Home რუბრიკები საზოგადოება მუშტი-კრივი ჯუნგლებში

მუშტი-კრივი ჯუნგლებში

ისტორიული ორთაბრძოლა _ ალი ფორმენის წინააღმდეგ

1352
მოჰამედ ალი

1974 წლის 30 ოქტომბერს, ზუსტად 44 წლის წინათ, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქ კინშასაში გაიმართა ცნობილი ორთაბრძოლა კრივის ისტორიაში. ბევრი მასმუშტიკრივს ჯუნგლებში” (The Rumble in the Jungle) უწოდებს.

აფრიკულ რინგზე ერთმანეთს შეხვდნენ ამერიკელი მოკრივეები მოჰამედ ალი და ჯორჯ ფორმენი. ეს იყო მძიმეწონოსანთა პირველი ბრძოლა, რომელიც შავ კონტინენტზე გაიმართა. ამ ორთაბრძოლაზე ბრიტანული გამოცემა Telegraph-ის ჟურნალისტი მოჰამედ ალის მენეჯერს _ ჟენე კილროის ესაუბრა. ამ ბრძოლაში ფავორიტად ითვლებოდა ფორმენი _ ახალგაზრდა, დაუმარცხებელი მოკრივე, რომელმაც მანამდე 40 ორთაბრძოლა ჩაატარა და მათგან 37-ში ნოკაუტით გაიმარჯვა. ბევრის აზრით, მოჰამედ ალის გამარჯვების ძალიან ცოტა შანსი ჰქონდა, მან დამარცხება განიცადა ჯერ კენ ნორტონისგან, შემდეგ _ ჯო ფრეიზერისგან, რომელსაც ფორმენი იოლად გაუსწორდა, მაგრამ ალიმ სკეპტიკოსები შეარცხვინა.

უქალებოდ და უნაყინოდ

დონ კინგს ახალი დაწყებული ჰქონდა პრომოუტერობა (ორგანიზატორობა პროფესიულ სპორტში), როცა ალის ორთაბრძოლის გამართვა აფრიკაში შესთავაზა. კინგი, რომელმაც ვერ შეძლო აშშ-ში სპონსორების მოძიება, შეხვდა ზაირის (ამჟამად კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა) იმჟამინდელ ლიდერ მობუტუ სესე სეკოს _ აფრიკელ დიქტატორს, რომელმაც მოგვიანებით ქვეყანა კაცობრიობის ისტორიაში ყველზე მასშტაბურ ომამდე მიიყვანა. პოლიტიკოსი დათანხმდა, საერთაშორისო არენაზე თავისი იმიჯის გასაუმჯობესებლად ორთაბრძოლის გასამართავად 12 მლნ დოლარი გამოეყო. თითოეული მოკრივე 5 მლნ-ს მიიღებდა, მაგრამ ფულმა მათთვის უკანა პლანზე გადაიწია. ორივეს სურდა, რინგზე თავისი უპირატესობა დაემტკიცებინა. ორთაბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე ფორმენის მწვრთნელმა არჩი მურმა ალის გადასცა წერილი, რომელშიც იყო მხოლოდ ერთი სტრიქონი: “you’ve gotten too old to win the big gold” (“შენ ძალიან ბებერი ხარ იმისთვის, რომ ოქრო აიღო”). ამ სტრიქონის დამწერ მურს ალისთან ნოკაუტით ჰქონდა წაგებული ორთაბრძოლა. თვით ალის მენეჯერ კილროისაც არ ჰქონდა ალის გამარჯვების იმედი. “ყველაზე მეტად მაშფოთებდა ერთი რამ: ალის სერიოზული ტრავმები არ მიეღო, _ იგონებს კილროი, _ შევეცადე, დამედგინა, იყო თუ არა ზაირში კარგი საავადმყოფოები. ვიფიქრე, რომ აუცილებლობის შემთხვევაში ალის თვითმფრინავით გადავიყვანდით პარიზში. როცა ამის შესახებ ალის ვუთხარი, მიპასუხა: “ნუ წუხხარ ჩემზე, სჯობს, ჯორჯზე იფიქრო”.

საქმე საავადმყოფომდე რომ არ მიეყვანა, მოჰამედი გულმოდგინედ ემზადებოდა ბრძოლისთვის. ის ორთაბრძოლის დაწყებამდე 55 დღით ადრე ჩავიდა ზაირში, რათა გაევლო აკლიმატიზაცია და კარგად მომზადებულიყო ახალგაზრდა ფავორიტის წინააღმდეგ საბრძოლველად. ალი გარემოცვასთან ერთად ცხოვრობდა კინშასიდან 40 მილით დაშორებულ პატარა სოფელში.

მოჰამედ ალი

ალის ესმოდა, რომ მხოლოდ კარგად დაგეგმილი მომზადებით შეძლებდა გამკლავებოდა ფორმენს, რომელიც თამაშ-თამაშით ამარცხებდა ნებისმიერი დონის მოწინააღმდეგეს.

ალი ყოველდღე ადრე დგებოდა და დარბოდა, მას უერთდებოდნენ ზაირელებიც, მათ შორის _ მოხუცები, ქალები და ბავშვები. ისინი ალის ანიჭებდნენ უპირატესობას, რაც ორთაბრძოლაზეც აისახა, როცა დარბაზი სკანდირებდა: “გაუსწორდი მას, ალი!” ალის ყოველდღიურ გრაფიკში იყო ინტენსიური ვარჯიშები იმპროვიზებულ დარბაზში და თეორიული მეცადინეობები. ალის შეზღუდვებიც დაუწესეს, აკრძალვებს შორის ყველაზე მეტად აწუხებდა ის, რომ იძულებული იყო, უარი ეთქვა ქალებთან ურთიერთობასა და ნაყინზე.

უდიდესი ჩემპიონი

ორთაბრძოლის წინ ალი ტელეფონით ელაპარაკა კას დ’ამატოს, მწვრთნელს, რომელიც მოგვიანებით დაეხმარა მაიკ ტაისონს, გამხდარიყო ყველაზე ახალგაზრდა ჩემპიონი სუპერმძიმე კატეგორიაში. “კასი იყო ალის სულიერი მოძღვარი, მიიჩნევდა, რომ კასი იყო მისი ფარი, მფარველი ანგელოზი რინგზე”, _ ამბობს კილროი.

დ’ამატომ უთხრა ალის, რომ ფორმენი ძალიან ექსპრესიულია, ამიტომ პირველი დარტყმებით უნდა აჩვენოს, რომ სერიოზულად არის მომზადებული და ფორმენის ძლიერი მხარეები მის წინააღმდეგ უნდა გამოიყენოს. “შიში არის ცეცხლივით, რომელსაც შეუძლია ან დაწვას თქვენი სახლი, ან დაგეხმაროთ სტეიკის შეწვაში. ყველას რაღაცის ეშინია, მაგრამ მთავარია შიშის გაკონტროლება”, _ უთხრა კასმა.

მოჰამედ ალი

ალიმ ხელახლა უყურა ფორმენის საუკეთესო ორთაბრძოლებს და შენიშნა, რომ მას არ ჰყოფნიდა ამტანობა, ფიზიკური გამძლეობა. ალი ფიქრობდა, რომ კრიტიკული იქნებოდა პირველი რაუნდები, რომლებშიც უნდა გაეძლო და ფეხზე მდგარიყო. “რაც უფრო დიდხანს გაგრძელდებოდა ორთაბრძოლა, გამარჯვების მით ნაკლები შანსი ექნება ფორმენს”, _ ვარაუდობდა ალი.

ორთაბრძოლის წინ კილროი შევიდა ფორმენის გასახდელში, როცა მას ხელისგულებს უხვევდნენ. ფორმენმა უთხრა კილროის, რომ ალის შვილები მალე მოხვდებოდნენ თავშესაფარში. “ჰაერში სიკვდილის სუნს ვგრძნობ”, _ მიაძახა ფორმენის მწვრთნელმა არჩი მურმა. არჩი მურის სიტყვების მოსმენის შემდეგ ალიმ გაიღიმა და თქვა: “მოუთმენლად ველი ბრძოლის დაწყებას!”

ბრძოლის წინა ღამით მოჰამედ ალი მაინც ანერვიულდა _ ვერაფრით დაიძინა. ის ავტობუსით მივიდა Stad Du 20 may-ს არენაზე, სადაც 60 ათასი ადამიანი იყო შეკრებილი, თითქმის ყველა მხარს უჭერდა ალის. ორთაბრძოლა მიმდინარეობდა მაღალი ტენიანობისა და ტემპერატურის პირობებში. ეს სწრაფად აისახა მოკრივეების ფიზიკურ მდგომარეობაზე. ალი, ყველაფრის მიუხედავად, მძლავრ კონტრშეტევებს ახორციელებდა. ფორმენიც კარგად გამოიყურებოდა, მისი დარტყმები ხშირად აღწევდა მიზანს, მაგრამ ალი ფეხზე იდგა, მერვე რაუნდში კი მოწინააღმდეგეს ზუსტად შეუტია კომბინაციით: მარჯვენა-მარცხენა-მარჯვენა. ახალგაზრდა ჩემპიონი შეტორტმანდა და დაეცა. ფორმენმა შეძლო მე-9 დათვლაზე წამოდგომა, მაგრამ რეფერიმ ორთაბრძოლა შეწყვიტა. სტადიონი ფეხზე იდგა და სკანდირებდა: “ალი, მოკალი ის!”

“განა მე არ ვარ ყველა დროის საუკეთესო მოკრივე?” _ ჰკითხა ალიმ გასახდელში შეჭრილ ჟურნალისტებს. ერთ-ერთმა უპასუხა: “მუჰამედ, შენ ეს ახლახან დაუმტკიცე ყველას!”

ბრძოლის შემდეგ ალი წავიდა სოფელში, სადაც ემზადებოდა. “ყველაფერი ჰგავდა დაბრუნებას არმიისა, რომელმაც ომში გაიმარჯვა, _ იხსენებს კილროი. _ ჯუნგლებში უამრავი ადამიანი შეგროვდა, ზოგი ხელში აყვანილი ბავშვით მივიდა, ისინი ალის ელოდნენ კოკისპირულ წვიმაში.

ალი უბრალო მოკრივე აღარ იყო, ის მსოფლიოს მბრძანებელი გახდა. როცა ზაირში ვიმყოფებოდი, ალი პრეზიდეტ მობუტუზე პოპულარული იყო. ზაირელებისთვის რომ ეთქვა, “მინდა, თქვენი პრეზიდენტი ვიყოო”, ასეც მოხდებოდა.

ის ყოველთვის პოულობდა დროს ღარიბ და ავადმყოფ ადამიანებთან ურთიერთობისთვის. და ეს კარგად დაიმახსოვრეს. როცა ორთაბრძოლისთვის ვემზადებოდით, ბანაკში მოვიდა გოგონა და თქვა, რომ მისი შვილი ავად იყო. “წავიდეთ, მოვინახულოთ”, _ თქვა ალიმ.

ალი წავიდა ლეპროზორიუმში, სადაც მოინახულა კეთრით დაავადებული მომაკვდავი ადამიანები. როდესაც იქიდან დავბრუნდით, 10-ჯერ მაინც მივიღე შხაპი. ალიმ მითხრა: “ნუ შეშფოთდები ამის გამო. ღმერთი გვიყურებს და ჩვენ არ დავსნეულდებით კეთრით”. ალი არასოდეს ამბობდა უარს უბრალო ადამიანებთან ურთიერთობაზე. სწორედ ამიტომ მათთვის ის ყოველთვის ჩემპიონი იყო”.

“არასოდეს დამავიწყდება ალისთან გატარებული დრო, _ ასრულებს თავის მონათხრობს კილროი. _ მილიონერები და მილიარდერები ყველაფერს გაიღებენ იმისთვის, რომ განიცადონ მსგავსი ემოციები. როცა ალისთან ვიყავი, ურთიერთობა ჰქონდა მეფეებთან, პრეზიდენტებთან, იმპერატორებსა და დედოფლებთან. ეს ემოციები დაუვიწყარია”.

მოამზადა

ნიკა კორინთელმა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here