2 თვის გოგონას, რომელსაც ნაღვლის ბუშტი ამოჰკვეთეს, ქართველმა ექიმებმა მუცლის ღრუში დაუტოვეს ტამპონი, რომელიც ერთი წლის შემდეგ საფრანგეთში ამოუღეს
ორი თვის ნენე მოდებაძეს იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში ნაღვლის ბუშტი ამოჰკვეთეს, მაგრამ მისი მდგომარეობა შემდგომი 6 თვის განმავლობაში უფრო და უფრო დამძიმდა. მშობლებმა საშველად კვლავ იაშვილის კლინიკას მიაკითხეს, მაგრამ 20-დღიანმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო. ექიმების დასკვნით, მას ღვიძლის გადანერგვა სჭირდებოდა, მაგრამ იმის გამო, რომ მსგავსი ოპერაციის ჩატარება საქართველოში არ ხდებოდა, ბავშვი მშობლებმა საფრანგეთში წაიყვანეს.
ცოტა ხნის წინათ კი სოციალურ ქსელში ეს განცხადება გავრცელდა: “ნენე ჯერ მხოლოდ 2 წლის ხდება. ეს არის ბავშვი საოცრება. ფაქტიურად სასწაული შეძლო. დაიბადა 6-თვიანი, სულ რაღაც 1.300 გრამი, თუმცა ჯანმრთელი. მოათავსეს იაშვილში ინკუბატორში. 1 თვეში ჩემმა დამ შეამჩნია სიყვითლე (არა ექიმებმა) და ატეხა განგაში. გამოიკვლიეს ბავშვი და დაასკვნეს, რომ სჭირდებოდა ნაღველის ამოღება. 1.500 გრამ ბავშვს ამოჭრეს ნაღველი. გავიდა 6 თვე. ბავშვი ისევ ცუდად შეიქნა, ისევ იაშვილში გააქციეს და 20 დღე უშედეგო მკურნალობის შემდეგ გვითხრეს, _ ღვიძლი არ მუშაობს და გადანერგვა დასჭირდებაო. რა თქმა უნდა, საქართველოში მსგავსი ოპერაცია არ გაკეთებულა პატარა ბავშვზე. ერთთვიანი კვლევების შედეგად ვერ დაუსვეს დიაგნოზი ბორდოში. ბოლოს მოითხოვეს თანხმობა გაჭრაზე. გაჭრეს და ამოუღეს იაშვილის კლინიკაში გაკეთებული ოპერაციის დროს ჩარჩენილი დოლბანდი. რომელიც ღვიძლზე იყო მიკრული. სრულიად დამპალი და, რა თქმა უნდა, ღვიძლი მთლიანად გაფუჭებული. ამის შემდეგ კიდევ ერთი ოპერაცია ჩაუტარდა, რადგან სიცხეს ვერ უწევდნენ და წყალი განუწყვეტლივ უდგებოდა მუცელში. გადანერგვას პატარა წონის გამო ვერ ახერხებდნენ. ბოლოს პარიზში გაუკეთდა ღვიძლის გადანერგვა. და ღვთის წყალობით დღეს წარმატებით გადის რეაბილიტაციას. იაშვილის კლინიკა ერთხელაც არ დაინტერესებულა ბავშვის მდგომარეობით. ფრანგ ექიმებსაც კი არ მიაწოდეს ინფორმაცია, რა გაუკეთდა მათთან. ხო, ნაღველის ამოჭრისას არასწორად ქონდათ შეერთებული სადინარები. არ ვიცი, რა უნდა ვთქვა ფრანგულ მხარეზე. სოციალური დაცვა აქვთ უმაღლეს დონეზე. უძვირესი ოპერაციები _ უფასოდ, მაშინ, როცა საქართველოში 1 თეთრიც არ დაუფინანსეს. იაშვილშიც კი ფული გადაიხადეს. ის ექიმები ჯერ კიდევ მუშაობენ იაშვილში და ვინ იცის, რამდენს დაღუპავენ კიდევ!”
“საქართველო და მსოფლიო”ესაუბრა ნენე მოდებაძის მამას _ ტარიელ მოდებაძეს. მან ის დოკუმენტებიც მოგვაწოდა, რომლებიც საფრანგეთიდან მიიღო.
ტარიელ მოდებაძე:
_ ჩემი შვილი ნენე 2016 წლის 28 აპრილს 32-ე კვირაზე ამოყვანილი იქნა საკეისრო კვეთით გაგუას სახელობის სამედიცინო ცენტრში, რადგან ის ამ მომენტისთვის იწონიდა მხოლოდ 1 კილოგრამსა და 360 გრამს, ამიტომ მაშინვე გადაიყვანეს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში, ინკუბატორში დაკვირვებისა და გაზრდის მიზნით. გამოიკვლიეს ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რეანიმატოლოგებმა აღნიშნეს, რომ ნენეს რაიმე ორგანული პათოლოგია არ ჰქონდა, მხოლოდ მისი ინკუბატორში გაზრდა იყო საჭირო. მართლაც, მას არანაირი სხვა რეანიმაციული ჩარევა არ დასჭირვებია _ არც სუნთქვის აპარატი, არც ჟანგბადის ბალონები. რეანიმაციაში მოთავსებიდან ერთ თვეში ჩემმა მეუღლემ შენიშნა სიყვითლე, რეანიმატოლოგთან გასაუბრებით გაირკვა, რომ ბავშვის სიყვითლის მიზეზს იკვლევდნენ, ბავშვი გადაყვანილი იქნა შესაბამის კვლევის ცენტრში, პირველი გამოკვლევიდან რამდენიმე დღის შემდეგ ექიმებმა დიაგნოზის დასაზუსტებლად გაიმეორეს კვლევა, დიაგნოზი კი იყო სანაღვლე გზების ატრეზია, უფუნქციოდ ჰქონდა ბავშვს ნაღვლის ბუშტი, რის გამოც ნაღველი თავს იყრიდა მის ღვიძლში და აზიანებდა მის მიდამოებს.
_ გამოსავალი რა იყო?
_ გამოსავალი მხოლოდ ქირურგიული ჩარევა იყო, ამიტომ ექიმებს თანხმობაზე ხელი მოვუწერეთ. ოპერაცია გაგრძელდა დაახლოებით ოთხ საათს, დასრულების შემდეგ ექიმი მშობლებს გაგვესაუბრა და გვითხრა, რომ ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. სამი თვისა და 10 დღის შემდეგ ნენე გამოწერეს. ჩვენ ის ქუთაისში წავიყვანეთ და ზრუნვა განვაგრძეთ… თუმცა რვა თვის შემდეგ, 2017 წლის მარტში ნენე სულ გაყვითლდა, ბავშვს თვალის გარსშიც ეტყობოდა სიყვითლე, ანალიზების შემოწმებისას აღმოჩნდა, რომ ქუთაისში დახმარების გაწევა შეუძლებელი იყო და გაგვიშვეს თბილისში, ჩვენც ისევ იაშვილის კლინიკაში მივედით. ბავშვი მოათავსეს შესაბამის განყოფილებაში (სადაც შემდეგ დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში დატოვეს), ჩაუტარეს უამრავი გამოკვლევა, რომელთა საფუძველზეც დედას აუხსნეს, რომ ბავშვის ღვიძლი ისე მოშლილი იყო, რომ უკვე საჭირო იყო ამ ორგანოს გადანერგვა. წავედით ბათუმში, სადაც ექიმმა ღვიძლის გადანერგვაში 140 000 ლარი მოგვთხოვა და პლუს ინდოეთიდან სპეციალურად მოწვეული პედიატრის ხარჯების ანაზღაურება. ბევრი ვიფიქრეთ და საზღვარგარეთ დავიწყეთ გზის მოძიება შვილის გადასარჩენად. გერმანია ან საფრანგეთი უნდა აგვერჩია. საქართველოში უკვე ამოქმედებული იყო უვიზო რეჟიმი. 2017 წლის 3 მაისს წავიდნენ ჩემი მეუღლე და ბავშვი. ბორდოს აეროპორტში თანამემამულეებმა გაუწიეს მათ დახმარება და მიიყვანეს ბავშვთა საავადმყოფოში.
ფრანგმა ექიმებმა ბავშვი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაცნობის პირველი დღიდანვე ჰოსპიტალში მოათავსეს, მათ დაადასტურეს, რომ ბავშვს ნამდვილად სჭირდებოდა ღვიძლის გადანერგვა, თუმცა აღნიშნეს, რომ ერთი წლის ნენე ამისთვის მზად არ იყო რამდენიმე ფაქტორის გამო: მისთვის აუცილებელი იყო ყველა აცრის ჩატარება, ასევე, უნდა ყოფილიყო წონით 10კგ. მაგრამ პროცედურა, რომელიც ფრანგ პროფესორს ჰქონდა დაგეგმილი, დაუგეგმავ ოპერაციაში გადაიზარდა, რადგან კამერით სადინარის, განთავისუფლება კი არა, დათვალიერებაც კი შეუძლებელი შეიქნა, ფრანგმა სპეციალისტებმა ნახეს ის, რასაც ვერც წარმოიდგენდნენ. ბავშვის მუცლის ღრუში იპოვეს ტამპონი, რომელსაც ექიმები ყველა პროცედურის დროს იყენებენ. მშობლებს გვაქვს პრეტენზია, რომ ჩვენს შვილს იაშვილის სახელობის კლინიკაში ქირურგმა ბულისკირიამ ოპერაცია გულგრილად ჩაუტარა. ვითხოვთ სიმართლის დადგენას.
_ როგორია ახლა ნენეს მდგომარეობა?
_ საფრანგეთში მკურნალობის ხარჯები ამ ქვეყნის მთავრობამ დაფარა. ნენეს კიდევ წელიწადი და რვა თვე სჭირდება რეაბილიტაციისთვის, თუმცა მთელი ცხოვრება მედიკამენტები და განსაკუთრებული ყურადღება უნდა. ამის შემდეგ რა იქნება, არ ვიცი, მაგრამ ყველანაირად ვეცდები, რომ ჩემი შვილი ქართველი მედიკოსების ხელში არასოდეს მოხვდეს.
ოჯახის ინტერესებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატი იცავს. ლიკა ტანიაშვილის განცხადებით, არსებობს საფუძველი იმისა, რომ იაშვილის სახელობის კლინიკისგან ოჯახმა მორალურ ზიანთან ერთად მატერიალური ზიანის ანაზღაურებაც მოითხოვოს.
იაშვილის სახელობის ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ადმინისტრაციამ 2 წლის ნენე მოდებაძის საქმეზე 25 აპრილს სპეციალური განცხადება გაავრცელა:
“პაციენტი შემოვიდა იაშვილის სახ. ბავშვთა ცენტრალურ სააავადმყოფოში 2016 წლის 28 აპრილს, ერთი დღის ასაკში. მდგომარეობის სიმძიმის გამო მოთავსებული იქნა ახალშობილთა კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში, სადაც დაისვა სანაღვლე გზების ატრეზიის (განუვითარებლობის) დიაგნოზი. ეს მდგომარეობა მიეკუთვნება იშვიათ დაავადებებს და სტატისტიკით გვხვდება 1 შემთხვევა ყოველ 10.000-15.000 ახალშობილზე, ანუ საშუალოდ წელიწადში საქართველოში 3-5 ასეთი ახალშობილი იბადება. ღვიძლის ტრანსპლანტაციის დანერგვამდე ასეთი ბავშვების უმრავლესობა 5 წლის ასაკამდე იღუპებოდა ღვიძლის უკმარისობის გამო, ამიტომ ასეთი ბავშვების გადარჩენის ერთადერთი გზაა ურთულესი ქირურგიული ოპერაციის (ე.წ. კასაის ოპერაცია) ჩატარება დაბადებიდან რაც შეიძლება სწრაფად, რათა მოხერხდეს მათი მიყვანა 1-2 წლის ასაკამდე, როდესაც ღვიძლის გადანერგვა უკვე შესაძლებელია. იაშვილის კლინიკაში სანაღვლე გზების ატრეზიის დიაგნოზის დასმისთანავე, წარმატებით ჩატარდა კასაის ოპერაცია, რამაც საშუალება მოგვცა, გაგვეხანგრძლივებინა ბავშვის სიცოცხლე და მიგვეყვანა ღვიძლის გადანერგვამდე. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ამ ოპერაციის გარეშე ბავშვის გადარჩენა შეუძლებელი იყო და ის დაიღუპებოდა ძალიან მოკლე პერიოდში. კასაის ოპერაცია სულ რამდენიმე წლის დანერგილია საქართველოში და ამ ოპერაციამდე ყველა ბავშვი სანაღვლე გზების ატრეზიით იღუპებოდა სიცოცხლის პირველი წლების განმავლობაში. ოპერაციის ჩატარებიდან ორი თვის შემდეგ ბავშვი გაეწერა ბინაზე გაუმჯობესებულ, სტაბილურ მდგომარეობაში, ღვიძლის ფუნქციური სინჯების საშუალოდ მომატებული მაჩვენებლებით. ერთი წლის ასაკში, ოპერაციიდან 10 თვის შემდეგ, პაციენტი განმეორებით იყო ჰოსპიტალიზებული გამოხატული სიყვითლით და ღვიძლის ფუნქციური სინჯების მკვეთრად მომატებული მაჩვენებლებით, რის გამოც მიეცა რეკომენდაცია მიემართა ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალისთვის, სადაც უკვე წლებია წარმატებით წარმოებს ღვიძლის ტრანსპლანტაცია. მისი შემდგომი მკურნალობის საკითხი შეთანხმებული იყო ქირურგ-ტრანსპლანტოლოგთან, თუმცა პაციენტის მშობლებმა არჩიეს მისი საზღვარგარეთ წაყვანა.

კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ: რომ არა იაშვილში ჩატარებული ოპერაცია, ღვიძლის გადანერგვის ჩატარება ვერ მოხერხდებოდა. ყველა ჩარევა, როგორც ოპერაციული, ისე პოსტოპერაციული, იაშვილის კლინიკაში ჩატარდა საერთაშორისო პროტოკოლის შესაბამისად, რამაც ბავშვის გადარჩენის შესაძლებლობა მოგვცა.
რაც შეეხება ბოლო დღეებში გავრცელებულ ცნობებს პაციენტის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით, ჩვენ არ მიგვიღია რაიმე სახის ოფიციალური ინფორმაცია ან დოკუმენტაცია საფრანგეთის კლინიკიდან, შესაბამისად, ვერ გავაკეთებთ კომენტარსაც”, _ ნათქვამია განცხადებაში.
“საქართველო და მსოფლიო” დაუკავშირდა იაშვილის კლინიკას. გვითხრეს, რომ საფრანგეთის კლინიკიდან ოფიციალური დოკუმენტები არ მიუღიათ.
მომხდარზე აღიძრა საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით, რაც ჯანმრთელობის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.
აღნიშნული საკითხით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს “სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოში” დაინტერესდნენ.
“ველოდებით სასამართლოს გადაწყვეტილებას დაწესებულებაში შესვლის თაობაზე, როგორც კი გვექნება სასამართლოს გადაწყვეტილება, დავიწყებთ დაწესებულებაში სამედიცინო დოკუმენტაციის განხილვას და შემდგომ პროცედურებს”, _ განაცხადა სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ხუციშვილმა.
მოამზადა
სოფო კაკაჩიამ







