Home რუბრიკები საზოგადოება ბატონო კახა და ხელისუფალნო, არ ფიქრობთ, რომ ცხოველებზე მეტად მისახედი ბავშვები არიან?!

ბატონო კახა და ხელისუფალნო, არ ფიქრობთ, რომ ცხოველებზე მეტად მისახედი ბავშვები არიან?!

ბატონო კახა და ხელისუფალნო, არ ფიქრობთ, რომ ცხოველებზე მეტად მისახედი ბავშვები არიან?!

ყველა დაგვეთანხმება, ალბათ, რომ, თუ დღეს რომელიმე ქვეყანა თანამედროვე ტექნოლოგიებით დაიკვეხნის, ეს, პირველ რიგში, იაპონიაა. აზიისა და, საზოგადოდ, მსოფლიო ლიდერი იაპონია წინ დიდი ნაბიჯებით მიიწევს და ამ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას ვერც მიწისძვრები აჩერებს და ვერც ცუნამი. ეგ კი არა, ორმა ატომურმა ბომბმაც ვერაფერი დააკლო ამომავალი მზის ქვეყნის შვილებს და იაპონელთა ფრაზა _ “ვცოცხლობთ იმისთვის, რომ ვიმუშაოთ”, პრაქტიკაშიც ამართლებს.

ბოლო აღწერით, იაპონიაში 130 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს და, სხვა რაღაცებთან ერთად, ეს ადამიანები ტოკიოს ზოოპარკითაც ამაყობენ. გარდა იმისა, რომ ზოოპარკი ტურისტებისთვის ერთ-ერთი საინტერესო ადგილია, მისი შენახვა ბიუჯეტს წელიწადში სამი მილიარდი დოლარი უჯდება, ანუ დაახლოებით იმდენი, რამდენიც ჩვენ ქვეყნის წლიური ბიუჯეტი გვაქვს. რა თქმა უნდა, არ დავიწყებ დემაგოგიას, რომ იაპონელები ცხოველებზე იმაზე მეტს ხარჯავენ, ვიდრე ჩვენი მთავრობა ადამიანებზე, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ წელიწადში ორ თვეს ზოოპარკი, უბრალოდ, დახურულია, რადგან… ცხოველებმა დამთვალიერებლებისგან უნდა დაისვენონ.

ეს ყველაფერი იმიტომ მოგიყევით, რომ დედაქალაქის მერის, კახა კალაძის, ინიციატივით, ცხოველების მიმართ სასტიკ მოპყრობაზე სასჯელი გამკაცრდება. მეტიც, თუ დანაშაულს არასრულწლოვანი ჩაიდენს, პასუხს მშობელი აგებს.

ბოლო პერიოდში ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის რამდენიმე ფაქტი აღირიცხა, მათ შორის იყო როგორც ცივი იარაღით, ასევე კისტის თოფითა და ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი დანაშაულის შემთხვევები. სწორედ ასეთი შემთხვევების გამო, ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ინიცირებითა და შინაგან საქმეთა სამინისტროსთან თანამშრომლობით მომზადდა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი. მინდა, მადლობა გადავუხადო შსს. ეს საკანონდებლო ცვლილება მნიშვნელოვანია, რათა თავი დავიზღვიოთ ასეთი შემთხვევებისგან და კანონი იქნას გამკაცრებული. ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, ცხოველის წამებისა და სასტიკი მოპყრობის შემთხვევაში, გათვალისწინებული იქნება სასჯელის შემდეგი სახეებისაზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა, ჯარიმა, თავისუფლების აღკვეთა, ვადით ერთ წლამდე. ამასთან, არასრულწლოვანის მიერ ჩადენილი მსგავსი დანაშაულის შემთხვევაში, განისაზღვრა მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის პასუხისმგებლობა. მგონია, რომ რეგულაციებით შესაძლებელი იქნება, პირველ რიგში, ცხოველების გადარჩენა და მეორეც _ ადამიანების ქცევის შეცვლა. ჩვენ არ ვართ და არ უნდა ვიყოთ უმწეო ცხოველების მკვლელი საზოგადოება”, _ განაცხადა კალაძემ.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი კარგია და ცხოველებზე მკაცრად მოპყრობა უნდა დაისაჯოს, მაგრამ რამდენიმე კითხვა გვაქვს როგორც კალაძესთან (ამ შემთხვევაში, როგორც მმართველი პარტიის გენერალურ მდივანთან), ისე ხელისუფლებასთან:

ბატონებო, ცხოველებზე რომ ფიქრობთ და აკანონებთ, არასრულწლოვანთა მიერ დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, მშობელს დავსჯითო, რატომ არ ამბობთ, რომ განსაკუთრებით დედაქალაქში სწორედ არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი დანაშაულები მომრავლდა?! არასრულწლოვანებმა ძალიან კარგად იციან, რომ კანონით მათ ვერ სჯიან და ხან ტექნიკის მაღაზიას ძარცვავენ, ხან კომპანიების ოფისებს და ვიდეოთვალი მათ ქმედებას აღბეჭდავს და მათი იდენტიფიცირება ხდება, მაგრამ მერე რა? პოლიცია ვერაფერს ახერხებს და იძულებულია, მხოლოდ გაფრთხილებით შემოიფარგლოს. ხომ არ აჯობებდა, ცხოველებამდე ადამიანებზე გვეფიქრა და გვეფიქრა იმაზე, რომ არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილ ქურდობაზე, სხვისი ქონების დაზიანებაზე, ქუჩაში ძარცვაზე პასუხი მშობელმა აგოს?! დაზარალებულები ხმამაღლა ყვირიან, აზრი არ აქვს დაცვის დაყენებას, დაცვა დამნაშავეს აკავებს, მაგრამ პოლიცია გვაშვებინებსო და, ზუსტად ორი წელია, გვპირდებიან, რომ ამ მიმართულებით კანონს გაამკაცრებენ, მაგრამ შედეგი არ არის. სამაგიეროდ, მაღაზიის მეპატრონეებს არასრულწლოვანები აფრთხილებენ: სალაროში ას ლარზე ნაკლები თუ დაგვხვდება, ძვირად ღირებულ ინვენტარს დაგიმტვრევთო, ანუ ატერორებენ და ისინიც ხარკს ოფიციალურად იხდიან. მშობლები კი მხრებს იჩეჩავენ: სულ კუდში ხომ არ ვდევთ ბავშვებსო. ჯერ ერთი: ბავშვი თუ არის, ღამის სამ საათზე შინ უნდა იყოს; და მეორეც _ დააკისრეთ მშობლებს ზარალის ანაზღაურება და ნახავთ, როგორ მოგვარდება პრობლემა ერთ დღეში, თუმცა ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ეს ქაოსი ვიღაცას ხელს აძლევს.

უფრო საინტერესოს გეტყვით. სულ რაღაც, ერთი თვის წინათ თბილისის საქალაქო სასამართლომ 44 წლის კაცს 8 წლითა და 9 თვით აღუკვეთა თავისუფლება. არადა, პროკურატურა ამ კაცს პედოფილიის 44(!) შემთხვევას ედავებოდა. პრინციპში, რაღას ედავებოდა, დაკავებულმა 44-ვე ეპიზოდი აღიარა, ისიც თქვა, რომ ბავშვებს (რომელთაგან ყველაზე უმცროსი 10 წლის იყო, უფროსი _14 წლის) ლიფტში იტყუებდა (მელიფტედ მუშაობდა) და აუპატიურებდა. ისიც სათქმელია, რომ პედოფილიის 44-ვე შემთხვევა ბიჭებზე მოდის. რა თქმა უნდა, მოსამართლის გადაწყვეტილებას ხმაური მოჰყვა და დაზარალებულების მშობლებმა ეს მცირევადიანი სასჯელი გააპროტესტეს, მაგრამ მოსამართლემ სისხლის სამართლის კოდექსი მოიშველია და განაცხადა, რომ ეს იყო მაქსიმალური სასჯელი, რისი დაკისრებაც მას შეეძლო და ამაზე მეტს კანონით ვერ მისცემდა, ანუ თითო ეპიზოდზე, პედოფილიის თითო შემთხვევაზე, იმ კაცს რეალურად 2 თვეზე ოდნავ მეტი მისცეს.

ბატონო კახა და ხელისუფალნო, არ ფიქრობთ, რომ ცხოველებზე მეტად მისახედი ბავშვები არიან? კონკრეტულად იმ 44 ბავშვზე გესაუბრებით, რომლებიც დადასტურებულად გააუპატიურეს და სიცოცხლის ბოლომდე დაუმახინჯეს ფსიქიკა, ასევე დადასტურებულად კაცი დეტალებში მოჰყვა, როგორ აძლევდა შემდეგ ბავშვებს სიჩუმის სანაცვლოდ ტკბილეულს და მცირე თანხას, 10-20 ლარის ფარგლებში… იქნებ სჯობს, იმავე კალაძემ იმავე ოპერატიულობით მიმართოს პარლამენტს და სთხოვოს, რომ ამ მიმართულებით იმუშაონ და კანონი გაამკაცრონ, ისე გაამკაცრონ, რომ, დიდ სასჯელთან ერთად, დამნაშავის იძულებითი კასტრაციაც მოახდინონ. ცხოველებზე ხომ აკეთებთ ამას, რომ არ გამრავლდნენ და გააკეთეთ ასეთ არსებებზეც, ადამიანებად რომ იწოდებიან.

რადგან ჯერ პრიორიტეტად ოთხფეხა მეგობრები გავიხადეთ, ისევ მათზე ვთქვათ. საქართველოში და განსაკუთრებით თბილისში, არაერთი ჩინური რესტორანია, სადაც შეკვეთის შემთხვევაში, ძაღლის ხორცს მოგართმევენ. გნებავთ _ შემწვარს, გნებავთ _ მოხარშულს ან წვნიანს. რეგიონებში არაერთხელ გვინახავს, როგორ დასდევენ ჩინელები მაწანწალა ძაღლებს ან როგორ სთავაზობენ გარკვეულ თანხას ჯიშიანი ძაღლების მეპატრონეებს. ახლა, ვინმე თუ იტყვის, რომ რესტორნების მეპატრონე ჩინელებს ძაღლები სამშობლოდან ჩამოჰყავთ ან გაყინული ხორცი შემოაქვთო, არ და ვერ დავიჯერებთ. თუ ასეა, ამაზრზენია, გამართლება არა აქვს და სასწრაფოდ უნდა აიკრძალოს. ჰოდა, გვაინტერესებს (თან ძალიან), აღნიშნული კანონის მიღება-გამკაცრების შემდეგ, ჩინურ რესტორნებში ძაღლის ხორცი აიკრძალება თუ სპეციალურ ძაღლსაშენს მოვაწყობთ, სადაც კერძისთვის განწირულ ოთხფეხა მეგობრებს მოვათავსებთ?! ამის შესახებ არც დედაქალაქის მერს უთქვამს რამე და არც იმ ადამიანებს, რომლებიც აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობენ. ანალოგიურის თქმა შეიძლება კატებზეც, რომლებსაც ის არასრულწლოვანები, ქუჩაში უპატრონოდ რომ არიან და სექტები აქვთ ჩამოყალიბებული, მსხვერპლად სწირავენ თავიანთ ღმერთებს და ამას ძირითადად სასაფლაოს ტერიტორიაზე სჩადიან. თუ არ გჯერათ, დაიბარეთ სასაფლაოების დარაჯები და მოაყოლეთ, ყოველკვირეულად რამდენი კატა გამოჰყავთ სასაფლაოდან ხან ჩამომხრჩვალი, ხან გატყავებული და ხანაც დამწვარი.

საინტერესო ის არის, რომ კანონის გამკაცრების შემთხვევაშიც კი, იმ არასრულწლოვნებს ხელისუფლება ვერაფერს უზამს, რადგან ისინი უპატრონო, მიუსაფარი ბავშვები არიან, რომელთა უმრავლესობას წარმოდგენა არ აქვს, სად არის მისი მშობელი და, შესაბამისად, სამართალდამცავები ვერავის დასჯიან. ასე ლოგიკურად მივედით დასკვნამდე, რომ ჯერ ადამიანებზე უნდა იზრუნოს ხელისუფლებამ და მერე _ ცხოველებზე, თორემ აწყობილ ქვეყანაში წლიურად სამი მილიარდი იხარჯება ზოოპარკის შესანახავად, იმდენი, რამდენსაც ხელისუფლება სრულიად საქართველოს მოსახლეობის შესანახავად ხარჯავს.

ბესო ბარბაქაძე

P.S. რადგან კანონების გამკაცრებასა და უცნაურობაზე ვსაუბრობთ, იმავე სისხლის სამართლის კოდექსში არსებულ ჩანაწერზე გეტყვით. წელს ზემოთ სხეულის დაზიანება მკვლელობის მცდელობად ითვლება, წელს ქვემოთ კი _ სხეულის დაზიანებად. მარტივად რომ აგიხსნათ, წელს ზემოთ კაცს ნემსი რომ შეარჭოთ, პროკურორს შეუძლია, მკვლელობის მცდელობაში დაგდოთ ბრალი, მაშინ, როცა წელს ქვემოთ, მაგალითად, ვინმეს ფეხში იარაღი რომ ესროლოთ, პროკურორი ვერაფრით იტყვის, მისი მოკვლა გინდოდათო და სხეულის დაზიანების მუხლით გაგასამართლებთ. ამ ორ მუხლს შორის სხვაობა კი დაახლოებით ხუთი წელია და ახლა თავად განსაჯეთ, რამდენად სამართლიანი კანონები გვაქვს.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here