Home რუბრიკები პოლიტიკა ხელისუფლებამ ანაკლია “დაატყვევა”

ხელისუფლებამ ანაკლია “დაატყვევა”

638

GEWORLD.GE:
ანაკლიელთა აწიოკება მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს პრეზიდენტმა ანაკლიის ინფრასტრუქტურის შეცვლა და იქ საკურორტო მშენებლობის დაწყება გადაწყვიტა. 2 წელია, ანაკლიაში შეჩერებულია ნებისმიერი უძრავი ქონების: მიწის, სახლ-კარის დაკანონება, საჯარო რეესტრში გატარება, ყიდვა-გაყიდვა, ქონების ბანკში ჩადება და ა.შ. ანაკლიის საკურორტო ქალაქად გამოცხადებას მოსახლეობა ეჭვის თვალით უყურებს, მისგან სასიკეთოს არაფერს მოელის.

ანაკლიის მკვიდრის _ გენადი სორდიას განცხადებით, 2 წელია, საკუთარი ქონების განკარგვის შესაძლებლობა წართმეული აქვს. “სახლში მძიმე ავადმყოფი მყავს, მჭირდება თანხა, საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გაყიდვისა და საკუთარი სახლ-კარის ბანკში ჩადების უფლებას არ მაძლევენ. საჯარო რეესტრი საკუთრების დამადასტურებელ ამონაწერს არ იძლევა, გაცემის უფლება არ გვაქვსო. ასეთ დღეში ვართ ანაკლიის მცხოვრებნი. ეს რა საკუთრებაა, თუ ვერ ვისარგებლებთ?” _ აცხადებს  სორდია.
თავის დროზე საქართველოს მაშინდელმა პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ თითოეულ ანაკლიელს დაუკანონა მიწის ნაკვეთები, რომლითაც ისინი მანამდეც  სარგებლობდნენ _ სახნავ-სათესად იყენებდნენ.
“ყველას გვაქვს გერბიანი საბუთები, რომ ეს მიწები ჩვენია, ვიყენებდით საძოვრებად, ვთესდით სიმინდს. აჟამად ამ მიწების განკარგვის უფლება წართმეული გვაქვს. სამჯერ მივმართეთ საჯარო რეესტრს, მოეცათ ამონაწერი, მაგრამ უარით გამოგვისტუმრეს _ ზევიდან  გვაქვს დავალება მიღებულიო,” _ აღნიშნა გენადი სორდიამ.
საქართველოს რესპუბლიკური პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარის _ ნონა თოლორაიას განმარტებით, რომელიც კარგად იცნობს ანაკლიელთა პრობლემებს, ზუგდიდის საჯარო რეესტრს განკარგავს სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურა. “საოლქო პროკურატურაში წყდება, თუ ვის უნდა მისცენ ამონაწერი საჯარო რეესტრიდან და ვის _ არა. არის მუქარა, შიში, მიმდინარეობს იძულებითი ჩუქების პროცესი, მოსახლეობას ეშინია, რომ არ ავნონ მათ შვილებს. ჯერჯერობით უცნობი ქალაქის სტატუსის მინიჭება რას მოუტონს ანაკლიელებს, არავინ იცის, მაგრამ ცალსახად შემიძლია ვთქვა, რომ კარგს არაფერს. ჩვენ შენების წინააღმდეგი არ ვართ, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს საკუთარი მოსახლეობის დაწიოკებით. სირცხვილია, როცა “მიშა-მიშას” გაიძახიან. ეს საშინელება უნდა დამთავრდეს, განსაკუთრებით სამეგრელოში,” _ განაცხადა ნონა თოლორაიამ.
ანაკლიელები სამ კატეგორიად არიან დაყოფილნი: ერთნი, ვისაც გატარებული აქვს ქონება საჯარო რეესტრში და გააჩნია ელექტრონული ვერსია, მაგრამ მაინც ვერ განკარგავს საკუთრებას და ვერ იღებს ამონაწერს საჯარო რეესტრიდან; მეორენი, ვისაც ჯერ კიდევ არ აქვს საკუთრება გატარებული საჯარო რეესტრში, გააჩნია მიღება-ჩაბარების აქტი, მაგრამ საჯარო რეესტრში არ ატარებენ, რადგან პროცესი შეჩერებულია; მესამენი, ვისაც გააჩნია მამაპაპისეული მიწის ნაკვეთები, ასევე სახლ-კარი, მაგრამ დაკანონების უფლებას არ აძლევენ.
იქ, სადაც სასტუმროებია აშენებული, ეს მიწები ვიღაც-ვიღაცების საკუთრება იყო, მაგრამ ისინი ხმის ამოღებას ვერ ბედავენ, ისე წაართვეს ეს მიწები, კომპენსაციებიც არ მიუღიათ. “მიწა და სახლი იმიტომ მინდა, რომ, როცა დამჭირდება, ვისარგებლო, მყიდველი მყავს, ერთ კვადრატულ მეტრში 30 აშშ დოლარს მიხდის, მაგრამ გაყიდვის უფლებას არ მაძლევენ. იძულებულს მხდიან, ხელისუფლებას  10 დოლარად მივცე, მაგრამ მათ  თანხის გადახდაც არ უნდათ. ხალხი გაჩუმებულია, ეშინია, გაურკვეველ ვითარებაშია. როდემდე უნდა ვიყოთ ასე? ჩვენი მოთხოვნაა,  დაგვრთონ ნება, საჭიროებისამებრ მოვიხმაროთ საკუთარი ქონება,” _ აღნიშნა გენადი სორდიამ.
ანაკლიის ე. წ. აღმშენებლობას, სადაც მილიონობით თანხა დაიხარჯა, მოსახლეობისთვის  სასიკეთო არაფერი მოუტანია, პირიქით _ ხელისუფლებამ ანაკლია “დაატყვევა” და მოსახლეობას საკუთარი ქონების განკარგვის უფლება წაართვა.
ლადო ქირია
 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here