საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს სახელისუფლო ორგანოებისა და კომერციული სტრუქტურების ვებგვერდებზე განხორციელდა ფართომასშტაბიანი კიბერშეტევა. ჰაკერული შეტევის ობიექტები იყო პრეზიდენტის ადმინისტრაციის, სასამართლო სისტემის, სხვადასხვა მუნიციპალიტეტის საკრებულოების, სახელმწიფო, კომერციული და მედიაორგანიზაციების ვებგვერდები, სერვერები და დაცვითი სისტემები.
“აღნიშნული კიბერშეტევა მიზნად ისახავდა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების ხელყოფას, საქართველოს მოსახლეობისთვის ზიანის მიყენებას და სამთავრობო სტრუქტურებისა და სხვა ორგანიზაციების შეფერხებითა და მოშლით საზოგადოებაში მღელვარების დათესვას”, _ განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე.
ქართული მხარის მიერ ჩატარებული გამოძიებით და საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთთანამშრომლობის შედეგად მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, ამა წლის 20 თებერვალს გამოძიებით გაირკვა, რომ აღნიშნული კიბერშეტევა დაგეგმა და განახორციელა რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარმა სამმართველომ.
ამის გამო განცხადებები გაავრცელეს ამერიკის შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის საელჩოებმა საქართველოში. ორივე ქვეყანა გმობს რუსეთის ქმედებას.
“საქართველოზე მასობრივი კიბერშეტევა განახორციელა რუსეთის ფედერაციის გენშტაბმა. სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობა შეფერხდა. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს უსაფრთხოების, დემოკრატიის სფეროებში ჩარევა. შემთხვევითი არაა, რომ მას მთელი დასავლეთის გამოხმაურება მოჰყვა”, _ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.
პარალელურად, განცხადებები გაავრცელეს და რუსეთის ქმედებები დაგმეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, გაერთიანებულმა სამეფომ, უკრაინამ, კანადამ, ლიტვამ, პოლონეთმა, ნიდერლანდებმა, ნორვეგიამ, ჩეხეთის რესპუბლიკამ, ესტონეთმა და დანიის სამეფომ.
ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, “რუსეთი არ აპირებდა და არც აპირებს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას”.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დასანანია, რომ საქართველოშიც კი უარს არ ამბობენ “რუსეთის დემონიზაციის ხაზზე” და რომ საქართველომ გასული წლის “კრიზისისგან გაკვეთილი ვერ მიიღო”.
რატომ შეცვალა საქართველოს ხელისუფლებამ რიტორიკა რუსეთის მიმართ? მუშაობს თუ არა ანტირუსული ლობი ჩვენი ქვეყნის ხელისუფლების ცნობიერებაზე და უღალატეს თუ არა ივანიშვილს?
საქართველოზე განხორციელებულ კიბერშეტევაზე, ჩვენი ქვეყნის მთავრობის აგრესიულ და პროვოკაციულ განცხადებებსა და ამ განცხადებების მიზანზე გვესაუბრება “ევრაზიის ინსტიტუტის” ხელმძღვანელი გულბაათ რცხილაძე.
_ კიბერშეტევისას გაითიშა სამთავრობო ვებგვერდები, ზოგიერთი ტელევიზიის მაუწყებლობა, შეიქმნა პრობლემა. ხარვეზების გამოსწორებას რამდენიმე დღე დასჭირდა. მინდა, მკითხველს ვუთხრა, რომ მსგავსი რამ ხდება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის სხვადასხვა ვებგვერდზეც და ამის გამო შემდეგ მიმდინარეობს გამოძიება, თუმცა ამ გამოძიებით ასი პროცენტით არ არის დადასტურებული, ვინ და რა მიზნით განახორციელა კიბერშეტევა.
საქართველოზე კიბერშეტევა არ იყო ინფორმაციის მოსაპარავად განხორციელებული, ეს იყო დროებითი ბლოკირება ვებგვერდებისა. ახლა გაირკვა, უფრო ზუსტად, “პარტნიორმა” ქვეყნებმა _ ამერიკამ და დიდმა ბრიტანეთმა _ განაცხადეს, რომ საქართველოზე კიბერშეტევა განხორციელებულა რუსეთიდან, თანაც რუსეთის გენშტაბიდან. თურმე რუსეთის ფედერაციის გენერალური შტაბი ზის და ხულიგნობს _ “იმედს” უთიშავს ეთერს. წარმოუდგენელია ამ ინფორმაციის გულგრილად მოსმენა. რამე აზრი ხომ უნდა ჰქონდეს მსგავს განცხადებას?! რატომ უნდა ჩაიდინოს რუსეთის გენშტაბმა ასეთი რამ?!
შესაძლოა, რუსეთის ტერიტორიიდან მართლაც განხორციელდა კიბერშეტევა, რაც, ალბათ, გამოიძიეს კიდეც, მაგრამ ასევე შესაძლოა, რომ ეს გააკეთა 15 წლის ბიჭმა სხვა პატარა ნიჭიერ ბიჭებთან ერთად. წარმოუდგენელი და უცნაურია, როგორ და საიდან დაადგინეს ის, რომ კიბერშეტევა რუსეთის გენშტაბმა განახორციელა.
ეს არის მორიგი პროვოკაცია და ემსახურება ერთ მიზანს _ დავითგარეჯაში, უფრო ზუსტად, უდაბნოსა და ჩიჩხიტურში, ისევ არ უშვებენ ჩვენს სამღვდელოებას, საერთოდ არავის საქართველოდან და სწორედ ამ თემის გადასაფარავად დაიწყეს ახლა ეს _ “აი, რუსეთმა რა ქნა?” “რუსეთს პასუხი უნდა ვაგებინოთ” და ა.შ.
ანეკდოტური ვითარებაა _ ესტონეთის სპეცსამსახური, ე.წ. დაზვერვა ერევა ჩვენს საქმეებში და გაიძახის, რომ რუსეთი საქართველოში ეწევა პროპაგანდას, რომელიც საქართველოსთვის საფრთხის შემცველია და ასეთ რაღაცებს ავრცელებენ გაყიდული ქართული სააგენტოები. ეს არის ჯაჭვის ერთი რგოლი, მათ შორის, ეს კიბერშეტევაც და მის გარშემო ატეხილი ალიაქოთიც. მათი მიზანია, რუსეთს წაუყენონ ბრალდებები. მუდმივად ხომ უნდა იყოს რაღაც რუსეთის წინააღმდეგ… გავრილოვი აღარ ჩამოვა, წინასწარ ატეხეს ხმაური, ლავროვი ჩამოდისო, მაგრამ ჯერ არავინ იცის, უნდა კი ლავროვს ამ დაბალი დონის ღონისძიებაში მონაწილეობა. მოკლედ, თემები შემოელიათ და, ვფიქრობ, ის, რაზეც საუბრობენ, რუსეთის გენშტაბის დაგეგმილი იყო კიბერშეტევაო, მოგონილია, პროვოკაციაა, არანაირი გენშტაბი ამ საქმეში არ ფიგურირებს და არც შეიძლება ფიგურირებდეს.
_ “ქართული ოცნება” წინა ხელისუფლებისგან იმით გამოირჩეოდა, რომ რუსეთის მიმართ აგრესიული არ იყო, არ აკეთებდნენ პროვოკაციულ განცხადებებს, არ იყვნენ რადიკალურები, მაგრამ ბოლო პერიოდში რიტორიკა აშკარად შეცვალეს, ისინი პროვოკაციულ განცხადებებს არღარ ერიდებიან რუსეთის ხელისუფლებისა და სპეცსამსახურების მიმართ. ამას “ოცნებაში” ჩანერგილი ადამიანები აკეთებენ ივანიშვილის საზიანოდ თუ მართლა შეიცვალა ხელისუფლებამ პოზიცია და რუსეთის წინააღმდეგ აგრესიული პოლიტიკა ამჯობინა?
_ მთავრობის ტონი რუსეთის მისამართით პერიოდულად მძაფრდება, თუმცა ამას კომიკური ხასიათი აქვს, რადგან ასეთი გამძაფრებული ტონი რუსეთისთვის სასაცილოა. შესაბამისად, ეს მძაფრი რიტორიკა რუსებისთვის კი არ არის გამიზნული, არამედ შიგა მოხმარებისთვის.
_ ბატონო გულბაათ, ცოტა შორს გავიხედოთ. რუსეთის პრეზიდენტისა და რუსეთის გენშტაბის ეხლანდელი ლანძღვა ხომ არ ნიშნავს ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის შეურაცხყოფასაც, ამერიკაშიც იყო მსგავსი ეჭვები რუსეთის სპეცსამსახურების მიმართ, მაგრამ ვერაფერი დაამტკიცეს და ტრამპმა რამდენჯერმე თქვა, რომ სურს რუსეთთან და მის ლიდერთან ურთიერთობის მოგვარება… მოკლედ რომ ვთქვათ, ანტირუსული და ანტიტრამპული ლობი ხომ არ მუშაობს?
_ დამიჯერეთ, ესენი არც პუტინს ურტყამენ და არც ტრამპს, ყველაფერი რასაც ვუსმენთ და ვუყურებთ, შიგა მოხმარებისთვის არის გამიზნული. ხელისუფლებას სურს, ხალხს დაანახვოს, როგორ მედგრად დგანან საქართველოს ინტერესების დასაცავად, რადგან კიბერშეტევა, რაღაც დოზით, არის სუვერენიტეტის ხელყოფა. ვიღაც ვებგვერდებზე რომ შემოგეჭრება, არ არის სასიამოვნო ფაქტი და ესენიც გვაჩვენებენ, აი, რა მაგარი ტიპები ვართ, არ დავუთმობთ რუსეთს არაფერს და ასე და ისე ვუზამთო. ეს არის და ეს…
ივანიშვილს ფეხებზე ჰკიდია ყველაფერი, რადგან ის არ არის დაკავებული სახელმწიფო საქმეებით, ივანიშვილი დაკავებულია ინტრიგებით, ვინ ვის წააჩხუბოს, ვინ გადაჰკიდოს ერთმანეთს, ვინ მოიყვანოს, ვინ გაუშვას და ა.შ. ივანიშვილს არჩეული აქვს სტრატეგია _ მიკედლებულია ამერიკელებს, იხდის დიდძალ ფულს, ახლა დაიწყო ლობიზმში ფულის გადახდა და გააჩუმა კიდეც ის კონგრესმენები, რომლებიც ხელისუფლების მუშაობას იწუნებდნენ და შენიშვნებს იძლეოდნენ. სხვათა შორის, თავისი ლოკალური პოლიტიკიდან გამომდინარე, ის სწორად იქცევა, მაგრამ მან არ იცის გეოპოლიტიკა და სტრატეგია, მისთვის ეს ცნებები უცხო ხილია და ამიტომ საქმეს უდგება, როგორც ბიზნესმენი, რომელმაც ვიღაც უნდა მოქრთამოს, რაღაც გაუკეთოს, გაუფუჭოს და ა.შ. მოკლედ, ივანიშვილის პოლიტიკა საკმაოდ პროვინციული პოლიტიკაა, რომელიც შეიძლება ლოკალურად ეფექტიანი იყოს გარკვეული პერიოდის განმავლობაში და თავისი პლუსები ჰქონდეს, მაგრამ საერთო ჯამში ეს ყველაფერი ვირეშმაკობაა.
შევარდნაძეს ივანიშვილზე უკეთ ესმოდა გეოპოლიტიკა, მაგრამ ბოლომდე არც ის იყო ჩახედული და სწორედ ამიტომ არც იქით იყო და არც აქეთ, ყველაფერი გააფუჭა, კარიერაც ცუდად დაასრულა და ქვეყანაც დაღუპა.
_ ე.ი. გამორიცხავთ ანტირუსული ლობის როლს ამ აურზაურში?
_ რა პროცესებიც ახლა მიმდინარეობს, როგორი აგრესიითაც გამოირჩევიან ხელისუფლების წარმომადგენლები რუსეთის წინააღმდეგ, სწორედ ანტირუსული ლობის მიერ არის მიწოდებული, მაგრამ ის, რომ ამით ტრამპი შეურაცხყონ და მისი ადმინისტრაცია განაწყენდეს, წარმოუდგენელია. კიდევ ვიმეორებ: აღნიშნული პროვოკაციული და აგრესიული რიტორიკა რუსეთის მიმართ შიგა მოხმარებისთვისაა და, დიდი ალბათობით, დავითგარეჯის თემის გადასაფარავად.
ესაუბრა
ეკა ნასყიდაშვილი
პირველი, რაც ბრძანა ამერიკის ახალმა ელჩმა ჩამოსვლისას, იყო ის, რომ საქართველოს პოლიტიკა რუსეთის მიმართ უნდა გამკაცრდესო! ივანიშვილსა და თალაკვაძეებს ვინ რას ჰკითხავს?!
ბარემ 25 თებერვალზეც ვიტყვი, ყველას გასაგებად, რადგან ამ საკითხში დიდი გაუგებრობაა.
ე.წ. „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა“ იყო ისეთივე დე ფაქტო, თვითაღიარებული, და სეპარატისტული, როგორც ე.წ. „აფხაზეთისა“ და „სამხრეთ ოსეთის“ „რესპუბლიკები“ 2008 წლამდე (2008 წლიდან ისინი აღიარებული არიან რუსეთის მიერ, მთავარი კი რუსეთია). ამ გაგებით, მე-11 არმიის შემოსვლა და ე.წ. „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის“ გაუქმება იყო უბრალოდ რევოლუციის შედეგად დროებით დაშლილი რუსეთის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და არა „დაპყრობა“ და „ანექსია“. რომ შეგვძლებოდა, ჩვენც იმავეს გავაკეთებდით და კანონიერი იქნებოდა 1992 წ აფხაზეთში და 2008 წელს ცხინვალში, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ შევძელით.