Home ახალი ამბები მსოფლიო ახალი საფინანსო ხიდი ევროპასა და აზიას შორის

ახალი საფინანსო ხიდი ევროპასა და აზიას შორის

1191
ასტანა

ერთ თვეზე ცოტა მეტი დრო გავიდა მას შემდეგ, რაც ყაზახეთის დედაქალაქში შუა აზიაში პირველმა საერთაშორისო საფინანსო ცენტრმა, სახელწოდებით «ასტანა», დაიწყო ფუნქციონირება. ბირჟაზე ჯერჯერობით დარეგისტრირდა 55 მონაწილე, თუმცა 2020 წლისათვის, ქვეყნის ხელმძღვანელობის გათვლით, საერთაშორისო საფინანსო ცენტრში უკვე 500-ზე მეტი მონაწილე იქნება. გეგმები, რა თქმა უნდა, გრანდიოზულია, მაგრამ ისმის კითხვარამდენად რეალისტურია ეს გეგმები?

საფინანსო ცენტრი «ასტანას» შენობა, გადაჭარბების გარეშე, ნებისმიერი ყაზახელისთვის არის ცნობილი. ცენტრი ფუნქციონირებს საერთაშორისო გამოფენის, «ექსპო-2017»-ის ინფრასტრუქტურულ ბაზაზე და, როგორც ჩანს, თავისი წინამორბედების პროგრესული იდეები აიტაცა. საერთაშორისო საფინანსო ცენტრის ტერიტორიაზე მოხვედრისას ადამიანი უცბად ვერც მიხვდება, რომ იმყოფება პოსტსაბჭოთა ქვეყნის დედაქალაქში. ცენტრის შემქმნელების ერთ-ერთი მიზანიც ეს იყო, ქვეყნის პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის ჩანაფიქრით, ასტანის ბირჟა, რომლის სრული დასახელებაა“Astana International Exchange”, ევრაზიის საერთაშორისო საფინანსო ჰაბი უნდა გამხდარიყო.

საფონდო ბირჟის შექმნის იდეა სამი წლის წინ გაჩნდა. ამ იდეის განხორციელებამ ხელისუფლებისაგან მტკიცე პოლიტიკური ნების გამოვლინება მოითხოვა – საჭირო გახდა კონსტიტუციაში ცვლილებების განხორციელება. ყაზახეთის ძირითად კანონში გაჩნდა ახალი პუნქტი, რომელმაც საშუალება მისცა ხელისუფლებას, ასტანის ფარგლებში, საკონსტიტუციო კანონის საფუძველზე, დამყარდეს განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი. სწორედ ამ განსაკუთრებულ სამართლებრივ რეჟიმზე შევჩერდებით უფრო დაწვრილებით.

როდესაც ყაზახები თავიანთ ქვეყანაში ქმნიდნენ საფინანსო ცენტრს, მათ, ბუნებრივია, გაითვალისწინეს სხვა ქვეყნების გამოცდილება, სადაც ამგვარი ბირჟები არსებობს – გაერთიანებული არაბული საამიროები, ჩინეთი, აშშ, სინგაპური. მაგრამ ყაზახეთისათვის მნიშვნელოვანი იყო იმის გამოცხადება, რომ სახელმწიფოში, რომლის დამოუკიდებლობა სულ რაღაც 27 წელიწადს ითვლის, შესაძლებელია ასეთი საფინანსო ოაზისის შექმნა ინგლისური სამართლის საფუძველზე. საფინანსო ცენტრის ფარგლებში უცხოელი ინვესტორების უფლებებსა და ინტერესებს გარანტირებულად იცავენ მაღალი სტატუსის მქონე მოსამართლეები. ეს გარემოება ქმნის საფუძველს საიმისოდ, რომ ყაზახეთმა დაიმკვიდროს უმწიკვლო იმიჯი, რათა დიდმა ტრანსნაციონალურმა კომპანიებმა მასზე აიღონ ორიენტაცია. საფინანსო ცენტრის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაწერილია სასამართლოს მისია: ესაა საერთო სამართლის სრულიად დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის შექმნა და განვითარება სამოქალაქო და კომერციული დავების ოპერატიული მოგვარების მიზნით, საიმედოობის, სამართლიანობისა და გამჭვირვალობის პრინციპებიდან გამომდინარე. სწორედ ამგვარი მოქნილობა და კანონის უზენაესობა შეესაბამება საერთაშორისო ბიზნესის მოთხოვნებს.

დასახული მიზნებიდან განსაკუთრებით ერთს გამოვყოფთ: რეგიონული ვაჭრობის ზრდა საფინანსო ცენტრ «ასტანაში», მთლიანად ყაზახეთში, ევრაზიის რეგიონსა და გლობალური მასშტაბით, რაც უნდა მოხდეს ადმინისტრირებისადმი ნდობის ამაღლებისა და მართლმსაჯულების გამჭვირვალობის უზრუნველყოფის გზით. და აი ამ ტექსტს ქვეშ ხელს აწერს საერთაშორისო საფინანსო ცენტრის სასამართლოს თავმჯდომარე ლორდი ვულფი, რომელიც მსოფლიო იურისპრუდენციაში ცნობილი და მასშტაბური ფიგურაა ისევე, როგორც სასამართლოს მთელი შემადგენლობა. ლორდი ჰარი კენეტ ვულფი გახლავთ დიდი ბრიტანეთის იურიდიულ ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა. იგი უმაღლესი მოსამართლის რანგში თავმჯდომარეობს ინგლისისა და უელსის სასამართლოებს, არის ყატარის საერთაშორისო საფინანსო ცენტრის სასამართლოს პირველი პრეზიდენტი, ჰონგ-კონგის სასამართლოს სააპელაციო ინსტანციის ყოფილი მოსამართლე, ინგლისის ბანკის საფინანსო ბაზრის სამართლებრივი კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე.

ლორდი ვულფი ყაზახეთში იმუშავებს დიდი ბრიტანეთის კიდევ სხვა, 8 იურისტთან და მოსამართლესთან ერთად, ყოველი მათგანი საერთაშორისო სამართლის ნამდვილი ვარსკვლავია. მაგალითად, «ასტანის» საკონსულტაციო საბჭოს სათავეში ჩაუდგა სამეფო ადვოკატი მაიკლ ბლერი, ხოლო მოსამართლეთა შორის, ლორდ ვულფის გარდა, არიან დიდი ბრიტანეთის ყოფილი იუსტიციის მინისტრი ედვარდ ფოლკსი, სერ ჯეკ ბიტსონი და სერ რუპერტ მეთიუ ჯეკსონი – სამართლის სფეროში სახელმძღვანელოების ავტორები. ინგლისური სამართალი ყაზახეთში შემთხვევით როდი დაუდეს საფუძვლად საერთაშორისო საფინანსო ცენტრს; ინგლისური მართლმსაჯულების სისტემა თავისი ცნობადობით შორს სცდება საკუთრივ ინგლისის ფარგლებს, ხოლო ლონდონი არა მხოლოდ საერთაშორისო საფინანსო ცენტრია, არამედ საერთაშორისო სამართლებრივი ცენტრიც. ამიტომ, ჯერ მხოლოდ საფინსნანსო ცენტრის სასამართლოს თავმჯდომარის პირადი ავტორიტეტი წარმოადგენს ხარისხიანი და ჭეშმარიტად სამართლიანი სასამართლო სისტემის გარანტიას და ყაზახეთის ხელისუფლება ამ ფაქტორს ყოველმხრივ უკეთებს აქცენტირებას – ცენტრის იურისტების გადაწყვეტილება პირველი რიგის მნიშვნელობას ფლობს, სასამართლო კი თავის მუშაობაში სრულიად დამოუკიდებელია.

სტრატეგიულ პარტნიორებად “Astana International Exchange”-მა მიიზიდა შანხაის საფონდო ბირჟა და ამერიკული NASDAQ-ი. ამასთან, ჩინელი სპეციალისტები, ძირითადი აქციონერების სტატუსით, ყაზახურ მხარეს დახმარებას აღმოუჩენენ სტრატეგიულ და ბიზნეს-დაგეგმარებაში, ტექნოლოგიურ კონსალტინგში, ბაზრის გაფართოების სტრატეგიის შემუშავებაში. NASDAQ-ი, თავის მხრივ, დაეხმარება ინვესტორთა მიერ საფინანსო ინსტრუმენტების იოლად გამოყენების ტექნოლოგიების შემუშავებაში, Nasdaq Matching Engine-ის სისტემის გამოყენებით. საფინანსო ცენტრის მმართველის, ცნობილი ეკონომისტის, ყაირათ კელიმბეტოვის სიტყვებით, რომელიც მანამდე ყაზახეთის ეროვნული ბანკის სათავეში იდგა, ასტანის საერთაშორისო საფინანსო ცენტრი უკვე თანამშრომლობს მსხვილ საფინანსო ინსტიტუტებთან: მსოფლიო ბანკთან, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან, აზიის განვითარების ბანკთან, აზიის საინფრასტრუქტურო ინვესტიციების ბანკთან, შანხაის ორგანიზაციის განვითარების ბანკთან.

ასტანის საერთაშორისო საფინანსო ცენტრის ამოცანები, ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრული, ფრიად ამბიციურია: ცენტრმა უნდა მოახერხოს ეკონომიკაში დამატებითი ინვესტიციების მოზიდვა, საფინანსო მომსახურეობის სფეროში ინვესტირებისათვის განსაკუთრებული გარემოს შექმნა, ყაზახეთის ფასიანი ქაღალდების ბაზრის, სადაზღვევო და საბანკო მომსახურეობების განვითარება, ისევე, როგორც ისლამური დაფინანსების ბაზრის ხელშეწყობა. საფინანსო ცენტრი პროდუქტების სრულ კომპლექტს სთავაზობს მომხმარებელს, ხოლო მთავრობა არნახულ პრეფერენციებს იძლევა, მაგალითად, გადასახადებისგან გათავისუფლება 50 წლამდე ვადით.

უკვე ცნობილია, რომ ყაზახეთს სურს, ბირჟაზე განათავსოს ეროვნული კომპანიების აქციები. ეს კომპანიებია: «ეარ ასტანა», «ყაზატომპრომ», «ყაზტელეკომ», «ყაზმუნაიგაზ», «სამრუკ-ენერგო», «ყაზპოჩტა», «ტაუ-კენ სამრუკ», «ქაზაქ ეარ».

ყაზახეთში საერთაშორისო საფინანსო ცენტრის შექმნასთან დაკავშირებით, საერთაშორისო საკონსალტინგო კომპანიის Control Risks-ის სპეციალისტმა ტიმოთი სტენლიმ თავისი პროგნოზები გამოთქვა ერთ-ერთ ინტერვიუში. მისი აზრით, საფინანსო ცენტრის მუშაობა დადებითად აისახება არა მხოლოდ ყაზახეთის ეკონომიკაზე, არამედ ამ შუააზიური სახელმწიფოს პოლიტიკურ იმიჯზეც. ყაზახეთი თავისი მეზობლებისაგან გამორჩეული სახელმწიფოა, რომელსაც არ ახასიათებს მაღალი პოლიტიკური რისკები. ყაზახეთის სუვერენული ვალი დაბალია და მისი მომსახურება – არაპრობლემური. მართალია, ქვეყნის ეკონომიკა ჯერ-ჯერობით დიდწილად რჩება დამოკიდებული ნედლეულზე, მაგრამ სახელმწიფო ყველა პირობას ქმნის ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და მსხვილი ბიზნესის განვითარებისათვის. ამერიკელმა ეკონომისტმა და პულიცერის პრემიის ლაურეატმა დენიელ ერგინმა ზუსტი შეფასება მისცა საფინანსო ცენტრ «ასტანის» მისიას, ინვესტირებისათვის ცენტრის პრეზენტაციის ცერემონიაზე. მისი თქმით, «ასტანა» არის ადგილი, სადაც თავს კომფორტულად გრძნობენ ფული და მისი მფლობელები. მსოფლიოში წარმოიქმნა ახალი საფინანსო ხიდი ევროპასა და აზიას შორის. ყაზახეთის ხელისუფლების პირველად პროგნოზით, საერთაშორისო ცენტრს ქვეყნის ეკონომიკაში დაახლოებით 2 მილიარდი დოლარის მოზიდვა შეუძლია. ასე რომ, ყაზახეთის ხელისუფლების გეგმები გრანდიოზული და თან რეალურია. კონკურენცია ინვესტორების მოსაზიდად მძაფრდება და ინვესტიციების მოზიდვა შეუძლია მხოლოდ იმ პროდუქტს, რომელიც შეესაბამება თანამედროვე რეალიების მოთხოვნებს.

რევაზ გიორხელიძე

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here