Home რუბრიკები პოლიტიკა სააკაშვილი, ცირკი და ბორდელი

სააკაშვილი, ცირკი და ბორდელი

გასულ კვირას უკრაინის დედაქალაქი ისე გამოიყურებოდა, თითქოს იქ ერთდროულად ტარდებოდა მოხეტიალე ცირკების ფესტივალი და ბორდელების მეპატრონეთა კონგრესი, ხოლო განვითარებული მოვლენების მთავარ სიმბოლოდ სახურავზე ამძვრალი მიხეილ სააკაშვილი იქცა. ბევრმა, პოლიტიკასა და კლინიკურ ფსიქიატრიაში (მოკლედ რომ ვთქვათ, კლინიკურ პოლიტიკაში) ჩახედულმა დამკვირვებელმა განაცხადა, რომ ეს ლოგიკური ფინალია, თუმცა ეს ნამდვილად არ იყო ფინალი, კულმინაციის წერტილიც კი

ცირკის ხსენება მხოლოდ ხუმრობა როდია. 7 დეკემბერს უკრაინულმა გამოცემა gazeta.ua-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის თანახმად, მოხეტიალე ცირკმა საქართველოდან ტერნოპოლის ოლქში აქლემი მიატოვა. როგორც ჩანს, ცირკმა დაკარგა არა მხოლოდ აქლემი და არა მხოლოდ ტერნოპოლის ოლქში. იმავე დღეს სააკაშვილის მომხრეთა “კარვების ქალაქში” მივიდა შიშველი მანდილოსანი ორგანიზაცია “ფემენიდან”. მას ხელში ნავის ნიჩაბი ეკავა, ხოლო სხეულზე წარწერა ჰქონდა, რომელიც, მისი თქმით, წარმოადგენდა მიმართვას სააკაშვილისა და პოროშენკოსადმი: “პეტია! მიხო! (პირველის სახელი მარჯვენა ძუძუზე ეწერა, მეორის _ მარცხენაზე) გაცურეთ (უცენზურო სიტყვა)-ზე!” (ეს კი მუცელზე ეწერა). ქალბატონი თავგანწირულად იცავდა თავს ნიჩბით, მაგრამ საბოლოოდ პოლიციამ დააკავა.

სააკაშვილის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს ამ დღეებში ახალი არაფერი უთქვამთ, ხოლო ყველაზე საინტერესო იმ ადამიანების კომენტარები იყო, რომლებიც 2011 წლიდან დაბალანსებული პოზიციის დაკავებას ცდილობდნენ. ზოგი მათგანი სააკაშვილის მიმართ დროდადრო სიმპათიასაც კი გამოხატავდა, მაგრამ გასულ კვირას მათმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მედიასა და სოციალურ ქსელებში გამოხატა თავისი აზრი, რომ ამ ადამიანის ხილვა ქართულ პოლიტიკაში აღარ სურს. ეს ძალზე საგულისხმო ცვლილება იყო – ე.წ. შუაშისტებიც კი მივიდნენ დასკვნამდე, რომ სააკაშვილს, ძალაუფლებისა და საკუთარი თავის გარდა, არაფერი აინტერესებს; უბრალოდ, უცნაურია, რატომ დასჭირდათ ამისთვის ამდენი დრო.

თუ უკრაინის პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერები ავთენტურია, ეს ნიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი იაფფასიან პოლიტიკურ მეძავად ჩამოყალიბდა. მას და მის მომხრეებს ადანაშაულებენ იმაში, რომ იანუკოვიჩთან დაახლოებულ მილიონერს, სერგეი კურჩენკოს, ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციების მოსაწყობად ნახევარი მილიონი დოლარი გამოართვეს. ყველაზე მძიმე ბრალდებას ვინმე სივერიონ დანგაძეს უყენებენ (მას უკვე მიუსაჯეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა, გირაოს შეტანის უფლების გარეშე), ხოლო სააკაშვილი ეჭვმიტანილია სს კოდექსის 256-ე მუხლში აღწერილი დანაშაულის ჩადენაში:

“დანაშაულებრივი ორგანიზაციების წევრების ხელშეწყობა, რომელიც წინასწარ დაპირებული არ იყო, და მათი დანაშაულებრივი საქმიანობის დაფარვა… ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე”.

სერგეი კურჩენკო იანუკოვიჩის დამხობის შემდეგ უკრაინიდან რუსეთში გაიქცა. 2014-ში აშშ-მა და ევროკავშირმა მის წინააღმდეგ პერსონალური სანქციები შემოიღეს. სააკაშვილის მომხრეები ირწმუნებიან, რომ სატელეფონო ჩანაწერის გამოქვეყნებას, რომელშიც ერთმანეთს, პროკურატურის მტკიცებით, მათი ბელადი და კურჩენკო ესაუბრებიან, უკრაინაში ნეგატიური რეაქცია არ მოჰყოლია, მაგრამ ეს ასე არ არის. შედარებისთვის შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა მოხდებოდა, თუ 2007 წლის ნოემბრის აქციების წინ ხელისუფლება გამოაქვეყნებდა ოპოზიციის ლიდერების სატელეფონო საუბრებს, მაგალითად, ასლან აბაშიძესთან, ლევან მამალაძესთან ან იგორ გიორგაძესთან. საზოგადოებას, როგორც მინიმუმი, ეჭვნარევი კითხვები გაუჩნდებოდა. სწორედ ამიტომ სააკაშვილის ძველი მეგობარი, ჟურნალისტი მატვეი განაპოლსკი, რომელმაც თავის დროზე “ნაციონალების” რეჟიმს არაერთი დანაშაული “გაუპრავა”, დღეს დაჟინებით მოუწოდებს სააკაშვილს, პროკურატურის კითხვებს პასუხი გასცეს და ეჭვები გაფანტოს. ბატონ სააკაშვილს დესტაბილიზაცია შეაქვს უკრაინაში. მას არ აქვს კონკრეტული დღის წესრიგი. მას ამოძრავებს პირადი ამბიციები, პიროვნული ზიზღი და სიძულვილი”, _ განუცხადა ტელეკომპანია “იმედს” სააკაშვილის კიდევ ერთმა ძველმა მეგობარმა “ჯეიმსტაუნის ფონდის” ანალიტიკოსმა ვლადიმერ სოკორმა. ევროდეპუტატ რებეკა ჰარმსის აზრით, “სააკაშვილმა ახლა უნდა უპასუხოს პროკურორის ბრალდებებს. თუ ყველაფერი სიმართლეა, მაშინ ეს საშინელი ისტორიაა” (ინტერპრსენიუსი).

ეჭვების გაჩენის მეორე, ირიბი დადასტურება ისაა, რომ მომხრეებმა, მას შემდეგ, რაც დაკავებული სააკაშვილი სამართალდამცველების ავტობუსიდან “დაიხსნეს” და სამთავრობო კვარტალისკენ დაიძრნენ, მოუწოდეს კიეველებს, ქუჩაში გამოსულიყვნენ, მაგრამ ვერც იმ და ვერც მომდევნო დღეებში 3-4 ათასზე (კი ბატონო, 4-5 იყოს) მომიტინგე ვერ მოაგროვეს, რაც უკრაინისთვის მიზერია. მათ უმრავლესობას სააკაშვილის პარტიის აქტივისტები და დაქირავებული ბოევიკები (სემენჩენკოს ჯგუფი) წარმოადგენენ. რამდენიმე ასეული გზააბნეული პენსიონერი სახალხო მხარდაჭერის ილუზიას ვერ ქმნის. ადრე სააკაშვილის აქციებზე მეტი ადამიანი მიდიოდა და ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ეჭვები კურჩენკოს თაობაზე ნამდვილად გაჩნდა.

სააკაშვილის გარშემო, როგორც ჩანს, უაღერესად ბინძური ხალხი ერთიანდება. 7 დეკემბერს ისტორიკოსმა და ჟურნალისტმა ისრაელიდან _ შიმონ ბრიმანმა გამოცემაებრალურ სამყაროშიგამოაქვეყნა სტატია სააკაშვილის მომხრეების ანტისემიტიზმზე და იმ ანტისემიტური პლაკატების ფოტოები დაბეჭდა, რომლებიც მათ კიევის ცენტრში გამოფინეს.

მსჯელობა სააკაშვილის ურთიერთობაზე იანუკოვიჩის გარემოცვასთან ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როდესაც მან სცადა, ტელეარხ “ზიკ”-ის წამყვანი გამხდარიყო, რომელსაც ყოფილი “რეგიონალები” აკონტროლებდენ. საზღვრის “გარღვევის” პერიოდში კი ბევრს საუბრობდნენ მის კავშირზე ცნობილ ოლიგარქ იგორ კოლომოისკისთან. პრინციპში, ერთი მეორეს ხელს არ უშლის _ ვერ გამოვრიცხავთ, რომ სააკაშვილი ემსახურება ყველას, ვინც ფულს უხდის. რაც შეეხება მის სპონსორებს, მათ, სავარაუდოდ, სურთ, რომ მან მოახდინოს მოქმედი ხელისუფლების უუნარობის დემონსტრირება და არაპროპორციული ძალის გამოყენებისკენ უბიძგოს. დასკვით ეტაპზე კი ის შეიძლება “რეჟიმის მსხვერპლად” წარმოაჩინონ და ციხის ან სასაფლაოს გზას გაუყენებენ. გამორიცხული არც “შუალედური” ვარიანტია _ სააკაშვილს შეიძლება მოდელირებული თავდასხმა მოუწყონ, რომელსაც “სასწაულებრივად” გადაურჩება.

პოროშენკოს ხელისუფლება, სავარაუდოდ, აცნობიერებს, რომ მას ძალადობისკენ უბიძგებენ, რასაც მოწინააღმდეგეების მომდევნო, კარგად გათვლილი სვლა მოჰყვება, ამიტომ სააკაშვილის საქმეში ის ნელა და მოუქნელად მოქმედებს. წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანი ტყეში შევიდა და საშიშ ცხოველსმგელს, ტურას ან დათვს გადაეყარა. ისინი ერთმანეთს აკვირდებიან და ბრძოლისთვის ემზადებიან და ამ დროს ადამიანს კოღო კბენს _ ერთხელ, მეორედადამიანის მხრიდან უგუნურება იქნება, ყურადღება კოღოზე გადაიტანოს და მასბრძოლაგაუმართოს. უკრაინულ პოლიტიკაში სააკაშვილი სწორედ ასეთიკოღოსროლში გვევლინება, მიუხედავად იმისა, რომ მომხრეები ლამის ტირანოზავრად თვლიან.

მთავრობა მკვეთრ ნაბიჯებს ერიდება, თუნდაც ის ასგზის ლეგიტიმური იყოს, რადგან წინა ხელისუფლების დამხობის ერთ-ერთი მთავარი საბაბი სწორედ საპოლიციო ძალის არამართებული გამოყენება გახდა. სააკაშვილის ზოგიერთ თანაპარტიელს ჰგონია, რომ ივანიშვილთანაც იგივე გაუვათ, თუმცა ეს, სავარაუდოდ, დიდი შეცდომაა. არა მხოლოდ იმიტომ, რომ ივანიშვილმა კრიტიკულ სიტუაციაში შეიძლება გაცილებით ხისტი გადაწყვეტილებები მიიღოს, ვიდრე პოროშენკომ და სახელისუფლო ვერტიკალს უფრო მყარად აკონტროლებს. საქმე ისაა, რომ საქართველოში ცხოვრობს, ათიათასობით თუ არა, ასიათასობით ადამიანი, რომელთათვის ნაციონალების ხელისუფლებაში დაბრუნების მინიმალური შანსიც კი სასიკვდილო საფრთხის ტოლფასია. როგორც კი თბილისში (მაგალითად, სააკაშვილის ექსტრადიციის შემთხვევაში) იდენტური პროცესი დაიწყება, ისინი აქტიურად ამოქმედდებიან. უკრაინაში ასე არაა, იქ სააკაშვილს ჯერჯერობით ამდენი არ დაუშავებია.

“თუ პოროშენკო სააკაშვილს საქართველოში გაგზავნის, იქ ჩვენი მეგობრები არიან მობილიზებულები. ისინი იქ საბურავებსა და მოლოტოვის კოქტეილებს ამზადებენ”, _ განაცხადა დავით საყვარელიძემ კიევში 11 დეკემბერს. შესაძლოა, მას არ ესმის, რაოდენ ცუდად შეიძლება დამთავრდეს ეს სცენარი ნაციონალებისთვის.

არსებობს კიდევ ერთი, კონსპიროლოგიური ვერსია იმის თაობაზე, რომ პოროშენკო სააკაშვილს მართული ოპოზიციის შესაქმნელად იყენებს, რომელიც ბევრს იხმაურებს და “იხტუნავებს”, მაგრამ რეალურ საფრთხეს არ შეუქმნის, რადგან მისი რადიკალიზმი საშუალო ამომრჩევლისთვის მიუღებელი იქნება. ამ ვერსიის განხილვა ფაქტების გარეშე შეუძლებელია, თუმცა არსებითად ეს ვარიანტი არაფერს ცვლის _ “ნაცმოძრაობის” ბელადი ამ შემთხვევაშიც ობიექტია და არა სუბიექტი, ინსტრუმენტი და არა არქიტექტორი.

ძალაუფლება ნარკოტიკია. იშვიათია, ვინმემ მასზე უარი ნებაყოფლობით თქვას. სააკაშვილს, სავარაუდოდ, არ აწუხებს, რომ მას სახურავებზე მორბენალ გიჟად ან იაფფასიან პოლიტმეძავად თვლიან და ფიქრობს, რომ, როდესაც ხელისუფლებას დაიბრუნებს (უკრაინაში თუ საქართველოში, რა მნიშვნელობა აქვს), ეს ყველა გამოყენებულ საშუალებას გაამართლებს. შესაძლოა, სააკაშვილი ვერ ხვდება, რომ არც ხალხი, არც ძლიერნი ამა ქვეყნისა ასეთ მდგომარეობამდე მისულ ადამიანს სახელისუფლო ბერკეტებამდე აღარ მიუშვებენ, ისე, როგორც შვეიცარი არ უშვებს გაბომჟებულ ლოთს ძვირადღირებულ რესტორანში. როდესაც ამას გააცნობიერებს, ეს შეიძლება მის ცხოვრებაში ყველაზე ძლიერი სტრესი გახდეს.

ყველაზე სამწუხარო ამ ისტორიაში, ალბათ, ისაა, რომ სააკაშვილი ფორმალური თვალსაზრისით ქართველია, მაგრამ კრიტიკულ მომენტებში ღირსებას ვერ ინარჩუნებს და საბაბს აძლევს სხვებს, რომ შესაბამისად მოექცნენ. ვინმე მოსიჩუკმა მას, როგორც ძალღს, სატელევიზო სტუდიაში ყავარჯენი მოუქნია, ხოლო უკრაინის გენპროკურორმა ლუცენკომ, ჯერ კიდევ დაკავება-გამოშვებამდე (ასეთი ახლო მომავალში, სავარაუდოდ, ბევრი იქნება) ასე მიმართა: “თუ ის მართლა მამაკაცია, მივიდეს ჩვენების მისაცემად… ის უკრაინელების ზურგს უკან იმალება…”. როგორც ჩანს, სააკაშვილმა უკრაინაშიც ლაჩრის სახელი დაიმკვიდრა და შესაბამისად ეპყრობიან, რაც საქართველოს იმიჯზე ფრიად ნეგატიურ გავლენას ახდენს.

დიმიტრი მონიავა

1 COMMENT

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here