აზერბაიჯანის პირველი ვიცე–პრეზიდენტი მეჰრიბან ალიევა ოფიციალური ვიზიტით ეწვია მოსკოვს და შეხვდა რუსეთის პრემიერს დიმიტრი მედვედევს, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარე ვალენტინა მატვინენკოსა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.
რუსეთის პრეზიდენტმა მეგობრობის ორდენი გადასცა მეჰრიბან ალიევას და მას რუსეთის ნამდვილი მეგობარი უწოდა.
“ნება მომეცით, გულითადად მოგესალმოთ მოსკოვში _ უკვე იმ რანგში, რომელშიც ჯერ ჩვენთან არ ყოფილხართ _ ვიცე–პრემიერის. ვიცი, რომ თქვენ ძალიან დიდი და დატვირთული პროგრამა გაქვთ”, _ თქვა რუსეთის ლიდერმა.
მხარეებმა იმსჯელეს საქონელბრუნვაზე ორ ქვეყანას შორის, აგრეთვე, თბილ ურთიერთობებზეც.
მეჰრიბან ალიევამ პუტინს აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევისგან სალამი გადასცა და სთხოვა, მისთვის მოსახერხებელ ნებისმიერ დროს სწვეოდა აზერბაიჯანს.
“ყველა მიმართულებით ვხედავთ დადებით დინამიკას. არსებობს რეგულარული პოლიტიკური დიალოგი სახელმწიფო მეთაურების დონეზე. აზერბაიჯანი და რუსეთი მხარს უჭერენ ერთმანეთს საერთაშორისო არენაზე. აზერბაიჯანში უდიდეს პატივს სცემენ რუსულ კულტურას, რუსულ ენას”, _ აღნიშნა ალიევამ.
აზერბაიჯანის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა, აგრეთვე, განაცხადა: აზერბაიჯანში ძალიან უყვართ რუსული ენა, მას სწავლობენ ბევრ სკოლაში. ქვეყანაში არის ცნობილი რუსული უმაღლესი სასწავლებლების ფილიალები, მაგალითად, მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის. ეს ყველაფერი მიმართულია იმისკენ, რომ ახალგაზრდა თაობამ იცოდეს რუსული ენა.
აზერბაიჯანის პირველი ლედი ქვეყნის პირველ ვიცე-პრემიერად 2 წლის წინათ დაინიშნა. მანამდე ის დეპუტატი იყო მმართველი პარტიიდან.