Home რუბრიკები ისტორია სტალინი _ მსოფლიო პოლიტიკისა და დიპლომატიის კორიფე

სტალინი _ მსოფლიო პოლიტიკისა და დიპლომატიის კორიფე

სტალინი _ მსოფლიო პოლიტიკისა და დიპლომატიის კორიფე

1939 წელს ფინეთთან გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. ფინეთის საზღვრის სიახლოვე რუსეთის იმპერიის ყოფილ დედაქალაქთან ქვეყანას პრობლემას უქმნიდა _ საზღვართან ომის ხანძრის გაჩაღდების შემთხვევაში ლენინგრადის დაცვა ერთობ გაჭირდებოდა. სტალინი ფინელების წინაშე ბევრ დათმობაზე მიდიოდა ტერიტორიის გაცვლის, შესყიდვის, არენდის თუ სხვა საშუალებით ლენინგრადიდან უფრო შორს საზღვრის გადატანისთვის, მაგრამ, თითქოს განგებო, ფინელები, რომლებსაც ახლშექმნილმა საბჭოთა კავშირმა სრული თავისუფლება მიანიჭა, არაფერზე თანხმდებოდნენ. სხვა გზა არ დარჩა სტალინს, გარდა იმისა, რომ ძალის გამოყენებით გადაეწია საზღვარი ლენინგრადის მისადგომებიდან. ეს მოხდა არა მიპარვითა და ვერაგულად, არამედ ღიად, ყველა ნორმის დაცვით _ საომარი მოქმედების გამოცხადებით, რომელმაც შეძრა სრულიად ევროპა იმის შიშით, რომ კონფლიქტი მასშტაბურ ომში გადაიზრდებოდა.

საბჭოთა კავშირის ელჩი შვედეთში _ ალექსანდრა კოლონტაი სასწრაფოდ მოსკოვში ჩავიდა და მოლოტოვს ესტუმრა მისთვის გასაცნობად იმ საშინელი რეაქციისა, რომელიც ევროპის დიდმა თუ პატარა ქვეყნებმა გამოხატეს ფინეთთან საბჭოთა კავშირის დაპირისპირების გამო. სტალინისგან შეგულიანებულმა მოლოტოვმა კოლონტაის განუცხადა: დიდმა სახელმწიფოებმა _ ინგლისმა და საფრანგეთმა, თავიანთ თავს მიხედონ, პატარა ქვეყნებმა კი წკმუტუნს თავი დაანებონო. აი ასეთი იმედგაცრუებული გამოუშვა საგარეო საქმეთა მინისტრმა თავისი კაბინეტიდან საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შვედეთში _ ალექსანდრა კოლონტაი. მოლოტოვმა კოლონტაის აღშფოთება, როგორც ჩანს, სტალინს გადასცა, რასაც საქმის გარშემო საუბარიც მოჰყვებოდა.

ცოტა ხანში სასტუმრო “მოსკოვის” ერთ-ერთ ნომერში ტელეფონის ზარი გაისმა:

_ ამხანაგი ალექსანდრა მიხეილის ასული კოლონტაი ბრძანდებით?

_ დიახ გისმენთ.

_ თქვენთან შეხვედრა სურს ამხანაგ სტალინს. შეგიძლიათ მისი ნახვა? რა დროს?

მიუხედავად იმისა, რომ სტოკჰოლმის ბილეთი აღებული ჰქონდა და ჩემოდანი ჩალაგებული, კოლონტაიმ უპასუხა, რომ ნებისმიერ დროს შეუძლია შეხვედრა, როცა ამხანაგ სტალინს სურს. რამდენიმე წუთით სიჩუმე ჩამოვარდა, როგორც ჩანს, პოსკრებიშევი სტალინს მიღების დროს უთანხმებდა.

_ ახლავე შეგიძლიათ?

_ რა თქმა უნდა.

_ შვიდ წუთში მანქანა სასტუმრო “მოსკოვის” მთავარ შესასვლელთან იქნება. ნახვამდის, ალექსანდრა მიხელის ასულო.

“როგორ მიდის თქვენი და თქვენი სკანდინავიელების ნეიტრალიტეტის საქმე? _ მკითხა სტალინმა და, სანამ მე დასაბუთებულ და სრულყოფილ პასუხს გავცემდი, თვითონ განაგრძო:

_ ფინელებთან ექვსთვიანი მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. ჩვენ ყველაფერი ვიღონეთ, მაგრამ არაფერი გამოვიდა. “დარიგებებისა” და “მორიგებების” დრო დასრულდა, უნდა მოვემზადოთ წინააღმდეგობების გასაწევად ჰიტლერთან ომისთვის.

სტალინმა ხაზი გაუსვა საზღვრების შიგნით სიფხიზლის გაძლიერებას, თვითრწმენას, ხალხთან მუშაობას, პატრიოტიზმს, რუსი ხალხის სიმამაცეს.

_ “ყველაფერი რუსი ხალხის მხრებს დააწვება, რადგან რუსი ხალხი დიადი ხალხია. რუს ხალხს ნათელი გონება აქვს. ის იმისთვის გაჩნდა, რომ სხვა ერებს დაეხმაროს. რუსი ხალხისთვის დამახასიათებელია უდიდესი სიმამაცე, განსაკუთრებით ძნელბედობის ჟამს, ხიფათის ჟამს, ამიტომ მას უფრო უჭირს, ვიდრე სხვა ერებს. მისი იმედი შეიძლება გქონდეს ნებისმიერი გაჭირვების დროს. რუსი ხალხი უძლეველია.

მე გაფაციცებით ვიწერდი მის ყოველ სიტყვას. სიჩქარეში ფანქარიც კი გადამიტყდა. სტალინის საფანქრიდან ფანქრის ამოღებისას საფანქრე ბეწვზე გადარჩა ძირს გადმოვარდნას. სტალინი კი განაგრძობდა:

_ ჩვენი პარტიისა და ხალხის მიერ გაკეთებულ ბევრ საქმეს დაამახინჯებენ და გალანძღავენ. პირველ რიგში, საზღვარგარეთ და ჩვენს ქვეყანაში. სიონიზმი, რომელიც მსოფლიო ბატონობისკენ ისწრაფვის, ჩვენი მიღწევებისა და წარმატებების გამო სამაგიეროს გადახდას მოინდომებს. ის ჯერ კიდევ ისე უყურებს რუსეთს, როგორც ბარბაროსების ქვეყანას, როგორც ნედლეულს, რესურსს. ჩემს სახელსაც გალანძღავენ, ცილს დამწამებენ. მე ბევრ ბოროტებას მომაწერენ. მსოფლიო სიონიზმი ყოველმხრივ შეეცდება ჩვენი კავშირის განადგურებას, რათა რუსეთი ფეხზე ვერასოდეს დადგეს. სსრ კავშირის ძალა ხალხთა მეგობრობაშია. ბრძოლის მახვილი, პირველ რიგში, ამ მეგობრობის დაშლისკენ იქნება მიმართული, რუსეთისთვის განაპირა რაიონების ჩამოცილებისკენ. აქ, შეიძლება ითქვას, ჯერ ყველაფერი არ გაგვიკეთებია, გასაკეთებელი ჯერ კიდევ ბევრია.

ბორის ეფიმოვის კარიკატურა
ბორის ეფიმოვის კარიკატურა

განსაკუთრებული ძალით წამოყოფს თავს ნაციონალიზმი. ის ინტერნაციონალიზმსა და პატრიოტიზმს დაჯაბნის კიდეც, მაგრამ მხოლოდ განსაზღვრული დროით. ერის შიგნით წარმოიქმნება ნაციონალური ჯგუფები და კონფლიქტები. გაჩნდება ბევრი პიგმეი-ბელადი, ერის გამყიდველი. მთლიანობაში, მომავალში განვითარება წარიმართება უფრო რთული გზებით, მოსახვევები ძალიან სახიფათო იქნება. საქმე იქამდე მივა, რომ განსაკუთრებით აწრიალდება აღმოსავლეთი. დასავლეთიდანაც დიდი წინააღმდეგობები წარმოიქმნება. და მაინც, როგორ ცუდადაც უნდა განვითარდეს მოვლენები, გავა დრო და მომავალი თაობების მზერა მიმართული იქნება ჩვენი სოციალისტური სამშობლოს გამარჯვებისკენ. ყოველ წელს ახალი თაობა მოვა. ისინი აიტაცებენ თავიანთი მამებისა და პაპების დროშას და ჩვენ საკადრისს მოგვაგებენ, თავიანთ მომავალს ჩვენს წარსულზე დააფუძნებენ”.

ჰიტლერს სურდა, 1941 წლის 7 ნოემბერს წითელ მოედანზე ვერმახტის ჯარების სამხედრო აღლუმი თვითონ მიეღო, მაგრამ ამ დღეს წითელ მოედანზე მავზოლეუმის ტრიბუნიდან სტალინი მიმართავდა, როგორც აღლუმიდან პირდაპირ ფრონტზე მიმავალ მეომრებს, ისე საბჭოთა კავშირის ხალხებს:

_ “კიდევ რამდენიმე თვე, კიდევ ნახევარი წელიწადი, შეიძლება ერთი წელიც და ჰიტლერულ გერმანიას თავისი დანაშულების სიმძიმე გასრესს. თქვენ შემოგყურებთ სრულიად მსოფლიო, როგორც განმათავისუფლებლებს, თქვენ წილად გხვდათ განმათავისუფლებლის დიადი მისია. მაშ, იყავით ამ მისიის ღირსნი. ჩვენი საქმე სამართლიანია, ჩვენ გავიმარჯვებთ!”

ასრულდა სტალინის წინასწარმეტყველება. ერთი წლის შემდეგ ქალაქ სტალინგრადთან გერმანელთა გამარჯვების მზე ჩაევენა. 1945 წელს სტალინის სახელზე მოსულ გამარჯვების მისალოც დეპეშებს შორის იყო საფრანგეთის პრეზიდენტ დე გოლის დეპეშა, რომელშიც ეწერა: “ევროპა რომ თავისუფალია, ეს სტალინგრადი და სტალინია!”

თეირანი, იალტა, პოტსდამი _ ეს ის ქალაქებია, რომლებშიც გამართული სპექტაკლების ავტორობას ნებისმიერი დიდი მწერალი და რეჟისორი ისურვებდა. მოქმედება მიმდინარეობდა ღია ცის ქვეშ ბრძოლის თეატრებში. სპექტაკლების მიზანსცენებს ცათმოვლენილი რეჟისორი კრემლის მუხის პანელებით გაწყობილ დარბაზში დგამდა და აცვიფრებდა, როგორც სანგარში ჩაწოლილ გმირ მეომრებს, ისე მსოფლიოს გრანდ პოლიტიკოსებს, სამხედრო სპეციალისტებს, კონსტრუქტორებსა და გამომგონებლებს.

სწორედ ამ პერიოდში გაჩნდა ალენ დალესის დოქტრინა.

ალენ დალესის დოქტრინა ცალკე რომელიმე ქვეყანაზე გათვლილი არ არის (ამ დოქტრინის ადრესატად ზოგიერთი ისტორიკოსი თუ მკვლევარი რუსეთს თვლის). თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ არ არსებობს ალენ დალესის დოქტრინის პირველადი დოკუმენტი, რომელზეც მისი ხელმოწერა იქნებოდა ან ფაქსიმილე, უფრო მეტად საეჭვოა მოსაზრება, რომ ამ დოქტრინის ავტორი ალენ დალესია.

დოქტრინა ნამდვილად რომ არსებობს, მტკიცდება აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს 1948 წლის მოხსენებით, რომელიც შეიქმნა ამერიკის შეიარაღებული შტატების თავდაცვის იმჟამინდელი მინისტრის _ ჯეიმს ფორესტოლის მითითებით. მოხსენების საიდუმლო ნაწილში წერია:

“დავთესავთ ქაოსს, შეუმჩნევლად გავუყალბებთ მათ ფასეულობებს და იძულებულს ვყოფთ, ირწმუნონ ისინი. ამისთვის მოვძებნით თანამოაზრეებს, მოკავშირეებსა და დამხმარეთ. ერთმანეთის მიყოლებით გათამაშდება უდიდესი უბედურება დედამიწის ყველაზე დაუმორჩილებელი ხალხის თვითშეგნების საბოლოო და შეუქცევადი გაქრობისა. “ლიტერატურიდან”, ხელოვნებიდან ჩვენ ამოვშანთავთ მათ ყოფით რაობას, განვაცალკევებთ მხატვრებს, გავუქრობთ სახვითი ხელოვნებით დაკავების სურვილს და იმ არსის ძიებისასაც, რომლებიც ხალხთა მასების სულის სიღრმეშია.

ალექსანდრა კოლონტაი
ალექსანდრა კოლონტაი

მწერლობა, თეატრი, კინო, გამოცემები – ყველაფერი უნდა გამოსახავდეს და აქებდეს ადამიანის ქვენა გრძნობებს. ჩვენ ყველანაირად დავუჭერთ მხარს და წინ წამოვწევთ ისეთ ხელოვანთ, რომლებიც ადამიანთა ცნობიერებაში დაამკვიდრებენ და დღენიადაგ ჩასჩიჩინებენ სექსის, ძალადობის, ღალატის კულტს _ ერთი სიტყვით, ყველანაირ უზნეობას. სახელმწიფოს მმართველობაში შევქმნით ქაოსსა და გაუგებრობას; შეუმჩნევლად, მაგრამ გამძაფრებულად და მუდმივად შევუწყობთ ხელს მოხელეთა და მექრთამეთა თვითნებობას, უზნეობას. თავხედობა და საქმეთა გაჭიანურება აყვანილი იქნება სათნოების სიმაღლეზე. პატიოსნება და წესიერება წარსულის გადმონაშთად გადაიქცევა, გამასხარავდება და აღარავის დასჭირდება. უზრდელობა და თავხედობა, ცილისწამება და ტყუილი, ლოთობა და ნარკომანია, ერთმანეთის ცხოველური შიში და ურცხვობა, გამცემლობა და გაუტანლობა და ერთა შორის, აღმსარებლობათა შორის და თაობათა შორის მტრობა – ყოველივე ამას ოსტატურად და შეუმჩნევლად დავნერგავთ, ეს ყველაფერი აყვავდება. მხოლოდ ცოტანი, ძლიერ მცირენი თუ მიხვდებიან და გაიგებენ იმას, რაც ხდება, მაგრამ მათ უმწეო მდგომარეობაში ჩავაგდებთ, ხალხის სამასხარაოდ გავხდით, გამოვძებნით ხერხს, რათა მათ ცილი დასწამონ და გამოაცხადონ საზოგადოების ნაძირალებად. ჩვენ ვიბრძოლებთ ადამიანთა გასარყვნელად ბავშვობისა და ჭაბუკობის ასაკიდან, ყოველთვის გავაკეთებთ არჩევანს ახალგაზრდებზე, რათა მოვთაფლოთ და გავხრწნათ ისინი. ახალგაზრდებისაგან შევქმნით ზნედაცემულ, სულიერებისგან დაცლილ ჯაშუშებსა და მოღალატეებს”.

მოგვიანებით სწორედ ამ დოკუმენტს ეწოდა ალენ დალესის დოქტრინა. არ არის გამორიცხული, ალენ დალესს, რომელიც ამერიკის საგარეო დაზვერვის რიგით მესამე ხელმძღვანელი იყო, ხოლო მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ევროპის პოლიტიკურ დაზვერვას მეთაურობდა, ჰქონოდა მსგავსი ჩანაწერი, რომლითაც იხელმძღვანელა შემდგომ ამერიკის თავდაცვის სამინისტრომ.

სტალინი ამ დოკუმენტს მალე გაეცნო დაზვერვის საშუალებით, მაგრამ ამ დოქტრინას დიდად არ აუღელვებია _ იმ პერიოდში სხვა უამრავი საფრთხე და გამოწვევა იყო.

1946 წლის 5 მარტს აშშ-ის საუნივერსიტეტო ქალაქ ფულტონში სიტყვით გამოვიდა ევროპის გაწითლების პერსპექტივით ფრიად შეშფოთებული დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერმინისტრი უინსტონ ჩერჩილი და ოთხი წლის განმავლობაში სტალინზე მლოცველმა და მეხოტბე “მეგობარმა” სტალინი და საბჭოთა კავშირი უსასტიკეს მოწინააღმდეგედ წარმოაჩინა, ამით საფუძველი ჩაუყარა ომისშემდგომ არანაკლებ საშიშ “ცივ ომს”. ჩერჩილთან ერთად “ცივი ომის” ერთ-ერთ არქიტექტორად ალენ დალესსაც განიხილავენ. მსოფლიოს დიდ სახელმწიფოთა კარდაკარ მოარული ჩერჩილი _ ევროპის ეს ბებერი და კბილებდაცვეთილი ლომი, სტალინისთვის საფრთხეს აღარ წარმოადგენდა. დღე-დღეზე სტალინიც გააოცებდა მსოფლიოს თავისი ძლიერებით. ახლოვდებოდა 1949 წელი.

ამერიკაში სტალინს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავდა. ლორდმა ბივერბუკმა ნიუ-იორკში გამოსვლისას განაცხადა:

“სტალინის პერიოდში კომუნიზმმა დასავლეთის ყველა ხალხის აპლოდისმენტები და აღფრთოვანება დაიმსახურა. სტალინის პერიოდში კომუნიზმმა ჩვენ მოგვცა პატრიოტიზმის მაგალითი, რომლის ანალოგი ისტორიაში არ მოიძებნება. მის პერიოდში კომუნიზმმა მსოფლიოს საუკეთესო გენერლები მისცა. ქრისტიანების დევნა? არა. იქ რელიგიური დევნა არ არის. ეკლესიის კარი ღიაა. ეროვნებათა დევნა? სრულიადაც არა. ებრაელები იქ ისე ცხოვრობენ, როგორც სხვები. პოლიტიკური რეპრესიები? დიახ, რა თქმა უნდა, მაგრამ ახლა უკვე ნათელია, რომ ისინი, ვინც დახვრიტეს, რუსეთს გერმანელებს მიჰყიდდნენ”.

იტალიასა და საფრანგეთში კომუნისტური პარტიების გაძლიერებამ, რაც პარტიის XIX ყრილობაზე სტალინის მიერ ფართოდ იქნა რეკლამირებული და თითქოს მზად იყო ევროპის ეს ორი უდიდესი სახელმწიფო სოციალისტური თანამეგობრობის ფერხულში ჩასაბმელად პალმირო ტოლიატისა და მორის ტორეზის მეთაურობით, მაგრამ ეს პროცესი ბოლო მომენტში ტრაგიკულმა მოვლენამ (სტალინის სიკვდილმა) შეაფერხა.

ყალბი ბადეების მოქსოვა, თითქოს სტალინი ომის შემდგომ ჩამოშორებული იყო სახელმწიფო საქმეებს, სრული სიცრუე და ცილისწამებაა, რომელიც ხრუშჩოვმა და მისმა ბანდამ შექმნეს ბელადის სახელის სადისკრედიტაციოდ. სტალინს თურმე 1949 წლის 21 დეკემბერს, თავისი დაბადების 70 წლისთავზე, უამრავი სტუმრისთვის მადლობის თქმაც ვერ მოუხერხებია, რომ არაფერი ვთქვათ მე-19 ყრილობაზე _ თითქოს მან მხოლოდ 5 წუთს გაძლო ტრიბუნაზე და გამოსვლაც ვერ დაამთავრა. სიცრუის ავტორს ავიწყდება, რომ სტალინის ტრიბუნაზე გამოჩენას აპლოდისმენტების შედეგად მიწისძვრის მსგავსი ბიძგები მოჰყვა, რომელიც 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. სტალინის სიტყვა, ქრონომეტრაჟის მიხედვით, 12 წუთს გაგრძელდა, სიტყვა 11-ჯერ შეაწყვეტინეს ხანგრძლივი ტაშითა და ოვაციებით, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. დაქირავებულმა ანტისტალინისტმა ედუარდ რაზინსკიმ, რომელმაც სქელტანიანი წიგნი მიუძღვნა ანტისტალინურ სისაძაგლეებსა და სტალინის ლანძღვის სალექციო ციკლიც შექმნა ცენტრალური ტელევიზიის პირველ არხზე, მას შემდეგ, რაც სტალინის პირად არქივს ძირფესვიანად გაეცნო, ბოდიში მოუხადა მკითხველსა და მსმენელს, რომ სტალინს ის განიხილავდა, როგორც მწერალი და მსახიობი, დღეს კი, როდესაც გაეცნო დოკუმენტურად მის ფიგურას, ჭეშმარიტებამდე მივიდა და ყოველგვარი მიკიბვ-მოკიბვის გარეშე სტალინი ღალატისა და ტერორის მსხვერპლად გამოაცხადა.

ყოფილი ანტისტალინისტი სტალინისტად გადაიქცა. ის გადმოგვცემს თვითმხილველთა მონაყოლს _ გააფთრებული ლომივით როგორ იდგა მე-19 ყრილობის შემდეგ, 16 ოქტომბერს, პლენუმის ტრიბუნაზე და როგორ უტევდა ძველ ბოლშევიკებს, რომლებიც კაპიტალისტების საამებლად ბუქნავდნენ და ღალატობდნენ ოქტომბრის რევოლუციის მონაპოვარს. პლენუმზე მან ჩამოაყალიბა სრულიად სხვა სახელმწიფო წყობილება, რომლის განხორციელებაც არ დააცადეს.

ომისშემდგომმა სტალინურმა სოციალიზმმა ფრთები შეისხა და, როგორც კი ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანესა და ამერიკას გადაუარა, კურსი კოსმოსისკენ აიღო. ამას ემატებოდა ევროპის ნაწილის თანდათანობით გაწითლება და საერთაშორისო იმპერიალიზმმა მომაკვდინებელი საფრთხე იგრძნო. ფულტონში ბებერი ლომი ჩერჩილი “ცივი ომის” პროპაგანდას ეწეოდა, რის გამოც მხატვარ-კარიკატურისტმა ეფიმოვმა გაზეთ “პრავდაში” გამოქვეყნებული ჩერჩილის კარიკატურის ქვეშ “ყბედი” მიაწერა, რისთვისაც მხატვარმა სტალინის საყვედური დაიმსახურა. აი ჩერჩილის გამოსვლა:

“ბალტიის შტეტინიდან ადრიატიკის ტრიესტამდე კონტინენტზე დაეშვა რკინის ფარდა. ფარდის მიღმა დარჩა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უძველესი ქვეყნების დედაქალაქები _ ვარშავა, ბერლინი, პრაღა, ვენა, ბუდაპეშტი, ბელგრადი, ბუქარესტი, სოფია. ყველა ეს ქალაქი და მოსახლეობა დარჩა იმ საზღვრებში, რომელსაც მე ვუწოდებ საბჭოთა სფეროს, ყოველი მათგანი ამა თუ იმ ფორმით ექვემდებარება არა მხოლოდ საბჭოურ გავლენას, არამედ მოსკოვის მნიშვნელოვან და სულ უფრო მზარდ კონტროლს. კომუნისტურმა პარტიებმა, რომლებიც ძალიან მცირერიცხოვანი იყვნენ, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში განსაკუთრებულ სიძლიერეს მიაღწიეს, გაცილებით მეტს მათ რაოდენობაზე, და მიილტვიან, რომ ყველაფერზე დაამყარონ ტოტალური კონტროლი. თითქმის ყველა ეს ქვეყანა დღემდე იმართება პოლიციური მთავრობების მიერ, იქ არ არის ნამდვილი დემოკრატია. თურქეთი და სპარსეთი ღრმად არიან შეშფოთებული და შეძრული იმ პრეტენზიებისა და წნეხის გამო, რომელსაც მოსკოვის მთავრობის მხრიდან განიცდიან. რუსები ცდილობენ, ბერლინში, ოკუპირებული გერმანიის თავიანთ ზონაში, შექმნან კვაზიკომუნისტური პარტია მემარცხენე გერმანელი ლიდერებისთვის სპეციალური პრივილეგიების მინიჭებით. იტალიაში მდგომარეობა გაურკვეველი რჩება. ისევ და ისევ წარმოუდგენელია ევროპა ძლიერი საფრანგეთის გარეშე. მთელი ჩემი ცხოვრება გამოვდიოდი ძლიერი საფრანგეთის არსებობის მომხრე და არასდროს, ყველაზე მძიმე დღეებშიც კი, არ დამიკარგავს იმედი მისი მომავლისა. და ახლაც არ ვკარგავ ამ რწმენას, თუმცა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, რუსეთის საზღვრებიდან შორს, შექმნილია კომუნისტური მეხუთე კოლონები, რომლებიც მოქმედებენ ერთობითა და დირექტივებზე დაქვემდებარებით, რომლებსაც ისინი კომუნისტური ცენტრიდან იღებენ. თავს ვალდებულად ვთვლიდი, მომეხაზა თქვენთვის ის ჩრდილი, რომელიც ეცემა მშვიდობას დასავლეთშიც და აღმოსავლეთშიც.

ჩვენ დღეს, 1946 წელს, ამის მიღწევა შეგვიძლია მხოლოდ ყველა საკითხში კარგი ურთიერთგაგებით რუსეთთან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ეგიდით, ამ მსოფლიო ინსტრუმენტის გამოყენებით, კარგი ურთიერთგაგების შენარჩუნება მრავალი წლის განმავლობაში ინგლისურენოვანი სამყაროს სიძლიერეზე დაყრდნობით, თუ ბრიტანეთის თანამეგობრობისა და შეერთებული შტატების ხალხები იმოქმედებენ ერთობლივად, ყოველივე იმის გათვალისწინებით, რასაც ეს თანამეგობრობა ნიშნავს. ჰაერში, ზღვაზე, მეცნიერებასა და ინდუსტრიაში და მორალურადაც, მსოფლიოს მასშტაბით, მაშინ გამოირიცხება ის არასტაბილური და შფოთვარე ძალთა ბალანსი, რომლებმაც შეიძლება უბიძგოს ამბიციებისა და თავგადასავლებისკენ. თუ ჩვენ კეთილსინდისიერად დავიცავთ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდებას და წავალთ წინ მშვიდი და ფხიზელი ძალით, არ გვექნება პრეტენზია სხვის მიწებსა და სიმდიდრეზე და არ შევეცდებით, დავამყაროთ თვითნებური კონტროლი ადამიანების აზრზე, თუ ბრიტანეთის ყველა მატერიალური და მორალური ძალა გაერთიანდება ძმური კავშირით, მაშინ გაიხსნება ფართო გზა მომავლისკენ _ არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველასთვის, არა მხოლოდ ჩვენს დროში, არამედ მომავალი საუკუნეების განმავლობაშიც”.

დღევანდელი მდგომარეობით, ჩვენ ვხედავთ ზემოთ მოყვანილი მასალების სარკისებრ ანარეკლს საზოგადოებაში, რაც მიგვანიშნებს იმაზე, რომ მოხდა საზოგადოების ცხოვრების წესის სრული დევალვაცია, რომელსაც “საშინელი სამსჯავროსკენ” მიჰყავს პლანეტა. ღმერთი სჯის ადამიანს მის მიერ ჩადენილისთვის. ვილოცოთ ჩვენი სულების განსაწმენდად!

გრიგოლ ონიანი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here