Home რუბრიკები პოლიტიკა «ცისფერი რევოლუციაც» საქართველოდან დაიწყება?

«ცისფერი რევოლუციაც» საქართველოდან დაიწყება?

679

«ფერადი რევოლუციები» 2003 წლამდე გაცილებით ადრე დაიგეგმა და მაშინ ჩვენთან არავინ იცოდა, რომ მაინც და მაინც საქართველოდან დაიწყებოდა. თუმცა «ტრენიროვკებზე» დაჰყავდათ შინნახადი ფართო მოხმარების პოლიტიკოს-რეფორმატორები და მათგან ყველაზე ნიჭიერებს მიანდეს კიდეც მისი განხორციელება. ახლა კი ახალი ეტაპი დაიწყო მსოფლიო დიდ პოლიტიკაში და თეთრი სახლი უკვე ღიად ალაპარაკდა მორიგი «საფრთხის» შესახებ, რომელიც სერიოზულ საფუძველს დაუდებს რევოლუციების ახალი ტალღის აზვირთებას და ვაშინგტონისა და მისი მოკავშირეებისთვის მიუღებელი რეჟიმების წინააღმდეგ ბრძოლას.

«ვარდების რევოლუციის» მონაწილეთა უმრავლესობას წარმოდგენაც კი არ ჰქონდა, რა პროცესებში ჩართეს და ავარდისფერებული ინტელექტუალ-უვიცები ერთნაირი აღტაცებით გამოსცემდნენ დემოკრატიულ ხმას. სინამდვილეში რაც მივიღეთ, ყველამ კარგად დავინახეთ, თუმცა ზოგიერთ მაშინდელ ლიდერსა თუ აქტივისტს ახლაც ვერ დააცდენინებ ძვირს იმის შესახებ, რამაც საქართველო შევარდნაძის მასობრივი კორუფციის დემოკრატიული ჭაობიდან ამოყვინთვის შემდეგ სააკაშვილის ელიტარული კორუფციის ავტორიტარულ ჭაობში ჩააყურყუმალავა.შემდეგ იყო «ნარინჯისფერი რევოლუცია» უკრაინაში, კუჩმას რეჟიმის მშვიდობიანი გასტუმრება და იუშჩენკოს «დედალი» (სააკაშვილისეული შეფასებაა) პრეზიდენტობა, «ტიტების რევოლუცია» ყირგიზეთში და აკაევის აკადემიურ-კორუფციული რეჟიმის შეცვლა ბაკიევის ლამპასებიან-კორუფციული რეჟიმით, რომლის დამხობაში ასევე აქტიურად მონაწილეობდნენ მისი ყოფილი თანამებრძოლი როზა ოტუმბაევა და ვირზე გადამჯდარი «ჩვენი ჩე გევარა» გივი თარგამაძე. იყო მცდელობა, რომ იგივე სცენარი გაეთამაშებინათ ლუკაშენკოს ბელარუსში, მაგრამ ბატკამ დაუპატიჟებელი სტუმრები გამოაპანღურა და იქ ვერ იხარეს რევოლუციურმა ყოჩივარდებმა…

ჩაფლავდა «ფერადი რევოლუციების» პროექტი, მაგრამ ვაშინგტონში სააკაშვილს განსაკუთრებით უფრთხილდებიან, როგორც ამ პროექტის უმრწემეს პროდუქტს; სურთ, ისე წარმოადგინონ, თითქოს ყველაფერი ნორმალურადაა და შედეგითაც კმაყოფილები არიან. არადა, ეს რომ ასე იყოს, მაშინ აღარ დასჭირდებოდათ ახალი პროექტის წამოწყება, რომელსაც, ბუნებრივია, სახელი აქვს, მაგრამ ჯერ არ გვიმხელენ თეთრი სახლის პატრონები. ამიტომაც ჩვენ სპეცოპერაციებისთვის დამახასიათებელი კოდური სახელი ვუწოდოთ _ «ცისარტყელას შლეიფი».

«საქართველო და მსოფლიო» წინა ნომერში უკვე წერდა, რომ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ პრიორიტეტად სექს-უმცირესობების უფლებებისთვის ბრძოლა იქცა.

ამერიკელი დემოკრატებისთვის ეს ერთობ სათუთი თემაა და რესპუბლიკელებთან წინასაარჩევნოდ დაპირისპირებისას წარმატებულად იყენებს კიდეც ამ «ფერადოვან კოზირს». მაგრამ ასე მარტივადაც ნუ წარმოვიდგენთ, რომ დემოკრატებს ახალი ინიციატივა მხოლოდ შიდა მოხმარებისთვის სჭირდებათ. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში დაახლოებით 9 მილიონი გეი, ლესბოსელი, ბისექსუალი და ტრანსსექსუალი ცხოვრობს (ამერიკული კვლევის მიხედვით, რომლის ცალკეული შედეგები შარშან გაზაფხულზე გამოქვეყნდა) და ისინი ამერიკული ელექტორატის აბსოლუტურ, თანაც აქტიურ უმრავლესობას წამოადგენენ, დემოკრატების «განგაშის» საფუძველი საერთაშორისო ვითარებაა და ამ მხრივ რესპუბლიკელებიცა და დემოკრატებიც ერთსულოვანნი არიან.

აქ ბუნებრივად ჩნდება კითხვა: რატომ მაინც და მაინც ახლა?

ავღანეთსა და ერაყში, ასევე ჩრდილოეთ აფრიკაში წარუმატებლობამ (რეჟიმების დამხობა წარმატებას არ ნიშნავს, სამოქალაქო ომები და მასობრივი არეულობები ამ ქვეყნებს კიდევ დიდხანს არ მოასვენებს) ვაშინგტონი და მისი მოკავშირეები დაარწმუნა სტრატეგიის შეცვლის აუცილებლობაში. საჭიროა არა მხოლოდ ცეცხლითა და მახვილით მოსრა, არამედ, და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, იმ ღირებულებების მთლიანად ამოძირკვა, რაც ასაზრდოებს დემოკრატიის სახელით დაპყრობილი ხალხების წინააღმდეგობას.

ამიტომაც განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა, რომ ქვეყნის კულტურული და რელიგიური ღირებულებები ჰომოსექსუალების დისკრიმინაციის გამართლებად ვერ გამოდგება, და დადგა სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის დრო. ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას მან აშშ-ის გავლენითა და დიპლომატიური ბერკეტების გამოყენებითაც დაიმუქრა ჰომოსექსუალთა დისკრიმინაციასთან საბრძოლველად. პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ კი უკვე შეათანხმა სტრატეგიის რეზოლუცია, რომელიც მიმართულია სექსუალური უმცირესობების დასაცავად. აშშ-ში საერთაშორისო ფონდი და სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალური განყოფილებაც კი შეიქმნა, რომლებიც ხელს შეუწყობენ ჰომოსექსუალებისა და ლესბოსელების უფლებების დაცვას მთელ მსოფლიოში. «მსოფლიო თანასწორობის ფონდი» მხარს დაუჭერს საზოგადოებრივ ორგანიზაციებს და ტრადიციების დამცველი საზოგადოებების წინააღმდეგობების დაძლევას შიგნიდან შეეცდებიან.

პრეზიდენტი ობამა არც მალავს, რომ პლანეტარულ ომს ღიად უცხადებს ყველას, ვინც უარს ამბობს, ჩასწვდეს ამერიკის სულს: «ვავალებ საზღვარგარეთ მომუშავე ყველა უწყებას, თვალ-ყური ადევნონ, რომ ამერიკულმა დიპლომატიამ და უცხოეთში დახმარების აღმოჩენის ორგანიზაციებმა დაიცვან სექსუალური უმცირესობების უფლებები. უცხოეთში მომუშავე უწყებებმა უნდა გააძლიერონ მოღვაწეობა უცხოეთის იმ ხელისუფლებებთან ბრძოლის მიმართულებით, რომლებიც ცდილობენ, ჰომოსექსუალიზმი და ჰომოსექსუალური ქცევა დამნაშავეობასთან გააიგივონ. ამავე უწყებებმა უნდა გააფართოონ საქმიანობა სექსუალურ ორიენტაციაზე დამყარებულ დისკრიმინაციასთან, ჰომოფობიასა და შეუწყნარებლობასთან საბრძოლველად,» _ ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის მემორანდუმში, რომელმაც სექსუალური უმცირესობების წარმომადგენელთა დისკრიმინაციის შეწყვეტისთვის ბრძოლას გლობალური გამოწვევა უწოდა. როგორც ხედავთ, თეთრი სახლისთვის უკვე საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტის რანგშია აყვანილი მათი დაცვა.

აშშ-ის ერთგული მოკავშირე ბრიტანეთიც სრულად იზიარებს ვაშინგტონის გულისტკივილს. პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი მუქარასაც არ მოერიდა და პირდაპირ განაცხადა, რომ განვითარებად ქვეყნებს დახმარებას შეუწყვეტს, თუ ისინი ჰომოსექსუალიზმის ამკრძალავ კანონმდებლობას არ გააუქმებენ. არადა, თანამეგობრობის წევრი 54 ქვეყნიდან 41-ში მოქმედებს კანონები, რომლებიც ჰომოსექსუალიზმის სხვადასხვა გამოვლინებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. მსოფლიოს 76 ქვეყანაში კი მოქმედებს კანონები, რომლებიც სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე ქცევის ან გენდერული იდენტურობის გამო. ამ კანონების გაუქმებას არამხოლოდ აშშ და დიდი ბრიტანეთი, არამედ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოც მოითხოვს.

როგორც ჩანს, ფსონი ძალიან გაიზარდა და მსოფლიოში გავლენის გაფართოებისთვის კიდევ უფრო ცოტა დრო რჩება. თუკი დასავლეთში ადვილია ამ პოლიტიკის გატარება, აღმოსავლეთში და, განსაკუთრებით კი, ისლამურ სამყაროში პრაქტიკულად ბომბების შიშითაც ვერ აკურთხებ არატრადიციულ ქორწინებას (თუმცა, ბუნებრივია, იქაც იქნებიან ამის მსურველები, მაგრამ სიკვდილის შიშით ვერ ამხელენ). აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ არც ევროპა ხვდება ამ «მზრუნველობას» დიდი აღტაცებით. მაგალითად, ევროკომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ «მხოლოდ ჰომოსექსუალიზმის ლეგალიზება არ კმარა და შეშფოთება გამოხატა მოსახლეობის უკიდურესად ნეგატიური რეაქციის გამო. ამიტომ, მისი აზრით, აუცილებელია საგანმანათლებლო პროპაგანდაც».

ამ მხრივ საქართველო და სააკაშვილი «ბედნიერი გამონაკლისია». ეს უკანასკნელი ნიჭიერი გამოდგა, მითითებებს უსიტყვოდ ასრულებს (მაგალითად ინგლისურის მასწავლებლების ჩამოყვანაც გამოდგება) და არც «საგანმანათლებლო პროპაგანდაში» ჩამორჩება პატრონ-მყვარებლებს; ქვეყანას კი, ცნობილი ჟურნალისტისა და პუბლიცისტის ნანა დევდარიანის ტერმინით რომ ვთქვათ, ლერწმის სტრატეგია უკვე შესისხლხორცებული აქვს. სააკაშვილსა და მის თანამოაზრეებს არც ამჯერად გაუჭირდებათ ვაშინგტონის სურვილების დემოკრატიულობის ბრჭყვიალა ქაღალდში შეფუთვა. თუმცა ახალმა პოლიტიკურმა რეალობამ, რომელიც შარშან შემოდგომაზე შეიქმნა საქართველოში, ხალხში იმედი გააჩინა. მაგრამ გაჩნდა შეკითხვებიც. ერთ-ერთი ასე ჟღერს: რატომ გააკეთა არჩევანი ბიძინა ივანიშვილმა ქართველ რესპუბლიკელებსა და «თავისუფალ დემოკრატებზე»? პასუხად მივიღეთ, რომ მას არ სურს რუსეთთან ასოცირებულ პოლიტიკოსებთან ურთიერთობა და დასავლეთისთვის იმის დემონსტრირებისთვის, რომ ლიბერალი და პროდასავლურია, ფსონს ამ პარტიებზე ჩამოვიდა. საინტერესო არგუმენტია, თავდაჯერებულობის დეფიციტი რომ არ იგრძნობოდეს.

ახლა ჩვენ მოგვიწევს დაფიქრება იმაზე, საით წავა საქართველო უახლოეს მომავალში. თუკი თეთრ სახლში გადაწყვეტენ, რომ «ფერადი რევოლუციების» მსგავსად «ცისფერი რევოლუციაც» აქედან უნდა დაიწყოს, რით უპასუხებენ ქართველი ხელისუფალნი ვაშინგტონის დირექტივას, მსოფლიოსთვის თითით საჩვენებელი გახდეს აბსოლუტური ტოლერანტობის თვალსაზრისით. თუკი შუა მართლაც გაიკრიფება და მხოლოდ სააკაშვილსა და ივანიშვილს (მომხრე-მიმდევრები მათი შლეიფია და ვიგულისხმოთ) შორის მოგვიწევს არჩევანი, მაშინ უნდა ვიცოდეთ, იზიარებენ თუ არა ისინი პრეზიდენტ ობამას მემორანდუმის სულისკვეთებას და რას გააკეთებენ მის მიერ სახელდებული «გლობალური გამოწვევის» საპასუხოდ.

მოკლედ, გაგვაგებინეთ, ვინ ჩაუდგება სათავეში თბილისში (ქუთაისში, ბათუმში…) გეიაღლუმს და ვინ ჩაიბარებს პარადს.

მიხეილ წერეთელი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here