გარდაიცვალა ვახტანგ ბალავაძე, ბეჭდაუდებელი ქართველი ფალავანი, რომლის სახელთანაც დაკავშირებულია ჭიდაობის ოქროს ხანის დაწყება საქართველოში და ყოფილ საბჭოთა კავშირში. შემთხვევით არ მოიხსენიებდნენ მას, როგორც საერთო განძს პოსტსაბჭოთა დამოუკიდებელ სახელმწიფოებში.
იმთავითვე აღნიშნავდნენ, რომ ქართველებმა ჭიდაობის ტექნიკა ახალი ილეთებით გაამდიდრეს და, თუნდაც ამ თვალსაზრისით, ვახტანგ ბალავაძე ყველაზე გამორჩეული იყო. მისი ჭიდაობის მანერა ეტალონად იყო მიჩნეული.
ბალავაძემ მსოფლიო ჩემპიონობა პირველად 1954 წელს მოიპოვა, მაშინ, როცა ამ საერთაშორისო ასპარეზზე საბჭოთა კავშირი პირველად მონაწილეობდა. ეს მოხდა ტოკიოში. საბჭოთა კავშირის სპორტის ისტორიაში ვახტანგ ბალავაძე შევიდა, როგორც პირველი მსოფლიო ჩემპიონი თავისუფალ ჭიდაობაში. 1957 წელს სტამბოლში მან გაიმეორა ეს შედეგი; ორჯერ ვერცხლის მედალი მოიპოვა, 1956 წელს მელბურნის ოლიმპიადაზე მესამე ადგილი დაიკავა.
სპორტული ჟურნალისტი მურად კანაევი წერს:
“კორიფესთან ერთად, საბჭოთა ჭიდაობის სკოლის მთელი ეპოქა ისტორიის კუთვნილება გახდა. ვახტანგ ბალავაძე ერთ-ერთი იყო მათგან, ვინც საძირკველი ჩაუყარა სპორტის ამ სახეობას და ეს საძირკველი ისეთი მყარი აღმოჩნდა, რომ თავისუფალი სტილით მოჭიდავეები, ახლა უკვე სუვერენული ქვეყნების სპორტსმენები, კვლავაც დომინირებენ მთელ მსოფლიოში”.
ზარბეგ ბერიაშვილმა გაიხსენა, რომ, როცა მოჭიდავეების დიდ ოჯახში, როგორც საქართველოს ნაკრების წევრი შევიდა, ვახტანგ ბალავაძე ახალგაზრდებისთვის ღვთის სწორი იყო: “ჩვენი მწვრთნელი იყო სპორტდარბაზში და კაცობის მასწავლებელი _ ცხოვრებაში. მიზანმიმართული იყო ყოველთვის, თუ რამეს აკეთედა, სულითა და გულით იყო იმ საქმეში ჩართული. მხოლოდ ჭიდაობაში კი არა, როცა გასართობად ფეხბურთს ვთამაშობდით, მაშინაც: გადაცემას თუ გააფუჭებდა, ან ბურთს თუ ვერ გაიტანდა, სასწაულად განიცდიდა. საოცარი უნარი ჰქონდა ადამიანებთან ურთიერთობის დამყარების, ყველას სიხარული თუ გაჭირვება გულთან ახლოს მიჰქონდა. ეხმარებოდა, როგორც შეეძლო, და ყველას სიყვარული და პატივისცემა ჰქონდა მოპოვებული. ყველგან, განსაკუთრებით კი თურქეთში, სადაც ჭიდაობას განსაკუთრებით აფასებენ, უდიდესი პატივისცემით სარგებლობდა, შეიძლება ითქვას, რომ იქ უფრო პოპულარული იყო, ვიდრე საქართველოში. წესიერი ცხოვრებით იცხოვრა და ასეთად დარჩება ჩვენს გულში”.
გურამ საღარაძემ აღნიშნა, რომ ვახტანგ ბალავაძის მიერ ქართული ჭიდაობის ისტორიაში დატოვებული კვალი არასოდეს წაიშლება: “იგი მანათობელი ვარსკვლავივით მიგვიძღოდა და ჩვენც ვცდილობდით, ამ უბადლო ფალავანისთვის მიგვებაძა. ჭიდაობის საოცარ ტიტულებთან ერთად, რომლებიც მან მოიპოვა, გამორჩეული იყო, როგორც ინტელექტუალური პიროვნება ჭიდაობის სამყაროში. უშუალო, კომუნიკაბელური, სიკეთით სავსე ადამიანი დაკარგა მოჭიდავეების დიდმა ოჯახმა.
აცხონოს ღმერთმა!”
“საქართველო და მსოფლიოს” ჟურნალისტები თანაუგრძნობენ ოჯახს ბატონი ვახტანგის, ამ უბადლო პიროვნების, გარდაცვალების გამო.
მისი სახელი ყოველთვის იბრწყინებს ქართველ მამულიშვილთა ცის კაბადონზე.







