საქართველოში უამრავი უბედურების დამტრიალებელი მიხეილ სააკაშვილი უკრაინაშიც არ ისვენებს და ახლა იქ, თითქოს არავის ახსოვდეს, რა შავ დღეში ჩააგდო ქვეყანა ორმა მაიდანმა, კიდევ ერთი მაიდნის მოწყობას აპირებს. ამისთვის, კი, როგორც ჩანს, ნიადაგი უკვე მოუმზადეს დასავლელმა პატრონებმა.
17 ოქტომბერს კიევში, უკრაინის პარლამენტის (რადას) შენობასთან, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისა და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის _ მიხეილ სააკაშვილის _ მომხრეებმა ჯერ აქცია მოაწყვეს, რასაც პოლიციასთან შეტაკება მოჰყვა, შემდეგ კი კარავი გაშალეს ახალი მაიდნის დაწყების მოლოდინში.
პარტია “ახალი ძალების მოძრაობის” ლიდერმა, უკრაინის ხელისუფლებისგან შერისხულმა, მაგრამ ამერიკელი პატრონებისგან წაქეზებულმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ “უკრაინის ხელისუფლება იქ მოკალათებული სიბილწისა და უწმინდურებისგან უნდა გაიწმინდოს” და მომიტინგეებს პრეზიდენტ პეტრე პოროშენკოს დამხობისკენ მოუწოდა: “სანამ პეტრე პოროშენკოა პრეზიდენტი, ქვეყანაში სასიკეთოდ არაფერი შეიცვლება”, _ განუცხადა სააკაშვილმა აქციის მონაწილეებს, რომლებმაც, ალბათ, არ იციან, რა უბედურება დაატრიალა სააკაშვილმა საქართველოში 9 წლის განმავლობაში, ან იციან, მაგრამ იმავე ხელით იმართებიან, რომლითაც თვითონ სააკაშვილი და თვალს ხუჭავენ შედეგზე, რომელსაც მოუტანს ტერიტორიაშემოძარცვულ და გაჩანაგებული ეკონომიკის მქონე ქვეყანას კიდევ ერთი მაიდანი.
აქციის მონაწილეები უკრაინის პარლამენტისგან მოითხოვენ დეპუტეტებისთვის ხელშეუხებლობის მანდატის გაუქმებას, საარჩევნო კანონმდებლობის შეცვლასა და ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნას. მომიტინგეებს მხარი დაუჭირა უკრაინელი ნაციონალისტების პარტია “ნაციონალურმა კორპუსმა”, რომელმაც არ გამორიცხა ერთობლივი მოქმედებები საერთო მიზნების მისაღწევად, თუმცა გაემიჯნა სააკაშვილის რიტორიკას.
სააკაშვილმა კი, რომელმაც მოგვიანებით მიტინგი გამართა, განაცხადა, რომ მეორე მაიდანი არ დასრულებულა და ახლა მისი მიზანი “სამასი სპარტელის” მოძებნაა, რომლებიც შეძლებენ პოლიტიკური კლასის შეცვლას უკრაინაში.