით, ძალიან ცუდი წინათგრძნობა მქონდა, უზომოდ მიყვარდა ჩემი ძმა და საკუთარ სიცოცხლესაც დავთმობდი მისთვის. 4 მაისს სამსახურში გონება დავკარგე და მეორე დღეს გამათავისუფლეს.
მომხდარის შემდეგ გამომძიებელი სახლში ამოვიდა და მითხრა, ვიცნობ გიას, ვიცი პატიოსანი და მებრძოლი ადამიანია და იქნებ გამოცხადდესო. რატომ, რისთვის-მეთქი, მადლობის მაგიერია, რომ ჩემი ძმის, ოთანაძისა და ათასობით სხვა პატრიოტის ზურგზე გადაიარა ყველა ომმა, ვის სისხლზე მოვიდა სააკაშვილის ხელისუფლება?! გიას თვალებიდან ცრემლები გადმოსცვივდებოდა ხოლმე, რომ გაიხსენებდა, როგორ იბრძოდნენ 16-17 წლის ბიჭები სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. ვის სიხლზე მოვიდნენ ეს მკვლელები და უსინდისოები და მერე ჩემი ძმა გამოაცხადეს ქვეყნის მტრად.
20 მაისს გავიგეთ, რომ ბიჭები ჩაცხრილეს…
_ სანამ მასზე ძებნა იყო გამოცხადებული, ვერ მოახერხეთ თქვენს ძმასთან დაკავშირება?
_ არც მიცდია მისი ძებნა, არც მიფიქრია, რატომღაც მეგონა, რომ ჩემი ძმა ამ ნაძირლებს ხელში არ ჩაუვარდებოდა, იმდენად ფრთხილი და ჭკვიანი იყო. მეგონა, ესენი ჩემს ძმას ვერ დაიჭერდნენ. რატომ ვფიქრობდი ასე, არ ვიცი, მივდიოდი მის მეგობრებთან და ისინიც მამშვიდებდნენ.
_ ცხვარიჭამიაში, ორმხრივი სროლის დროს?..
_ (მაწყვეტინებს) სწორედ ამის გამოძიება მინდა, იქ არავითარი სროლა არ მომხდარა და ეს ყველამ კარგად იცის. მაქვს ეჭვი, რომ ჩემი ძმა მოკლეს და მერე მიიყვანეს იქ. ჩემი ძმა იყო ძალიან შეცვლილი, როდესაც მოვასვენეთ. მგონია, რომ 17 მაისს ჩემი ძმა დააპატიმრეს და მერე მოკლეს. ჩემს შვილიშვილსაც კი დასდევდნენ სკოლაში, მე კი სამსახურში მიმაცილებდნენ და მერე _ სახლში, ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვაკონტროლებდნენ. მთელ უბანს ალყა ჰქონდა შემორტყმული და 17-ში ეს ყველაფერი მოიხსნა, აღარავინ აღარავის დასდევდა. ვიფიქრე, ალბათ, ძებნა შეწყდა-მეთქი და ამიტომ მგონია, რომ ჩემი ძმა დააკავეს. როგორც თქვეს, თითქოს ცხვარიჭამიაში იყო ორმხრივი სროლები. დაახლოებით ორი თვის წინ გავიგე, რომ მთელი მამკოდა გადაუტრიალებიათ, ისიც გავიგე, რომ თურმე, მის მოძღვარსაც უთვალთვალებდნენ და ტაძარი, რომელშიც ჩემი ძმა დადიოდა, თურმე ალყაში ჰქონდათ მოქცეული.
_ რატომ იყო ასეთი მნიშვნელოვანი თქვენი ძმის დაკავება?
_ არ ვიცი, ჰკითხეთ მიხეილ სააკაშვილს, გიგა ბოკერიას, გივი თარგამაძეს და სხვებს, პასუხი მხოლოდ მათ იციან.
_ როგორც ამბობენ, თქვენი ძმის მკვლელობა პიკასოს ნახატს უკავშირდება, რომელიც ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოიპოვეს სადამ ჰუსეინის კოლექციიდან და შემდეგ გაყიდეს…
_ ჩემი ძმა თუ მოწმე იყო, მოწმე იყო ოთანაძეც, რადგან, როგორც ჟურნალისტმა ნათია მიქიაშვილმა მითხრა, ოთანაძე ვიღაც ზაზა ჯაფარიძემ დააკავშირა ვიღაც ნანასთან, რომელსაც ანტიკვარები შემოჰქონდა თუ გაჰქონდა, ჯანდაბამდე გზა ჰქონია… ერთადერთი ის ვიცი, რომ ჩემი ძმა ბინძურ საქმეში არ იქნებოდა გარეული. თუ ზაზა ჯაფარიძემ დააკავშირა ოთანაძე ვიღაც ნანასთან და კობამ თქვა, რომ ჩვენ გია კრიალაშვილი “დაგვკრიშავსო” გზაზე, რატომ დატოვეს ცოცხალი მთავარი მოქმედი ფიგურები?!
_ ოთანაძეს 9 ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, ისიც სასიკვდილოდ გაიმეტეს და, შესაძლოა, არც ეგონათ, რომ ის გადარჩებოდა…
_ კარგი რა, 100 წელი აცოცხლოს კობა ღმერთმა, მაგრამ, მისი თავიდან მოცილება თუ უნდოდათ, ამას საავადმყოფოში ვერ მოახერხებდნენ?! ან ციხეში ვერ მოკლავდნენ?! თუ ხელი აუკანკალდებოდათ ამ ჯალათებს?! იმ ავადსახსენებელ საღამოს ვითომ შემთხვევის ადგილზე რომ მივედი, ლენტი იყო გაკრული და იდგა ერთი პატრულის მანქანა, მეტი იქ არავინ ჩანდა, ღამის ოთხი საათი იქნებოდა დაახლოებით, იქიდან ღუდუშაურში წამოვედი საკმაოდ აღელვებული, ხუთმწკრივად იყო იქურობა ალყაშემორტყმული.
_ იცოდით, რომ თქვენი ძმა გარდაცვლილი იყო?
_ არა. ვიცოდი, რომ ბიჭები იყვნენ დაჭრილები და მივედი ამბის გასაგებად. ეს პოლიციელები ხომ მონები იყვნენ და მთელი ბრძოლა გადავიტანე, სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით, რათა როგორმე შესვლა მომეხერხებინა საავადმყოფოში, მოვიტყუე, რომ რიგითი მოქალაქე ვიყავი და ექიმთან ვიყავი მისასვლელი. მოკლედ, დიდი ბრძოლის შემდეგ შევაღწიე საავადმყოფოში და ექიმთანაც კი შემომყვნენ პოლიციელები. იქ უკვე ისტერიკა დამემართა, ვკიოდი და ექიმებმა დაატოვებინეს იქაურობა პოლიციელებს, ხომ ხედავთ, ქალი შოკშიაო… მერე დავუჩოქე ექიმებს და ვთხოვე, ბიჭების შესახებ ეთქვათ. მითხრეს, ოთანაძე და ამირიძე დაჭრილები არიანო, ვიფიქრე, ალბათ, ჩემი ძმა ვერ ნახეს-მეთქი, რომ წამოვედი იქიდან მე უბედური ცოტა დამშვიდებული, ჩემი ძმის მეგობრებთან მივედი, იმათმაც მითხრეს, ალბათ, წავიდაო. სახლში დავბრუნდი და გამოცხადდა, რომ ჩემი ძმა მოკლეს. გავვარდი პროზექტურაში, ჩემი რძალი და ბავშვი დამხვდნენ იქ, მაგრამ მე უბედურს მოკლული ძმაც არ მანახეს. ვერ ვპატიობ ჩემს თავს, რომ მიცვალებულიც არ მანახეს. იმდენად იყო შეცვლილი, ვერ იცნობდი, ექსპერტიზის დასკვნაც კი არ მოგვცეს, გრიფით საიდუმლოაო. დამიბრუნეს პირადობა, საზღვარგარეთის პასპორტი და სამხედრო ბილეთი, არც ერთი დაზიანებულიც კი არ არის. როგორც ამბობენ, 7 სპეცნაზელი ესროდა ბიჭებს, თითო ავტომატი 30 ტყვიას ისვრის, ეს ხომ არის 210 ტყვია, ისხდნენ ბიჭები, მძღოლი და ვიღაც ქალი, როგორ, ერთი ტყვია არ მოხვდა არც ერთს?! სახალხოდ დავწყევლი იმ ქალს: წყეულიმც იყოს მისი ოჯახი, მისი შვილები… მარტო ამათ როგორ ხვდებოდა ტყვია და იმათ არა?
_ თქვენ არ ჩაატარეთ დამოუკიდებელი ექსპერტიზა?
_ სამი ექსპერტი მოვიყვანეთ და სამივემ უარი თქვა გაკვეთაზე. მინდა ყველაფერზე პასუხი მივიღო. კაცს, რომელმაც თავი სამშობლოს შესწირა, დღეს მტრის სახელი უნდა ჰქონდეს? ყველაფერს თავისი სახელი უნდა დაერქვას! ჩემი ძმის რეაბილიტაციას მოვითხოვ! მე დიდი იმედი მაქვს, რომ ამ საქმეს გამოიძიებენ და დამნაშავეებს საათანადოდ დასჯიან! ამ ხელისუფლების ღირსების საქმეა ჩემი ძმის მკვლელობისა და სხვა მსგავსი საქმეების გახსნა.
_ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს თქვენი ძმა ნამდვილად იყო ამბოხების ერთ–ერთი ორგანიზატორი…
_ ჩემმა ძმამ მაშინ პროტესტი იმის გამო გამოთქვა, რომ სოციალური მდგომარეობა იყო რთული, ოფიცერი სალარიძე ტუბერკულოზით დაგვეღუპა, თვეების განმავლობაში ხელფასები იყო გაყინული. ამან იძულებული გახადა ჩემი ძმა, მუხროვანში გასულიყო და პროტესტი გამოეთქვა, მეც სამსახურში ვიყავი მაშინ და როგორღაც შევაღწიე ტერიტორიაზე, შევარდნაძე რომ მოვიდა, იქ ვიყავი, ძალიან გაბედულად მოიქცა, არც ბიჭების დაცხრილვის ბრძანება გასცა და არც მიწაზე ფორთხავდა სააკაშვილივით, ავიდა მუხროვანში, შეხვდა ეგრეთ წოდებულ ამბოხებულებს, ისაუბრეს და სოციალური მდგომარეობა მართლაც გამოსწორდა.
ესაუბრა გიორგი მეძმარიაშვილი