ირანში 17 ადამიანი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს და ზოგიერთ მათგანს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, _ იუწყება სააგენტო “როიტერსი” ირანულ მედიაზე დაყრდნობით.
ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა ფოტოები, რომლებზეც აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ის ოფიცრები არიან აღბეჭდილნი, რომლებსაც ჯაშუშობაში ეჭვმიტანილ პირებთან ჰქონდათ კავშირი. ტელევიზიამ გაავრცელა, აგრეთვე, ირანის სადაზვერვო სამინისტროს განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ ჯაშუშები ირანული კალენდარული წლის ბოლოს დააკავეს (2019 წლის მარტი). “იდენტიფიცირებული ჯაშუშები დასაქმებულები იყვნენ ეკონომიკის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან კერძო სექტორის ცენტრებში, ატომურ, ინფრასტრუქტურულ, სამხედრო, კიბერ და სხვა სფეროებში, სადაც ისინი საიდუმლო ინფორმაციას მოიპოვებდნენ”, _ აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში. ირანული საინფორმაციო სააგენტო “ფარსის” ინფორმაციით, ზოგიერთ დაკავებულს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს. გავრცელებული ინფორმაცია უარყო აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ.