Home რუბრიკები პოლიტიკა ჰავლაბრიდან მონაბერი ნიავი, საქართველოს გულზე რომ ეფინება

ჰავლაბრიდან მონაბერი ნიავი, საქართველოს გულზე რომ ეფინება

663

“დღევანდელი დღე უდიდესი ზეიმის დღეა!

ესპანეთში არის მეფე. იგი მოიძებნა. ეს მეფე ვარ მე”.

ნიკოლაი გოგოლი

“შეშლილის ჩანაწერები”

კი გვაქვს ჩახუტების დღე, თოვლის საერთაშორისო დღე, რუსთავის ხრუშჩოვკებში მცხოვრებთა სააკაშვილთან შეხვედრის ბედნიერების დღე და ა. შ. ასეთი “უდიდესი ზეიმის დღეებს” მიშა გულუხვად გვირიგებს სახელისუფლო ტელევიზიების ცისფერი მიუწვდომლობიდან.

მაგრამ ის დღე მაინც გამორჩეული იყო _ ქართული ენის გამდიდრების ზეიმი.

დაფიცებული მქონდა, სააკაშვილის ქართულზე სიტყვა აღარ დამეძრა, რადგან ამაოა და აზრს მოკლებული, როგორც წყლის ნაყვა _ ქვიჯაში.

მაგრამ…

მაგრამ ჯიბეგახვრეტილი კაცი ბჭობდა და მეფე-პოეტი თეიმურაზ I ამბობდა:

“სპარსული ენის სიტკბომან

მასურვა მუსიკობანი”.

ჩვენ მუსიკობანი ვისმინეთ იმ დღეს სააკაშვილის შესრულებით “იმედის” ეკრანზე, ნუ იტყვით! დილის საარი თბილისის ღამეული ცის ფონზე, დუდუკის კვნესა და პაგანინის ვიოლინოს ცალსიმიანი მრავალხმიანობა.ჩამოიშალა ფიც-ვერცხლის დუღაბით შეკრული სიტყვის გოდოლები, “როგორც ტევრი გამონაკაფი”.

ფეხმორთხმით იჯდა მიხეილ სააკაშვილი ავლაბრის რეზიდენციის აივანზე ევროპის სახალხო პარტიის ლიდერთან ერთად თბილ “კამპანიაში”, თავს იწონებდა ბელგიელი ავტორიტეტული გვამის სიახლოვით და გვაწონებდა ჩვენ.

გვეტყოდა სიტყვას და სიტყვა იგი იყო “ძალიან”:

“_ მართლაც ძალიან გამოცდილი პოლიტიკოსია და, როგორც ვიცი, ძალიან, ძალიან იშვიათად ეშლება. ბელგიაში, სადაც ძალიან ხშირად იცვლება მთავრობა, ძალიან მრავალი წელი (!) ყოფილიყო (?!) მთავრობის თავმჯდომარე ძალიან რთულ პირობებში ევროპისთვის და ბელგიისთვის. ამიტომ ვის-ვის და მას ამ საკითხზე მოეკითხება ჭკუა. ძალიან კარგი სპეციალისტია”.

ამოქუხდა მარგალიტი და ჩადგა სახელისუფლო ქართულის საგუბარში:

“ძალიან” _ ლექსიკის განძია.

“ძალიან” _ გრძელი სიტყვის კონცენტრირებული სიმოკლეა.

“ძალიან” _ ძალიან სხვაა.

“ძალიან” _ საპრეზიდენტო პროგრამის “ქართული ენა _ მომავალი წარმატებისთვის” ქვაკუთხედია, ბოლოს და ბოლოს.

“ძალიან” და “მაგარია” _ “ორი სიტყვა, ორი შვება”.

შვება ის იყო, ზაფხულის ხვატში კახელი გაბერილ “პაკრიშკაზე” გაწოლილი ალაზნის დინებას დანდობილად რომ მიჰყვებოდა, მზისთვის მიშვერილ ღიპზე მუჭით წყალს ისხამდა, გრილდებოდა და შაირობის იშტაზე მოსული ორ სიტყვას ამუსიკებდა:

ალაზანი და მალაზანი,

ალაზანი და მალაზანი…

უცებ განწირული კაცის კივილი შემოესმება:

_ Помогите! Помогите!

ალაზანს გაეტაცა რუსი ტურისტი. იხრჩობოდა საქართველოს ბიუჯეტის შემავსებელი ერთი კერძო წყარო.

გაიტაცა და მიაქვს…

ეს ჩვენი კახელი, ვითომც არაფერი, არც გატოკდება. წევს თავისი “იახტის” “გემბანზე”, იგრილებს კმაყოფილ ღიპს ალაზნის წყლით და შეცვლილ ვითარებას შესაფერის ტექსტს მიუსადაგებს:

პომოგიტე და პომოგიტე,

პომოგიტე და პომოგიტე…

გაიღიმე, ჩვენო ერთგულო მკითხველო, გაიღიმე, სანამ “პრეზიდენტის ღიმილის პროგრამით” კრიალა კბილებს ჩაგისვამენ და თავჩაჩქნიანი ვაჟკაცები ხელკეტების გაშხუილებით ჩაგიმტვრევენ მაგ საღეჭ საშუალებას.

გაიღიმე, თორემ დადგა ესპანეთის მეფის აღმოჩენის მომდევნო, მეორე დღე უდიდესი ზეიმის _ აბისინიაში და ბირობიჯანში არის მეფე _ ერთბაშად ორი. ისინი მოიძებნა. ეს მეფეებია ხერხეულიძე და ზურაბ ოდილავაძე.

ორივე, როგორც ინტერნეტში გამოქვეყნებული მათი ნაწვალები მიმართვიდან “პუტანების” ქვეყანას _ არა!” ჩანს, “შეშლის ჩანაწერების” მთავარი გმირის ახლო ნათესავები არიან, მეფეთა გვარისანი.

_ გარნა ასე არ არის?

_ მარნა, მარნა!

სხვა ვინ გაგვიბედავდა ასეთ მუქარას: “ჩვენ ერთად ვერ ვიარსებებთ და, სავარაუდოდ, ისინი (ვინც მათსავით მიშას ქვეყანაში ცხოვრებისთვის თავს არ იკლავს. _ ბ.ი.), ჩემი მტრები გახდებიან”.

მტრები გახდებითო!

როგორ მოგწონთ?

“მაგრად დაჰკარით, მაგრად დაჰკარით, ტყვია მიზანში მოსახვედრია”, ამხანაგო მაუზერ!

ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან, თორემ, მტრებს რაც შეეხება, კარგად ვიცით, რომ “ნებისმიერ მამალს აქვს ესპანეთი, რომელიც ბუმბულის ქვეშ ამოუჩრია”. ესენი თავიანთ აბისინიასა და ბირობიჯანს გადაფოფრიან.

დიაგნოზს კოლეჟსკი ასესორს აქსენტი პოპრიშჩინს დავესესხები: “ეს ყველაფერი კი, მგონი, იქიდან მოდის, რომ ხალხს წარმოუდგენია, თითქოს ადამიანის ტვინი თავშია მოთავსებული; სრულიადაც არა: იგი “შემოაქვს ქარს კასპიის ზღვის მხრიდან” (“Записки сумасшедшего”).

თუ ჰავლაბრის რეზიდენციის მხრიდან მონაბერ ნიავს მოჰყვება, საქართველოს გულზე რომ ეფინება?

ჰა?..

ბენჟამენ იგარკა

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here