Home რუბრიკები საზოგადოება როგორც ხარს წითელი ფერი, ისე აგიჟებს ამერიკელებს რუსეთის სიძლიერე

როგორც ხარს წითელი ფერი, ისე აგიჟებს ამერიკელებს რუსეთის სიძლიერე

870

ჩვენი დასავლელი მეგობრების, კერძოდ «მაკკეინისა და ძმათა მისთა» გულის მოსაგებად ჩვენი ხელისუფლება კიდევ დღითიდღე აძლიერებს ანტირუსულ კამპანიას და ყველანაირად ცდილობს, რუსეთი საქართველოს ყველაზე დიდ მტრად წარმოაჩინოს. საკმარისია, «ნაციონალებისგან» განსხვავებული ხედვა გქონდეს, რომ მაშინვე რუსეთის აგენტად, მოსკოვის პროექტად მოგნათლავენ და ქვეყნის მოღალატედ გამოგაცხადებენ. ე. წ. სამთავრობო არხები ძალ-ღონეს არ იშურებენ, რათა ხალხს შთააგონონ, თითქოს ძველთაგანვე სპარსეთი და ოსმალეთი საქართველოს უფრო დიდი მეგობრები არიან, ვიდრე რუსეთი. ამ პროპაგანდის წყალობით ბევრს, განსაკუთრებით კი იმ ახალგაზრდებს, რომელთაც ლომაიასეული «რეფორმირებული» სკოლები აქვთ დამთავრებული, მართლა სჯერა ამ ილუზიების.

ტვინის გამორეცხვის მძიმე შედეგები, სამწუხაროდ, განსაკუთრებით თვალშისაცემია ახალგაზრდებში. ეს იმის ბრალიცაა, რომ ბოლო წლებში ქვეყანაში წიგნის მოხმარების დეფიციტმა უმაღლეს ნიშნულს მიაღწია. სამწუხაროდ, ახალგაზრდების მნიშვნელოვანი ნაწილი განათლებას, ძირითადად, ტელევიზიის, ინტერნეტისა და ყვითელი პრესის საშუალებით ღებულობს. ბუნებრივია, ამ ფონზე ძალზე გაფერმკრთალებულია ფუნდამეტალური აკადემიური განათლების მიღება. ზოგიერთ უმაღლეს სასწავლებელში იმ მოტივით, რომ  სტუდენტებისთვის უფრო მოსახერხებელი იყოსო, ლექციების წაკითხვა სავალდებულო აღარ არის, რადგან ის ინტერნეტშია განთავსებული და სტუდენტს მისთვის ხელსაყრელ დროს შეუძლია ნახოს და წაიკითხოსო, არგუმენტად მოჰყავთ ამ სიახლის ავტორებს. როგორც სახელმწიფო სტრუქტურების ნებისმიერი დარგი, განათლების სისტემაც არაპროფესიონალი და უცოდინარი ხალხით აავსეს, დისერტაციების დაცვა ისე გააუბრალოეს, რომ ხშირ შემთხვევაში სადისერტაციო ნაშრომის მეცნიერული დონე წინანდელი ГПИ-ის, არა თუ სადიპლომო, საკურსო პროექტის დონესაც ვერ აკმაყოფილებს და საკურსო სამუშაოს უტოლდება. უმაღლეს სასწავლებლებში ლექტორების შტატები, ძირითადად, ახალგაზრდა, 25 წლის, დოქტორ-პროფესორი გოგო-ბიჭებით დააკომპლექტეს, რომელთა  უმეტესობამ საგანი, რომელსაც კითხულობს, წესიერად არც კი იცის, მაგრამ ლექტორობა უნდა. უხერხულ მდგომარეობაში რომ არ ჩავარდეს და თავისი უცოდინარობა დამალოს, მშვენიერი გზა აირჩიეს. რომელიმე სახელმძღვანელოდან რაღაცას გადაჯღაბნიან, დადებენ ინტერნეტში და მერე იმტვრიონ თავი სტუდენტებმა. ეს რომ ასეა, დასტურად თსუ-ს სტუდენტთა ამასწინანდელი გამოსვლაც კმარა, როცა ისინი უნივერსიტეტში სწავლების დაბალ დონეს და დაბალი ხარისხის განათლების მიღებას აპროტესტებდნენ.


განათლების სისტემაში გატარებული მახინჯი რეფორმების შესახებ  რომ ყველაფერი იცის და ყველაფრის საქმის კურსშია, ბატონმა პრეზიდენტმა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ თბილისსა და ბათუმში პედაგოგებთან შეხვედრაზე გამოსვლისას თავისი ადეკვატური და მაღალპროფესიონალური გამოსვლით დაამტკიცა. უნდა ვაღიარო, რომ მისი პრეზიდენტობის მთელი პერიოდის განმავლობაში, მისგან ასეთი ღრმაშინაარსიანი გამოსვლა არასოდეს მომისმენია. მართალია, შედეგი არაფერი მოჰყოლია, მაგრამ გამოსვლა ნამდვილად შთამბეჭდავი იყო. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი მაღალპროფესიული გამოსვლა არც ერთი დარგის მიმართ მას არასოდეს  ჰქონია.

ამის შემდეგ, უბრალოდ, გაკვირვებული ვარ, მისი ახლახან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ასეთი უპასუხისმგებლო და არასერიოზული განცხადების გამო, რაც მან ყოფილი ГПИ-ის მიმართ გააკეთა. თურმე ნუ იტყვი და, ყველაზე წყალწაღებული და ძლივს სამიანებზე სკოლადამთავრებული აბიტურიენტები ვერსად რომ ვერ ჩააბარებდნენ, მერე «შეტენიდენ» ГПИ-ში. პირდაპირ სასაცილოა მისი ეს განცხადება. ძნელი დასაჯერებელია, რომ ქვეყნის პრეზიდენტმა ГПИ-ის ავტორიტეტისა და პოპულარობის შესახებ არაფერი იცოდეს. ძნელი დასაჯერებელია, რომ ამ წყალწაღებული სტუდენტებისგან ისეთი მაღალკვალიფიციური ქართველი ინჟინრები მზადდებოდნენ, რომლებსაც არა მარტო კავშირის მასშტაბით, არამედ მთელ მსოფლიოში უწევდნენ ანგარიშს. ჩვენი ინჟინრების მიერ აშენებული კაშხალებითა თუ სამრეწველო ობიექტებით დღესაც თავს იწონებენ და ამაყობენ ისეთი ქვეყნები, როგორებიცაა: ირანი, ეგვიპტე, ინდოეთი, სირია, პაკისტანი, ჩინეთი. ამის შესახებ იცის ნებისმიერმა საქართველოს მოქალაქემ და პრეზიდენტმა არ იცის? თანაც პროფესორების ოჯახში აღზრდილმა კაცმა?  იცის, როგორ არ იცის, მაგრამ არ ამბობს! იმიტომ, რომ 2003 წლამდე ქვეყანაში თუ კი რაიმე კარგი გაკეთებულა, ამ კაცს ცოცხალი თავით არ უნდა. არ უნდა და მოკალი, თუ გინდა! 2003 წლამდე გენიოსიც რომ ყოფილიყავი და ცაში ვარსკვლავების მწყვეტი,  მისთვის მაინც ყველა ჩარეცხილია და ყველა მტერია.

ბატონო პრეზიდენტო, უნდა გაგაწბილოთ და პირდაპირ გითხრათ: თქვენ ამ ბოლო დროს იმდენ არაადეკვატურ და შეუსაბამო განცხადებებს აკეთებთ, რომ აშკარად აწმყო გეშლებათ წარსულში. ზუსტად დღეს არის არამარტო ტექნიკური უნივერსიტეტი, არამედ ქვეყნის ყველა უმაღლესი სასწავლებელი იმ მდგომარეობაში, რაზედაც თქვენ წარსულ დროში ილაპარაკეთ. ზუსტად დღეს ტენიან ГПИ-ში 20 და 30 ინსტიტუტგამოვლილ წყალწაღებულ სტუდენტებს და მაჩანჩალა აბიტურიენტებს, თორემ წარსულში, თუ არ ვცდები, 50-იანი წლებში, იყო პერიოდი, როცა ამხელა ინსტიტუტი მხოლოდ ოქროს მედალოსნებით ივსებოდა. ხოლო რაც ახლა ხდება, ეს არის განათლების სისტემის იმ მახინჯი რეფორმის შედეგი, რომელიც ბატონმა ლომაიამ თქვენი მხარდაჭერით გაატარა.

ყოფილი ГПИ, რომელსაც თქვენ ასე აუგად იხსენიებთ, თავისი მატერიალური ბაზით, კაბინეტ-ლაბორატორიების აღჭურვილობით, პროფესორ-მასწავლებლების მომზადების დონითა და სამეცნიერო პოტენციალით,  მსოფლიოს წამყვანი ტექნიკური უმაღლესი სასწავლებლების სიაში შედიოდა. ახლა კი ამ  ინჟინრების ქართულ სამჭედლოსა და ფლაგმანს, თქვენი და ლომაიას მიერ გატარებული რეფორმების წყალობით, იმის საშუალებაც კი არ აქვს, რომ ჯეროვნად გამოიყენოს ჯერ კიდევ შემორჩენილი  ძველი თაობის პროფესურის მაღალი მეცნიერული დონე და ინტელექტი და სტუდენტებს ღრმა პროფესიული ცოდნა და განათლება მისცეს. სასწავლო გეგმები ისეა შედგენილი, რომ თვითონაც არ იციან, რა სპეციალისტს უშვებენ და რა კვალიფიკაციას ანიჭებენ მას. რასაც ანიჭებენ, ის კიდევ ძალიან შორსაა ინჟინრობისგან და ტექნიკოსის კვალიფიკაციასაც ძლივს უტოლდება.

იმ რეფორმების წყალობით, რაც განათლების სისტემაში «მეკანალიზატორე» ლომაიამ და «ციხის ზედამხედველმა» შაშკინმა გაატარეს, არც არაფერია გასაკვირი. ინსტიტუტში კათედრები, რომლებზეც, ფაქტობრივად, ახალგაზრდა სპეციალისტის მომზადება და მათში მეცნიერული პოტენციალის ჩასახვა ხდებოდა, გააუქმეს და მის ნაცვლად რაღაც გაუგებარი ცნების მქონე «მიმართულებები» შემოიღეს. ამ «მიმართულებებს» ისეთი უფლებები მისცეს, რომ თვითონ წყვეტენ, სპეციალობის სასწავლო გეგმაში რომელი საგანი ამოიღონ და რომელი შეიტანონ. იმისათვის, რომ კარგი მოსწრება ჰქონდეთ,  ყველა «მიმართულება» დაინტერესებულია, სტუდენტისთვის ძნელად ჩასაბარებელი საგნები სასწავლო გეგმიდან ამოიღონ და სხვა, უფრო იოლი საგნებით შეცვალონ. ამიტომ სტუდენტები, ფაქტობრივად, ძირითადად მხოლოდ მარტო სპეციალურ დისციპლინებს სწავლობენ.

როგორ შეიძლება ინჟინერი გახდე და მასალათა გამძლეობა, ფუძე-საძირკვლები, თეორიული მექანიკა, მანქანათა ნაწილები, ხაზვა, მხაზველობითი გეომეტრია და ელტექნიკა არ იცოდე?! ამ მანკიერი პრაქტიკის ბრალია, რომ სადიპლომო გეგმარების ნაცვლად სახელმწიფო გამოცდები შემოიღეს. ამ ბოლო დროს სახელმწიფო გამოცდებზეც უარი თქვეს და ბედის ანაბარად მიატოვეს ახალგაზრდა სპეციალისტის მომზადების საქმე, რაც საინჟინრო სპეციალობებისთვის ყოვლადმიუღებელი და აბსურდული გადაწყვეტილებაა. 

ძვირფასო მკითხველო, როგორც განათლების პროფესიონალ მუშაკს, კალამი ცოტა გვერდზე გამექცა. ამ საკითხმა ისე გამიტაცა, რომ შორს შევტოპე და ძირითადი თემა კინაღამ დამავიწყდა, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

საქართველოს ისტორიისადმი ოდნავ თვალის გადავლებაა საჭირო და, თუ ადამიანს ოდნავ მაინც შერჩენილი აქვს საღად აზროვნების უნარი, დიდი ფილოსოფოსობა არ არის საჭირო იმისთვის, რომ დავრწმუნდეთ, თუ რა დღეში აგდებდნენ ქართულ მოსახლეობას «ჩვენი დიდი მეგობრები» _ ირანი და ოსმალეთი. «ტურფა საქართველო ყორნებს წაუღიათ, ირანს და ოსმალეთს შუაზე გაუყვიათ». როგორ მოხდა, რომ ეს 12-მილიონიანი ქვეყანა 5 საუკუნის მანძილზე ნახევარ მილიონამდე დავიდა, ხოლო რუსეთთან შეერთების შემდეგ ეს გადაშენების გზაზე მდგარი ერი საუკუნე-ნახევარში 5,5 მილიონი გახდა? მეფე ერეკლეს რა, საქართველო არ უყვარდა? თქვენ, ძვირფასო «ნაციონალებო», ილიას სურათი მარტო კაბინეტებში გიკიდიათ და მისი სურათის წინ ამ კაცის ნააზრევისგან სრულიად განსხვავებულ რიხიან განცხადებებს აკეთებთ, რომლებიც მარტო პიარისთვის, და საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შესაყვანად გჭირდებათ.

ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ, უბრალოდ, ფეხის ხმას ხართ აყოლილნი, რადგან გაგიგიათ, ილია დიდი ქართველი იყოო, და თქვენც ამიტომ გაჰყვირით: «ილია, ილიაო», თორემ მისი ნაწერებიდან, მგონი, არაფერი გაქვთ წაკითხული. რომ წაგეკითხათ და მისეული შეფასება რუსეთის მიმართ გაგეანალიზებიათ და გაგეზიარებიათ, იქნებ ქვეყნისთვის და ქართველი ხალხისთვისაც უკეთესი ყოფილიყო. ის კი არა, ჩვენი პრეზიდენტი იქამდე მივიდა, რომ საქართველოს გასაბჭოებასთან ერთად, ქვეყნის რუსეთთან შეერთებასაც რუსეთის მიერ მისი ოკუპაცია უწოდა, რამაც არა მარტო ჩვენ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც კი გააოცა.

მართლაც, რომ საოცარია, როდის იყო, რომ დამპყრობი ოკუპირებულ ქვეყანას ტერიტორიებს უმატებდა, უნივერსიტეტს უშენებდა, ოპერის თეატრს ურემონტებდა, მეცნიერებათა აკადემიას უხსნიდა, ქვეყნიდან გატანილ განძს უბრუნებდა, დაპყრობილი ქვეყნის ყველა დროის უდიდეს პოეტსა და მის შექმნილ შედევრს 750 წლის იუბილეს უხდიდა, მეტროს უშენებდა, დაპყრობილი ხალხის განათლებასა და მათი კეთილდღეობის ამაღლებაზე ზრუნავდა.

ღმერთო, შენ უშველე ჩვენს გაჭირვებულ ქვეყანას და მის ჰარალე პრეზიდენტს.

ძვირფასო «ნაციონალებო», მე მაინც გირჩევთ, წაიკითხოთ საქართველოს რუსეთთან შეერთების 100 წლისთავზე წარმოთქმული ამ დიდი ქართველი ერისკაცისა და სახელმწიფო მოღვაწის სიტყვა.

გინდა-არ გინდა, საქართველოს რუსეთთან შეერთებით ქართველი ერი ფიზიკურ განადგურებას გადაურჩა და ეს ფაქტია. ამას მხოლოდ დემაგოგები თუ უარყოფენ, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ, რომ რუსეთისგან მტრის ხატი შექმნან და ამით თავის ოკეანისგაღმელ პატრონებს ასიამოვნონ, მათი გული მოიგონ, ყველა დაკვეთა შეუსრულონ და შემდგომში მეტი ფული დაცინცლონ.

რა თქმა უნდა, რუსეთს უნდა ვუსაყვედუროთ, რაც ცუდი გაგვიკეთა, მაგრამ უმადურებიც არ უნდა ვიყოთ და სიკეთეც არ უნდა დაგვავიწყდეს. 1828 წელს ვინ განდევნა სამცხე-ჯავახეთიდან თურქები და ვინ შემოუერთა ეს მხარე საქართველოს?

მართალია ამ ბრძოლაში ქართველებიც და სომხებიც მონაწილეობდნენ და ღირსეულადაც იბრძოდნენ, მაგრამ რუსის ფაქტორი გადამწყვეტი იყო, ეს ფაქტია და უნდა ვაღიაროთ. ამიტომ სიმართლეს თვალი უნდა გავუსწოროთ და რუსეთის მადლიერი ვიყოთ. ვინ გაყარა თურქები ბათუმიდან სოხუმამდე და მთელი შავიზღვისპირეთი ვინ გაგვითავისუფლა?

ახლა გაჰყვირით, _ რუსებმა ავტოკეფალია წაგვართვეს და სალოცავებში ფრესკები კირით შეგვითეთრესო! კი, ბატონო, მართალია, მაგრამ რომელი ჯობია: ყოველწლიურად მტკვარს რომ ქართველი ვაჟკაცების სისხლით გვიღებავდნენ, ქართულ ოჯახებს ნამუსს ხდიდნენ, დედებსა და დებს მკერდიდან ჩვილ ბავშვებს გლეჯდნენ და ცეცხლში წვავდნენ, ვაზს გვიჩეხავდნენ, ტაძრებს გვიწვავდნენ, მოსახლეობას ტყვედ ასხავდნენ და მონებად ამუშავებდნენ, თუ იმ ფრესკების კირით შეღებვა (რომელიც რაღაც დროის გასვლის შემდეგ გადავფხიკეთ და ისევ აღვადგინეთ)? ლაპარაკი და განცხადებების კეთება ადვილია, საქმის გაკეთებაა ძნელი. მარტო ის რად ღირს რომ ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში, როცა გეორგიევსკის ტრაქტატზე ლაპარაკიც კი არ ყოფილა, 1768 წელს იმერეთის მეფე სოლომონ I-მა პეტერბურგს ელჩი გაგზავნა და თურქების წინააღმდეგ დახმარება სთხოვა რუსთ ხელმწიფეს. მანაც ერეკლე II-სთან ერთად დახმარება აღუთქვა. 1769 წელს გენერალი ტოტლებენი იმერეთში შევიდა. მისი დახმარებით სოლომონ I-მა ოსმალებისაგან გაათავისუფლა ცუცხვათის, შორაპნის, ბაღდადის, ქუთაისის ციხეები და თვით ქუთაისი. უფრო მეტიც, 1774 წელს მან თხოვნით მიმართა იმპერატრიცა ეკატერინე II-ს და რუსეთის მფარველობაში მიღება სთხოვა. მაგრამ იმასთან დაკავშირებით, რომ ქუჩუკ-კაინარჯის ხელშეკრულება ახალი დადებული იყო, ეკატერინე II ოსმალებთან ურთიერთობის გამწვავებას მოერიდა და სოლომონ I-ს იმერეთის სამეფოს რუსეთის მფარველობაში მიღებაზე უარი უთხრა. ისიც მართალია, რომ იმავე ტოტლებენმა მეფე ერეკლე მოატყუა _ ასპინძის ომში ოსმალების წინააღმდეგ არ დაეხმარა, მაგრამ ასეთი რაღაცები პოლიტიკაში ხდება და ამას უნდა შევეგუოთ.

იგივე გაგვიკეთა ამერიკამ 2008 წელს, მაგრამ შეფასებები სრულიად არაადეკვატურია: ტოტლებენი და რუსეთი საქართველოსა და ქართველი ხალხის მტერი და მოღალატეა, ხოლო ამერიკა, ბუში და მაკკეინი _ ქართველი ხალხის მხარში მდგომი, ჩვენი ინტერესების დამცველი, მეგობარი და სტრატეგიული მოკავშირე. რომ გაიძახით, რუსეთის იმპერიაში ყოფნისას ისე დაეცა ქართველი ერი  და ისე გადაგვარდა საზოგადოება, რომ რუსეთის იმპერატორ ნიკოლოზ I-ს საქართველოში  მოგზაურობისას, 1837 წლის ოქტომბერში, ლოგინში ჩაუგორეს მშვენიერი მაიკო ორბელიანიო, ის იმპერატორი მაინც იყო, მაგრამ იმაზე რატომ არაფერს ამბობთ, რომ  დღეს, XXI საუკუნეში, რამდენი ქართველი ქალია გადახვეწილი უცხო ქვეყნებში, რა დამცირებისა და შეურაცხყოფის ფასად უჯდებათ ლუკმაპურის შოვნა და ოჯახის რჩენა? რამდენი ქართველი ქალი, გაჭირვების და არა უზნეობის გამო, იძულებულია, პროსტიტუციას მიჰყოს ხელი და ოჯახი ასე გამოკვებოს? რამდენი წესიერი ქალი თაღლითების ბადეში ებმება და ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდება? უფრო დიდი უბედურება ის არის, რომ ის ქართველი ქალებიც კი, რომლებიც გაჭირვებულმა ცხოვრებამ აიძულა, პროსტიტუციით  ერჩინათ თავი, თურქეთის ბაზარზე ყველაზე იაფია. ამასთან, ნუ გავიწყდებათ, ისტორიულ წარსულში მაღალი საზოგადოების წარმომადგენელი რამდენი ქალბატონი ხვდებოდა ირანის შაჰის ან ოსმალეთის სულთნის ჰარამხანაში. ეს ქართველი კაცისთვის ყოვლად დამამცირებელი პრაქტიკა, რომ ყოველწლიურად შაჰისთვის რამდენიმე საგანგებოდ შერჩეული ულამაზესი ქალბატონი მიერთმიათ და მისი ჰარამხანა შეევსოთ, დიდი პატივი ყოფილა ჩვენთვის, შეურაცხმყოფელი კი მხოლოდ რუსეთის იმპერატორთან დაკავშირებული ზემოთ ნახსენები ისტორიაა.

ასე რომ, ბატონებო, მოღალატე  ლომაიას მიერ დანგრეული განათლების სისტემის შედეგად ხალხს იმდენად გადაუბრუნდა ტვინი, რომ ბევრს მართლა სჯერა, რომ სპარსელსა და ოსმალოზე უფრო დიდი მტერი რუსია. ღმერთო, შენ უშველე ჩვენს გაჭირვებულ ქვეყანასა და ხალხს!

თუ მართლა ისე დაეცა და გადაგვარდა ქართველი ერი, მასში ისე გაიდგა ფესვები მონურმა ფსიქოლოგიამ, რომ ჩვენ, ქართველებს, ჩვენს ქვეყანაში უკვე არაფრად გვაგდებენ, არავინ არაფერს გვეკითხება და ყველაფრის უფლება ჩამორთმეული გვაქვს, მათ შორის ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტის არჩევის უფლებაც, რომ ის აუცილებლად ვიღაცის პროექტი უნდა იყოს, მაშინ პირადად მე მაკკეინის პროექტს ისევ პუტინის პროექტი მირჩევნია. ეს ის მაკკეინია, რომელსაც ლომის წილი მიუძღვის რუსეთთან ომის პროვოცირებაში, რომელმაც, სამხედრო დახმარების ნაცვლად, წყალი და პამპერსები გამოგვიგზავნა და მარტო დაგვტოვა ამხელა ვეშაპის _ რუსეთის, წინააღმდეგ  გაჩაღებულ ომში. პამპერსებს, ეტყობა, პირდაპირი დანიშნულებაც ჰქონდა, რათა ამ ომში ჩასვრილ ჩვენს ხელისუფლებას გამოეყენებია. პუტინმა კი, მოგწონთ თუ არა, თავისი სიტყვა «გაჭირვების ჟამს ჩვენ ოს მეგობრებს მარტო არ დავტოვებთ» შეასრულა და ოსებს სამხედრო დახმარება აღმოუჩინა, რის შედეგად ქართველებს ცხინვალიდან კუდით ქვა გვასროლინა.

მე არც პუტინი მინდა და არც ობამა-მაკკეინი, მაგრამ სპარსელებისა და ოსმალების მსგავსად რუსეთი საქართველოს არასოდეს დასხმია თავს. არასოდეს ტყვედ არ წაუსხია ასი ათასობით ქართველი და მონებად არ უმუშავებია რუსეთში; არასოდეს ცეცხლისთვის არ მიუცია ჩვენი ისტორიული ძეგლები; წაგებული ომის სანაცვლოდ ხარკი არასოდეს დაუდვია. რუს ჯარისკაცს ქართველი დედის მკერდიდან ჩვილი ბავშვი არასოდეს მოუგლეჯია და ცეცხლში არ დაუწვავს. ჩვენი «დიდი მეგობრების» _ ირანისა და თურქეთის მიერ დახოცილი ქართველი ვაჟკაცები და გადამწვარი ეკლესია-მონასტრები კი ვეღარაფრით აღვადგინეთ და სამუდამო დაღად დაესვა ქართველი კაცის სულს. ამიტომაა, რომ ირანსა და თურქეთს ისევ რუსეთი მირჩევნია, ხოლო უსუფაშვილებს, ხიდაშელებსა და ქარდავებს _ ნათელაშვილები, ბურჯანაძეები, ბაღათურიები და კუკავები.

ამ ისტორიული პარალელების შემდეგ ჩემთვის გაუგებარია, რატომაა პროამერიკულობა საამაყო და პრორუსულობა დასაძრახი. ჩვენი ქვეყნისა და ქართველი ხალხისთვის არც ერთია კარგი და არც მეორე. საამაყო კი პროქართულობაა, ყველა ქვეყანასთან თანაბარპარტნიორული, კეთილმოსურნე სამშვიდობო პოლიტიკის გატარება და მისი შენარჩუნება, განსაკუთრებით მეზობელ ქვეყნებთან. რაც შეეხება ივანიშვილს, ის მეტ-ნაკლებად ქართული პროექტი მგონია და ღმერთმა ნუ ქნას, რომ მან ხალხს იმედი გაუცრუოს, ეს ქვეყნის საბოლოოდ დასამარება და ქართველი ხალხის დაღუპვა იქნება.

ქართული საქმე ამერიკელებმა და რუსებმა კი არა, ქართველებმა უნდა გააკეთონ. რუსებსა და ამერიკელებს თავიანთი იმპერიული ინტერესები აქვთ და, პირველ რიგში, ისინი ამ ინტერესების განხორციელებას ცდილობენ, რომელთაც შემდეგ თავისი ქვეყნისა და ხალხის კეთილდღეობას ახმარენ და არა ქართულ საქმეს, ჩვენი საქმე კი ჩვენი გასაკეთებელია და სხვის იმედად არ უნდა ვიყოთ. სანამ რუსეთთან ურთიერთობა არ დალაგდება,  ტერიტორიების დაბრუნებაში ვერც ამერიკა გვიშველის და ვერც ნატო. ზუსტად «ნატოს» ძახილმა დაგვაკარგვინა ტერიტორიები და, თუ დროზე თავს არ დავანებებთ «ნატოს» ძახილს, შეიძლება კიდევ უარეს დღეში ჩავვარდეთ. ეს ჩვენი «ნაციონალები» დიდი ზარ-ზეიმით რომ გაჰყვირიან, აი ახლა შევალთ ნატოში და აი ახლაო, დავიჯერო, ამ ვაჟბატონებს, რომლებიც თავს დიდ პოლიტიკოსობაზე დებენ, იმდენი არ ესმით, რომ ჩვენი ახლა ნატოში მიღება აფხაზეთისა და სამაჩაბლოს სამუდამოდ დაკარგვას ნიშნავს? ნუთუ  სერიოზულად ჰგონიათ, რომ ნატო ტერიტორიებს დაგვიბრუნებს ან აშშ ჩვენი გულისთვის რუსეთს ომს გამოუცხადებს, საქართველოს ტერიტორიები რატომ არ დაუბრუნეო? აფხაზეთსა და სამაჩაბლოს გარეშე თუკი რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენა არ შეიძლება და სრულიად სამართლიანად  მათ გარეშე ნატოში შესვლა რატომ შეიძლება, ეს ვერაფრით გამიგია.

 რატომაა, რომ ამერიკა და იქაური ინვესტორები ჩვენთან მხოლოდ სასტუმროების ბიზნესით არიან დაკავებულნი და არც ერთი ქარხანა არ აუშენებიათ? იმიტომ ხომ არა, რომ მსოფლიოში ყველაზე დიდი შავი ბიზნესი, სადაც ყველაზე დიდი ფული იშოვება, ეს ნარკოტიკებით, იარაღითა და პროსტიტუციით ვაჭრობაა? დასამალი არაა, რომ საქართველოში სასტუმროების უმრავლესობა პროსტიტუციის ბუდედაა ქცეული. ნედლეულიც ხარისხიანი და მსოფლიოს ბაზართან შედარებით საკმაოდ იაფია. იაფი ნედლეული კი დიდ მოგებას იძლევა. მათთვის კი დიდი ფული და დიდი მოგებაა ყველაფერი, მათთვის ფულს ხომ სუნი არ აქვს.

ასე რომ, ამერიკამ მსოფლიო მოინელა და რუსეთის ჩაყლაპვაც მოინდომა, რასაც ნაწილობრივ მიაღწია კიდეც ელცინის პერიოდში მისივე უნიათობით, მაგრამ პუტინის რუსეთი ყელში გაეჩხირა და ვერაფერს უხერხებს. საქვეყნოდ ცნობილია, რომ ელცინის გაპარტახებული რუსეთი პუტინმა აღადგინა, წელში გამართა და ზესახელმწიფოდ აქცია, რუს ხალხს კი დაკარგული ღირსება აღუდგინა. პუტინს თავისი ქვეყანა და თავისი ხალხი უყვარს და ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე ყველაფერს აკეთებს მის გასაძლიერებლად. აი რას ვერ პატიობენ პუტინს ეს ჩვენი მეგობარი ამერიკელები. ამიტომაა, რომ გააფთრებით ებრძვიან და ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ სახელი გაუტეხონ და ავტორიტეტი შეულახონ მსოფლიოს თვალში. თუნდაც ის რად ღირს, რომ არჩევნები ჯერ არ ჩატარებულიყო და ამერიკაში უკვე განცხადებებს აკეთებდნენ რუსეთში არჩევნების გაყალბებაზე _ პუტინი გაყალბებული არჩევნების გზით მოვა ხელისუფლებაშიო. თუ ამერიკის მონა და ლაქია ხარ, თუნდაც ქვეყანა დააქციე, კანიბალივით ყელამდე სისხლის გუბეში იდექი, მაინც დემოკრატი და პირველი რეფორმატორი ხარ; თუ არ დაემორჩილე და მისი ინტერესები არ გაატარე, მაშინ უკვე არჩევნების გამყალბებელი, დიქტატორი და თვითმარქვია პრეზიდენტი ხარ.

რას იზამ, ასეთია მათი ცხოვრების წესი და მათეული ლოგიკა, აქ მხოლოდ ფული წყვეტს ყველაფერს, მხოლოდ თავიანთი ინტერესების განხორციელების გზებს ეძებენ, რომელთა მისაღწევად არაფერს ერიდებიან და ყველაფერზე მიდიან, სხვა დანარჩენი კი მათთვის მეორეხარისხოვანი და ინტერესმოკლებულია. ასე რომ, მათთვის მთავარი მათი ინტერესებია. ამიტომაა, რომ მათი ინტერესების გამტარებელი და თავისი ქვეყნის დამაქცევარი გორბაჩოვი, რომელმაც თავისი ხალხის სისხლში ხელი გაისვარა, კაცი, რომლის კისერზეა თბილისის, ბაქოს, სუმგაითის, ბალტიისპირეთის, ყარაბაღის, ფერგანასა და ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში დატრიალებული ტრაგედიები, მშვიდობიან მოსახლეობაში გაჩაღებული ეთნოკონფლიქტები და ამ ნიადაგზე გამოწვეული სისხლისღვრები, რომელსაც ათი ათასობით უდანაშაულო მშვიდობიანი ადამიანის, მათ შორის ბავშვების, მოხუცებისა და ქალების,  სიცოცხლე შეეწირა; კაცი, რომელმაც ასიათასობით ლტოლვილითა და უსახლკარო ადამიანით გაავსო ქვეყანა, თურმე დემოკრატი და მშვიდობის დამცველი ყოფილა, რისთვისაც მას მშვიდობის დარგში ნობელის პრემიაც კი უფეშქაშეს. ხოლო რუსეთის ინტერესების გამტარებელი პუტინი, რომელიც ამერიკის ინტერესებისთვის კი არა, თავისი ქვეყნისა და რუსი ხალხის კეთილდღეობისთვის იბრძვის, თურმე დიქტატორი და გაყალბებული არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსული პრეზიდენტია.

მოკლედ, უნამუსობას საზღვარი არ აქვს, რადგან მათთვის საკუთარი ინტერესების დასაცავად ყველა მეთოდი მისაღებია, რაშიც, სამწუხაროდ, ცუდს ვერაფერს ხედავენ. როგორც ხარს წითელი ფერი, ისე აგიჟებს ამერიკელებს რუსეთის სიძლიერე. ამერიკელები ვერაფრით შეეგუებიან, რომ ჯერ კიდევ 1995 წელს აშშ-ის შტაბის უფროსთა გაერთიანებულ საიდუმლო სხდომაზე კლინტონის ცნობილ თეზას _ «ჩვენ რუსეთს უფლება მივეცით, იყოს სახელმწიფო, მაგრამ იმპერია ერთი ქვეყანა _ ამერიკის შეერთებული შტატები იქნება» _ ყავლი გაუვიდა და ისტორიას ჩაბარდა, რადგან ქვეყნის გამყიდველი გორბაჩოვები და ელცინები ქვეყანას მოშორდნენ და რუსეთის ხელისუფლებაში პატრიოტი ხალხი მოვიდა.

ამერიკა მხოლოდ თავისზე სუსტ ქვეყნებთან არის მაგარი და კიდეც  ძარცვავს მათ ულმობლად. იცის, რომ რუსეთთან ძალით ვერაფერს გახდება და ამიტომაა, რომ მის წინააღმდეგ უზარმაზარი სახელმწიფო პროპაგანდისტული მანქანა აქვს ჩართული და გამალებული საინფორმაციო ომი გაჩაღებული. ცდილობს, ნებისმიერი ტყუილი სიმართლედ გაასაღოს, რასაც ხშირ შემთხვევაში ქვეყანაში არსებული მეხუთე კოლონის წყალობით აღწევს კიდეც. რატომაა, რომ ამერიკის მსგავსად ჩვენი «ნაციონალების» კიჟინით ყველა რუსი ოპოზიციონერი რუსეთის გულშემატკივარი და პატრიოტია, რუსეთის პრეზიდენტი კი _ დიქტატორი და გაყალბებული არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსული არადემოკრატი მმართველი, ხოლო ქართველი ოპოზიციონერები _ ქვეყნის მტრები და მესამე სახელმწიფოს აგენტები, პრეზიდენტი კი _ «დემოკრატი და ხალხის ნების გამომხატველი, საყოველთაო სამართლიანი არჩევნების გზით არჩეული ხელისუფალი»?

ამ სიტუაციის ახსნა თქვენთვის მომინდვია, ძვირფასო მკითხველო.

ომარ გოცაძე,

პროფესორი

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here