Home რუბრიკები პოლიტიკა დავით ზურაბიშვილი: სააკაშვილს იმის დამტკიცება უნდა, რომ ამერიკელებზე უფრო ამერიკელია

დავით ზურაბიშვილი: სააკაშვილს იმის დამტკიცება უნდა, რომ ამერიკელებზე უფრო ამერიკელია

612

რას აპირებენ ახალ პოლიტიკურ სტრუქტურაში გაწევრიანებული პოლიტიკური პარტიები და როგორია მათი საშინაო თუ საგარეო პოლიტიკური მიმართულება, ასევე რესპუბლიკური პარტიის გეგმებსა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, «საქართველო და მსოფლიოს» რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, დავით ზურაბიშვილი ესაუბრება.

_ რესპუბლიკელები, «თავისუფალი დემოკრატები» და ბიძინა ივანიშვილის გუნდი ერთიან პოლიტიკურ სტრუქტურაში გაწევრიანდნენ, რომელიც, როგორც ითქვა, ხელისუფლების ალტერნატიული პოლიტიკური ცენტრი იქნება. თუ გაქვთ უკვე სამოქმედო გეგმა და ნიშნავს თუ არა ეს გაერთიანება, რომ ამიერიდან თქვენი მოსაზრებები ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ერთნაირი იქნება?

_ ცხადია, ასე იქნება. ყველა საკითხი _ იდეოლოგიური, მსოფლმხედველობრივი თუ პოლიტიკური _ იქნება შეჯერებული და, რა თქმა უნდა, ჩვენი მოქმედება ერთიანი გეგმის მიხედვით წარიმართება. რაც შეეხება ჩვენს სამოქმედო გეგმასა და კონკრეტულ ნაბიჯებს, ეს გამოცხადდება, ხოლო კონკრეტულ თარიღებს, როდის რას გავაკეთებთ, ჯერ ვერ გეტყვით. ინტენსიურ, აქტიურ მოქმედებას ახალი წლის შემდეგ დავიწყებთ. როგორც იცით, მალე ბიძინა ივანიშვილის პარტიაც ოფიციალურად დაფუძნდება, საკმაოდ აქტიურები ვიქნებით და მხოლოდ განცხადებებით არ შემოვიფარგლებით._ საგარეო პოლიტიკურ კურსს რაც შეეხება, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ ის რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების მომხრეა, IღI-ს მიერ ჩატარებული ბოლო კვლევის მიხედვითაც, გამოკითხული მოსახლეობის 75% რუსეთთან დიალოგის აღდგენას უჭერს მხარს. რესპუბლიკური პარტია სხვებთან შედარებით ყოველთვის უფრო პროდასავლური ორიენტაციის იყო. თუ იზიარებთ რუსეთთან დაკავშირებით ივანიშვილის მოსაზრებას?

_ ჩვენ ვემხრობით რუსეთთან ურთიერთობის დალაგებას და არა რუსეთთან «ჩახუტებას» ან დაქვემდებარებას. ბიძინა ივანიშვილის პოზიცია ჩვენს პოზიციას არ ეწინააღმდეგება, პირიქით, ჩვენც ეს პოზიცია გვაქვს. ჩვენი, «თავისუფალი დემოკრატებისა» და კოალიციაში გაერთიანებული პოლიტიკური ძალების პოზიცია და მსოფლმხედველობრივი პოსტულატი შემდეგია: ჩვენი ქვეყანა წარმოგვიდგენია, როგორც ევროატლანტიკური კოალიციის, ევროკავშირის წევრი, უსაფრთხოების საკითხებში კი ჩვენი პრიორიტეტი ნატოში გაწევრიანებაა, მაგრამ ჩვენი ეს სტრატეგია არანაირად არ გულისხმობს, რომ რუსეთთან დაპირისპირებულები უნდა ვიყოთ.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს რთული პრობლემაა, მითუმეტეს, როცა ჩვენი ტერიტორიების ნაწილი ოკუპირებულია და პრაქტიკულად, «სამხრეთ ოსეთისა» და აფხაზეთის საელჩოებია გახსნილი, მაგრამ ჩვენ ვალდებულები ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ და ურთიერთობის ნორმალიზება შევძლოთ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ეს არ იქნება ადვილი, მაგრამ უნდა ვცადოთ.

_ როგორ წარმოგიდგენიათ, თან ნატო-სკენ ისწრაფვოდეს ქვეყანა და თან რუსეთთან ალაგებდეს ურთიერთობას? როდესაც აცხადებთ, რომ ნატო-ში ინტეგრაცია უნდა იყოს ქვეყნის მთავარი პოლიტიკური კურსი, ოღონდ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების შემდეგ. რუსეთი ყოველთვის წინააღმდეგია საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის და როგორ მოახერხებთ ამას? ხომ არ არის თქვენი პოზიცია ამ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავი?

_ ეს არ არის ურთიერთგამომრიცხავი პოზიცია. როდესაც ამხელა მეზობელი ქვეყანა გყავს, გინდა თუ არა, მასთან ურთიერთობა გიწევს. ჩვენ კარგად გვესმის, რომ, თუ რუსეთთან ერთი-ერთზე დავრჩით, ეს იქნება უთანასწორო ურთიერთობა, ის ყოველთვის გადაგვიგრიხავს ხელს და მოგვერევა, მაგრამ ბუნებრივია, ამ შემთხვევაში, ჩვენ დასავლელი მოკავშირეების იმედი გვაქვს. ვინაიდან რუსეთს ძალიან სჭირდება ევროკავშირი, ამერიკასთან ნორმალური ურთიერთობა. ამიტომ მათი მხარდაჭერით ჩვენ უნდა შევძლოთ, რუსეთი ვაიძულოთ, პირველ რიგში, ეკონომიკურ-კულტურულ ურთიერთობაზე წამოვიდეს. მაგალითად, ბალტიისპირეთის ქვეყნების ევროკავშირში გაერთიანებაც არ უნდოდა რუსეთს, მაგრამ დღეს სხვა რა გზა აქვს და ახლა მათთან ურთიერთობს. ამიტომ ჩვენ თუ ქვეყნის შიგნით დემოკრატიას მივაღწევთ და დასავლეთის უფრო მეტი მხარდაჭერა გვექნება, რა თქმა უნდა, რუსეთი იძულებული იქნება, დაგვთანხმდეს. ჩვენ შევთავაზებთ რუსეთს ისეთ წინადადებებს, თუნდაც ეკონომიკურ ან სხვა სფეროში, რაზეც მას უარის თქმა გაუჭირდება.

დღეს მათ ერთადერთი სათქმელი აქვთ, რომ სააკაშვილს არ ელაპარაკებიან, რასაც დასავლეთი არ უწონებს რუსეთს, მაგრამ ამის გამო მაინც და მაინც თავს არ იკლავს. ჩვენ ამ სიტუაციის შეცვლას ვაპირებთ, თუმცა კონკრეტული ვადები ბუნდოვანია. ზუსტ ვადებს ვერავინ იტყვის და, ვინც იტყვის, ის, უბრალოდ, იტყუება. ჩვენ ვიქნებით ახალი გუნდი, ვიქნებით ბევრად დემოკრატიულები და რეალურად შევეცდებით, საქართველო ევროპული ტიპის დემოკრატიულ ქვეყნად ვაქციოთ. ჩვენ მოვიპოვებთ გაცილებით დიდ მხარდაჭერას დასავლეთიდან, მოვიპოვებთ რუსების, აფხაზების მხარდაჭერას და ამით ვაიძულებთ რუსეთს, გარკვეულ დათმობებზე წამოვიდეს.

_ ბიძინა ივანიშვილმა 4 პოლიტიკურ პარტიას გადაურიცხა 4 მილიონ 400 ათასი ლარი, მათ შორის რესპუბლიკურმა პარტიამ საკმაოდ სოლიდური თანხა მიიღო. როგორ ფიქრობთ, რამდენად სწორი იყო თქვენი მხრიდან ამ თანხის მიღება?

_ არ უნდა გვქონდეს მიღებული ეს თანხა? როგორც იტყოდა დიადი ქართველი მიშისტი გიგა ნასარიძე _ რამე კანონი დაირღვა? საინტერესოა, აბა ასე უნდა ვიყოთ და მარტო მაგათ უნდა ჰქონდეთ ფული? თან ჩვენი ჯიბიდან აღებული ფული? თუ პარტია კანონის ფარგლებში დაფინანსებას იღებს, ეს სალაპარაკო უნდა იყოს? დიახ, ავიღეთ ბიძინა ივანიშვილისგან თანხა და კვლავაც ავიღებთ იმდენს, რამდენიც კანონმდებლობით იქნება განსაზღვრული და ვერავინ ვერაფერს მოგვედავება. თქვენ წარმოიდგინეთ, ბიძინა ივანიშვილთან პოლიტიკურ გაერთიანებაში ვიყოთ და უფულოდ ვიყოთ? ეს ხომ სასაცილო იქნებოდა და არც არავინ დაგვიჯერებდა; მაშინ იდიოტები უნდა ვყოფილიყავით. ჩვენ ვაპირებთ, სერიოზული კონკურენცია გავუწიოთ ხელისუფლებას. ის დრო დამთავრდა, როცა მარტო ხელისუფლებას ჰქონდა გინდ ფინანსური, გინდ ადამიანური რესურსი და სხვა არავის. ასეთი არაადეკვატური და პანიკური ბრალდებები ხელისუფლების შიშის გამოხატულებაა. მათ ძალიან ეშინიათ ივანიშვილის პოლიტიკური ძალის და ხელისუფლებიდან წასვლის.

_ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად პაატა შევარდნაძის დასახელებას აპირებს. სიმართლეს შეეფერება თუ არა ეს ინფორმაცია და ამ შემთხვევაში დაუჭერდით თუ არა თქვენ მის კანდიდატურას მხარს?

_ მათივე შეთხზული ჭორია. რა შუაშია საერთოდ პაატა შევარდნაძე? ის არანაირ კავშირში არ არის ამ საქმესთან.

_ ეროსი კიწმარიშვილის განცხადებით, «ქართული პარტიის» ირგვლივ დიდი პოლიტიკური გაერთიანების შექმნა იგეგმება, რომელსაც, სავარაუდოდ, ირაკლი ოქრუაშვილი უხელმძღვანელებს. თქვენ თუ აპირებთ მათთან რაიმე სახის თანამშრომლობას?

_ ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ჩვენი კარი ღიაა, მაგრამ დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის მორალურ თუ პოლიტიკურ რეპუტაციას, მის მსოფლმხედველობას. ბიძინა ივანიშვილმა პირველივე დღეს განაცხადა, რომ «ქართული პარტია» მისთვის მიუღებელია და მათთან პარტნიორობის საკითხი არ განიხილება.

ერთი რამ უნდა იცოდეს ყველამ, ამ სიტუაციაში ვერავითარი მესამე ძალა ვერ შეიქმნება. ბოლო დროს ჩატარებული ყველა კვლევა აჩვენებს, რომ ქვეყანაში მომხდარია პოლარიზაცია. არის სააკაშვილი და მისი «ნაცმოძრაობა» და ივანიშვილი და მისი პოლიტიკური ძალა. დანარჩენებმა ეძებონ ადგილი, ეს მათი საქმეა, მაგრამ არა მგონია, სერიოზულ წარმატებას მიაღწიონ.

_ პრეზიდენტმა ახალი ქალაქის _ ლაზიკის აშენების იდეა წამოჭრა. რამდენად პერსპექტიულად და რეალურად გესახებათ ახალი ქალაქის მშენებლობა და რას მოუტანს ეს ქვეყანას?

_ სააკაშვილმა გამოაცხადა, ქალაქი უნდა ავაშენოო. ქალაქი ხუშტურით არ შენდება. არ ხდება ასე: რომ გაიარ-გამოიარო და აქ ერთი კაი ქალაქი ამიშენეთო, ბრძანო. ქალაქის მშენებლობა საჭიროებიდან გამომდინარე ხდება, როცა პეტრე პირველმა პეტერბურგი ააშენა. მას სჭირდებოდა ზღვაზე გასასვლელი, ევროპასთან კონტაქტი. როცა სტალინი და სხვები აშენებდნენ ქალაქებს, მათ ჰქონდათ კონკრეტული მიზანი. ასე ხდება ევროპაში, აშშ-ში. შეიძლება სააკაშვილს დაესიზმრა შუშის ქალაქი, გაეღვიძა და მოინდომა სიზმრის ასრულება, მაგრამ მის სიზმრებს ვერ აჰყვება ქვეყანა. წლევანდელ ბიუჯეტში ერთი კაპიკიც კი არ არის გათვალისწინებული ლაზიკის ასაშენებლად და რით აპირებს აშენებას? ერთი ჭკუათმყოფელი ინვესტორი მანახეთ, ვინც იქ ინვესტიციას განახორციელებს და სადღაც გაურკვეველ ადგილებში, ჭაობებში ფულს დახარჯავს. სრულიად შეუსწავლელია, რა კლიმატური პირობებია და შეიძლება თუ არა საერთოდ იქ ქალაქის აშენება. ამ ყველაფერს შესწავლა უნდა. ამიტომ მე ასე ვიტყოდი: ლაზიკა სააკაშვილის სიზმარია, რომელსაც ახდენა არ უწერია.

_ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ერაყიდან ბოლო სამხედრო კოლონა გაიყვანა, საქართველო კი კვლავ ზრდის კონტინგენტს. რას ემსახურება ხელისუფლების ეს ნაბიჯი?

_ სააკაშვილს უნდა, დაამტკიცოს, რომ რომის პაპზე მეტად კათოლიკეა, ანუ ამერიკელებზე უფრო ამერიკელია. როგორც კი საფრთხეს იგრძნობს, პირველ რიგში, ავღანეთში სამხედრო კონტინგენტს ზრდის. ამით სურს, ამერიკელებს უთხრას, რომ ჩემნაირ პროამერიკელს ვერ ნახავთო. მისი ნაბიჯი მეტს არაფერს ემსახურება. ყოველთვის, როცა სააკაშვილი დაინახავს, რომ დასავლეთი მის ქმედებებს კრიტიკულად აფასებს, ასე იქცევა. მან კარგად დაინახა, რომ კარტ-ბლანში აღარ აქვს. ორჯერ შეხვდა აშშ-ის ელჩს ბიძინა ივანიშვილი და ეს პოლიტიკური ძალა ამერიკის მხრიდან უკვე განიხილება როგორც სერიოზული ძალა და სერიოზულად მიმდინარეობს მასთან დიალოგი. სააკაშვილს ამერიკელების მხარდაჭერა იმისთვის სჭირდება, რომ აქ დაგვერიოს, ანგარიში გაგვისწოროს და თავად ღრმა სიბერემდე ქვეყნის მმართველი იყოს.

თავისთავად ჩვენ ასეთი ტიპის ოპერაციებში ჩვენი ჯარისკაცების მონაწილეობას საჭიროდ ვთვლით, მაგრამ გააჩნია რა რაოდენობით. როგორც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის არის საჭირო, ისე უნდა მოვიქცეთ და არა ისე, ვიღაცას რომ ვასიამოვნოთ.

_ თქვენ Facebook-ის ჩანაწერს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ტელეკომპანია «იმედმა» სიუჟეტიც კი მოგიძღვნათ და გაგაკრიტიკათ უხამსი ლექსიკის გამოყენების გამო.

_ ძალიან სასაცილოა, თან ამას აკეთებს მოდელირებული «ქრონიკის» შემოქმედი ჯგუფი. ვფიქრობ, კარგი რეკლამა გამიწიეს, იმიტომ, რომ, ვინც Facebook-ი არ იცის, რა არის და სოციალურ ქსელებში არ არის დარეგისტრირებული, ის საერთოდ ვერ გაიგებდა, რა დავწერე. კიდევ თუ გაუშვებენ ასეთ სიუჟეტს, ძალიან დამავალებენ. ხელისუფლების ზოგიერთი წევრისა თუ მათთან დაახლოებული პირისგან განსხვავებით, მე კონკრეტული ადამიანისთვის არ შემიგინებია და, როცა ლიტერატურულ პაროდიაზეა საუბარი, შეიძლება ასეთი უხამსი ენით საუბარი. ეს იყო პაროდია იმ აბსოლუტურ იდიოტობაზე, რომელიც ამ დღეებში სოციალურ ქსელებში გაჩნდა, სადაც ზებრა და ჟირაფი ინგლისურად და რუსულად საუბრობენ ბიძინა ივანიშვილზე. ვის მოუვიდა ასეთი იდიოტობა თავში, არ ვიცი, მაგრამ მივიჩნიე, რომ პაროდიისთვის კარგი მასალა იყო.

_ როგორ შეაჯამებთ გასულ 2011 წელს?

_ პოლიტიკური თვალსაზრისით, ეს წელიწადი საკმაოდ მძიმე იყო. იყო იმედგაცრუება, იყო 26 მაისი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მძიმე დღე იყო, რადგან დაიხოცნენ ადამიანები. ხელისუფლებამ დანაშაული ჩაიდინა. თუმცა ეს წელი იმითაც უნდა დაგვამახსოვრდეს, რომ მაინც გაჩნდა იმედი. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლამ გააჩინა იმედი, რომ ამ კოშმარს ექნება დასასრული და მომავალ წელს ჩვენ ყველანი ერთად ქართულ ოცნებას თუ ვერ ავისრულებთ, ოცნების ასრულების დასაწყისი მაინც დაიწყება. დავიწყებთ ნორმალური სახელმწიფოს მშენებლობას _ ახალ წელს ამ იმედით ვეგებებით.

ესაუბრა
შორენა ცივქარაშვილი

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here