მესმის ანგელოსთ ჩურჩული,
მიდგას მირონით ჭურჭელი…
_ ვერ დამამუნჯებ,
ვერ წამშლი!
კლარჯი ვარ, არტანუჯელი!..
რეზო ამაშუკელი
2008 წლის 14 დეკემბერი
ვერ დაამუნჯეს, ვერ წაშალეს, სიტყვა ვერ გააწყვეტინეს პოეტს, ვერ დაუჩლუნგეს ლექსის ორლესული მახვილი.
ვერ შეჰბედეს და, ვითარცა გარეწრებს სჩვევიათ, ქვეგამხედველთა მეთოდით შეუტიეს, შემოვლით, ფარულად _ მისავიწყებლად გაიმეტეს, უწინარესად, ახალგაზრდობის მიერ, რომლის სომნაბულთა თაობად აღზრდა მოინდომეს, უწარსულო, უჯიშო, უეროვნებო, უსქესო არსებებად.
უპრიანია ამიტომ, დროდადრო მივუბრუნდეთ მისი შემოქმედების “სისხლში ჩამხრჩვალი ვარდების” პერიოდს, რაგინდ უზრდელობად მოეჩვენოს მავანს წარსულისკენ “ფირის გადახვევა”.
გუშინ არ იყო?
ლექსის წერას გადამაჩვიესო, ამბობს პოეტი 2005 წლის 29 ოქტომბრით დათარიღებულ ლექსში “თანდათან ქრება საქართველო”.
დროის მითითება საჭიროდ ჩავთვალე იმიტომ, რომ, როცა ზოგი მკერდს უშვერდა (მტრის ტყვიას კი არა) მედროვე ხელისუფალს “ბრწყინვალების ორდენის” დასაკიდებლად, რეზო ამაშუკელი, რომელსაც დაგეშილი პრესა მიუქსიეს, აღდგა, აბობოქრდა და შეუტია “გაპუდრულ არლეკინს”, რომელიც უბედავდა ხელისხლებით დაჯაჯგურებოდა იმას, “ვინც ჩემი ქართველობის გადამრჩენია”:
“შენ,
ვინც ჩემს რწმენას,
მომხდურივით, თანდათან ბზარავ.
ფულს უთვლი ერის სიამაყეს,
სჯი და აფასებ…
როცა ძერწავდი, ხუნვეიბინებს
ჩორკნიდი “კმარას”,
ვინ,
ვინ გიხდიდა, იქნებ ბრძანო,
მაშინ ათასებს?”
ამ სტრიქონების დაწერიდან გავა 7 წელიწადი, რომელიც ყოფილი ხელისუფლების ზეობის პერიოდის საქართველოს ისტორიაში სირცხვილის გაკვეთილად ჩაიწერება, და მაშინ გაირკვევა, რომ ის დამფინანსებელი “ვინ” ბრძანდებოდა ჯორჯ სოროსი, რომელმაც ერთ-ერთი უცხოური ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში აღიარა, რომ სააკაშვილი “მისი პროექტი” იყო.
ლექსების მეტაფორულ სიუხვეში პერსონაჟები განსაკუთრებულად გამოკვეთილად ჩანს, იმდენად ზუსტად არიან დახასიათებული, რომ სახელითა და გვარით მოხსენიება ისეთივე ზედმეტობა იქნებოდა, როგორც სტროფებს შორის პროფკავშირული კრების ოქმიდან ამონაწერის ჩაკვეხება, თუმც არც დაზუსტებას ერიდება:
“გაზრდილ ხაზინით
თავს გვამადლის, დაგებულ გზებით,
თავიდან ყვება ასჯერ ნათქვამს,
როგორც სჩვევია!
მაშ, რატომ ანგრევს ქვეყნის წარსულს
ასეთი გზნებით
ან გოგებაშვილს
ლომაია რად ურჩევნია?”
ყიამყრალები მიუსიეს-მეთქი პოეტს, ისეთი ყოვლისმომცველი იყო და სახელმწიფოებრივად ორგანიზებული ეს შეტევა, შურითა და ბალღამით სავსე, რომ თვითმკვლელობით სიცოცხლის დასრულების სურვილი ისე შეეპარა, როგორც თოვლსა და ყინვაში ტკბილად ჩაძინებულს ხელს დარევს თეთრი სიკვდილი.
“გაყიდულ მამულს
შავად მჭნარი ვარდით ბარდნიან
და მეორდება, მეორდება
“ოცდაჩვიდმეტი”.
ამ დიდმარხვაში
წამით ავცდი უმძიმეს ცოდვას
_ გამთენიისას
როცა წამცდა
თოკისკენ ხელი”.
“და ფარდის უკან სავარძელში
ხითხითებს მკვლელი”.
2007 წლის 19 მარტი
მაგრამ, მადლობა ღმერთს, “არსებობს სულიერი სამყარო, რომელშიც კომპრომისები შეუძლებელია”, მით უფრო, სიკვდილთან კომპრომისის მიღწევა:
“მაცხოვრის ხატთან
ტოტი მოცხარის
სინათლის შუქზე წითლად ინთება…
დიდება უფალს,
რომ ვარ ცოცხალი!
_ ვერ შევძელ თოკზე
ჩამოკიდება”.
“სდიე მაცხოვარს”.
2009 წლის 16 ივლისი
ჩაივლის კიდევ ერთი ბობოქარი ხუთწლედი და ახალი თვალით შეხედავს იმედგადაწურულობას რეზო ამაშუკელი. 2014 წლის 8 თებერვალს დაწერილ ვერლიბრში (ბრწყინვალე თეთრ ლექსში) “კბილებჩამტვრეულმა გორგასალმა ბრძანა, ვახტანგმა: ეძიებდეთო ქრისტესთვის სიკვდილს!” დაწერს:
“ვისაც ჰგონია, თავის მოკვლა მხდალის ხვედრია,
ძალიან ცდება, მაგრამ, როდესაც ცალი ხელით
გიჭირავს ჯვარცმა, ხოლო მეორეთი საფეთქელზე
მიიდგამ ლულას, დაცემული ხარ,
წამხდარი ხარ, მოღალატე ხარ!..”
მოდი, აქ დავსვათ წერტილი სიკვდილ–სიცოცხლესთან გათამაშების.
უწმინდურობასთან (“როცა “ჯიჯგნის მიწას უცხო თესლით მაძღარი ჯიში” და “მყრალი ხორხოცით სასაფლაოს თხრიან აფთრები”) შებმული პოეტი აცხადებს, რომ ის ლექსი, რომლისთვისაც ამ ვითარებაში იგი იხარჯება, არ არის პოეზია: “ვიცი, არ არის პოეზია, მაგრამ სათქმელი ნაღვერდალივით გულს ღადრავს და ხორხში ხრიალებს”, თუმც სათუოა ამის ხელაღებით მტკიცება, მაგრამ უფლება აქვს, თქვას ამ სტრიქონების ავტორმა, მთვარეზე, უხსოვარი დროის ქართული რწმენის ტოტემზე:
“მოვედი, ხელი მოგხვიე,
გულზე პერანგი მოგხიე…
მთვარე, მე, შენ და არაგვი
მთვრალი ვიყავით ოთხივე…”
და ამბობს კიდეც:
“…და მოსვა მთვარემ
სიცხიანი პოეტის ბოდვა…
და მთვარეს ჰქონდა ბაგე ცივი,
ცივი და სველი…”
“და ფარდის უკან, სავარძელში
ხითხითებს მკვლელი”
ან:
“შავი მთოვარი
გიშერივით ჩააშრა გუგას,
მალე სიბერე
სამუდამოდ დაუშვებს ფარდას…
…გაქრა სიზმარი,
ედემიდან დავბრუნდი უკან,
ყოველდღიური ჯოჯოხეთის
მოღრეცილ კართან!..”
“აპრილის პატორალი”
2007 წლის 21 აპრილი
წაიკითხავ და არ დაეთანხმები, რომ მისი ლექსების ეს ციკლი არ არის პოეზია. პირიქით _ მეტაფორების აღლუმია:
“უჭირავს სიზმარს ბასრი დანა,
როგორც ავაზაკს,
და ბაგეებთან
გარდიგარდმო
ამომჭრის ღიმილს”.
“ქალბატონებო” და “ბატონებო”
2008 წლის 6 ოქტომბერი
ან _ მიყოლებით: “სადაც ჰაერი უკვე შიშით არის მაძღარი”, “ხვატით დამსკდარი ბროწეულის ტკბილი შხეფები”, “შუა აპრილში მოდის თოვლი, მოდის და მღერის, და სველი ფიფქი ალუბლების ყვავილებს კოცნის”, “ჩანს გიშერივით შავი მთვარე თვალების ჭრილში”, “ქარები ხეებს თოვლით არხევენ”, “აქა-იქ ბოლავს თოვლისფერი კვამლით ხეხილი”, “ღია ალუბლით გადაღებული ნისლების ფარა”, და, რა თქმა უნდა, ეპიგრაფად ატანილი სტროფი _ ალიტერაციის ზეიმი:
“…მუნ ყორანივით ჩხაოდა
ჯუჯა,
ტყის გადამრუჯველი…
_ გადმოხვეწილი ტაოდან,
კლარჯი ვარ, არტანუჯელი!..
მესმის ანგელოსთ ჩურჩული,
მიდგას მირონით ჭურჭელი…
_ ვერ დამამუნჯებ,
ვერ წამშლი!
კლარჯი ვარ, არტანუჯელი!”
ქართული ეროვნულობის დაცვა რეზო ამაშუკელის “სისხლში ჩამხრჩვალი ვარდების” პერიოდის უმთავრესი თემა და სატკივარია. ცრუ და ყალბ ნეოლიბერალიზმს ებრძვის, უცხო ჯიშისა და ჯილაგის მიერ ქართული ტრადიციული მეობის, ჩვენი გადაგვარების ყოველგვარი მცდელობის საწინააღმდეგოდ ხმას იმაღლებს, მოურიდებლად მიმართავს ქვეყნის თავგასულ მმართველს, “წვერგაბურძგნულ საჭურისს”, და ეს ხდება ყოფილების ზეობის ჟამს, როცა ციხეები პატიმრებს ვერ იტევდა და, ამ თვალსაზრისით, წინ ვუსწრებდით მთელ ევროპას:
“წვერგაბურძგნულო საჭურისო,
სულით საპყარო!..
ჩემს ფესვს და წარსულს
ზნეს და რწმენას გინდა გამყარო,
რომ ჩამოთესლო უცხო ჯიში
და ახარხარო!”
“დაღმართი”
2008 წლის 7 სექტემბერი
ან კიდევ:
“დღეს ბაბილონში მიმათრევენ
ყელზე საბელით,
უნდათ, ამთქვიფონ უცხო ჯილაგს,
ზნეს და საქციელს!..”
“აპრილის პასტორალი”
დაბოლოს (თუმცა მაგალითების მოტანა დაუსრულებლად შეიძლება):
“ისევ გამოყვეს თაღლითებმა
ენა ყურიდან!
ერის გაქრობის, ამოძირკვის
მიწყივ მცდელობით!
_ მე მშიერი ვარ,
მშიერი ვარ “არა პურითა”,
მე მშიერი ვარ
ერთგულებით და
ქართველობით!”
“შეიშრე ცრემლი, სახიერო”
2009 წლის 21 აგვისტო
და იქვე:
“როგორ ხორხოცებს უცხო თესლი,
ჯილაგი სხვისი,
ვდგავართ და ვისმენთ, თავდახრილნი,
კვლავ ამის სისინს!..
მირონმდინარე სახიერო,
შეიშრე ცრემლი,
არა ვყოფილვართ, დედოფალო,
ჩვენ შენი ღირსი!”
თითქოს დღესა თქვა, დღევანდელობას მოარგოო!
პოეტის მოვალეობაც ესაა. დანიშნულებაც.
რეზო ამაშუკელის პოეზია, განსახილველი პერიოდისაც და საერთოდაც, იმ ძლიერი ენერგეტიკის მატარებელია, რომელიც ხალხში გადადის, უნდა გადავიდეს, რადგან უამისოდ ერი ვერ იგრძნობს ეროვნულობას თავისას, ღატაკდება სულიერად, უქვეითდება რწმენა, უჩლუნგდება ვითარების ადეკვატურად აღქმის უნარი.
პოეტურობასაც ჰკარგავს (“ყველა ქართველი პოეტია”), რადგან, როგორც ცნობილია, ჭეშმარიტი პოეტი ვერ შედგება, თუ არ ეყოლება მკითხველი.
ისიც ცნობილია, რომ ყველა რეჟიმს ესაჭიროებაო მთავარი პოეტი, ანტიპოდი, რომელიც უპირისპირდება ხელისუფლებას, მაგრამ აწონასწორებს მას, ამიტომ ტოტალიტარიზმიც კი ვერ იტანსო პოეტის ვაკანსიას, მიუხედავად იმისა, რომ
“სძულთ პოეტები პატარა კაცებს,
ისევე, როგორც ყივილი მამლის
გამთენიისას
მსტოვარს და გამცემს”.
მე მგონი, ეს ადგილი საქართველოში დაკავებულია.
არმაზ სანებლიძე







