Home რუბრიკები ისტორია ანტისტალინური უნამუსობა

ანტისტალინური უნამუსობა

სტალინის ეპოქით დაინტერესებული მკითხველები ხშირად რეკავენ რედაქციაში და გვთხოვენ მივუთითოთ ის წიგნები, რომელთა თარგმანებს «საქართველო და მსოფლიო» ნომრიდან ნომერში აქვეყნებს.

ვუპასუხებთ: წიგნი ორია, რომელთაც ეფუძნება ჩვენი პუბლიკაციების სიუჟეტური განვითარების მთავარი ხაზი. ეს წიგნებია: ამერიკელი ანალიტიკოსის, გროვერ ფერის წიგნი «ანტისტალინური უნამუსობა», რომლის რუსული თარგმანი 2007 წელს გამოიცა, და რუსი მკვლევარების: რუდოლფ ბალანდინისა და სერგეი მირონოვის «სტალინის დიპლომატიური ორთაბრძოლები. პილსუდსკიდან მაო ძედუნამდე», რომელიც 2004 წელს გამოიცა.

მაგრამ, როგორც რუბრიკების შესავალში ვიტყობინებოდით, ჯერ ერთი, საგაზეთო მასალები ორიგინალის ადაპტირებული თარგმანია და, მეორე, რაც მთავარია, ისინი შევსებული და გამდიდრებულია სხვა ნაშრომებიდან ამოკრეფილი დოკუმენტებით, დასკვნებითა და ანალიტიკით.

ჩვენი მკითხველების ყურადღებას ამაზე ვამახვილებთ იმიტომ, რომ ამჯერადაც (როგორც წინა ნომერში) გროვერ ფერის წიგნს «ანტისტალინური უნამუსობა» ცოტა ხნით გადავდებთ და შევეცდებით 37 წლის ზოგიერთი გამოცანის ამოხსნას სხვა წყაროებიდან ამოკრეფილ უტყუარ დოკუმენტებზე დაყრდნობით.

რეპრესიები მუდმივი მოვლენა თუ დროებითი და იძულებითი ღონისძიება?

ანტისტალინური პროპაგანდის მიხედვით, რეპრესიები, საკუთარი ხალხის ძალადობრივი დათრგუნვის გზით უტოპიური მიზნის მიღწევის მთავარი და ძირითადი მეთოდი იყო, უფრო ზუსტად, აუცილებელი, თანმდევი მოვლენა, ერთხელ და უცვლელად დადგენილი მოცემულობა: თუ გაკულაკებაა, _ სამუდამოა; თუ ტროსკიტობაა, _ სამუდამო დაღია; თუ «ლიშენცობაა» (საარჩევნო უფლებების ჩამორთმევა), _ სიცოცხლის ბოლომდე და ა.შ.

და ამ ყველაფერს სტალინის შავი ბეჭედი აზის _ «ასე თქვა ბელადმა».

აღმოჩნდა, რომ ეს მორიგი უსაფუძვლო ბრალდებაა «ტირანი სტალინის» ისტორიული მეხსიერებიდან ამოძირკვისთვის მოგონილი.

გაკულაკებიდან სულ რამდენიმე წელიწადში საბჭოთა კავშირის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის პრეზიდიუმის 1933 წლის 17 მარტის დადგენილებით, გადასახლებული კულაკების შვილებს, რომლებიც იმყოფებოდნენ გადასახლების ადგილებში ან მათი საზღვრების მიღმა და რომლებიც სრულწლოვანები იყვნენ, აღუდგინეს საარჩევნო უფლებები იმ პირობით, თუ ისინი საზოგადოებრივად სასარგებლო შრომას ეწეოდნენ და კეთილსინდისიერად მუშაობდნენ.

აბა, უქნარას და ყალთაბანდს ლანგრით არ მიართმევდნენ ამ მოქალაქეობრივ უფლებას.

ეს შვილების შესახებ.

ახლა მამებს და უფროს თაობას მივხედოთ. 1935 წლამდე მათთვის საარჩევნო უფლების აღდგენა მკაცრად ინდივიდუალური წესით მიმდინარეობდა, გადასახლების მომენტიდან ხუთწლიანი ვადის გასვლის შემდეგ და სამუშაო ადგილიდან დადებითი დახასიათების საფუძველზე.

მოწინავე მშრომელების _ სპეცგადასახლებულთა გათავისუფლების პირველი ცდა 1932 წელს განხორციელდა. 1932 წლის 5 მაისს საკავშირო შინსახკომიდან ადგილებზე გაგზავნილ წერილში ნათქვამი იყო:

«სსრკ ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა ვადამდე აღუდგინა უფლებები თქვენს მხარეში სპეცგადასახლებულებს თანდართული სიის მიხედვით…» ადგილობრივ ხელმძღვანელობას დაევალა ამ ფაქტთან დაკავშირებით მოეწვიათ საერთო კრებები და ფართო განმარტებითი მუშაობა ჩაეტარებინათ სპეცგადასახლებულებთან, რათა მათ ნებაყოფლობით პრინციპზე განეგრძოთ მუშაობა იმ საწარმოებში, სადაც იმ დროისთვის იყვნენ დაკავებულნი. მაგრამ ამასთან, ხაზგასმით იყო მითითებული ისიც, რომ აღნიშნულ პირებს აქვთ სრული უფლება წავიდნენ სპეცდასახლებებიდან, შეუძლიათ ისარგებლონ სსრკ მოქალაქის ყველა უფლებით და მათ წინააღმდეგ დაუშვებელია შეზღუდვის რაიმე ღონისძიების გამოყენება.

სპეცგადასახლებულთათვის საარჩევნო უფლების აღდგენის პრაქტიკა კანონით განმტკიცდა _ სსრკ ცაკ-ის სპეციალური დადგენილებით, რომელიც 1934 წლის 27 მაისს იქნა მიღებული. მაგრამ იმის გამო, რომ სპეცგადასახლებულები მასობრივად დაიძრნენ მშობლიური ადგილებისკენ, სსრკ ცაკი იძულებული გახდა რვა თვის თავზე მნიშვნელოვანი ცვლილება შეეტანა თავისსავე დადგენილებაში. 1935 წლის 25 იანვარს ცაკის პრეზიდიუმმა დაადგინა: «გადასახლებული კულაკებისთვის სამოქალაქო უფლებების აღდგენა არ აძლევს მათ დასახლების ადგილებიდან წასვლის უფლებას.

მიუხედავად ამისა, ყოფილი კულაკების გათავისუფლების პროცესი გრძელდებოდა: 1934-1938 წლებში 31515 ადამიანი გათავისუფლდა როგორც «არასწორად გადასახლებულები», 33565 _ გადაეცა კმაყოფაზე ასაყვანად. ათასობით ადამიანი გათავისუფლდა სასწავლებლად წასვლის, გადაუსახლებლებთან დაქორწინებისა და სხვა მიზეზების საფუძველზე.

1938 წლის 22 ოქტომბრის დადგენილებით (#1143-280) სსრ კავშირის სახალხო კომისართა საბჭომ გადაწყვიტა გაეცათ პასპორტები სპეცგადასახლებულთა და გადასახლებულთა შვილებისთვის, რომლებსაც 16 წელი შეუსრულდათ და პირადად სახელი გატეხილი არ ჰქონდათ. პასპორტებს მიიღებდნენ საერთო საფუძველზე და იკრძალებოდა მათთვის ხელის შეშლა სასწავლებლად ან სამუშაოდ გამგზავრების შემთხვევაში.

1939 წელს ამ დადგენილების საფუძველზე გათავისუფლდა 1824 შრომადასახლებული, 1940 წელს კი _ 77661. ამას გარდა 1939-1940 წლებში სასწავლებლად წასვლის გამო გათავისუფლდა 18451 ადამიანი, გადაეცა კმაყოფაზე 2721 და გათავისუფლდა როგორც «არასწორად გადასახლებული» 1540 შრომადასახლებული.

ყურადღებას იქცევს ერთი საინტერესო თავისებურება: ომამდე სპეცგადასახლებულთა შვილები დაჟინებით მოითხოვდნენ აღრიცხვიდან მოხსნას. მაგრამ ომის დაწყების დღიდან გათავისუფლების შესახებ განცხადებების ნაკადმა მკვეთრად იკლო. უფრო მეტიც, კომენდანტურებს ცალკეულმა პირებმა მიმართეს თხოვნით, ნება დაერთოთ, დაბრუნებულიყვნენ შრომით ბანაკში და შრომადასახლებულების აღრიცხვაზე დამდგარიყვნენ.

თუმცა საპირისპირო მოვლენაც აღინიშნა: შრომადასახლებულები მოითხოვდნენ მათ გაგზავნას ფრონტზე ფაშიზმის წინააღმდეგ საომრად. ასეთი განცხადებებით მიმართეს ჩიტის, სვერდლოვსკის, ჩელიაბინსკის მხარეების, ორჯონიკიძის ოლქის და შინსახკომის სხვა სამმართველოებს.

1941 წლის 15 ოქტომბრისთვის წითელ არმიაში გაიწვიეს 3218 შრომადასახლებული, მათგან 301 კადრის ნაწილებში, 2917 _ სპეციალურ სამშენებლო ბატალიონებში.

ამრიგად, იმ პერიოდის რეალური ვათარების თუნდაც ეს, საზოგადოებრივი ცხოვრების ერთი სეგმენტის ობიექტურად გადმოცემული სურათი გვაჩვენებს, რომ რეპრესიულ პრაქტიკას ფეხდაფეხ მოსდევდა რეაბილიტაციის, ადამიანების უფლებათა აღდგენის ღონისძიებები, რომლებიც ხასიათდებოდა მნიშვნელოვანი რეალური შედეგებით და სულაც არ იყო ნიკიტა ხრუშჩოვის სიმბოლური რეაბილიტაციის უკან მიდევნებული ლამპარის მსგავსი პიარკამპანია, ისიც, რიგ შემთხვევებში, კანონსაწინააღმდეგო და ვოლუნტარისტული.

ასეთ დასკვნამდე შეიძლება მივიდეს ნებისმიერი მიუკერძოებელი მკვლევარი, ამ პოზიციაზე დგას გროვერ ფერიც, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობის ჭრილში განიხილავს იმავე პრობლემას, კერძოდ, იუგოსლავიასთან დამოკიდებულების მაგალითზე.

მეოცე ყრილობისადმი წარდგენილ მოხსენებაში ხრუშჩოვმა განაცხადა: «ცკ-ის ივლისის პლენუმზე დაწვრილებით განვიხილეთ იუგოსლავიასთან კონფლიქტის წარმოქმნის მიზეზები. ამასთან, აღინიშნა სტალინის ფრიად უმსგავსო როლი. «იუგოსლავიის საქმეში» არ არსებობდა ისეთი საკითხები, რომელთა გადაწყვეტა არ შეიძლებოდა ამხანაგური, პარტიული განხილვის გზით. ამ «საქმის» წარმოსაქმნელად არ არსებობდა სერიოზული საფუძველი, სავსებით შესაძლებელი იყო ამ ქვეყანასთან განხეთქილების თავიდან აცილება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ იუგოსლაველ ხელმძღვანელებს არ ჰქონდათ შეცდომები ან ნაკლოვანებანი. მაგრამ ეს შეცდომები და ნაკლოვანებანი საშინლად იყო გაზვიადებული სტალინის მიერ, რამაც მიგვიყვანა განხეთქილებამდე ჩვენდამი მეგობრულად განწყობილ ქვეყანასთან».

ე.ი. ხრუშჩოვი იუგოსლავიასთან მეგობრული ურთიერთობისკენ მოუწოდებდა ყრილობის დელეგატებს.

მაგრამ რა ვუყოთ ერთ უხერხულ გარემოებას, ანუ სრულიად განსხვავებულ პოზიციას, რომელზეც პარტიის ხელმძღვანელები 1953 წლის ივლისის პლენუმზე იდგნენ?

ხრუშჩოვი ტყუოდა, როცა აცხადებდა, თითქოს ივლისის პლენუმზე იუგოსლავიასთან ურთიერთობის პრობლემის განხილვის დროს ლაპარაკი იყო იმაზე, აღინიშნა, რომ არ არსებობდა საკითხები, რომელთა მოგვარება არ შეიძლებოდა ამხანაგური მოლაპარაკების გზით.

მაგრამ იმავე 1953 წლის ივლისის პლენუმზე იგივე ხრუშჩოვი, აგრეთვე, მოლოტოვი და მალენკოვი თავს დაესხნენ ბერიას იუგოსლავიასთან ურთიერთობის ნორმალიზაციის მისეული გეგმის გამო. ისინი _ ხრუშჩოვი, მოლოტოვი და მალენკოვი ტიტოსა და რანკოვიჩს _ იუგოსლავიის ხელმძღვანელებს უწოდებდნენ «კაპიტალისტების აგენტებს», რომლებიც «იქცევიან როგორც საბჭოთა კავშირის მტრები».

XX ყრილობაზე «საბჭოთა კავშირის ამ მტრებს» ნიკიტა მოიხსენიებს უკვე როგორც ამხანაგებს!

მხოლოდ მას და იმდროინდელი პრეზიდიუმის ხელმძღვანელებს შეიძლება ჰქონოდათ ამგვარი «მტკიცე» და «განუხრელი» ლოგიკური ხაზი: დაუნდობლად და მკაცრად გაეკრიტიკებინათ ლავრენტი ბერია იუგოსლავიის სოციალისტურ ფედერაციულ რესპუბლიკასთან ურთიერთობის ნორმალიზაციის მცდელობისათვის, იუგოსლაველი ხელმძღვანელების «ამხანაგებად» მოხსენიების გამო და სამი წლის თავზე იმავე პოზიცია პარტიის გენერალურ ხაზად წარმოედგინათ იუგოსლავიასთან მიმართებაში.

იუგოსლავიის ხელმძღვანელები «რეაბილიტირებულები» არიან!

კიდევ ერთი «რეაბილიტაცია» ხრუშჩოვისებურად «ექიმების საქმეს» ეხება.

გროვერ ფერი ამ ეპიზოდის ანალიზს, როგორც ყოველთვის, XX ყრილობაზე ხრუშჩოვის მოხსენების ციტირებით იწყებს.

«ხრუშჩოვი: «უნდა შეგახსენოთ მავნებელი ექიმების საქმე (მოძრაობა დარბაზში). კაცმა რომ თქვას, არავითარი საქმე არც ყოფილა, ექიმ ტიმაშუკის განცხადების გარდა, რომელმაც შეიძლება ვინმეს გავლენით, ან მითითებით (იგი ხომ სახელმწიფო უშიშროების ორგანოების ფარული თანამშრომელი იყო), მიწერა წერილი სტალინს, რომელშიც განაცხადა, რომ ექიმები მკურნალობის თითქოს მცდარ მეთოდებს იყენებდნენ. საკმარისი იყო სტალინს ასეთი წერილი მიეღო, რომ მას დაესკვნა _ საბჭოთა კავშირში არიან მავნებელი ექიმები და მიეცა მითითება საბჭოთა მედიცინის გამოჩენილ მედიკოსთა ჯგუფის დაპატიმრების შესახებ. იგი თვითონ ეუბნებოდა, როგორ წარემართათ გამოძიება, როგორ დაეკითხათ დაპატიმრებულები. მან უთხრა: აკადემიკოს ვინოგრადოვს დაადეთ ბორკილები, მავანი სცემეთ. აქ გვესწრება ყრილობის დელეგატი, სახელმწიფო უშიშროების ყოფილი მინისტრი ამხ. იგნატიევი. სტალინმა მას პირდაპირ განუცხადა:

_ თუ ექიმების აღიარებას ვერ მოიპოვებთ, დაკარგავთ თავს (აღშფოთების ხმაური დარბაზში).

სტალინმა თვითონ გამოიძახა გამომძიებელი, ჩაუტარა ინსტრუქტაჟი, მიუთითა გამოძიების მეთოდებზე, მეთოდები კი ერთადერთი იყო _ ცემა, ცემა და ცემა. ექიმების დაპატიმრებიდან რაღაც დროის გასვლის შემდეგ ჩვენ, პოლიტბიუროს წევრებმა მივიღეთ ოქმები ექიმების აღიარებით. ამ ოქმების დაგზავნის შემდეგ სტალინი გვეუბნებოდა:

_ თქვენ ბრმები ხართ, კატის კნუტები, რა გელით უჩემოდ? დაიღუპება ქვეყანა, რადგან თქვენ მტრის შეცნობა არ შეგიძლიათ.

საქმე ისე იყო აწყობილი, რომ არავის შეეძლო შეემოწმებინა ფაქტები, რომელთა საფუძველზე მიმდინარეობდა გამოძიება. არ გვქონდა საშუალება შეგვემოწმებინა ფაქტები იმ ადამიანებთან კონტაქტით, ვინც ამ აღიარებებს იძლეოდა.

ჩვენ ვგრძნობდით, რომ ექიმთა დაპატიმრების საქმე ბინძური საქმეა. მათგან ბევრს პირადად ვიცნობდით, ისინი ჩვენ გვმკურნალობდნენ. და როცა სტალინის სიკვდილის შემდეგ ჩვენ ვნახეთ, როგორ იქმნებოდა ეს «საქმე», დავრწმუნდით, რომ თავიდან ბოლომდე ყალბი იყო.

ეს სამარცხვინო «საქმე» სტალინის მიერ იყო შექმნილი, მაგრამ მან ვერ შეძლო მისი ბოლომდე მიყვანა (მისეული გაგებით) და ამიტომ ექიმები ცოცხლები გადარჩნენ. ახლა ყველა მათგანი რეაბილიტირებულია, მუშაობენ იმ თანამდებობებზე, რაზეც უწინ მუშაობდნენ, მკურნალობენ ხელმძღვანელ ამხანაგებს, მათ შორის, მთავრობის წევრებსაც. ჩვენ მათ სრულად ვენდობით, და ისინიც უწინდებურად კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ სამსახურეობრივ მოვალეობას.

სხვადასხვა ბინძური და სამარცხვინო საქმეების ორგანიზებაში საზიზღარ როლს თამაშობდა ჩვენი პარტიის პირწავარდნილი მტერი, უცხოეთის დაზვერვის აგენტი ბერია, რომელმაც შეძლო სტალინის ნდობის მოპოვება».

ხრუშჩოვის მონათხრობი «ექიმთა საქმის» შესახებ თავიდან ბოლომდე ყალბია.

«ექიმთა საქმის» დამუშავებას სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო შეუდგა 1952 წლიდან. ტიმაშუკის წერილები კი გაიგზავნა ჯერ კიდევ 1948 წელს. ისინი ეხებოდა ანდრეი ჟდანოვის (პოლიტბიუროს წევრის. _ ა.ს.) მკურნალობის მეთოდებს, რის გამოც იგი მოულოდნელად გარდაიცვალა. ებრაელი ექიმები ამ წერილებში ნახსენები არ ყოფილა. და საერთოდ არავითარი შეხება არ ჰქონია «ექიმთა შეთქმულებასთან» და იმ საქმესთან, რომელიც მხოლოდ 4 წლის შემდეგ შეიქმნა. ხრუშჩოვმა ელემენტარულად ცილი დასწამა უდანაშაულო ქალს.

ამ პერიოდში სსრკ სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს სათავეში იდგა იგნატიევი და არა ბერია. როგორც უკვე აღვნიშნეთ, სკკპ ცკ პრეზიდიუმმა, რომლის წევრიც იყო ხრუშჩოვი, 1953 წლის 5 აპრილს იგნატიევი გაათავისუფლა ცკ მდივნის მოვალეობისგან, 28 აპრილს კი გამოიყვანა ცენტრალური კომიტეტის შემადგენლობიდან «ექიმთა საქმის» საგამოძიებო მასალების ფალსიფიკაციისთვის. თავად იგნატიევს თუ არ ჩავთვლით, რომელიც ყოველნაირად ცდილობდა აერიდებინა პასუხისმგებლობა, სტალინის დადანაშაულება აზრად არავის მოსვლია.

სწორედ ლავრენტი ბერიამ ბოლო მოუღო «ექიმთა საქმის» საგამოძიებო მასალების ფალსიფიცირებას, გაათავისუფლა ექიმები და მიაღწია დამნაშავეთა დაპატიმრებას, მათ შორის, იგნატიევისაც, რომელიც 1953 წლის ივნისში ბერიას მოცილების კვალზე დაუყოვნებლივ გაათავისუფლეს.

(მკითხველებს უნდა ვაცნობო, რომ იგნატიევის გათავისუფლება, ბერიას ლიკვიდაციის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი იყო, რადგან მთელი რიგი რუსი მკვლევარების მიხედვით, «ექიმთა საქმის» მთავარი მამოძრავებელი და წარმმართველი ძალა იყო ნიკიტა ხრუშჩოვი, ვისგანაც სწორედ იგნატიევი იღებდა მითითებებს. ცხადია, რომ ხრუშჩოვი ყოველმხრივ შეეცადა ციხიდან მის გამოთრევას, რადგან იგნატიევი დღეს თუ არა ხვალ ნიკიტას დაადებდა ხელს. ამჟამად უკვე დადგენილად შეიძლება ჩაითვალოს, რომ ქსენოფობიის ის ტალღა, რომელიც «ექიმთა საქმეს» მოჰყვა, ებრაელ ექიმთა მასობრივი დაპატიმრებები ხრუშჩოვის ორგანიზებული იყო.

სწორედ ლავრენტი ბერიამ დაუსვა წერტილი ხრუშჩოვის ანტისემიტურ პარპაშს, ამიტომაც შეიწირეს ეს ქართველი კაცი ხრუშჩოვმა და მასთან ერთად, შოვინისტური შეთქმულების სხვა მონაწილეებმა. _ ა.ს.).

სტალინის ქალიშვილის სვეტლანა ალილუევას თქმით, მამამისს არ სჯეროდა, რომ ექიმები დამნაშავენი იყვნენ.

ხანდაზმულობისა და ავადმყოფობათა მოძალების გამო სტალინი თითქმის ჩამოშორდა საქმეებს და ვერ ასწრებდა, თვალი მიედევნებინა მოვლენათა განვითარებისთვის. იგი მიიჩნევდა, რომ სახელმწიფო უშიშროების სამინისტროში საქმეები დალაგებული არ არის (იხ. ვ.ა.მალიშევი, «სახალხო კომისრის დღიური», «Вестник Президента РФ,» 1997 წელი, #5, გვ. 141). როგორც ჩანს, მდგომარეობის გამოსასწორებლად მინისტრად ბერიას დანიშვნას გეგმავდა, თუმცა შესაძლებელია, რომ «მეგრელთა საქმეც» ჰქონდა ჩაფიქრებული.

«ექიმთა შეთქმულების» შესახებ წერილები ცენტრალურ პრესაში სტალინის სიკვდილამდე კარგა ხნით ადრე აღარ ქვეყნდებოდა. ცნობილი ანტისტალინელი და ყოფილი საბჭოთა დისიდენტი ჟორეს მედვედევი ამტკიცებს, რომ ეს და რიგი სხვა ფაქტორებისა მიგვანიშნებს, რომ სწორედ სტალინმა გასცა განკარგულება შეეწყვიტათ «მავნებელ ექიმებზე» თავდასხმები ბეჭდვით სიტყვაში (იხ. ჟორეს მედვედევი, «Сталин и еврейская проблема. Новый анализ» 2003 წელი, გვ. 208 და 216).

მედვედევი ჩვენს ყურადღებას მიაქცევს იმას, რომ სტალინი გამოდიოდა ანტისემიტიზმის წინააღმდეგ, რომელიც თან სდევდა ექიმთა მხილების მთელ კამპანიას. მკვლევარი აღიარებს: სტალინისთვის უცხო იყო ანტისემიტიზმი, რომლის გამოვლენასაც იგი მთელი ცხოვრების მანძილზე ებრძოდა.

თავი 7.

ბერია მისი «ხრიკები» და «დანაშაულობანი»

ბერია _ უცხოეთის დაზვერვის აგენტი

ხრუშჩოვი: «სხვადასხვა ბინძური და სამარცხვინო საქმეების ორგანიზებაში საზიზღარ როლს თამაშობდა ჩვენი პარტიის პირწავარდნილი მტერი, უცხოეთის დაზვერვის აგენტი ბერია, რომელმაც შეძლო სტალინის ნდობის მოპოვება».

დღეს უკვე აღარავინ იმეორებს ხრუშჩოვის ნალაყბევს «უცხოეთის დაზვერვის აგენტ ბერიას» შესახებ, რადგან ასეთი რამ  სრულად არის უგულვებელყოფილი არსებული მტკიცებულებებით. უფრო მეტიც, არც მოლოტოვს, არც კაგანოვიჩს ამის არ სჯეროდათ მაშინაც კი, როცა 1953 წელს თავად უსაყვედურებდნენ ბერიას ამგვარი ბრალდებებისა გამო.

მიუხედავად მწარე კრიტიკისა ბერიას მისამართით, რაც გამოთქმული იყო პარტიის ცკ 1953 წლის ივლისის პლენუმზე, ბერიას «ჯაშუშობის» მთავარი «თვითმხილველი» ჯერ კიდევ 1920-იანი წლების ბაქოს პერიოდიდან ანასტას მიქოიანი იძულებული იყო ეღიარებინა, რომ არ არსებობს არავითარი მტკიცებულება იმისა, რომ ბერია უცხოეთის სპეცსამსახურებისთვის მუშაობდა (დაფიქსირებულია პლენუმის სტენოგრამაში, რომელიც გამოიცა 1999 წელს, გვ. 315).

ბერიას მიერ შეთავაზებული წინადადება ერთიანი და ნეიტრალური გერმანიის შექმნის შესახებ ხრუშჩოვმა შეაფასა როგორც «დათმობა დასავლეთისთვის» და მხოლოდ ამ საფუძველზე დაგმო იგი როგორც «იმპერიალისტების აგენტი». მაგრამ 1952 წელს სტალინმაც შესთავაზა მოკავშირეებს დაწყებულიყო გერმანიის გაერთიანება აუცილებელი პირობით _ ამ ქვეყანას უარი ეთქვა სამხედრო ბლოკებში მონაწილეობაზე. სტალინის სიკვდილის შემდეგ გაზეთმა «პრავდამ» ორჯერ, 1953 წლის აპრილსა და მაისში, გამოაქვეყნა ამ წინადადების სხვადასხვა ვარიანტები.

ბერიას არასოდეს ჰქონია ისეთი ძალაუფლება, რომ პარტიის ცენტრალური კომიტეტის ორგანოში დაებეჭდინებინა თავისი კერძო მოსაზრება. იგი ცენტრალური კომიტეტის ერთ-ერთი წევრი იყო და მისი მოსაზრება გერმანიის მომავლის შესახებ მხოლოდ წინადადებად რჩებოდა. დასაძრახი არ არის, რომ ასეთი საკითხი წამოწეული იყო, რადგან «გერმანიის პრობლემის» კოლექტიური გადაწყვეტილების გარეშე ეს წინადადება ვერ განხორციელდებოდა.

ნიშანდობლივია, რომ ხრუშჩოვის სიტყვები «დასავლეთისთვის დათმობის» შესახებ მართალი არ იყო: ანტიჰიტლერული კოალიციის პერიოდში საბჭოთა კავშირის მოკავშირეებს ამ საკითხთან დაკავშირებით სრულიად საწინააღმდეგო პოზიცია ჰქონდათ _ ისინი უარს ამბობდნენ გერმანიის გაერთიანების საკითხის განხილვაზეც კი. დასავლეთი ფრიად უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდებოდა, რადგან გაერთიანების იდეა, რომელიც საბჭოთა კავშირის მიერ იყო წამოყენებული სრულად ეთანხმებოდა გერმანელი ხალხის მისწრაფებას და თუ დასავლეთის სახელმწიფოები გამოვიდოდნენ ამ გონივრული წინადადების წინააღმდეგ, ცხადი გახდებოდა, რომ სწორედ ისინი და არა სსრკ განახორციელებენ არამეგობრულ პოლიტიკას ომისშემდგომი გერმანიის მიმართ.

ფელიქს ჩუევთან საუბრების დროს უკვე ხანდაზმული მოლოტოვი დეტალურად განმარტავს (ჩუევის ჩანაწერები ცალკე წიგნად არის გამოცემული), თუ რატომ განიხილავდა იგი ბერიას წინადადებას ერთიანი ნეიტრალური გერმანიის შექმნის შესახებ როგორც «იმპერიალიზმის აგენტის მოქმედებას. მაგრამ პირდაპირ შეკითხვაზე, მართლა იყო თუ არა ბერია უცხოეთის დაზვერვის აგენტი და მტკიცდება თუ არა ეს ბრალდება დოკუმენტურად, ვიაჩესლავ მიხაილოვიჩი უარყოფითად უპასუხებდა .

იყო თუ არა ბერია მუსავატელთა აგენტი?

ხრუშჩოვი: «იყო თუ არა სიგნალები, რომ ბერია პარტიისადმი მტრულად განწყობილი ადამიანია? დიახ, იყო. ჯერ კიდევ 1937 წელს ცენტრალური კომიტეტის პლენუმზე ჯანმრთელობის დაცვის ყოფილი სახალხო კომისარი კამინსკი ამბობდა, რომ ბერია მუსავატელთა დაზვერვაში მუშაობდა. ვერ მოასწრო პლენუმმა დამთავრება, რომ კამინსკი დააპატიმრეს და შემდეგ დახვრიტეს. შეამოწმა თუ არა სტალინმა კამინსკის განცხადება? არა, რადგან სტალინს სჯეროდა ბერიასი, და ეს მისთვის საკმარისი იყო».

სსრ კავშირის დაშლის შემდეგ გამოჩნდა საკმაოდ ბევრი დოკუმენტური მასალა, რომლებმაც გააცამტვერა ხრუშჩოვის ეს სიყალბე. არცთუ დიდი ხნის წინათ გაცხადდა ი.პ. პავლუნოვსკის წერილი, რომელიც 1937 წლის 25 ივნისითაა დათარიღებული, რომლითაც მტკიცდება, რომ ბერია აზერბაიჯანელ ნაციონალისტთა  («მუსავატელთა») შორის იატაკქვეშა ბოლშევიკურ მუშაობას ეწეოდა.

1923 წელს შედგენილ ავტობიოგრაფიაში ბერია დეტალურად აღწერს თავის იატაკქვეშა მუშაობას, რომელსაც იგი ბოლშევიკების დავალებით მუსავატელთა და ქართველ მენშევიკთა შორის ეწეოდა. ამას იგი, რა თქმა უნდა, არ გაიხსენებდა, ეს საქმიანობა მის პარტიულ მუშაობას დადებითი კუთხით თუ არ წარმოაჩენდა (იხ. ბერია, Конец кариеры» (შემდგენელი ვ. ნეკრასოვი) 1991 წელი, გვ. 320-325, 323.

სხვა წყაროებიც ადასტურებს: ბერია იატაკქვეშ მუშაობას ბოლშევიკების დავალებით ეწეოდა.

სავსებით აშკარაა, ხრუშვოჩმა გამოიყენა ის მოარული ხმები, რომლებიც ვრცელდებოდა ბერიას იატაკქვეშ მუშაობის პერიოდში. არალეგალური მუშაობა მართლაც საშიშია: ბერიას უნდა ჰქონოდა ისეთი «დამცავი საშუალება», რომლითაც მუსავატელთა ლიდერების ნდობის მოპოვებას შესძლებდა. არაფერი გასაკვირი არ არის იმაში, რომ რიგით ბოლშევიკებსაც მცდარი შეხედულება წარმოქმნოდათ. 1933 წელს სერგო ორჯონიკიძისადმი გაგზავნილი წერილიდან ირკვევა, რომ ბერია იმ დროს კვლავ განაგრძობდა ბრძოლას მისი სახელის გამტეხი ჭორების გასაბათილებლად. საეჭვოა, მას აზრად მოსვლოდა მიეწერა ამის შესახებ პოლიტბიუროს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი წევრისთვის, მართალი რომ არ ყოფილიყო.

ხრუშჩოვს ხელი მიუწვდებოდა ყველა იმ ცნობაზე, რომლებიც დღეს ჩვენთვისაა ცნობილი, უფრო მეტზეც კი. მას უნდა სცოდნოდა, რომ კამინსკის განცხადება სიცრუეა, ხოლო ის, რაც მან თავად განაცხადა ბერიას მუსავატელებთან მუშაობის შესახებ, სიმართლეს არ შეეფერება.

იცოდა, მაგრამ თქვა, რადგან მის დიდ ტყუილს სწორედ ეს სჭირდებოდა.

გაგრძელება იქნება

რუბრიკას უძღვება არმაზ სანებლიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here